შორენა ისაკაძის ხატწერა
შორენა ისაკაძე პროფესიით ეკონომისტია. ხატვასთან შეხება არასდროს ჰქონია. 2011 წელს მცირე ხნით ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა…

მონასტრიდან დაბრუნებულს, სურვილი გაუჩნდა ღვთისმშობლის ხატი შეექმნა. გადაწყვიტა სამების საკათედრო ტაძრის სასწავლო სკოლაში მისულიყო… სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი, როგორც ხატმწერის საქმიანობა… მისი ხატები დღეს ოჯახებში და საქართველოს ეკლესია მონასტრებშია დაბრძანებული.
შორენასთვის ხატწერა ძალიან ღრმა და საინტერესო სფეროა. დღემდე 30-მდე ხატი აქვს შექმნილი. თუმცა, უჭირს საკუთარ თავს ხატმწერი უწოდოს. ფიქრობს, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და მუდმივად განვითარების პროცესშია. ის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილის სულიერი შვილია.

როგორც ხატმწერმა „ამბიონთან“ საუბრისას აღნიშნა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულიერ მდგომარეობას, რადგან თუ ამ კუთხით ნაბიჯები წინ არ გადაიდგა, ხატწერაც ვერ დაიხვეწება და ვერ განვითარდება.
„ჩემი პირველი ხატი იოანე ნათლისმცელის ხატია, ის ჩემი მფარველი წმინდანია და ამიტომ გადავწყვიტე ამ ხატზე მუშაობა. პირველი ხატი უფრო ნელა იწერებოდა, შემდეგ თანდათან ხატის წერის ხანგრძლივობაც მცირდებოდა. პირველი ნამუშევარი უფრო გაუცნობიერებელი იყო, მაგრამ დიდი სიხარულის მომტანი.

დღეს ხატწერა ჩემი მთავარი საქმიანობაა. ვფიქრობ, რომ ეს ღვთის დიდი საჩუქარია.
რთულია ხატწერაც და წინდანის სახის გადმოცემაც, მაგრამ მუშაობის პროეცსში მას ევედრები და წმინდანიც გეხმარება. ვმუშაობ ლოცვის და გალობის თანხლებით… ხატის წერის პროცესის გადმოცემა სიტყვებით რთულია, ეს საოცრებაა,” – ამბობს შორენა.
შორენას თქმით, ხატწერის შესასწავლად საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, ნიჭი, მონდომება და დიდი შრომა. დამწყებ ხატმწერებს კი, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობას და ღვთის შეწევნას უსურვებს.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
შორენას დაწერილი ხატები სათნო,დახვეწილი და ფაქიზია
ნამდვილად!
ჩემო ძვირფასო შორენ <3 როგორ გამახარე!!! <3 შენი დაწერილი ხატები მართლაც გამოირჩევა! ყველა შენ ნამუშევარში ჩანს, რომ ჩადებულია სული და გული. უფალმა შეგაძლებინოს კიდევ ბევრი ხატი შექმნა მართლმადიდებლური სამყაროსთვის!!!!