მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფელ მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნე)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.02.2011 5 კომენტარი | 9,146 ნახვა

მეტეხის ტაძარი სოფელი მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდებარეობს. ეს სოფელი გორისა და სამთავისის ეპარქიას მიეკუთვნება, რომლის მღვდელთმთავარია მიტროპოლიტი ანდრია. ტაძარი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა, გარკვეული ისტორიული ცნობებით, ამ ადგილას ეკლესია გორგასლის ეპოქიდან არსებობს. ამას აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი თავის ერთ-ერთ აღწერაში, სადაც ის მოგვითხრობს მდინარე თეძმის ხეობის სოფლების შესახებ, მათ შორის სოფელ მეტეხზეც. სოფლის აღწერას კი ამ ტაძრით იწყებს:

„მდინარე თეძმისა გამოსდის ჭვარებსა და თორის საშუალს მთასა და დედა-ციხემდინ დის აღმოსავლით, მერმე დის ჩრდილოითკენ და მიერთვის მტკვარს სამხიდამ. აქ მტკვრის კიდეს არს მონასტერი ყოვდაწმიდისა, გუნბათიანი დიდი, მეტეხი, კეთილშენი გორგასლისაგან საარქიმანდრიტო’’…

როგორც აღვნიშნეთ, ვახუშტი ამ ადგილზე არსებულ ტაძარს გორგასლისაგან შენებულს უწოდებს. თუმცა უნდა ვიგულისხმოთ, რომ, ალბათ, თავდაპირველად აქ მომცრო ზომის ეკლესია უნდა მდგარიყო, რომელიც XII-XIII საუკუნეებში განუახლებიათ. დღევანდელ ტაძარსაც მრავლად ეტყობა შეკეთება-რესტავრაციის კვალი. იგი საკმაოდ დიდია. გუმბათი, რომელიც ნაგებობას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს, ეყრდნობა ორ სვეტს და აღმოსავლეთის საკურთხევლის კედელს. საკურთხეველს ორივე მხრიდან აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე, ამბიონი და საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. შიგნიდან მთლიანად შელესილია და ფრესკების კვალი არ ჩანს, მაგრამ გარეთა ფასადი მდიდრულადაა შემკული ჩუქურთმებით, გუმბათში ამოჭრილია 12 სარკმელი, ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. საინტერესოა ისიც, რომ ტაძრის შიგნით ყოფილა ჭა, რომელსაც დიდი ლოდი ჰფარებია, ასევე, არის ჩატანებული ქვევრები, თუმცა დაზუსტებით თქმა, რისთვის იყო ეს ქვევრები განკუთვნილი _ ზედაშისთვის თუ წყლის მარაგის ასაღებად მტრის შემოსევის დროს, უცნობია. ტაძრის ფასადის განახლებულ ნაწილზე მხედრული წარწერაა, სადაც მოხსენებულია იოთამ ამილახვარი, რომელსაც შეუკეთებია ტაძარი, ასეთი შეკეთების შესახებ გვამცნობს ნიკოლოზ კათალიკოსის შეწირულობის წიგნი სვეტიცხოვლისადმი, რომელიც 1687 წლით თარიღდება. აქ ჩამოთვლილია შეწირულობანი და სხვადასხვა სამუშაოები, რაც ტაძრების შესაკეთებლად იყო აუცილებელი. მათ შორისაა მოხსენებული მეტეხის ტაძარიც:

“…კიდევ მეტეხს ნამეტნავად დაფუძნებული და დაძველებული საყდარი ხელახლად განვაახლე და გავაკეთე.“

ტაძრის სიდიადესა და მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ აქ დაკრძალულნი არიან ხეობისა თუ სოფლის თავადაზნაურულ გვართა წარმომადგენლები: მაღალაშვილები (თავადი ესტატე მღალაშვილი 1838-1915 წწ), თუხარელები (აზნაურები) და სხვა.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარისაუკუნეების მანძილზე როგორც მთლიანად საქართველოს, ისე ამ სოფელსაც არ მოჰკლებია მტრისაგან აოხრება და აწიოკება. შემოსევებს სოფელი საუკუნეების მანძილზე განიცდიდა. სოფელში შემოსული მტრისაგან გადასარჩენად მოსახლეობა თავს სწორედ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს აფარებდა. ისევე, როგორც ბევრგან საქართველოში, ამ ტაძარსაც სასულიერო დანიშნულებასთან ერთად თავდაცვითი მნიშვნელობაც გააჩნდა. მას გალავანი ჰქონდა შემოვლებული თავისი 4 თავდაცვითი კოშკით. გალავანი დღეს სრულიად დანგრეულია. მის ადგილზე შემოვლებულია მცირე სიმაღლის ქვის ღობე, ასევე, დანგრეულია კოშკებიც, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი შემორჩა და მასზე დღეს სამრეკლოა მოწყობილი. იგი სამსართულიანია. როგორც აღვნიშნეთ, ტაძარში იყო ჭა, რომელიც ომიანობის დროს შიგნით შეფარებულ ხალხს წყლით უზრუნველყოფდა. ამაზე მოწმობს ასეთი გადმოცემაც, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს შორის არსებობს. ლეკების ერთ-ერთი შემოსევის დროს ხალხს ტაძარში შეუფარებია თავი, ლეკებს გადაუწყვიტავთ ხრიკისათვის მიემართათ, რათა ეკლესიაში შეხიზნულები გამოეტყუებინათ. უფიქრიათ, რომ უწყლობას დიდხანს ვერ გაუძლებენ და გარეთ გამოვლენენო. თუმცა რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ ხალხს სარკმლიდან ცივი წყალი გადმოუსხამთ და მტრისათვის უნიშნებიათ, რომ მათი ლოდინი ამაო იყო. ამის შემხედვარე ლეკებს რაც რამ ფიჩხი და თივა უპოვიათ, ეკლესიისათვის შემოუწყვიათ და ცეცხლი წაუკიდებიათ, მაგრამ უცბად კოკისპირული წვიმა წამოსულა და ცეცხლი ჩაუქრია. თავზარდაცემული მომხდურები კი გაქცეულან.

როგორც აღვნიშნეთ, ტაძარს ვახუშტი ბატონიშვილი მონასტერს, „გორგასლისაგან შენებულს – „საარქიმანდრიტოს“ უწოდებს, სხვაგან კი მოიხსენიებს, რომ ამ მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მცხეთის კათალიკოსს ემორჩილებოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად აქ მონასტერი ყოფილა, მაგრამ შემდგომ აქ თეთრი სამღვდელოება მსახურობდა. ათეისტური რეჟიმის დამყარებისთანავე მღვდელმსახური ტაძრიდან გამოაძევეს და ტაძარი დაკეტეს, მოგვიანებით კი საწყობად გადააკეთეს, სადაც ხორბალს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ინახავდნენ. დღეს აქ ისევ თეთრი სამღვდელოება მსახურობს. ეკლესიას ორი მოძღვარი ემსახურება, სოფლის მოსახლეობასთან შედარებით (რომელიც 3000-ს აჭარბებს) მრევლის რაოდენობა მცირეა, “მცირედნი არიან, რომელნი ვლენენ გზასა იწროსა.“ თუმცა ღვთის მადლითა და ამ ტაძრის მღვდელმსახურთა ღვაწლით მრევლის რაოდენობა შესამჩნევად იზრდება. ლამაზდება ეზოც და, შეძლებისდაგვარად, ხდება ტაძრის რეაბილიტაციაც (ტაძარი შიგნიდან ხარაჩოებშია). ყოველ შაბათ-კვირასა და დიდ დღესასწაულებზე აღევლინება წირვა-ლოცვა, ღვთისმსახურებაზე დასასწრებად ხშირად მოდიან მეზობელი სოფლებიდანაც. ასევე, მღვდელმსახურებს წირვა-ლოცვის ჩატარება მეზობელ სოფლებშიც უწევთ. დღესასწაული, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის მიძინების დღეა, რომლის სახელობისაცაა თვითონ ტაძარი. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ტაძარში, მრევლსა და მთლიანად სოფელში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და ამ ტაძრის მადლი შეეწიოს ამ სოფელს, თითოეულ ჩვენგანსა და მთლიანად საქართველოს. ამინ !

ლევან მაზმიშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • შორენა ხორბალაძე says:

    მართლაც ლამაზი ეკლესიაა სოფელ მეტეხში,გამოიჩევა უძველესი ისტორიით,მინდა დავამატო რომ კასპის რაიონში ბევრი ისტორიული ძეგლია,ძველი ტაძრები,სალოცავი ნიშები როგორც ძველი ხალხი უწოდებს,ალბად გსმენიათ ”რკონი” სოფელი სადაც ღვთიშობლის ეკლესიაა,იქ არის აგრეთვე თამარის ხიდი ,ამ ეკლესიაში დადის ხალხი სალოცავად ალბად საქართველოს ყველა კუთხიდან,ასე რომ კასპის რაიონის ყველა სოფელში არის ძველი ეკლესიები და ბევრი ისტოორიული ძეგლები.გფარავდეთ ღმერთი.

  • მარინა კურტანიძე says:

    ჩემი გვარის კურტანიძეების ჰესახებ მომწერეთ თუ შეიძლება.

  • მართლაც ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივია სოფელ მეტეხის ეს მონასტერი , მე მეამაყება რომ მრავალჯერ დავსწრებივარ ამ მონასტერში ჩატარებულ წირვა-ლოცვას.

  • NINO says:

    Nino Abuashvili dzalian lamazi feris kvit aris nasheni…patara cvlili chem ojaxsac akvs shetanili, kerdzod dedas CISANA MAGALASHVILS , romelmac shescira eklesias shesasvleli karebi…2001cels…bolos dzalian cud mdgomareobashi iko da shecvlas sachiroebda….

  • mixo says:

    kvetebulis locvebi ikitxeba am tadzarshi?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი