მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე ბავშვების პრობლემები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.09.2013 ერთი კომენტარი | 4,044 ნახვა

თბილისში არსებულ ყრუ და სმენადაქვეითებულთა 203-ე სპეციალიზირებულ სკოლაში – 300 -მდე, ქუთაისის ამავე სახის 45-ე საჯარო სკოლაში კი 80-მდე ბავშვი სწავლობს. თუმცა, როგორც საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტის მოადგილე, სმენადაქვეითებული ბავშვი მაია მეტონიძე აღნიშნავს, ამ პრობლემის მქონე ბავშვების რიცხვი ათჯერ მეტია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი აჭარაშია… სპეციალიზირებული სკოლების არარსებობის გამო ეს ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში შედიან, სადაც პედაგოგები სათანადოდ არ არიან მომზადებულნი და ბავშვები ვერ ახერხებენ საფუძვლიანი განათლების მიღებასა და გარემოსთან ადაპტაციას.

რამდენად აკმაყოფილებენ სმენადაქვეითებულ და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვების საჭიროებებსა და მოთხოვნებს საგანმანათლებლო პროგრამები? „ამბიონს“ ქალბატონი მაია მეტონიძე ესაუბრა.

თუ არსებობს სმენადაქვეითებულ და მეტყველების პრობლემის მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების სტრატეგია?

არსებობს მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, რაც ყველასთვის, მათ შორის – ამ ბავშვებისთვისაცაა განკუთვნილი. გარემო, რაც მათი განათლებისთვისაა აუცილებელი, სპეციალიზირებულ ბაგა-ბაღებსა და სკოლებშიც კი არ არსებობს. ბაღებში ჟესტური ენის სპეციალისტები არ ჰყავთ. მეტყველების განვითარებისთვის კი აუცილებელია ჟესტური ენის ცოდნა როგორც ბავშვის, ასევე პედაგოგისთვის. ორივე მეთოდი ბავშვზე ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული. შესაძლოა ხანგრძლივმეტყველების თერაპევტის მუშაობის შემთხვევაშიც კი არ მოხდეს მეტყველების განვითარება. ეს დამოკიდებულია ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებსა და ინდივიდუალური საჭიროებების კვლევების შედეგებზე, რაც არ არის გაკეთებული. შესაბამისად, განათლების სტრატეგია არასრულფასოვანი და ზოგადია.

რა მდგომარეობაა სპეციალიზირებულ ბაღებში და რა ვითარებაა ამ მხრივ დედაქალაქსა და რეგიონებში?

თბილისში არსებული ერთადერთი სპეციალიზირებული ბაგა-ბაღი განკუთვნილია მხოლოდ თბილისში მცხოვრები სმენადაქვეითებულებისთვის. მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა და აუცილებელია ჟესტური ენის პროგრამის განხორციელება.

რეგიონებში უმძიმესი მდგომარეობაა. ასეთი ბავშვები ჰყავთ სახლებში, ან დაჰყავთ ჩვეულებრივ ბაღებში, სადაც აბსოლუტური იზოლაციაა და გარემოსთან ადაპტირება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ისინი იზრდებიან გარემოში, სადაც არაფერი ესმით.

ცხადია, ერთი ბაღის არსებობა საკმარისი არ არის. კანონი კრძალავს თბილისის მთავრობის მიერ თბილისში რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვების სწავლასა და განვითარებას.

ხდება თუ არა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების სათანადოდ განვითარება და სკოლისთვის მომზადება?

ეს ბავშვები სკოლაში მიდიან აბსოლუტურად მოუმზადებელნი. არც ერთი ენა არ იციან, არც მეტყველება, წერითი კომუნიკაცია, ბაგეებიდან კითხვა შეუძლიათ და ჟესტური ენის სწავლების შესაძლებლობაც არ აქვთ. სკოლაში მისული ბავშვი ენას უნდა ფლობდეს, რათა კომუნიკაცია დაამყაროს, რასაც ეს ბავშვები ვერ ახერხებენ.

რა პირობებში უწევთ სკოლაში სწავლა სმენადაქვეითებულ და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვებს?

სკოლაში არიან სრულ იზოლაციაში, ინფორმაციის ვაკუუმში. მოქმედებს მხოლოდ მზრუნველობითი მიდგომა. ბავშვები ვერ იღებენ სათანადო განათლებას, რომ შემდგომ უმაღლესი განათლება მიიღონ.

არსებობს 2 სპეციალიზირებული სკოლა – თბილისსა და ქუთაისში, სადაც შედარებით ახალი მეთოდოლოგია ინერგება და ჟესტური ენის სწავლების პროგრამაც განვითარების პროცესშია. ამ მხრივ, სკოლებში, ბაღებისგან განსხვავებით, უკეთესი მდგომარეობაა.

კვლევებით დადგენილია, რომ ჟესტური ენის სწავლება სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაც საჭიროა, ვინაიდან სასმენი აპარატით მხოლოდ 2 მეტრის დიაპაზონზე ხორციელდება კომუნიკაცია. ამავდროულად, აპარატი სმენაზე კარგად მორგებული უნდა იყოს. აუდიტორიული სწავლება ამ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ხშირად მათ პედაგოგების ბაგეებიდან უწევთ ინფორმაციის ამოკითხვა, რაც ძალიან რთულია. 1 ბგერის დაკარგვა იწვევს იმ ინსტრუქციების შინაარსობრივ ცვლილებას, რომელსაც პედაგოგი ბავშვს გადასცემს.

მშობლებს კანონმდებლობით აქვთ უფლება, ნებისმიერ სკოლაში მიიყვანონ თავიანთი ბავშვი, მაგრამ განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მათი გარემოში ადაპტირება, რაც გულისხმობს შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვას.

რა ხელშეწყობით სარგებლობენ ამ ბავშვების ოჯახები სახელმწიფოსგან?

სმენადაქვეითებულ და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის სპეციფიური ფინანსური დახმარება არ არსებობს. მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები, რაც ითვალისწინებს სასმენი აპარატებითა და კოხლიარული ინპლანტირებით (ოპერაციები) უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის მორგებული ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე. თბილისში არსებობს თარჯიმანთა მომსახურეობის პროგრამაც და ისინი აუცილებელი საჭიროებების მომსახურებას აკმაყოფილებენ. ამ კუთხით თბილისში, რეგიონისგან განსხვავებით, უკეთესი მდგომარეობაა. ეს პროგრამა ხორციელდებოდა რეგიონებშიც, მაგრამ 2012 წელს შემცირდა ბიუჯეტი და ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მიუღებელი პირობების გამო (თარჯიმნებისთვის დაბალი ანაზღაურება), ვერ შევძელით პროგრამაში მონაწილეობა.

ქალბატონ მაიას თქმით, სმენადაქვეითებულ და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვებმა ჟესტური ენა და ჟესტური მეტყველება უნდა შეისწავლონ. ეს იქნება მათი სათანადო განათლების მიღების, დასაქმებისა და საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრაციის საფუძველი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი