მთავარი » სხვადასხვა

SOS!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2010 ერთი კომენტარი | 2,485 ნახვა

ემუქრება თუ არა თბილისს უჟანგბადობა

გამწვანება“ქალაქ თბილისში კატასტროფული მასშტაბები შეიძინა პარკების, სპორტულ-სათამაშო მოედნებისა და სკვერების განადგურებამ, მათმა პრივატიზაციამ და ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მშენებლობებმა, მასიური ხასიათი მიიღო ტროტუარების ტერიტორიებზე მშენებლობებმა… დედაქალაქს რამდენიმე წელში მწვანე საფარისა და სასიცოცხლო სივრცის გარეშე დატოვების საფრთხე ემუქრება” – ამ სიტყვებით იწყება თბილისის საკრებულოს მიერ 2002 წელს მიღებული გადაწყვეტილების ტექსტი, რომელიც პარკების, სკვერების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერებასა და მათ ტერიტორიებზე მშენებლობის აკრძალვას შეეხებოდა. ამავე გადაწყვეტილებით აიკრძალა თბილისში ხის მოჭრა, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო მერქნისა.

არა ერთი ბრძანებისა თუ განკარგულების მიუხედავად, თბილისში მწვანე საფარი მაინც საფრთხის ქვეშ დგას. ბოლო წლებში მწვანე ნარგავების ნაცვლად, რომელიც ქალაქისთვის ფილტვების ფუნქციას ასრულებს, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გაჩნდა. ალბათ, ამ სახლებმა სამშენებლო კომპანიებს დიდი მოგება მოუტანა, კმაყოფილია ისიც, ვისაც ქალაქის ცენტრში ახალი ბინა აქვს, მერე რა თუ ამ სახლს რამდენიმე ხე შეეწირა! ის, რომ შესაძლოა, ასე თითო ხის მოჭრით, თბილისი ჟანგბადის გარეშე დარჩეს.

შემაშფოთებელი სტატისტიკა

2001 წლის სტატისტიკის მიხედვით, თბილისში კულტურისა და დასვენების 7 პარკი იყო, რომელიც 267, 0 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავდა, ასევე 91,0 ჰექტარზე გაშენებული იყო 9 პარკი, 20,0 ჰექტარი ეკავა 7 ბაღს, 9,0 ჰექტარი – 6 ბულვარს, ხოლო 217,0 ჰექტარი – სკვერებს. თბილისში ქუჩების მწვანე ნარგავების საერთო ფართი კი 390,0 ჰექტარი იყო. ამ სტატისტიკური ინფორმაციით დასტურდება, რომ თბილისში გამწვანების მხრივ სერიოზული პრობლემაა.

2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარი (ბაღების, სკვერების, ბულვარების ჩათვლით), 4,65 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, ხოლო ქუჩების გამწვანების მიმატებით – 7,65 კვ. მეტრს. საგულისხმოა, რომ გამწვანების მხრივ მდგომარეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გარკვეულ პროგრესად მხოლოდ ის უნდა ჩაითვალოს, რომ მწვანე საფარის განადგურების მასშტაბებმა იკლო.

მარინა თუმანიშვილი (არქიტექტორი, თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ქალაქგეგმარებითი განყოფილების მთავარი სპეციალისტი): “ვერ ვიტყვით, რომ თბილისში გამწვანების მხრივ კატარსტროფული მდგომარეობაა, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ მწვანე საფარის არსებობის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი დედაქალაქია. თბილისთან შედარებით გამწვანების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის დედაქალაქში. ევროპის ქალაქები კი კიდევ უფრო გამწვანებულია. მაგალითად, ბუდაპეშტში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავის სახით 16 კვადრატული მეტრი მოდის. რაც თბილისთან შედარებით თითქმის ოთხჯერ მეტია. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენთან მწვანის მომატების ტენდენცია იყოს”.

აღსანიშნავია, რომ თბილისი სტანდარტების თანახმად კარგად გამწვანებულ ქალაქად არასდროს ითვლებოდა. ჯერ კიდევ 1934 წლის გენერალური გეგმის შემუშავების დროს ეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო. გენგეგმის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “თბილისში მწვანე ნარგავების არსებობა ერთ სულ მოსახლეზე 3,1 კვ. მეტრია, რაც საკმარისი არ არის. მთები სრულიად მოშიშვლებულია. ეს 10-ჯერ უფრო ნაკლებია იმაზე, რაც შეიძლება ქალაქს ჰქონდეს”. იმ დროისათვის ბაქოში მწვანე ნარგავი ერთ სულ მოსახლეზე 4,4 კვადრატული მეტრი იყო, როსტოვში – 26,3 კვ. მეტრი, სარატოვში – 16 კვ. მეტრი და მოსკოვში – 19 კვადრატული მეტრი. თბილისის ყველაზე დიდი ბაღს, ბოტანიკურ პარკს, 22 ჰექტარი მიწის ფართობი ეკავა, მაშინ როცა სტანდარებით პაკებისა და კულტურული დასვენების პარკების მწვანე საფარისთვის 80-100 ჰექტრამდე იყო საჭირო. მაშინდელი გენგეგმის მიხედვით გადაწყდა, რომ მომხდარიყო ახლო მდებარე გორების გამწვანება, გამრავლებულიყო მწვანე ნარგავები თავად ქალაქში. სწორედ ამ დროს დაიწყო მთაწმინდის ფერდობის გამწვანება. დღეს ეს ფერდობი დაცულ ტერიტორიებში შედის და ცხადია, საცხოვრებელი სახლების განაშენიანება იკრძალება. მთაწმინდის ფერდობი მიეკუთვნება ისტორიული მემკვიდრეობის ლანდშაფტის დაცვის ზონას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონით არის დაცული. თუმცა, 1990-იან წლებში ეს სტანდარტი არავის გაუთვალისწინებია და ნელ-ნელა მთაწმინდის ფერდობზე არსებული მწვანე ნარგავები სახლებმა ჩაანაცვლა.

სახლები ხეების ნაცვლად

თბილისში სამშენებლო ბუმის დაწყებასთან ერთად ძირითადი ექსპანსია მწვანე ტერიტორიების მიმართ წავიდა. დაიწყო პარკებისა და სკვერების ტერიტორიის გაყიდვა. მწვანე სივრცეების დიდი ნაწილი დაიკარგა. უხეში კანონდარღვევით გაიყიდა ისეთი მიწები, რომელიც არ მოიაზრებოდა როგორც ურბანული განვითარების ტერიტორიები. ურბანისტები და არქიტექტორები არ გამორიცხავენ, რომ ადრე თუ გვიან ეს დოკუმენტაციები აუცილებლად იქნება გადახედილი და კანონის დარღვევით აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოხდება.

მწვანე საფარის შენარჩუნება ზოგ შემთხვევაში თავად მოსახლეობის ძალისხმევით მოხერხდა. მაგალითად, დიღმის მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩართული დიღმის ტყე-პარკის მწვანე საფარის გადარჩენაში. ამ ტერიტორიაზე ხეების ნაწილი გაიჩეხა და საცხოვრებელი სახლები აშენდა. ბინათმშენებლობისთვის ნებართვები დასაბუთების გარეშე იქნა გაცემული. მოსახლეობამ მწვანე ნარგავების გაჩეხვის უფლება აღარავის მისცა და დიღმის ტყე-პარკი სრულ განადგურებას გადაურჩა.

მარინა თუმანიშვილი: “სამწუხაროდ, თბილისში გარკვეული მწვანე ტერიტორიების ექსპანსია მოხდა, მაგრამ მთავარია, ყველაფერს რეაგირება მოჰყვეს და შეწყდეს დაუსაბუთებელი მშენებლობებისთვის ნებართვის მიცემა. ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ქალაქების ცენტრებში ტერიტორიები გამოიყოფა პარკების მოსაწყობდა. თუ მიიჩნევენ, რომ ცენტრალურ ზონაში არსებული გამწვანება არ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, იწყებენ გარკვეულ უბნებში რეკონსტრუირებას და იქ გამწვანება ეწყობა. ქალაქის განვითარების პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მწვანე საფარის გაზრდაა. საბედნიეროდ, დღეს თბილისში სკვერებისა და პარკების აღდგენა დაიწყო”.

დაცულია თუ არა გამწვანების პარამეტრები

ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მაღალსართულიანი სახლების ეზოებში არსებული გამწვანება. საბჭოთა პერიოდში კორპუსების მშენებლობისას იგეგმებოდა ისიც, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეზოს გამწვანება. ამიტომ თბილისის ახალი რაიონები შედარებით უფრო კარგად გამწვანებულია, ვიდრე ისტორიული უბნები.

ისტორიულ ზონაში მჭიდრო განაშენიანებაა და ეზოებში მწვანე საფარი ნაკლებია. გამოკითხვების თანახმად, ცენტრალური უბნების მცხოვრებთ სწორედ ის აწუხებთ, რომ არა აქვთ დასასვენებელი ადგილი, ისეთი მწვანე სივრცე, სადაც სულიერად დამშვიდდებიან. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ურბანისტები ფიქრობენ, რომ საჭიროა, ქალაქის ისტორიულ ზონაში რაიმე ტერიტორია გამოთავისუფლდეს, სადაც ერთიანი გამწვანება გაკეთდება. მით უფრო, ცნობილია, რომ ქუჩის გამწვანება ესთეტიურად კარგია, მაგრამ ეს გამწვანების მთავარ ფუნქციას მაინც ვერ ასრულებს. როგორც ამბობენ, თუ ქუჩის ორივე ტროტუარზე არსებული ხეები ერთმანეთში გადაფარულია, ეს უფრო ცუდ შედეგებს იძლევა. ხეები ქუდის ფუნქციას ასრულებენ, მანქანების გამონაბოლქვს არ ატარებენ და ის ღამის განმავლობაში ისევ ქალაქში ილექება. ჟანგბადის გამოყოფის პროცესი მხოლოდ მაშინ ხდება, თუ გარკვეულ ტერიტორიაზე მწვანე ლოკალურად არის გაშენებული.

დღეს მშენებელი ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის პროექტში მწვანე სივრცისთვის საჭირო ტერიტორია კანონის მოთხოვნის შესაბამისად არის გათვალისწინებული.

ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად სამი კოიფიციენტი მოქმედებს. ესენია: განაშენების კოიფიციენტი, განაშენების ინტენსივობის კოიფიციენტი და გამწვანების კოიფიცენტი. ამ წესების მიხედვით გამწვანების კოიფიციენტი არ უნდა იყოს არანაკლებ 10 პროცენტისა, ანუ 0,1 უნდა იყოს მიწა, სადაც უნდა იყოს მხოლოდ გამწვანება, არ შეიძლება, რომ ამ მიწაზე რაიმე ტიპის ნაგებობა აშენდეს, იგივე ავტოფარეხი.

როგორც ქალაქის ურბანულ სამსახურში აცხადებენ, მშენებლობის პროექტი არ დამტკიცდება თუ ეს მოთხოვნა ზედმიწევნით არ იქნება შესრულებული. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, გამწვანებისთვის საჭირო ათი პროცენტი პროექტში ჩადებული იყოს, აშენდეს სახლი ამ პარამეტრების დაცვით, ექსპლუატაციაში მიღების მომენტისთვის ყველა ნორმა დაცული იყოს, თუმცა შემდეგ შესაძლოა, რაღაც შეიცვალოსდა იგივე მწვანე სივრცისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე რაიმე ნაგებობა გაჩნდეს, რადგან შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მისი მონიტორინგი აღარ მიმდინარეობს.

მარინა თუმანიშვილი: “იმისათვის, რომ თბილისში გამწვანების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რამდენიმე ძირითადი მიმართულების გათვალისწინებაა საჭირო. ქალაქში გაჩნდეს ორგანიზებული გამწვანება და ბაღები და პარკები რაც შეიძლება დიდ ტერიტორიას მოიცავდეს. არქიტექტორებმა უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ ეზოების დაგეგმარებაში, ჩართონ ლანდშაფტური არქიტექტურის სპეციალისტები. სახლისთვის მხოლოდ ფასადი კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, არამედ საჭიროა ეზო და მისი მწვანე საფარაც დაგეგმარებული იყოს. მწვანე ნარგავების გადარჩენის საქმეში მნიშვნელოვანია თავად მოსახლეობის მონაწილეობა. საჭიროა, გამწვანებისთვის ახალი ტერიტორიები გამოიყოს. თბილისში ძალიან ბევრი არქიტექტურის ძეგლია, მაგრამ არ არის არც ერთი ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი. მომავალში რაიმე ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი რომ გახდეს, ამას საფუძველი დღეს უნდა ჩავუყაროთ. თბილისს ეს კიდევ უფრო დაამშვენებს და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება”.

ასე რომ, განგაშის სიგნალი ჩართულია, ახლა თითოეული საჯარო მოხელის, მშენებელისა თუ მოქალაქის ქმედებაზეა დამოკიდებული როგორი იქნება მომავლის თბილისი და თბილისელების ჯანმრთელობა.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.