სიყვარული ღმრთისა – ქრისტიაული ცხოვრების საფუძველი
სიყვარული ღმრთისა – სიყვარული ღმრთისა დიდი და პირველი მცნებაა ქრისტეს მოძღვრებისა და საფუძველი ქრისტიაული ცხოვრებისა. ამიტომაც უნდა ვზრუნავდეთ, რომ იგი არ შეირყეს ჩვენში და მასთან ერთად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც. როცა ჩვენ ვინმე გვიყვარს, ყოველთვის მასთან ახლოს ყოფა, მისი ხილვა და მისგან ნუგეშის მიღება გვსურს.
ღმერთი კი უხილავია და მაშასადამე, ვერც ვისურვებთ, რომ იგი ჩვენს ახლოს იყოს. მაშ, რა სახით შეიძლება შეყვარება ღმრთისა? სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანში, ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია – ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და უმაღლესი ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი თვისებისაკენ, მას აქვს სიყვარული ღმრთისა. ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღმრთისმოყვარე ისაა, ვინც ამ ბრძოლაში პირველის მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება. უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება.
როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მით უმეტეს, ვერ შეიყვრებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილავს. საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს. როცა ვინმე გვიყვარს, მისი ქება გვიხარია, ხოლო ძაგება გვწყინს. ასევეა ღმერთთან მიმართებაშიც, ვისაც იგი ჭეშმარიტად უყვარს, უხარია მისი ქება-დიდების მოსმენა და ხილვა მისი სჯულის აღმსარებელისა და პირიქით, როცა ვინმე ღმერთზე მკრეხელურად ლაპარაკობს, დიდ წყენასა და მწუხარებას განიცდის. ღმრთის სიყვარული მისი მცნებების აღსრულებაში გამოიხატება. სახარების მცნება – შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად ღმრთის გარდა არავინ არ უნდა გვიყვარდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სიყვრული ღმრთისა ჩვენს გულში ყველა სხვა გრძნობაზე უმაღლესი და უმტკიცესი უნდა იყოს. ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ ღმრთის სიყვარული უნდა მართავდეს. სახარება ღმრთის სიყვარულს ჩვენგან ასევე ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა მოითხოვს. პირველი ღმრთის სიყვარულის ყველა სხვა გრძნობისაგან განსხვავებულობაზე მიანიშნებს, რადგან ყოველი გრძნობა და გულისთქმა ხორციელ სურვილთანაა შეერთებული, ხოლო სიყვარული ღმრთისა წმიდა, სულიერი და ყოველგვარი ხორციელი გრძნობისაგან განშორებულია. გონებით კი ღმერთს კაცი მაშინ შეიყვარებს, როდესაც მასზე ხშირად ფიქრობს, მის თვისებებს, განგებულებასა და დიდებას წარმოიდგენს. თუ გვსურს ჩვენს გულში ღმრთის სიყვარული განმტკიცდეს, ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ როგორ ვუყვარვართ მას და რამდენი განგებულება აღასრულა ჩვენი განათლებისა და ცხონებისათვის.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.