“სიყვარული არა ეძიებს თავისას…”
მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: როგორ გავიგოთ პავლე მოციქულის ეს სიტყვები?

“თუ საკუთარი თავი არ უყვარს ადამიანს, სხვას როგორ შეიყვარებს?” – რის შესახებ გვესაუბრება მოციქული პავლე?
სიყვარულის იმ საოცარი თვისების შესახებ, რომელსაც “გამზიარებლობა” ჰქვია. სიყვარული ხორცშესხმულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სხვას გადასცემ და სრულად თანაზიარია მისი.
ადამიანის შექმნისას ღმერთმა, როგორც განუზომელმა სიყვარულმა, სრულად გააზიარა ის სიყვარული მისი ქმნილებისადმი (ადამიანისადმი), რომელი სიყვარულის სისავსეშიც თავად მყოფობს.
სიყვარულს არ შეუძლია საკუთარ თავში გამომწყვდევა. ის ცეცხლს მოგვაგონებს, რომელსაც ასანთებად აუცილებლად სჭირდება ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი კი ადამიანისათვის არის სხვა, მეორე ადამიანი. სხვანაირად ცეცხლი ვერ აინთება.
ცეცხლს აქვს თვითგავრცელების უნარი და, ამასთან, მისი ტემპერატურა დამოკიდებულია მის პირველწყაროზე. ამ მაგალითიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “სიყვარულის ცეცხლის” ტემპერატურა განუზომლად მაღალია, რადგან ამ ცეცხლის პირველწყარო მხურვალე სიყვარულია – ყოვლადწმინდა სამება. და რადგან ამ უდიდესი სიყვარულით იქმნება ადამიანი, მისი თვითგავრცელების უნარიც თავად ადამიანზეა დამოკიდებული.
ღმერთმა ადამიანის შექმნით სიყვარულის ცეცხლი აანთო, ადამიანთა შორის ამ ცეცხლის ასანთები ნაპერწკლით კი ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდა.
სწორედ ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული, რომ „სიყვარული არა ეძიებს თავისას“, რადგან ერთ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მეორე ადამიანი – ნაპერწკალი, რომელიც მის პიროვნულ სიყვარულს ცეცხლად აანთებს და ეს ცეცხლი სითბოსა და სინათლეს მოუტანს კაცს.
ცეცხლს გასავრცელებლად აუცილებლად სჭირდება ჰაერი, ეს ჰაერი სულიწმიდის მადლია, რომელსაც ადამიანი სიყვარულით მოიხვეჭს და განამრავლებს.
სიყვარული იმდენად ეძიებს “თავისას”, რამდენადაც უყვარს სხვა…”
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.