მთავარი » ქრისტიანობა

სიყვარული – მარადიული გრძნობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.05.2012 16 კომენტარი | 59,121 ნახვა

“სადაც ანგარებაა და თავგანწირვა არ არის – ის სიყვარული არაა…”

სიყვარული სათნოებაა და ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას წარმოადგენს. სიყვარული ეს პიროვნული მიჯაჭვულობის ემოცია რელიგიურ კონტექსტში არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ღვთიური კანონის არსია. სიყვარული თავად ღმერთია.…

რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, შესაძლებელია თუ არა ნამდვილი სიყვარულის განქარვება და რა ნიშნები გააჩნია მას, რომლითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, სიყვარული ჭეშმარიტია თუ არა? ამ თემის შესახებ “ამბიონს” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრა:

“სიყვარულზე საუბარი ყოველთვის ძნელია იმიტომ, რომ ეს ისეთი ხილია, თვითონ უნდა გქონდეს გასინჯული, რომ მასზე ისაუბრო.

მე თუ გამოცდილება არ მაქვს, ჩემი საუბარი წყლის ნაყვა იქნება. შეიძლება ძალიან ლამაზი ფრაზები ვთქვა, მაგრამ გულს არ მისწვდება იმიტომ, რომ უგულოდ იქნება ნათქვამი.

მღვდლის ფუნქციაა, ადამიანებს ღმერთის სიყვარული ასწავლოს, მაგრამ თუ ამ სიყვარულის არსებობის თვითონ არ სჯერა, არ წამს, სხვას ვერ ესაუბრება რწმენაზე.

სიყვარული ძალიან ფართე მცნებაა. ქრისტიანებმა ვიცით, რომ სიყვარული თავად ღმერთია და მრავალმხრივი გაგება აქვს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: სიყვარული თუ განპიროვნებული არაა და კონკრეტულისკენ მიმართული, უკვე სიყვარულიც აღარ არის.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნიჭი სიყვარულისა, რაც არ შეიძლება, არ რეალიზდეს.

რატომ? – ადამიანი იკითხავს. ხომ შეიძლება არ გაუმართლოს, ისე იცხოვროს, რომ ვერავინ შეიყვაროს? მაგრამ არ არის ასე. ღმერთი რომ არ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ღმერთი რადგან არის და ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს, შეუძლებელია პიროვნებას უნდოდეს, შეეძლოს სიყვარული და ისე დაასრულოს თავისი ცხოვრება, რომ ეს ნიჭი არ გამოავლინოს. ადამიანი სიყვარულისთვის იბადება.…

სიყვარულს მრავალი კონკრეტული გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს: დედაშვილური, შვილების სიყვარული მშობლების მიმართ, მეგობრული, სამშობლოსადმი, რაც არ გახლავთ ზოგადი კატეგორია. ჩემი საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დიდი ხნის წინ რადიოინტერვიუში ასეთ რამეს ამბობდა, რომ როგორ შეიძლება, მთელი საქართველო უყვარდეთ და მეზობელი – არა, სამშობლოს ცნება არ შეიძლება განზოგადებული, აბსტრაქტული იყოს, რომ კონკრეტული ქართველი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე არ უყვარდეს ადამიანს.

არა მხოლოდ ემოციური, მშვენიერების არამედ მისტიური და ქრირსტიანული თვალსაზრისით სიყვარულთა შორის განსაკუთრებულია მამაკაცისა და ქალის სიყვარული, რაც თავის უმაღლეს რეალიზებას ქრისტიანულ ქორწინებაში ჰპოვებს.

ქრისტიანული ქორწინება – მე ხაზს უსვამ ამას. შემეძლო მეთქვა, ცოლ-ქმრობაში ჰპოვებს, ეს არსობრივად ერთი და იგივეა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, იმდენი სიტყვაა გაცვეთილი, ამ დიდებული სიტყვის მიღმა ის სიღრმეები იმდენად აღარ იგულისხმება. ცოლქმრობაში შეიძლება ვიღაცას წარმოუდგეს ოჯახი, სადაც ერთმანეთი არ უყვართ და რაღაცის გამო არიან ერთად.

ქრისტიანული ქორწინება, თავისი არსით, რა თქმა უნდა, ცოლქმრობაა, მაგრამ გამორიცხავს უსიყვარულობასა და ყოფნას წესის გამო. ქრისტიანული ოჯახი ქალისა და მამაკაცის სიყვარულის რეალიზების უმაღლესი ფორმაა.

რატომ არის ეს კონკრეტული სიყვარული განსაკუთრებული? განსაკუთრებულია არა იმით, რომ ლამაზია, მშვენიერია, ძალიან ემოციურია, ქალისა და კაცის სიყვარულის გამო არა მარტო ხელოვნების შედევრები იქმნებოდა, არამედ ომებიც კი იწყებოდა.…ამქვეყნიური სიყვარული და სამართალი იჩაგრება უსამართლობით, რომელიც მძლავრობს.

დედამიწა არ არის სამოთხე, სამართალი პურს ბოლომდე ვერ ჭამს, ვერ ზეობს, იმიტომ, რომ ჩვენი გაუკუღმართებული ნება, რომელიც არ არის თანხვედრაში ღვთის ნებასთან, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის საკუთარ თავს ავლენს სამყაროში, ასეთი ადამიანები ბევრნი ვართ, სამწუხაროდ და ამიტომ ვიღებთ იმას, რასაც რეალურად ვიმსახურებთ, რადგან დედამიწაზე სამართლის ზეობა არაა.

სხვათა შორის, ცხოველთა სამყაროში გვხვდება ანალოგიები, რითაც ღმერთი სიყვარულს გვასწავლის. არსებობენ ცხოველები, რომლებსაც საოცარი სიყვარული გააჩნიათ, რაც მათი გონიერების, პიროვნული არჩევანის შედეგი კი არ არის, არამედ ინსტინქტი, რომელიც ღმერთის მიერ არის ჩადებული. ეს არის გედების, მგლების საოცარი მაგალითი, რომლებიც მონოგამიურ ქორწინებაში არიან და არ ღალატობენ ერთმანეთს. მგონი ინცესტიც კი არ არის მგლებში.

იდეალურ შემთხვევაში, დედამიწაზე სიყვარული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთაებრივი სამართალი ბოლომდე ვერ იმარჯვებს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია: ადამიანი რომ უღმერთო არსება იყოს, ევოლუციის პროდუქტი, გონიერ არსებად გადაქცეული ცხოველი, ღმერთი – არა და ცხოვრება იყოს, მაშინ ვიტყოდით, რომ სიყვარული არ არსებობს.

ადამიანი ღვთის ხატია, რომელიც თავის თავში მარადისობას ატარებს და თუ პიროვნება სწორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ის დგება კიბის პირველ საფეხურზე, რომელიც ზეცაში ადის. ადამიანი მარადისობის გარეშე არ არსებობს.

მართლმადიდებლური სწავლებით, მადლმოსილება, ანუ ღმერთთან მყოფობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. ადამიანი ღმერთის გარეშე არ არის. კათოლიციზმი ამბობს, რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა უღმერთობაა და მადლით იმოსება, ხოლო მართლმადიდებლობა გვეუბნება,რომ მადლი ადამიანს ჩასახვისთანავე ეძლევა და ღმერთთან ერთად არის. ამიტომ რადგან ადამიანი მადლმოსილი არსებაა, სიყვარული შეიძლება არსებობდეს, ოღონდ მადლმოსილება, რომელიც ადამიანს თან დაჰყვება, ჩვენთან ობიექტურადაა მე სუბიექტურად უნდა მივიღო და ჩემი არჩევანი იყოს, რომ მე მასთან და ღმერთთან ერთად ვიყო.

ადამიანის არჩევანი სწორი ცხოვრება, ჭეშმარიტების ძიება, ცხოვრების სწორად დანახვა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ნიჭი, რომელსაც სიყვარული ჰქვია, სწორი მიმართულებით იფურჩქნება.

სიყვარული – ეს ის ყვავილია, რომელსაც წყალი სჭირდება. ეს წყალი ღვთის მადლია, რომლის გარეშე ყვავილი ხმება.

რა არის სიყვარულისათვის საჭირო? პიროვნება რომ მარტო ხორცი იყოს, მაშინ ადამიანებს მხოლოდ ვიზუალურად მოეწონებაოდათ ერთმანეთი და ამის იქით აღარაფერი იქნებოდა. ადამიანი, გარდა ხორცისა, ნერვული სისტემა, ანუ ფსიქოსომატური ორგანიზმია, მხოლოდ ვიზუალური მოწონება საკმარისი არაა, უნდა იყოს ფსიქოლოგიური თანხვედრა. თუ ფსიქოლოგიური თანხვედრა არ არის, შეიძლება ძალიან ლამაზიც იყოს ადამიანი,მაგრამ ერთი წამით ვერ გაჩერდე მასთან. ან ნაკლებად ლამაზი იყოს, მაგრამ სულ მასთან გინდოდეს ყოფნა.

ადამიანი კიდევ ერთი რამეა – უკვდავი სული, რაც მისი შემადგენელი არსია და გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფსიქოსომატური მხარე.

თუ შეყვარებულ წყვილს შორის ხორციელი მოწონება, ფსიქოსომატური თანხვედრაა, ეწყობიან ერთმანეთს,მაგრამ სულიერი ერთობა არ არის, მაშინ სიყვარული არ არის შემდგარი, რადგან სიყვარული ორი არსების გრძნობაა, როცა მათ ერთმანეთი უყვართ არა რაღაც ნაწილ- ნაწილ, მარტო ხორციელად, ფსიქოსომატურად, არამედ მთლიანად ორივეს სულს ერთი მიდრეკილება უნდა ჰქონდეს. როდესაც ეს არ არის და რაღაც ნაწილს არქმევენ სიყვარულს, მთლიან სიყვარულს არ გულისხმობს.

პრობლემა სწორედ ქრისტიანულ ქორწინებაში გვაქვს ხოლმე, მოსწონთ ვიზუალურად, ხასიათებითაც ეწყობიან, თუმცა ხშირად მარტო ვიზუალურად და ძალიან სწრაფად ინგრევა ეს ოჯახი. თუ ხასიათებით ეწყობიან, ასეთი ოჯახი არ ინგრევა, მაგრამ ის სიცოცხლე არ აქვს.

რა არის სულიერი ერთობა, რა არის ამისათვის საჭირო? იმისათვის, რომ მე ადამიანთან სულიერი ერთობა მქონდეს, ჯერ საკუთარ სულს უნდა ვიცნობდე, როგორია, რას ითხოვს და მერე შენი სულიც დავინახო. მე თუ სულის დანახვა ჩემში არ ვისწავლე, შენში როგორ უნდა დავინახო? ეს სუბსტანცია ხომ ფიზიკური თვალით არ ჩანს?!

ადამიანის მიერ საკუთარი სულის შემეცნება ხოლოდდამხოლოდ ღმერთის მადლით ხდება. თუ ადამიანი ღმერთისაკენ არ იყურება, ცხოვრების საზრისი გარკვეული არ აქვს, როგორც მარადიული სიცოცხლე ცოცხალ ღმერთთან, ის საკუთარ სულს ვერ შეიმეცნებს. ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, მიემსგავსოს მაცხოვარს, მასთან ერთად იყოს მუდმივად და სამყაროს ქრისტეს თვალებით უყურებდეს.

ვთქვათ, ჩვენ მეგობრები ვართ, 2000 წლის წინ რომ დავბადებულიყავით და ჩვენს სამეგობროში ქრისტე მოსულიყო, ჩვენთან ყოფნა გაუხარდებოდა, თავს კარგად იგრძნობდა, იმიტომ, რომ ქრისტე და ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ სამყაროს, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს, ქრისტეს თვალებით სამყაროს ყურება არ არის შემთხვევითი რამ, არსობრივად ცვლის ყველაფერს ადამიანში. თუ მე და ჩემი საყვარელი ადამიანი ასე ერთნაირად ვიყურებით, რა მოგვაბეზრებს ერთად ყოფნას, ქრისტე, ცოცხალი ღმერთი ხომ კიდევ უფრო კრავს და აერთიანებს ჩვენს სიყვარულს და თავად ქრისტეა სიყვარულის წყარო.…

თომას ელიოტი ამბობს: სიყვარული იქ კი არ არის, როცა ორი ერთმანეთს უყურებს, არამედ როცა ორი მესამეს უყურებსო, მესამეში ღმერთი იგულისხმება. ეს საოცარი რამ გახლავთ.

თუ ადამიანს სიყვარული აქვს, შეიძლება მას გადაუყვარდეს? თუ სიყვარულს ამ საზომით განვიხილავთ, მაშინ შეყვარებულ ადამიანს როგორ გადაუყვარდება, თუ მას უყვარს მეორე ადამიანი სრულად, მაგრამ თუ ეს სრული სიყვარული არ არის, ანუ მე სხვა ადამიანი მიყვარს არა მთლიანობაში, არამედ მომწონს მისი გარეგნობა, ან ვეწყობი ხასიათში, შეიძლება მეგონოს, რომ მიყვარს. რატომ ინგრევა ოჯახები? ახალგაზრდები ძირითადად გრძნობით ქმნიან ოჯახს, მაგრამ რატომ აქვთ გაუსაძლისი ურთიერთობები? სად წავიდა ის სიყვარული? ხანდახან სიძულვილამდეც მიდიან ხოლმე. არსადაც არ წასულა, იმიტომ, რომ არც ყოფილა. ის იყო მოწონება, მხოლოდ ხასიათების თანხვედრა.

როდესაც ადამიანს უღალატებენ, თუ მას აქვს ნიჭი სიყვარულისა, ის სიყვარულის ობიექტის ძიებას განაგრძობს.

საბოლოო ჯამში, ადამიანებს შორის სიყვარული ჩვენი არსებობის მიზანია, დიდი მიზანი კი თავად ღმერთის სიყვარულია.

სიყვარულს თავისი ნიშნები აქვს, რითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, გვიყვარს თუ არა ადამიანი და რა თქმა უნდა, ღმერთი. ეს ნიშანი შეიძლება ორი სიტყვით გამოითქვას: უანგარობა და სრული თავგანწირვა, სიყვარული თავისი ღრმა იდეალით მხოლოდ ეს არის.

სადაც ანგარებაა და თავგანწირვა არ არის – ის სიყვარული არაა. ასევეა ღმერთთან, ეს იოლი არ გახლავთ, ის ხომ ცოცხალია და ჩვენ ვავლენთ ურთოერთობას დიალოგით. დიალოგს ლოცვა ჰქვია და მისი სხვადასხვა სახე არსებობს. მაგალითად, როცა რაიმეს ევედრები და სთხოვ პრობლემების მოგვარებას, ეს ლოცვაა, მამას შემიძლია ვთხოვო, მაგრამ როცა ღმერთთან ურთიერთობა რამით შემოიფარგლება, ჩვენ ანგარებით ვართ. აარსებობს მეორე სახის ლოცვა – სამადლობელი. თუნდაც იმისთვის, რომ ვსუნთქავ და ყველაფრისათვის, კარგისათვის და თუ უფრო მაღალ დონეზე ვართ, ცუდისათვისაც, რადგან ცუდიც იმიტომაა ღმერთისგან გამოგზავნილი ,რომ სულიერად გავიზარდო, შეიძლება მეტკინა, მაგრამ მე ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს, ეს მეორე ტიპის ლოცვაა, მაგრამ მხოლოდ ასეც არ არის. თუ ამ დონეზე დავრჩებით, ესეც ანგარებიანი იქნება. მესამე ტიპის ლოცვაც არსებობს, რომელიც ძალიან მნიშვნლოვანია, რომლის გარეშეც ქრისტიანული ლოცვა დაკნინებულია. ეს სადიდებელია, ანუ მე მიხარია, რომ ღმერთი არსებობს. ეს გამოიხატება სადიდებლებში.

სიყვარული სათნოებაა, თუ ის ჩანასახშივე ნამდვილია, უნდა გაიზარდოს და არა მარტო ამ ცხოვრებაში. ის გარდაცვალების შემდეგაც ვითარდება, მაგრამ თავისთავად – არა, მას ღმერთი რწყავს, მაგრამ შენი ნების გარეშე ამას არ აკეთებს. სიყვარული, როგორც სხვა სათნოებები: სიმდაბლე, რწმენა,მორჩილება, ერთგულება, სიმამაცე, ისწავლება შრომით, მიზანსწრაფულობით, ნაბიჯებით შენში ამ სათნოებების განვითარებისათვის”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი