“შობიდან ნათლისღებამდე”
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა, სახელწოდებით “შობიდან ნათლისღებამდე” გაიხსნა. საექსპოზიციო თემა ოთხ დიდ დღესასწუალს (შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება) მოიცავს, რომლის ილუსტრირებაც ათი სიუჟეტით ხდება.
ექსპოზიციის მიზანია უნიკალური ქართული ხელნაწერების სიუჟეტური თანმიმდევრობით წარმოჩენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია შემდეგი ხელნაწერების ორიგინალები: გელათის (XII ს.), ჯრუჭის (XII ს.), ვანის (XII-XIII სს.), ლარგვისისა (XIII ს.) და სხვა სახარებები.
ლელა ქურდაძე (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი): “გამოფენის იდეა უკავშირდება მოახლოებულ ნათლისღების დღესასწაულს და ვინაიდან შობა ახლახანს ვიზეიმეთ, გადავწყვიტეთ ფართო საზოგადოებისათვის გაგვეცნო ის ხელნაწერები, რომლებშიც ამ დღესასწაულების ამსახველი სცენებია მოცემული. გამოფენა დაახლოებით 30 ექსპონანტს და XI საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით ხელნაწერებს მოიცავს. მასალები მომზადებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის ბაზაზე. ამდენად, დამთვალიერებელს და ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან კარგი საშუალება, გაეცნოს ამ ცენტრში დაცულ მდიდარ ხელნაწერ და მინიატურულ მემკვიდრეობას”.
დენის კიფი (დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში): “როგორც ყოველთვის ძალიან მომწონს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი, რადგან აქ ისტორიული ნივთებია გამოფენილი. დღესაც ძალიან ლამაზი გამოფენაა. ეს საქართველოს და ამავე დროს ეკლესიის ისტორიაცაა. ვფიქრობ, შობის შემდეგ ასეთი გამოფენის მოწყობა ძალიან კარგი იდეაა”.
არქიმანდრიტი დიმიტრი: “გამოფენა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ახალგაზრდა თაობა, ქართველი ერი გაეცნოს იმ სიწმინდეს, ქონებას და საგანძურს, რაც საქართველოს აქვს შემორჩენილი. მარტო ის რად ღირს რომ დღეს ჯრუჭის X საუკუნის სახარებას ვუყურებთ და მისი ხილვის საშუალება გვაქვს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ მოსული ადამიანი უფრო მეტად დააფასებს ისტორიას და ჩვენს წარსულს. ქართველი ერი იმთავითვე დიდ ყურადღებას აქცევდა წმინდა წერილების, წმინდა წიგნების თარგმნას, პატივს სცმედა მათ და ეს გამოფენაც იმის ნიშანია, რამდენად დიდი სიყვარულითაა შესრულებული თითოეული ნახატი”.
ექსპოზიცია გაგრძელდება 22 იანვრამდე.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
me ver movaxerxe am gamofenis naxva.magram chemi azrit saintereso iqneboda es gamofena.dzveli nivtebis naxva dzalian momwons mitumetes tu es dzvel saeklesio gandzia. marto bibliis naxva ghirda yvelafrad. gisurvebt warmatebebs.tqventan ars ghmerti.