"ლიტერატურა ისეთი რამ არის, სადაც ვერაფერს დაგეგმავ"ამბიონი "ლიტერატურა ისეთი რამ არის, სადაც ვერაფერს დაგეგმავ"
მთავარი » კულტურა

“ლიტერატურა ისეთი რამ არის, სადაც ვერაფერს დაგეგმავ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2010 | 2,418 ნახვა

შოთა იაშვილიშოთა იაშვილი პროფესიით მათემატიკოსია. ლექსების წერა 19-20 წლიდან დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობაა “ავადმყოფი ქალაქი”, რომელიც მაშინვე ითარგმნა და “დრუჟბა ნაროდოვში” გამოქვეყნდა. პოეტმა და პროზაიკოსმა უკვე 15-მდე წიგნი გამოსცა. “ამბიონმა” ბატონ შოთას რამდენიმე კითხვით მიმართა:

– ბატონო შოთა, XX საუკუნის I ნახევარში ლიტერატურული მიმდინარეობები დიდი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. II ნახევრიდან კი პოსტმოდერნიზმი გაბატონდა და ახლაც გრძელდება. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე და თუ არის ამის შეცვლა საჭირო?

– ლიტერატურა ისეთი რამ არის, სადაც ვერაფერს დაგეგმავ. ნათქვამია: ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. როცა მწერლები მიხვდებიან, რომ ლიტერატურაში ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი უნდა დაიწყოს, მათი მისწრაფებები გაერთიანდება და გადაწყვეტენ, რაღაც რადიკალურად განსხვავებული დაამკვიდრონ, მაშინ ცვლილებებიც მოხდება. ეს პროცესი მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რაღაც მართლაც უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეიცვლება კიდეც, თუმცა ვერ გეტყვით, როდის, რადგან ამის პროგნოზირება ძნელია.

– თვლით, რომ თქვენი თაობის პოეზია უკვე შეჯამებას მოითხოვს, თუმცა ეს პროცესი გარკვეულ მიზეზთა გამო იწელება. რა უშლის ამას ხელს და რა არის საჭირო პოეზიის შეჯამებისათვის?

– ჩვენი თაობის პოეზია შეჯამებას ითხოვს იმიტომ, რომ ახალი თაობა მოდის, რომელიც გარკვეული წრისთვის, საკუთარი თავისთვის არსებობს, შემდეგ კი მისი არეალი ფართოვდება და იმ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს. ჩვენი თაობა კი მწერლობის ორგანული ნაწილი უკვე გახდა, ამიტომ ეს ყველაფერი გაანალიზებას ითხოვს. ჩემი ბოლო წიგნი “დალაგება”, რომელიც ორი კვირის წინ გამოვიდა, გარკვეულწილად, ამის მცდელობაა, რადგან წერილების უმეტესობა 90-იანელ მწერლებს, პროზაიკოსებსა და პოეტებს მივუძღვენი, რითაც გარკვეული წვლილი შევიტანე ლიტერატურის ისტორიაში. 13-14 წელია ამ თაობის მწერლებზე ვწერ. მათ შორის ზოგი გარდაცვლილია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს იმის განცდას, რომ ეს შემოქმედება დასრულდა, აღარ შეიცვლება, დინამიკა დამთავრებულია.

კრებულში “დალაგება” კრიტიკული წერილები სამ ნაწილად დავყავი. I ნაწილს “ავტორები და წიგნები” ჰქვია, რომელშიც კონკრეტულ ავტორებსა თუ წიგნებზე დაწერილი რეცენზიები შევიდა. II ნაწილს “ლიტერატურული პროცესისა და კულტურული ფენომენების შესახებ” ეწოდება. აქ მიმოხილვითი ხასიათის წერილებია გაერთიანებული და გარკვეული კუთხითაა შეფასებული ლიტერატურულ მთლიანობაში. III ნაწილში კი ლიტერატურული პორტრეტებია მოცემული, ანუ როცა მწერლებს წარმოაჩენ თავიანთი ადამიანური თვისებებით, ხასიათით და ეს ხშირად მხატვრული დოკუმენტური პროზის ფორმებშია.

– რა ნაწარმოებები თარგმნეთ?

– 90-იან წლებში ამერიკული პოეზია ვთარგმნე. გამოვიდა ჩემი წიგნი “ამერიკელი პოეტები”, რომელშიც შესულია 12-13 პოეტი ედგარ პოდან დაწყებული 60-იანი წლების თაობით დამთავრებული. გარდა ამისა, თანამედროვე რუსი პოეტების ნაწარმოებებს ვთარგმნი, რომელთა შორის ბევრი მეგობარი მყავს.

– რა მდგომარეობაშია დღეს ქართული პოეზია და პროზა?

– 80-იანი წლების ბოლოდან ქართული ლიტერატურის განახლება პოეზიამ დაიწყო, პროზაში კი ეს პროცესი შედარებით გვიან შეინიშნება. დღეს კი, შემიძლია ვთქვა, რომ პროზაში უფრო საინტერესო მოვლენები აისახება, ვიდრე პოეზიაში.

თათია ნავროზაშვილი
თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი