მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სორის მონასტერი – ონის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.11.2020 2 კომენტარი | 1,179 ნახვა

სორის მონასტრის ჯვარცმის სახელობის ეკლესია, რომელსაც მოსახლეობა წმ.გიორგის სახელითაც იხსენიებს, ონიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის მოშორებით, მდინრე რიონის შენაკადთან, სოფელ სორის ჩრდილოეთაა აშენებული. ნამონასტრალი მდინარე სონტარულას მარცხენა მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას მდებარეობს. სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევარები XIII საუკუნეს მიაწერენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერის მიხედვით (1920–იანი წლები), ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5 X 8,5 მ, ნაგებია ქვითკირისგან. „გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთავის ჭარელისძის ქველის მიერ, ხოლო განახლებულია შოშიტა ერისთავის მიერ XVIII საუკუნეში.

წარწერები მხატვრობას აქვს ასომთავრულად, ხუცურად, მდივანმწიგნობრულად და მხედრულად“. ჯვარცმის ეკლესიაში ინახებოდა XII საუკუნეში მოჭედილი შესანიშნავი ხელობის სორის დიდი ჯვარი (2.96 x 1.31მ.).გ.ბოჭორიძის აღწერით „ ხის ჯვარი, შემკული წინა მხარეს ვერცხლით ნაჭედი ხატებით,ძლიერ დაზიანებული. აქ ადრე იყო ჭედილი ხატები მაცხოვრისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, გაბრიელ მთავარანგელოზისა და წმ.გიორგისა“ მეცნიერს იქ აღარ დახვდა.სიძველეები,აღწერილი უვაროვასა და ნესტორ მინდელის მიერ, არ აღმოჩნდა აგრეთვე ეტრატზე ნაწერი დიდი ტანის გულანი,შემკული მრავალი მრავალი ისტორიული მინაწერით გაძარცვული და განადგურებული დახვდა. მაღალი ხელობის ოლარიც, რომელიც შემკული ყოფილა 267 მარგალიტით, 17 ლალით და კიდევ სხვა თვლებით.

ეკლესია უნიკალური სიძველეებით ყოფილა მდიდარი. თუმცა, XIX-XX საუკუნეებში გაძარცვულა. XIX საუკუნის პირველი ნახევრის რაჭის საეკლესიო წიგნებში მოხსენიებულნი არიან სორის მონასტრის მღვდელ–მონაზვნები: დავით შიოს ძე მინდელი და იოანე ქაიხოსროს ძე. სორის მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრება1850-იან წლებში მოიშალა.

ტაძარი ფლრთილი ქვით ნაგები, განიერი და შედარებით მოკლე გეგმის, ამასთანავე ზეაღმართული პროპორციების მქონე დიდი დარბაზული ფორმისაა. ტაძრის ფასადები სადაა. მხოლოდ კარ-სარკმელზე ხვდებით გვიანი ხანის რელიეფებს. ტაძარი გამოირჩევა თავისი კედლის მხატვრობით მხატვრობა ორი დროისაა ძველი და განახლების ხანის.უკანასკნელს ეკუთვნის საკურთხევლის მხატვრობა ორ რეგისტრადაა განაწილებული კონქში განთავსებულია ვედრება, საყდარზე დაბრძანებულ მაცხოვარს შევრდომით წარუდგებიან ღმრთისმშობელი და წმ. იოვანე ნათლისმცემელი. მაცხოვრის საყდართან მრავალფრთედებია გამოსახული, მათ გვერდით-მთავარანგელოზები. ქვემოთ რეგისტრში წარმოდგენილია წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა-ეკლესიის მამათა და დიაკვანთა რიგი, რომლის შუაში სარკმლის ქვემოთ ფეშხუმზე დასვენებული ყრმა იესოს ფიგურაა. სარკმლის თავზე სულიწმინდის გამოსახულებაა მტრედის სახით. სარკმელთან კი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებია გამოსახული სამწერლობებით ხელში. საკურთხევლის პილასტრების კაპიტელების ზემოთ მესვეტეთა გამოსახულებებია განთავსებული.

დარბაზის გვერდითა კედლებზე მოხატულობა სამ რიგადაა გაშლილი. მოხატულობის ორ ზედა რეგისტრში განაწილებულია საუფლო დღესასწაულთა სხვადასხვა ციკლის სცენების რიგი: ღმრთისმშობლის ხარება, უფლის შობა, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, სულიწმინდის მოფენა, იერუსალომად შესვლა, ღმრთისმშობლის მიძინება და ჯვარცმა.

გამოსახულია მიქალე მთავარანგელოზი, მეორე და მესამე რეგისტრები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ფართო ორნამენტული ზოლითა და მედალიონების ფრიზით.

მოხატულობის ქვედა რეგისტრი სორის ეკლესიის ქტიტორ ისტორიულ პირთა გამოსახულებებს, აგრეთვე ცალკეულ წმინდანთა და სასულიერო პირთა ფიგურებს უჭირავს. ჩრდილოეთის კარის ორივე წირთხლზე ელოზის გამოსახულება ისუ ნავესისადმი. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ხუთი წმინდა მეომრის ფიგურისაგან შემდგარი რიგია.

დარბაზის კამარაზე ფართო ორნამენტული ზოლი მოხატულობის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს მიჯნავს. კამარის ცენტრში ქრისტეს ხელტუქმნელი ხატის გამოსახულებაა. პილასტრებზე მთელი სიმაღლით წარმოდგენილია წინასწარმეტყველთა ფიგურები. ჩრდილოეთის კარის წირთხლებში მოცემულია წმ. დავით და კონსტანტინე არგვეთელების ნახევარფიგურები, ხოლო სამხრეთ შესასვლელში წმ.მკურნალთა კოზმან და დამიანეს ნახევარფიგურები. სამხრეთი სარკმლების წირთხლები მცენარეული ორნამენტით არის გაფორმებული, ხოლო შესასვლელში ნახევარფიგურების ქვედა მხარეს მარმარილოსებრი ორნამენტი ამკობს.

ეკლესიაში შესვლისთანავე განსაკუთრებულ ყურადღება იპყრობს ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე წარმოდგენილი ქტიტორთა პორტრეტები. სამხრეთის კედელზე გამოსახულია დიდებულების სურათები.დანარჩენები კი ყველა ძველია. ამ თვალსაზრისით ის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ქართლის ცხოვრების გამოტოვებული მონაკვეთის გარკვეულ შევსებას წარმოადგენს.ტაძრის ჩრდ. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიტორის (აღმშენებლის) ქველი ჭარელისძის მუხლმოდრეკილი, აღმოსავლეთისკენ სახით მიმართული დაჩოქილი და ხელებაპყრობილი ფრესკა. მდივანმწიგნობრული წარწერით.სამხ.კედელზე გამოსახული არიან რაჭის დიდებულები,ყველანი ფეხზე მდგომნი და პირით აღმოსავლეთისკენ. წარწერები დაზიანებულია.

პირველი ფენის მხატვრობა როგორც ირკვევა დაუკვეთავს რაჭის ერისთავთა ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებს. ამის შესახებ წარწერა გვამცნობს: [ქ. შევამკეთ ესე ეკლესია. მრავალძლის] წმინდა გიორგის [შეწევნი]თა მღვდელმსახ[ურთა და] ჭარელისძე გ(იორგ)ი [ს(ით)ა]. [ხელითა ფ(რია)დ ცოდვი[ლისა და] ვითისისა და მნათეს შ[ვი]ლისა და ბი[ნცა] შ[ანდო]ბა ბრძანაო[თ], [თქვენცა] შეგინ[დვნეს] ღ(მერ)თმან.

ამდენად, წარწერაში იხსენიებიან სორის მოხატულობის ერთ-ერთი დამკვეთი გიორგი ჭარელიძე და მხატვრები დავითი და მნათეს შვილი ივანე. სხვა წარწერებში იხსენიებიან ქველი და არჩილ ჭარელიძეები.

XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე რაჭის ერისთავებმა, ჩხეტიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებმა მოხატულობა განაახლეს და საქტიტორო რიგი ახალი გამოსახულებებით შეავსეს. მხატვრობის განახლება დაკავშირებულია რაჭის ერისთავ შოშიტა III-ისა (1696-1731) და მისი ოჯახის წევრებთან. სამხრეთის კედელზე გამოსახულია შოშიტა ერისთავის, მისი თანამეცხედრისა და ორი ვაჟის გრიგოლისა და ვახტანგის ფრესკული სახეები. საქტიტორო წარწერაში იხსენიება ადრეთვე შოშიტას უმცროსი ვაჟებიც: როსტომი და ბესარიონი, სავარაუდოდ მათი გამოსახულებები წაშლილი უნდა იყოს.

სორის ეკლესიის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამა, ისევე როგორც სქემა ტრადიციულია, ამასთანავე სისადავითა და ლაკონურობით გამოირჩევა. მონსატრის ფრესკული მხატვრობა საგანგებო მზრუნველობასა და დაცვას მოითხოვს.

ასწლეულების მანძილზე სორის ტაძარი დაზიანდა. მის ინტერიერში ბოლო დრომდრ იდგა ხის საგანგებო კონსტრუქცია ძლიერი დარბაზული კამარის საბჯენად. ნაპრალებიდან ჩამოსულმა წყალმა მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამორეცხა და დააზიანა.

სორის დაზიანებული ეკლესიის აღდგენა 2006 წელს დაიწყო (რესტავრატორი მ. ანდრიაძე). აღდგა ეკლესიის დაზიანებული კედლები. მოიხსნა საბჯენი ხის კონსტრუქცია. ნაგებობა თუნუქით გადაიხურა. კეთილმოეწყო ტაძრის შემოგარენი. აიგო ახალი სამრეკლო. ა.გოგლიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფრესკების სრული კონსერვაცია. გაიმართა ახალი ქვის კანკელი, დაიწერა ხატები, აღდგა ღვთისმსახურება.

XIX საუკუნეში განახლება გადაკეთების შედეგად ეკლესიის შიდა სივრცე ფაქტობრივად ორად გაიყო, გვიანდელი მინაშენი თეთრადაა შელესილი და შეთეთრებული. ხოლო ძველ, ძირითად ნაწილს ფრესკები ამკობს. ინტერიერი სისადავით გამოირჩევა. მის ცილინდრულ კამარას გადაყვანილი თაღები იყრდნობს.

ეკლესიის ძველი ნაწილი მოხატულია. XVI-XV საუკუნეებში შესრულებული ფრესკები მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ნაწილობრივ განუახლებიათ.

სორის ეკლესიის თავდაპირველი მოხატულობა, ე.წ პალეოლოგოსთა ეპოქის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუშად არის მიჩნეული. ფრესკების ნაწილი საგრძნობლად გადარეცხილი და დაზიანებულია.საუკუნეთა განმავლობაში სორის ეკლესია, რაჭის ერისთავთა საგვარეულო მონასტერსა და მათ სამარხს წარმოადგენდა. გადმოცემით ეკლესიის სამხრეთით იყო რაჭის ერისთავთ აკადემია, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში ტაძრის განახლებისას მოუშლიათ.

წყარო: oni.gov.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • თამარი says:

    პირველად გავიგე ამ ტაძრის შესახებ. მადლობა ინფორმაციისთვის, სიამოვნებით წავიკითხე

  • Liana Hoffmann says:

    Didebuli- buli borotis sachelia, amitom kargi ikneba ,cin uarkopa dawswat, ara-buli,es aneitralebs,asewe -salam /borotisaa / malenkum= patara salami. Esporma laparakisa aiget saubris dros:gikwebat mesobeli awadmkopobase ,am dros pasuchi asetia, patara ikos scheni awadmkopoba. Mesobeli gabrasebuli saubrobs tkwentan ,pasuchi asetia mcholod ketili pikrebit.an meso-beli saubrobs rom wer scawlobs ,pasuchi mcholod patara cinaagmdegobit, da bolos tu araperma uschwela ,ukarnachet an tkwen cadit da schesciret jeso christes puli ramdenic gindat da tkwit:es aris tscemi mesoblis gankurnebistwis / SACHELI/ SACHE-L, NOMA-latinurad. Unda dawakwirdet sakutar taws, tu sakutar dedase da mamase gabrasdi,sakutar daze fa dzmase, natesawze gabrazdi ,es imas nischnaws rom gmertia schenze gabrasebuli,amitom schesciret mschwerpli gmerts. Gadaecit tkwens garschemoschi kwelas,SCHESCIRET MSCHWERPLI GMERTS,DACERET KWELAM TKWENS GWERDSE, AMAS ITCHOWS DEDAMICA KOWELI ADAMIANISGAN GANURTSCJEWLAD :askisa, erownebisa ,mdgomareobisa,winc ar unda ikos. Schestchowet upals gagachsenot es ugonotac rom ikot. Mamao tschweno kowel cams,amin 7-jer,pirweli sami aris keba uplisa,schemdegi otchi cinadadeba tchowna . Schemoudzachet ertmanets ,,schescire upals schobas puli, gundruki da myrrhe,ak harmoniaschi modis carsuli,acmko da momawali, GOLGATAS MYSTERIUMI,RUDOLF STEINER.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი