მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფ. სვერის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.10.2010 2 კომენტარი | 3,885 ნახვა

აღდგენილი ღვთისმსახურება “ბავშვების” ტაძარში

იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაჭიათურის რაიონის, სოფელ სვერში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. არსებობს ცნობა, რომ XVIII საუკუნის შუა ხანებში ერთ-ერთმა დედოფალმა ამ ტაძარს იოანე ნათლისმცემლის ძვირფასი ხატი შესწირა, რომლის ადგილსამყოფელიც დღესაც დაუდგენელია.

არსებობს ასევე სხვა რამდენიმე წყარო და გადმოცემა ადგილობრივ მოსახლეობაში, რომლის მიხედვითაც შეიძლება, ეკლესია XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ტაძარში დასაფლავებულია ერთი პიროვნება, გვარად ღვალაძე, რომელიც XIX საუკუნეშია გარდაცვლილი. როგორც ცნობილია, მას ეკუთვნოდა ამჟამინდელი ეკლესიის მიწა, რომელიც მან შემდგომ ეკლესიას და სასაფლაო ტერიტორიას შესწირა. გადმოცემის თანახმად, ის ეხმარებოდა ტაძრის მაშენებელთაც. ამასთან, ტაძრის ეზოში დასაფლავებულია ამ ტაძრის მსახური, მღვდელი ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელიც 1847-1939 წლებში ცხოვრობდა. რადგან დიაკვნობა საეკლესიო იერარქიაში პირველი ხარისხია და ნიკოლოზი დიაკვნად უკურთხებიათ, მას ნიკო დიაკვანს უწოდებდნენ და საფლავის ქვაზეც ასეა წარწერილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, 1937 წლიდან, მღვდელ ნიკოლოზს სახლში ჰქონია მოწყობილი სანათლავი, ჯვრისწერის საიდუმლოს აღსასრულებელი და გაკვეთილების ჩასატარებელი ოთახი. მისი მოღვაწეობა ამ ტაძარში ამყარებს აზრს, რომ ტაძარი XIX საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (წერეთელი) წუხს, რომ ტაძრის აგების ზუსტი თარიღი ამ დრომდე გაურკვეველია. ,,XVIII-XIX საუკუნის ტაძრებს ნაკლებად ექცევათ ყურადღება და სათანადოდაც ვერ მოვიძიეთ ცნობები ამ ტაძრისა და აქ მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ. კერძო მკვლევარს თუ აიყვან, ვინც გამოიკვლევს ტაძრის ისტორიას’’- აღნიშნა ,,ამბიონთან’’ საუბრისას მამა გიორგიმ, რომელსაც ტაძრის აღდგენისა და აღდგენილი ღვთისმსახურების შესახებ ვესაუბრეთ.

მამა გიორგი
: ტაძარს პირვანდელი სახე ძირითადად შემორჩენილი აქვს. კიბეების მრგვალი ფორმა კი ახალია, ძველად ოთხკუთხედის ფორმის იყო, სამიარუსიანი როგორც დღესაა. რაც მახსოვს, ეს ტაძარი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. კრამიტით გადახურულ სახურავზე მსხვილი ხეები ამოდიოდა. საკურთხეველში ქვები ცვიოდა და ხის ფესვები იყო ჩამოსული, წყალი თითქმის მთელ ტაძარში ჩამოდიოდა.

დედაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, შვილებსაც მუსიკალური განათლება გვქონდა, მამა კულტურის განყოფილების გამგე იყო. 4 დედმამიშვილი და მშობლები ამ სოფლის და მეზობელი სოფლის ტერიტორიაზე ოჯახურ კონცერტებს ვაწყობდით. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ამ კონცერტიდან შემოსული თანხით პირველი რკინის კარი და ორი რკინის სასანთლე, რომელიც ახლაც ეკლესიაშია, ტაძარს შევწირეთ. რადგან ამ სოფელში ვცხოვრობდი გული განსაკუთრებით შემტკიოდა ღვთის სახლს რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი.

4 წლის წინ, როგორც კი სასულიერო პირად მაკურთხეს, მღვიმევის მონასტერში დავიწყე მსახურება. მღვდელმთავარს ვთხოვე, პარალელურად სოფელ ცხრუკვეთში მოეცა დღეები და სოფელ სვერშიც მემუშავა, ტაძრის აღდგენაზე. ერთი წლის შემდეგ დავიწყე იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის აღორძინება. მოსახლეობაში მცირე თანხა ავაგროვეთ. თანხა ღვთის წყალობით სახურავს ეყო. მოსახლეობამ, მას შემდეგ რაც დაინახა, თანხა ნამდვილად ეკლესიის გადახურვას მოხმარდა, დადებითად განეწყო. მოგვიანებით გამოჩდნენ ღვთისნიერი ადამიანები, რომლებმაც ყველა ღონე იხმარეს ტაძრის აღდგენისთვის. ტაძრის ძირითადი აღმდგენელი სხვა ოჯახია. ახლახანს გამოჩნდა ასევე ჩვენი თანასოფლელი, რომელმაც თავის თავზე აიღო ტაძრის მოხატვის დაფინანსება. თუმცა, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ტაძარი არც ჩემი და, არც სპონსორების გაკეთებული არ არის. ჩვენი ტაძარი ბავშვების სიმრავლით გამოირჩევა, უმთავრესად სკოლის მოსწავლეები დადიან და მას ბავშვების ტაძარს ვუწოდებ. ბავშვების გული წმინდაა, მათი ლოცვა უფალმა შეისმინა და ყოველთვის ვთხოვ მათ, ილოცონ ტაძრის აღორძინებისთვის.

თუ არის ტაძარში შემორჩენილი უძველესი ფრესკები ან წარწერები?

სვერიეკლესია მთლიანად ცარიელი იყო. არანაირი კვალი, ტაძრის მოხატვისა არ არსებობს. ტაძარი შიგნით მთლიანად ჩამოიფხიკა. ჩემი პირველი მოთხოვნა იყო, კირით გალესილიყო, რადგან კირი უკვდავია, არ იშლება ადვილად და სისველისა და შრობის შედეგად უფრო მყარდება და მტკიცდება. მართალია, კირზე მუშაობა რთულია და პროფესიონალი ხელოსნებიც ნაკლებია, მაგრამ ღვთის ნებით ყველაფერი შევძელით. ტაძარში შესული გრძნობ, რომ თავისუფლად სუნთქავ. მუშაობის პერიოდში არც რაიმე წარწერა არ აღმოგვიჩენია. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა. ერთ თვეზე მეტია გოჩა ცერცვაძე ამ შრომატევად საქმეს შეუდგა. გვინდა ტაძარი მთლიანდ მოიხატოს. მართალია, ვერ ვივარაუდებთ როდის დასრულდება და მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ზამთრამდე საკურთხევლის მოხატვა მაინც დასრულდება.

რამდენად შეიცვალა ადგილობრივი მცხოვრებლების ცხოვრება ტაძრის აღდგენის შემდეგ?

ტაძარში ადრე მოძღვარი არ იყო (ბოლო მღვდელმსახური მამა ნიკოლოზი (1847-1939). მოსახლეობა ეკლესიას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. დიდი მორწმუნეობით ვერც სოფელი გამოირჩეოდა, რადგან ათეიზმის პერიოდიდადნ გამოსვლის შემდეგ აქ მქადაგებელიც არავინ იყო. ამიტომ მათ სულიერი ფასეულობებიც ნაკლები ჰქონდათ. ტაძრის აღდგენაში ბუნებრივია მრევლიც აქტიურად იყო ჩართული. სოფლის მოსახლეობას წელიწადის ნებისმიერ დროს აქვს საქმე, როცა მან იცის რომ აქ მატერიალურად ნაკლებად დაეხმარები, არც მოდის, ამ დროს კი ის ვერ გრძნობს, რომ ტაძარში სულიერ სარგებელს მიიღებ. თუმცა, რამდენჯერმე მრევლს შორის შესაწირი შევაგროვეთ და სოფელში გაჭირვებულებს მინიმალური თანხით ერთჯერადად მაინც დავეხმარეთ. დღესდღეობით სოფელი გახარებულია. მრევლიც გამოირჩევა მოწესრიგებულობით და დღითიდღე ვმრავლდებით. მაგრამ მაინც ვწუხვარ რომ სოფლის საქმეებს არიან მიჯაჭვულნი და იმდენი არ დადის ეკლესიაში, რამდენიც უნდა იყოს.

რა პერიოდულობით ტარდება წირვა-ლოცვა და პარაკლისები?

ჭიათურისა და საჩხერის მღვდელმთავრის, მეუფე დანიელის კურთხევაა, თვეში ერთელ მოვიდე სოფელში და ჩავატარო წირვა, რასაც შინაგანად ვერ ვეთანხმები. ძირითადად მღვიმევის ტაძარში ვმსახურობ, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ვცდილობ, ყოველ ორშაბათს, კვირაში ერთხელ მაინც გადავიხადო პარაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ საკურთხეველში ხარაჩოებია აწყობილი, თვეში ერთხელ-ორჯერ მაინც ვატარებთ წირვას. მოძღვარს ყველა სოფელში ითხოვენ, ყველგან კი ცხადია, ვერ ვივლი. მარტო რომ ამ სოფელში ვმსახურობდე, სოფელში მოუნათლავი, ჯვარდაუწერელი, უზიარებელი ადამიანი და საკურთხებელი სახლი არ დამრჩება. ვეცდები, ყველას მივაქციო ყურადღება. მადლობა ღმერთს ნელ-ნელა წინ მივდივართ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ელისაბედი says:

    თქვენ გაიხარეთ მამა გიორგი.ღმერთმა გაგაძლიეროთ და გიმრავლოთ მრევლი.

  • ჩემი მეუღლე და შვილები, ღვალაძეები არიან, სოფელი სვირიდან. ჩემი მულისაგან გამიგია, რომ მათი დიდი ბაბუა მღვდელი იყო, თუმცა, მეტი მათაც არაფერი იციან. ძალიან მაინტერესებს, როგორ გავიგო, ტაძრის ეზოში დაკრძალული ,,ვინმე” ღვალაძე, ხომ არ არის ჩვენი წინაპარი. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნებოდი….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.