მთავარი » საზოგადოება

შობის მახარობლები 2012

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2012 | 2,847 ნახვა

შობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც დიდი სიხარულით ხვდება ყოველი ქრისტიანი.

“დღეს ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი, დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამობრწყინებისა.
მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!”

სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია II

შობას საქართველოში თან ახლავს ალილოს უძველესი ტრადიცია.

ალილო 2012

გარკვეული პერიოდი ალილოს რიტუალი დავიწყებას მიეცა. თუმცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით ეს უმშვენიერესი ტრადიცია კვლავ აღდგა და უკვე მეთორმეტე წელია, რაც ალილო გრანდიოზული თეატრალიზებული მსვლელობით აღინიშნება.

ალილოს მსვლელობა ტრადიციულად 14:00 საათზე ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედნიდან იწყება, თუმცა მსვლელობაში მონაწილეობის მსურველები აქ დილიდან იყრიან თავს, განსაკუთრებით მრავლად არიან ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ისინი თეთრ სტიქარებში შემოსილები ემზადებიან მსვლელობისთვის, ირგვლივ ყველა გახარებულია, ხალხი ერთმანეთს იესოს დაბადებას ულოცავს, ბავშვები კი, ანგელოზის სტიქარებში გამოწყობილები, ჟრიამულით იკლებენ არემარეს.

თეატრალიზებულ მსვლელობას წინ ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი პატარა ბავშვები მიუძღვებიან, მათ უკან მწყემსები მოსდევენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებენ. შემდეგ მოდის ხარკამეჩშებმული ურმები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის სოფლებიდან ჩამოიყვანეს, ურმებზე შესაწირავი ნობათი გროვდება, რომელიც შემდგომ მზრუნველობამოკლებულ და უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლებში განაწილდება.

ალილო 2012 ხარკამეჩს დეკორატიულ აქლემებსა და სპილოებზე შემომსხდარი მოგვები მოჰყვებიან, მოგვების შემდეგ – თეთრ სტიქარებში შემოსილი ახალგაზრდები ბაირაღებითა და დროშებით ხელში, მათ უკან მოაბრძანებენ შობის ხატს და ბოლოს მოდიან სამღვდელოება, ჩოხოსნები და მრევლი, რუსთაველის გამზირზე საკმევლის სუნი ტრიალებს და ალილოს გალობა ისმის.

ალილოში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას და ცივი ამინდის მიუხედავად, გარშემო სითბო და სიხარული სუფევს, მსვლელობა ნელ – ნელა გალობით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიიწევს.

ალილოს პროცესია სამ ადგილას შეჩერდა, პირველად – პარლამენტის შენობასთან, სადაც დეპუტატები და პარლამენტის თავჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძე შეეგება, მათ ტკბილეული კალათებით ურმებში ჩადგეს და ხალხს შობა მიულოცეს, დავით ბაქრაძემ განაცხადა: “გილოვავთ შობას! ვისურვებ, ყველა ოჯახში ყოფილიყოს სითბო, ბარაქა, სიკეთე და წინსვლა, ძალიან სასიხარულოა, რომ ალილოს ტრადიცია, რომელიც ჩვენი პატრიარქის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით აღდგა, ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება და სულ მეტი ადამიანი მონაწილეობს. ეს არის კარგი ქართული ტრადიცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს ისტორიას, ჩვენს წარმომავლობასა და სარწმუნოებას.

რაც უფრო ბევრი ასეთი ტრადიცია შენარჩუნდება და აღორძინდება, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი ერი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს.”

შემდეგი გაჩერება საკრებულოსთან (თავისუფლების მოედანზე) იყო, სადაც მსვლელობას შეუერთდნენ საკრებულოს თავჯდომარე ზაალ სამადაშვილი და საკრებულოს წევრები. მათ მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს და შობა მიულოცეს.

ალილო 2012 დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მსვლელობის ერთი ნაწილი საპატრიარქოსკენ წავიდა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II შეეგება. მან კიდევ ერთხელ მიულოცა შობა სრულიად საქართველოს, დალოცა ალილოს მონაწილეები და საშობაო ნობათი გადასცა. “ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს და დაგვიბრუნოს აფხაზეთი, სამაჩაბლო და გაამთლიანოს სრულიად საქართველო,” – აღნიშნა პატრიარქმა.

შობის მახარობლებს შობა პრეზიდენტმა მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მიულოცა. მან ალილოს მონაწილეებს ტკბილეული და ხილი გადასცა.

ალილოს მსვლელობა, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.

ალილო არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია, რომელიც ემსახურება ურთიერთდახმარებას. ეს არის დღე, როდესაც ერთდროულად ხარობს ცა და დედამიწა, დღე სიხარულისა და საყოველთაო ქველმოქმედებისა.

მსვლელობაზე მოგროვილი ნობათი დახარისხდება და 9 იანვარს ალილოს საორგანიზაციო ჯგუფის მიერ განაწილდება მოხუცებულთა თავშესაფარში, უნარშეზღუდულ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში.

დავით დანელია

[nggallery id=82].


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი