“შობის ვარსკვლავი” ანუ პუანესტია – წინასაახალწლო განწყობისთვის
პუანესტია ( Euphorbia pulcherrima, poinsettia pucherrima ) რძიანას ერთ-ერთი სახეობაა. მას ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს ეძახიან. გავრცელებულია პუანესტიას წითელი, ვარდისფერი და კრემისფერი სახეობები. სახელი “შობის ვარსკვლავი” მომდინარეობს საშობაოდ ყვავილობის დაწყებასთან. ამ მცენარესთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს: მექსიკაში მცხოვრებ ობოლ და-ძმას განსაკუთრებულად უყვარდათ და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან მრევლს საჩუქარი მიუტანია, და-ძმას კი მისი შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მღვდლისთვის ქოთნით პუანესტია მოურთმევიათ. სწორედ იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ, პუანესტია შობის მცენარედ მოისაზრება. ლეგენდის თანახმად ყვავილი სასწაულმოქმედია, ძალიან ლამაზია და შობის ღამეს ბევრი ოჯახის სუფრას ამშვენებს.
როგორ მოვუაროთ პუანესტიას შობის ღამეს წითელი რომ იყოს? ასოციაცია “მომავლის ფერმერის” აგრონომი, ნინო ჭიორელი მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, დღის ბოლომდე მცენარე ბრელ ადგილზე უნდა დავდგათ, ან მუქი ფერის ნაჭერი გადავაფაროთ, რათა მცენარის მთლიანი დაბნელება მოხდეს. ასეთი მეთოდით პუანესტია შობის ღამეს ნამდვილად წითელი შეფერილობის ფოთლებით შეხვდება.
“მცენარის მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ: განათება, ტენიანობა, სითბო 15-21 ◦C (სასურველია შუა დღის მზე არ ხვდებოდეს), იქნეს ქარისგან დაცული, ფოთლები დავნამოთ დღის განმავლობაში (რწვისას წყალი არ მოახვედროთ თანაყვავილედს), ყვავილობის შემდგომ რწყვა დავიყვანოთ მინიმუმამდე (მოსვენების პერიოდი – 2თვე), დასვენების შემდეგ აუცილებელია მცენარის გასხვლა (ტოვებენ 2-3 ტოტს, სიმაღლით 10-12სმ ), მცენარე საჭიროებს განოყიერებას ორგანული სასუქით (გადარგვიდან 10-14 დღის შემდეგ),” – აღნიშნა ნინო ჭიორელმა.
არაჩვეულებრივი “შობის ვარსკვლავი” სადღესასწაულო განწყობას უქმნის ადამიანს.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.