მთავარი » კულტურა

სოფ. გრემში მდებარე XVI ს-ის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2018 | 353 ნახვა

წმ.ნიკოლოზის ეკლესია ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფ. გრემში მდებარე XVI ს-ის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა დასავლეთის წაგრძელებული მკლავით (8×5,8 მ). აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში, კარ-სარკმელთა ღიობებში, დეკორზე, ლავგარდნად და გუმბათზე აგურია გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. კარები გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. ჩრდილოეთის კარის ჭრილი ფრონტონისებური გადახურვით სრულდება, დასავლეთის კარი აგურის ჩაღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩამჯდარი, რომლის თავი ხერხულა ლავგარდნით სრულდება. დასავლეთის და სამხრეთის მკლავებში თითო, ხოლო აღმოსავლეთის კედელში სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარი ქვის თაროსებრი, დანარჩენი მკლავები კი აგურის ოთხრიგი ლავგარდნით სრულდება. გუმბათი ექვსკუთხა ცილინდრია. წიბოებზე მარტივი ლილვებია მოცემული, რომელზეც წახნაგის თაღები გადადის. თაღთაშორისი სივრცე დადაბლებულია და თითოეულ მათგანში ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გუმბათი მარტივი ქვის ლავგარდნით სრულდება, რომელზეც კრამიტის სახურავია დაყრდნობილი. დასავლეთის და აღმოსავლეთის მკლავების ფასადის ფრონტონში აგურის წყობით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია მოცემული. გუმბათის სარკმელთა ორივე მხარეს ცისფერი ჭიქურით შეღებილი ოთხ-ოთხი მრგვალი აგურია ჩასმული. ფასადები შელესილი ყოფილა. ამჟამად შელესილობა დაზიანებულია და ადგილ-ადგილ აყრილი.

აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ, კედელთან ქვის მრავალკუთხა ტრაპეზია მიდგმული. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. აბსიდის კონქი მხრებზე გადასულ შეისრულ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა და შეისრული კამარით გადახურული პასტოფორიუმებია, რომლებიც დარბაზს დასავლეთის კარით უკავშირდება. თითოეულ მათგანის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხეველს შიდა კარით უკავშირდებიან. პასტოფორიუმთა დასავლეთის კარის თავზე, სანიშეებია, რომელთა ზემოთ მარმარილოს ფილებია ჩადგმული. ჩრდილოეთის მკლავის ფილა ძლიერ დაზიანებულია და მასზე შესრულებული ასომთავრული წარწერის მხოლოდ ცალკეული რამდენიმე ასო იკითხება. სამხრეთის მკლავის ფილაზე კი ჯერ კიდევ გაირჩვა რვასტრიქონიანი წარწერის ფრაგმენტები. წარწერა საქტიტორო უნდა იყოს, რომელშიც მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე მიმართვაა. ტექსტის ბოლოში უნდა იხსენიებოდეს ვინმე ზაქარია (ტექსტი წაიკითხა გიორგი გაგოშიძემ).

ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა და შეისრული თაღებით სრულდება. დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია და ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილში შეისრული უბეებია. მკლავების მხრებზე გუმბათის ყელია დაყრდნობილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა თაღოვანი სარკმელია.
ინტერიერის კედლებზე შემორჩენილია ნალესობა.

ტაძრის ინტერიერში ჯორჯაძეების სამარხებია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.