მთავარი » ქრისტიანობა

შობა უფლისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.01.2021 | 9,252 ნახვა

გილოცავთ შობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: მორწმუნე ადამიანს გააზრებული უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ქრისტიანული დღესასწაულის არსი, შობა უამისოდ ის გაუაზრებლად შეეგებება დღესასწაულს და ყოველგვარი სარგებელისა და სიხარულის გარეშე დარჩება.

დღევანდელი საუბარი შობის დღესასწაულის მნიშვნელობის ყველა ასპექტს ვერ მოიცავს, რადგან მართლაც უსაზღვროდ ვრცელი და მრავლისმომცველი საკითხია. ამიტომ, მთავარი აქცენტი უმეტესად მაინც შობის დღესასწაულის შედეგად მიღებულ შედეგზე და სარგებელზე გავამახვილოთ.

დღეს ტექნიკური ეპოქის საოცარი პროგრესის პირობებში თითქოს ადამიანს შესაძლებლობები უსაზღვრო გახდა და ყველანაირ ფანტაზიებს რეალიზაციის საშუალება ეძლევა. თითქმის აღარაფერია მიუწვდომელი და წარმოუდგენელი თანამედროვე ცივილიზაციისთვის, მაგრამ ყველამ უწყის, რომ მიუხედავად ამისა, არის გადაუჭრელი საკითხები, რაშიც აშკარად ვლინდება ადამიანური უძლურება. პირველ რიგში, ეს არის სიკვდილის გარდაუვალობა. მის საპირწონედ და სულიერ ნუგეშად უნდა გავიაზროთ შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ქრისტიანებს უხარიათ ქრისტიანული დღესასწაულები და ამ შემთხვევაში ქრისტეს შობა. რადგან უფლის შობის შემდეგ სიკვდილმა ძალა დაკარგა. ქრისტემ კაცობრიობას იმედი მისცა, ცოდნა მიანიჭა. მორწმუნენი უფლის შემწეობით აღარ ექვემდებარებიან ხრწნილების საყოველთაო მოვლენას.

გავიხსენოთ ქრისტემდელი საზოგადოების მხრიდან წარმართული ღმერთების თაყვანისცემა, სიკვდილის საოცარი შიში, უზნეობის მეუფება და საყოველთაო უიმედობა სიკვდილზე ფიქრისას. ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულებანი: ინდუიზმი, ბუდიზმი და სხვა იმასაც კი მიიჩნევენ, რომ სიკვდილი ამქვეყნიური ჭირ-ვარამისაგან და ტანჯვისაგან გათავისუფლების საშუალებაა. მათ არ სწამთ მკვდრეთით აღდგომისა.

ასევე ვიცით ისტორიიდან, რომ არსებობდა სიკვდილთან მიმართებაში ძალიან პრიმიტიული დამოკიდებულება, და დღესაც მიაჩნიათ, რომ სული სიკვდილის შემდეგ კვლავ უბრუნდება ამ ქვეყანას და ეს მანამდე გრძელდება, სანამ სული არ განიწმინდება. თან რაც ყველაზე მეტად დამაფიქრებელია, მიაჩნიათ, რომ არა ადამიანში, არამედ რაიმე სხვა არსებაშიც შეიძლება მოგვევლინოს ადამიანის სული.
ასევე, იყო რელიგიები და ფილოსოფიური წარმოდგენები, რომელთა მიხედვითაც სიკვდილი უდიდესი ბოროტება იყო და იგი მარტოოდენ ტანჯვასთან და სიბნელესთან იყო დაკავშირებული. ცალკე გამოსაყოფია ეგვიპტელთა რწმენა სულის უკვდავების შესახებ. მათი რწმენის მიხედვით, სული სხეულს სიკვდილის შემდეგ უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, ისინი დიდ აკლდამებს, პირამიდებს აშენებდნენ; მიცვალებულის სხეულს აბალზამირებდნენ, რადგან სხეული ისევ უნდა გამხდარიყო სულის სამყოფელად. ამ მიზნით საკვებს ალაგებდნენ მიცვალებულის გვერდით.

მთლიანობაში კი შეიძლება გადაჭრით ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემდელი საზოგადოების მხრიდან გარკვეულწილად ხდებოდა სულის უკვდავების აღიარება და შესაბამისად, მარადიული ტანჯვისა და სიხარულის შესახებ მოსაზრებების წარმოჩენა, მაინც ერთმნიშვნელოვნად სიკვდილის მოლოდინის საოცარი შიში სუფევდა. რაც მთავარია, ფილოსოფოსთა თეორიები ვერ იქნება განმტკიცებული შინაგანი რწმენით, ამიტომ ის ვერ მოიპოვებდა საყოველთაო აღიარებასა და ნდობას. მაგალითად, დიდი ფილოსოფოსი არისტოტელე ამბობს: „საერთოდ არ დაიბადო ყველაზე უკეთესია. სიკვდილი კი სიცოცხლეზე უკეთესია”.

ამდენად, მას შემდეგ, რაც სიკვდილთან და სულის უკვდავებასთან არსებული ქრისტიანობამდელი შეხედულებები მიმოვიხილეთ, ახლა რამდენიმე სიტყვით სიკვდილის გამომწვევ მიზეზზეც ვისაუბროთ.

ყველას მოგვეხსენება, რომ ღმერთმა პირველად ამ ქვეყნიერებას მოავლინა ადამი და ევა, რომელთაც ვერ შეიფერეს სამოთხეში ცხოვრება და ცოდვით დაეცნენ. ამის გამო, მათ დაკარგეს პირვანდელი, უბიწო და უცოდველი სულიერი მდგომარეობა. უამისოდ კი სამოთხეში ვეღარ დაიდებდნენ ბინას. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ რომ, სამოთხიდან გამოდევნა ღვთის რისხვა კი არა, მისი წყალობის გამოვლინებაა. ადამი იმიტომ განიდევნა სამოთხიდან, რომ მუდმივად ხრწნადი სხეულით შემოსილი არ დარჩენილიყო. წმიდა თეოფილე ანტიოქიელი ამბობს: „თუ ჭურჭელი ცუდი გამოვიდა მას თავიდან ჩამოასხავენ და გამოძერწავენ, რათა იყოს ახალი და მრთელი”. იგივე ემართება ადამიანს სიკვდილის მეშვეობით. ცოდვის შედეგად ის ირღვევა, კვდება, რათა მკდრეთით აღდგომისას იყოს ჯანმრთელი, ანუ წმიდა, მართალი და უკვდავი.

წმიდა წერილში, კერძოდ – ძველ აღთქმაში სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ წინასწარმეტყველებს ვხვდებით, რომლებიც ერთხმად გვაუწყებენ მხსნელისა და მესიის მოვლინებას. ეს ბუნებრივია, ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანისთვის საფუძვლიან მტკიცებულებას უნდა წარმოადგენდეს ქრისტეს შობის უტყუარობასთან დაკავშირებით. ამდენად, ქრისტეს შობა ღმერთისგან მრავალგზის იყო წინასწარ უწყებული.

ასე რომ, წინასწარმეტყველთა დამოწმებანი ამტკიცებს ქრისტეს პიროვნების რეალობას, რამეთუ სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეთა წინასწარ გამოთქმული უწყება ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში მოდის, რაც მისი წარმოშობის ღვთაებრიობაზე მიგვანიშნებს. თუმცა, ქრისტეს შობის შესახებ პირველი უწყება წინასწარმეტყველთა დრომდე გაცილებით ადრე გვხვდება; ჯერ კიდევ სამოთხიდან გამოძევების ჟამს, თავად ღმერთი ეუბნება გველს: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის; ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“(დაბ.
3,15). ხოლო იერემია წინასწარმეტყველი უფლის შთაგონებით გვაუწყებს: „აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალი ჩვენი სიმართლე” (იერ. 23,5-6).
თუმცა ქრისტეს შობას მარტოოდენ წინ როდი უძღოდა წინასწარმეტყველთა მიერ გამოთქმული სასწაულებრივი უწყება; თავად ქრისტეს შობა არის დაკავშირებული უამრავ სასწაულთან; თუკი მოკლედ მიმოვიხილავთ და გავიხსენებთ ამ სასწაულებს, მაშინ საკმაოდ დიდ ნუსხას მივიღებთ.

ზეცას გამოჩენილი საოცარი ვარსკვლავი მოგვებს შორეულ აღმოსავლეთში აუწყებს საიდუმლო ამბავს. ეს ვარსკვლავი განსხვავებულია, რამეთუ არ მოძრაობს ჩვეულებრივი მიმართულებით, დღისითაც ჩანს და მცირე ადგილის განათების უნარიც აქვს.

ასევე, ანგელოზთა უწყებამ ბეთლემში მწყემსებს ზეციური ხმით აუწყა ქვეყნიერების მხსნელის დაბადება. ეს საგალობელი მას შემდეგ ყოველი მორწმუნის გულს სიხარულით აღავსებს:

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება”(ლკ. 2,14).

უსათუოდ ყურადსაღებია მოგვების მიერ ახალშობილი ყრმისადმი მირთმეული ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური, რამაც ერთდროულად მიწიერი და ზეციური მეფისა და მოკვდავი ადამიანის შობა გვაუწყა.

უმთავრესი სასწაული კი ყოვლადწმიდა ქალწული მარიამია. მივაქციოთ ყურადღება სიტყვა „ქალწულს”, რომელიც უმამაკაცოდ და ქალწულობის დაურღვევლად შობს ყრმას. ამგვარ მოვლენას ღმრთის ნებას, ამის გარდა სხვას ვერაფერს მივაწერთ; ვერც ვერაფრით ავხსნით. რა შეიძლება ითქვას? მხოლოდ გაოცება და მდუმარება.

კიდევ ერთი დიდი სასწაული და სიყვარულის გამოვლინების გამოუთქმელი მაგალითი ის არის, რომ ქალწულისგან სამყაროს მოევლინა არა მხოლოდ სრულფასოვანი ადამიანი, არამედ – სრული ღმერთიც. არ უნდა შეგვეშალოს ერთი რამ: განა მაშინ დაიბადა დაუსაბამო და მარადიული ღმერთი, ანუ მისი ძე, რომელიც თავად გახლავთ ყოველივეს მიზეზი და შემოქმედი, არამედ მაშინ ღვთაებრივი ძისა და კაცობრივი ბუნების ქალწულის მუცელში ჩასახვა, ღმრთისა და კაცის შერთვა და შეერთება აღსრულდა.
ქრისტეს შობამდე კი ადამიანი და ღმერთი განცალკევებულად არსებობდნენ, როგორც ცალკე მდგომნი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ ადამიანში არაფერი იყო ღვთაებრივი, მაგრამ მანამდე მხოლოდ სულის მსგავსება და ხატება იყო მათი ერთობის გამომხატველი, ქრისტეს ჩასახვიდან კი, ამ ერთობამ უკვე მიიღო მარადიული და განუყოფელი არსების სახე. ამიერიდან ღმერთი გახდა ადამიანი, იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს ღმერთი.

ქრისტემ აღამაღლა ადამიანის ბუნება, სრულყო და ღმერთთან სამუდამოდ შეაერთა. ამ ყოველივემ კი დასაბამი დაუდო კაცობრიობის გამოხსნას – სიკვდილზე, ეშმაკსა და ცოდვაზე გამარჯვებას, რამეთუ ღმერთთან ერთობის გარეშე ადამიანი უძლური აღმოჩნდა საკუთარი თავი განეკურნა ადამისეული დაცემული ბუნების მემკვიდრეობისგან.

ამდენად, ჩვენ უაღრესად დიდი სიხარულის მიზეზი გვაქვს, რამეთუ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის ამქვეყნად შობის საოცარი ამბავი; კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ მისი შობით სიკვდილის მეუფების დასასრული მოახლოვდა და მიწიერმა ცხოვრებამ უდიდესი მიზანი და აზრი შეიძინა – გარდაცვალების შემდეგ უფალთან შეხვედრისთვის მზადება.

ღმერთმა მოგვფინოს ქრისტეს შობით გამოწვეული საუკუნო სიხარული და ღმერთმა ჰქნას, რომ ჩვენს გულებშიც შობილიყოს კაცობრიობის მაცხოვარი თავისი ნათლითა და მადლით!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი