მთავარი » დღესასწაულები

შობა რაჭის უბანში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.01.2011 3 კომენტარი | 2,387 ნახვა

rachis ubanshiშებინდებული იყო, რაჭის უბანში რომ ჩავედით. შობის ღამისთევის დაწყებამდე საკმაო დრო გვქონდა, თუმცა დაზუსტებით არ ვიცოდით ტაძრის ადგილმდებარეობა, სადაც შობის დღესასწაულს უნდა შევხვედროდით. ბედად გაცნობილმა თანამგზავრმა გზაც მიგვასწავლა და ბედნიერი შობის დადგომაც გვისურვა. თუმცა, მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ნებისმიერი მხრით შეგვეძლო წასვლა, რადგან ყველა გზა მაინც ტაძრამდე მიდიოდა.

მივდიოდით ჩაბნელებულ შარა გზებზე და გზას მობილური ტელეფონების ფანრებით ვინათებდით. აქა-იქ სახლების ფანჯრებიდან გამომავალი სინათლე მოჩანდა და შეკრებილი ბავშვების სიმღერა ისმოდა:

”ალილო, ალილო,
შობა თენდება…”

გზის ნახევარიც არ გვქონდა გავლილი, რომ შორს განათებული ტაძარი გამოჩნდა. ჩვენც, შეგულიანებულებმა, მხიარულად და ხალისით განვაგრძეთ სვლა. ტაძართანაც მალე მივედით. მაშინვე მამა მიქაელს (ღვთისმშობლის შობის ტაძრის მღვდელი) დავურეკეთ. გვითხრა, დავლოდებოდით, მოვიდოდა და მანქანით წაგვიყვანდა მასპინძლებთან, ღამისთევის დაწყებამდე ცოტა რომ დაგვესვენა ნამგზავრებს.
ვიდექით ეკლესიასთან და ხმაამოუღებლად ვათვალიერებდით იქაურობას. სოფელი, თუ არ ჩავთვლით აქა-იქ ფანჯრებიდან გამომავალ მკრთალ სინათლეს, სიბნელეში გახლდათ ჩაფლული. მხოლოდ მაღლობზე მდგარი ტაძარი იყო ლამპიონით განათებული და მის ირგვლივ მთებზე აღმართული სამი ჯვარი. საოცარ სიმშვიდესა და სიწყნარეში დროის გასვლაც კი ვერ ვიგრძენით. კარგია, რომ მაშინ არაფერი ვიცოდით ტურების შესახებ, რომლებიც, სოფლის მცხოვრებლების თქმით, თურმე იმ ადგილებში მრავლად არიან.

მამაოც მოვიდა. დაგვლოცა. დაკეტილი ტაძარი ცოტა ხნით გახსნა, რომ მოგველოცა. შემდეგ სახლისაკენ გავემართეთ. გზად მეალილოეები გვხვდებოდნენ. გამალებით ემზადებოდნენ დღესასწაულისათვის და ტკბილეულს იმარაგებდნენ.

მასპინძლებმა საოცრად თბილად მიგვიღეს. გაგვათბეს, დაგვაპურეს. მამა მიქაელი ღელავდა, არ მოგვრიდებოდა და მთელი ყურადღება ჩვენკენ ჰქონდა მომართული. თავისი ხელით გვიდებდა თეფშებზე ცხელ კარტოფილიან ღვეზელებს და მეგობრულად გვესაუბრებოდა. ვახშმის დროს სამჯერ მოადგნენ მასპინძლების კარს მეალილოეები და პატარა დემეს (მამა მიქაელის შვილი) სამჯერვე მოუხდა ქურთუკითა და ქუდით შეფუთვა და სტუმრებთან ტკბილეულის გატანა.

modzgvari11 საათზე ღამისთევის ლოცვაც დაიწყო. შობას ღვთისმშობლის შობის ტაძარში შევხვდით. ეკლესია პატარა იყო და მრევლიც – მცირერიცხოვანი. შესაბამისად, სიწყნარესა და სიმყუდროვეში უკეთ გვესმოდა ლოცვა. თუმცა დროდადრო ძილის საოცრად დიდი სურვილი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც თავს იჩენდა და უნებლიედ ძილბურანში წასული და ასევე, უნებლიედ გამოფხიზლებული ხან ვინ შეკრთებოდა და ხან – ვინ.
ლოცვა დილის 6 საათისთვის დასრულდა. მაზიარებლები ეზიარნენ. მამაომ მოგვილოცა შობის ბრწყინვალე დღესასწაულის გათენება და გვისურვა, ყველას გულში შობილიყო მაცხოვარი.

ტაძრიდან გამოსულებს მეალილოეებმა ტკბილეული დაგვირიგეს. ისეთი ნისლი იყო, რომ ტაძრის გარშემო არაფერი მოჩანდა. მასპინძლებთან დავბრუნდით. ვიტრაპეზეთ. თითქოს არავის აღარ გვეძინებოდა. ყველა რაღაც კარგი ენერგიით ვიყავით აღსავსე. სუფრაზე მხიარულება სუფევდა. აშკარად იგრძნობოდა შობის დღესასწაულის განწყობა.

ტრაპეზის შემდეგ მამაოს კურთხევით ცოტა გამოვიძინეთ, რადგან 2 საათზე მეალილოეებს უნდა შევერთებოდით.

მართლაც, დათქმულ დროს ბოლნისის ცენტრში, კულტურის სახლთან არსებულ ღვთისმშობლის ნიშთან შევიკრიბეთ. ხალხი დროშებითა და ხატებით ხელში უკვე მოგროვილიყო. იქ იყვნენ სასულიერო პირებიც. მალე ბოლნისის ეპარქიის მეუფე ეფრემიც მოვიდა, პარაკლისი გადაიხადა, ნაკურთხი წყალი გვასხურა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცა. განსაკუთრებით დალოცა ბავშვები და შეგვახსენა, რომ სიცოცხლის ბოლომდე უბრალოება და ბავშვური სიწრფელე უნდა შეენარჩუნებინა თითოეულ ჩვენგანს.

პარაკლისის დასრულებისთანავე ნელი სვლითა და ”ალილოს” გალობით გავემართეთ სულხან-საბას ქუჩაზე არსებულ მოხუცთა სახლ ”ჭაღარასკენ.” მეალილოეებმა მოხუცებს ის შეგროვებული ტკბილეულობა მიართვეს, რაც კარდაკარ სიარულისას მოაგროვეს. მეუფემ ისინიც დალოცა და შობის ბრწყინვალე დღესასწული მიულოცა. მსვლელობაც დასრულდა. დადგა ჩვენი თბილისში გამომგზავრების დროც. წამოსვლა აღარ გვინდოდა. მასპინძლებს უღრმესი მადლობა გადავუხადეთ თბილი დახვედრისათვის. მამა მიქაელსაც დავემშვიდობეთ. მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა და გვთხოვა, ისევ გავახაროთ ჩვენი სტუმრობით (სხვათაშორის, ინტერვიუსაც შემპირდა..).

შობას პირველად შევხვდი სოფელში. პირველადვე მივიღე მონაწილეობა ”ალილოს” მსვლელობაში… თურმე სულ სხვა მადლი ჰქონია სოფელში შობის დღესასწაულის აღნიშვნას…

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნესტანი says:

    თათიიი.. არაჩვეულებრივი წერილიაა..ძალიან, ძალიან მომეწონა.გაიხარე და ჩვენც ხშირად გაგვახარე ასეთი საინტერესო, თბილი და ლამაზი წერილებით!

  • ნატო says:

    თათია ძალიან კარგი და სასიამოვნო წერილია დაგლოცოს უფალმა.ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

  • choti & gio & taso says:

    თათი ძალიან კარგად არის აღწერილი ჩვენი ერთად გატარებული შობის ღამე, მართლაც დაუვიწყარი , ძალიან სასიამოვნო განცდა და განწყობა გვქონდა, დიდი მადლობა რათქმაუნდა მამა მიქაელს ამ ყველაფრისთვის. გვიყვარხარ თაააააააააააათ :*:*:*

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.