მთავარი » ქრისტიანობა

სიძვის დროს კარგავ ღმერთს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2010 9 კომენტარი | 16,012 ნახვა

სიძვასიძვა დაუოჯახებელი ქალისა და მამაკაცის ინტიმურ კავშირს ნიშნავს, რომელიც, პირველ რიგში, ქორწინების საიდუმლოს სიწმინდეს არღვევს. თუ საიდან მომდინარეობს ეს ცოდვა, რა დროს და რატომ ვარდება ადამიანი დღესდღეობით ამ გავრცელებულ ცოდვაში, გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე.

მამა თეოდორე: ადამიანი სულისა და ხორცის ერთობაა. ის ორი სამყაროს მოქალაქეა და ერთდროულად განიცდის მიწიერი და მიღმიური, მარადიული კანონების ზემოქმედებას. ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ადამიანს ეხება, ამ ორ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც ხორციელ არსებას, რომელსაც მიღმიურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვს, თავის თავში არ ატარებს მარადისობას, ფიზიოლოგიური ცხოველია და ყველა თვისებას მხოლოდ ხორციელი სიამოვნების მიღებისთვის იყენებს. ათეისტების, მატერიალისტების აზრით, ადამიანს სული არ აქვს, თუმცა, ცხოველებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ თავიანთი ფიზიოლოგია სურვილისამებრ წარმართონ. მაგ., ჭამოს არა მაშინ, როცა შია, არამედ ჭამოს სიამოვნებისთვის. ადამიანი ხშირად სიამოვნების მიღებისთვის არაბუნებრივ გზებსაც კი ეძებს (მაგ., ნარკოტიკების შემთხვევაში). მის ფსიქიკას შეუძლია აღიქვას უფრო რთული მოვლენები: მშვენიერება, ჰარმონია, ფერთა გამა, ის სიამოვნებას ხელოვნებიდანაც განიცდის, მაგრამ ეს ყველაფერი მიწიერია, სულთან არაა კავშირში. სიძვა- ადამიანის რეპროდუქციული უნარი, რომ თავისი მსგავსი შვას, შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას სიამოვნების წყაროდ. ეს კი უკვე იწვევს იმას, რასაც ჩვენ, ქრისტიანები სიძვის ცოდვას ვუწოდებთ. თუ ადამიანში დავინახავთ უკვდავ სულს ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე, ეს ნიშნავს, რომ მისი ყოველი ქმედება დასრულდება არა მიწით, არამედ ის შეიძლება გადავიდეს მარადისობაში. მარადისობის საკუთარ თავში მატარებელი ადამიანი ზნეობრივ არსებად იქცევა. და თუ მისი არსებობა საფლავით მთავრდება, ზნეობრივი არსებობაც აბსურდი ხდება.

ადამიანები ხშირად ამბობენ, რა მოხდა, თუ სიძვის ცოდვაში ჩავარდებიან. თუ ცხოველი ხარ, რა თქმა უნდა, ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ ადამიანი რომ ხარ და უკვდავი სული გაქვს, შენში არსებულ ზნეობრივ კანონებს უნდა იცავდე, მაშინ ხდება ეს პრობლემა.

სიძვის ცოდვაში ჩავარდნისას ირღვევა ქორწინების საიდუმლოს სიწმინდე. რატომ არის აუცილებელი უბიწოდ თავის შენახვა?

ღმერთმა ადამიანს მისცა კურთხევა აღორძინებისა და გამრავლებისა. თუ სულიერი აღორძინება არ არსებობს და გამრავლებას მხოლოდ ფიზიოლოგიური სიამოვნებისთვის იყენებ, ცხადია, ამით ღვთის კურთხევა ირღვევა. როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, სულიერი ურთიერთობები უნდა იყოს წინ წამოწეული. ქრისტიანული ოჯახის შექმნის მიზანი ღმერთთან მისვლაა. ეს მიზანი რომ შესრულდეს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, გვიყვარდეს ერთმანეთი. ამავდროულად, ადამიანის ხორციელ ბუნებს აქვს მიზიდულობის უნარი საპირისპირო სქესთან და როდესაც სულების ერთობაც არსებობს, კიდევ უამრავ ნიუანსთან ერთად, დგება ქრისტიანული ოჯახი, საფუძველი ეყრება ნამდვილ სიყვარულს. ფიზიოლოგიური სიამოვნება ამ შემთხვევაში ხდება არა საფუძველი ურთიერთობისა, არამედ ნაყოფი ამ სიყვარულისა. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, როდესაც ადამიანების სულების ერთობა არის სიმფონია, მაშინ ეს ურთიერთობა გამამშვენებელ აკორდად იქცევა. სიამოვნება ყოველთვის დამსახურებული უნდა იყოს სწორი სულიერი ცხოვრებით. როდესაც მისი დარღვევა ხდება, ადგილი აქვს ცოდვას, ანუ სიძვას, ამ დროს კი კარგავ ღმერთს, სულიერ ცხოვრებას და მარადისობაში დამძიმებული ცოდვით გადადიხარ.

მამაო, რა განსხვავებაა სიძვასა და მრუშობის ცოდვას შორის და რა სასჯელი იყო ადრე ამ ცოდვათა ჩადენისათვის?

მრუშობა სიძვის კერძო გამოვლინებაა უფრო დამძიმებული ფორმით. სიძვა ღალატია ღმერთის, მრუშობის ცოდვა კი ღმერთთან ერთად ადამიანურ სიბრტყეში ღალატსაც გულისხმობს. მრუშობისას შენც ზიანდები და სხვასაც აზიანებ, ვისაც ღალატობ.
ძველ აღთქმაში ფიზიკური სასჯელით ისჯებოდა, ქვით იქოლებოდა არა მარტო მრუში ქალი, არამედ კაციც. ორივეს გამოათრევდნენ და ქოლავდნენ ყოველგვარი შებრალების გარეშე. ამით ხდებოდა ამოძირკვა იმ უბედურებისა, რაც მთელ წარმართულ ზღვა ოკეანეში იყო და ეს პატარა კუნძული გახლდათ სწორი სარწმუნოების მატარებელი. ახალ აღთქმაში კი ფიზიკური მოკვდინება გადმოსულია სულიერ მოკვდინებაში. ანუ ეკლესია არ გაძლევს უფალთან ერობის საშუალებას და ადამიანი უზიარებლობით სიძვისთვის- 7 წლით, მრუშობისთვის კი 14 წლით ისჯებოდა. დღეს რომ ადამიანი ეკლესიაში არ მოუშვა, ის საერთოდ აღარ დაუბრუნდება უფლის სახლს. იმ დროს ეკლესიიდან განკვეთა საზოგადოებიდან მოცილებასაც გულისხმობდა. ეს კანონები არსებობს იმისათვის, რათა გვახსოვდეს, რაოდენ მძიმეა ეს ცოდვა.

სიძვა ბევრისთვის მარტო ქალის მიერ ამ ცოდვის ჩადენაში ასოცირდება, ამასთან, ხშირია თავის მართლება, თუნდაც ეკონომიური მდგომარეობის გამო, რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

პავლე მოციქული ამბობს: ღვთის წინაშე არ არს მამაკაცობა და დედაკაცობა. რა თქმა უნდა, ორივეს თავისი ფუნქცია აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ღვთის წინაშე ორივე თანაბარია. მრუში ქალი და მრუში კაცი არ განიყოფა.

რაც შეეხება ეკონომიურ ფაქტორს და თავის მართლებას, ეს არასწორია. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე ძალიან მაღალია იქ არ ხდება ამ ცოდვის ჩადენა? როცა ადამიანები უარს ამბობენ თავშეკავებაზე, აქ ასეთი ნიუანსია, თუ მე ღმერთთან არ ვარ, რატომ უნდა შევიკავო თავი, ხოლო თუ ღმერთი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების წესს იცვლი და არ იცხოვრებ უღმერთოს მსგავსად.

მიეტევება თუ არა ქრისტიანს ამ ცოდვის ჩადენა და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა?

სინანულის შემთხვევაში ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. მაგრამ არსებობს ცოდვები, რომელიც ღვთისგან შეიძლება მიგვეტევოს, მაგრამ გამოსწორებადი არ იყოს. მაგ., აბორტგაკეთებულ დედას, რომელიც ნანობს საქციელს, ღმერთი შეუნდობს, მაგრამ საქმე არ სწორდება, ის ბავშვი მკვდარია. ასევე, ღალატის ფაქტს ვერსად წარუხვალ. სიბინძურე შესულია ოჯახში და შეიძლება ის ოჯახი აღარც აღდგეს. თავად უფალიც კი აძლევს მუღლეს უფლებას, მეორე მხარის ღალატის შემთხვევაში, გაცილდეს მას. თუ ადამიანი ცხოველია, მაშინ ეს პრობლემა არაა. როცა მეუღლეს ღალატობ, შენი სული ბინძურდება, რომელიც მარადისობაშიც გადადის. მერე რომც დაბრუნდე უკან, მაინც ამ სიბინძურის მატარებელი ხარ და ვერ მოიშორებ მას. წარმოიდგინეთ ქოთანი, რომელშიც ღვინოს ვასხამთ და ვსვამთ, უცებ დაგჭირდა და ჭურჭელს ღამის ქოთნად გამოიყენებ. რაც არ უნდა გარეცხო, გახეხო, იმას ღვინისთვის კიდევ გამოიყენებ? ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუები, ასეა სიძვის ცოდვასთან მიმართებაშიც.

ამ ცოდვისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. ღმერთი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მიზანი, რადგან უკვდავი ხარ და წარსდგები ღმერთის წინაშე. ღმერთთან ურთიერთობა ხომ მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას გაძლევს, ცოდვა კი გაკარგვინებს ორივეს. ეკლესია არასდროს არ ძალადობს და თითს არავის უქნევს, ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • მარი1982 says:

    ვიცი რომ ჯვარდაუწრელად ცოლ ქმრობაც მრუშობაა……ფაქტიურად დედამიწის ნახევარი მოსახლეობა მრუშობს და ეს საშინელებაა..

    • ხათუნა says:

      იცით რა მიკვირს? ამდენს ვკითხულობ , ვისმენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს იესო არ შობილა ჩვენი სულების საცხოვნებლად.ცოდვილები ვართ და ასეთად დავრჩებით თუ არ შევიცანით უფლის ის დიდი სიყვარული, რომელიც გვწმენდს, გვასუფთავებს და სწორ გზაზე გვაყენებს.
      რატომ გვითხრა იესომ მამასთან რომ წავალ გამოგიგზავნით ნუგეშისმცემელსო, რომელიც გასწავლით და გაგწმენდთო.როგორ შეიძლება ებრძოლო ცოდვას და დაამარცხო ის თუკი არ გაიაზრე , რომ უფალმა დაამარცხა სატანა და ის ვინც ჩვენშია უფრო დიდია?
      როგორ ილოცებ თუკი არ გიყვარს ჭეშმარიტი სიყვარულით?ეს ხომ უფალთან საუბარი კი არა გაზეპირებულის კითხვაა?
      ადამიანში თუ არ გაცოცხლდა უფლის მარცვალი ყველაფერი ფარისევლობაა, და თუ გაცოცხლდა და მოირწყა და აყვავდა მაშინ ღვთის შვილად იწოდება და იესომ გაუმზადა უკვე ადგილი სასუფეველში,
      გიყვარდეთ უფალი მთელი სულით , გულით და სამშვინველით და თქვენ იქნებით სუფთები ადამიანისა და უფლის თვალში.

  • ananke says:

    წმიდა ნიკოლოზის მადლმა მოგვანიჭოს უნარი სპეტაკი ქორწინებისა.

  • ის ცოდვები რომლებიც უფლისგან შეიძლება მიგვეტეოს მაგრამ გამოსწორებადი არ იყოს ნათქვამია ბოლო კიტხვიდან ანუ მიუხედავად იმისა რომ ნანობ ყოველივე ჩადენილს (მრუშობას,სიძვას და ა.შ.) მონანულთ რა ელით მარადისობაში? მაინც მოეკითხებათ უფლის წინაშე ჩადენილი ცოდვები?
    არის ასევე უმძიმესი ცოდვა ბუნების საწინააღმდეგო (ინტიმური კავშირი,მინეტი და სხვა)მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით რა ელით იმათ ვინც მოინანია ეს.. და მიეტევებათ კი

  • ლიკა says:

    თეონა,მე მგონია რომ გულწრფელი სინანულის შემთხვევაში უფალი ყველაფერს გვაპატიებს, მთავარია გულით მოვინანიოთ ასარებაში ვთქვათ ეგ ცოდვები რაც გულს გვიღრღნის და არ გვასვენებს, მართალია აბორტი და მზგავსი საშინელებები გამოუსწორებელი ცოდვაა და აღარაფერი ეშველება, მაგრამ თუ მოძღვართან გავიხსნებით და ყველაფერს გულწრფელად მოვინანიებთ უფალი მოგვიტევებს.მთავარია გულწრფელი სინანული და არა ზედაპირული აღსარება. უფალო შეგვიწყალენ.

  • თინიკო says:

    მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ უფალი მოწყალეა … ის ხედავს გულწრფელ ცრემლებს… უფალი ყველას გვაძლევს შანს გონზე მოსასვლელად…მთავარია სასოწარკვეთილებამ და შეუნდობლობის შიშმა საკუთარ თავთან ბრძოლის უნარი არ დააკარგინოს ადამიანს…. ღმერთმა გაგვაძლიეროს ……

  • გიორგი შ. says:

    ვერ გავიგე, შეიძლება ცოდვა მოგეტევოს და მაინც “სიბინძურის მატარებელი” იყო, და თავს გრძნობდე როგორც “ღამის ქოთანი”??
    :(
    დავით მეფსალმუნის 50-ე ფსალმუნი სიძვით დაწერის შემდეგ დაწერა, როგორც ვიცი, მარიამ ეგვიპტელის ისტორიაც გამიგონია. მე მაინც მინდა მჯეროდეს რომ როდესაც გულწრფელად ვინანიებთ, ჩვენი სული უწმინდება და არ არის “ბინძური”

  • ლლ says:

    გიორგი მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ,მარიამ მეგვიპტელმა არ იცოდა უფალი მანამ სანამ არ მოინდომა ეკელესიაში შესვლა ისიც გასართობად და ამ დროს რაღაც ძალამ დაკავა,მას მერე უდაბნოში მოღვაწეობდა ერთი პური ქონდა და სამოსელიც არ ემოსა,შევძლებთ კი დღევანდელი დაცემული ადამიანები უფლისთვის ამას?მარიამის ცხოვრება ძალიან მძიმეა ის რწმენამ გადარჩინა რაც დღეს ჩვენ გვაკლია:(დღევანდელებმა ვიცით ასე თუ ისე უფალი მისი მცნებბეი მაგრამ მაინც ჩავდივართ ცოდვებს,ზოგჯერ იმ იმედით რომ მერე მოვინანიებტ:(

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი