მთავარი » ქრისტიანობა

სიყვარული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.07.2011 10 კომენტარი | 15,231 ნახვა

“ცოლქმრული სიყვარული – სიყვარულის უძლიერესი სახეობაა”

სიყვარული“ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე. სიცოცხლე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, ვარგოთ ჩვენს სულს – ჩვენს თავს, ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს ოჯახს. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ბედნიერებაზე – აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ოჯახის სიმტკიცეზე. … ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახები იყოს მტკიცე. …ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახები იყოს მრავალშვილიანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ხალხის ზნეობა”.

“ყოველმა ჩვენთაგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ოჯახიც და სასწავლებლებიც უნდა დაინტერესდნენ. მტკიცე ოჯახი – მტკიცე სახელმწიფოა!”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ოჯახი არის თავდაპირველი, ბუნებრივი და, ამავე დროს, წმიდა საღმრთო კავშირი. ადამიანი მოწოდებულია, ეს კავშირი სიყვარულის, რწმენისა და თავისუფლების საფუძველზე ააშენოს.

ოჯახი კაცობრივი კულტურის თავდაპირველი აკვანია. ჩვენ ყველანი ამ აკვანში, ამ წიაღში ვყალიბდებოდით. თითოეული ჩვენგანი ცხოვრების განმავლობაში დედმამისეული ოჯახის სულიერ წარმომადგენლად – ოჯახური ტრადიციის სულის ერთგვარ ცოცხალ სიმბოლოდ რჩება. აქ იღვიძებს და განვითარებას იწყებს პიროვნული სულის ძალები.…

არის ეპოქები, როცა მშობელთა დაუდევრობა, უძლურება, უპასუხისმგებლობა სულ უფრო მატულობს და მძაფრდება თაობიდან თაობაში. …ასეთ შემთხვევებში ოჯახის წმიდა ბუნება უკვე ვეღარ ჰპოვებს აღიარებასა და პატივისცემას ადამიანთა გულებში. ეს მოვლენა აიხსნება ადამიანთა სულიერი გაღარიბებითა და ზნეობრივი დასნეულებით, განსაკუთრებით – სულიერი ტრადიციების დაკარგვითა და იმ მიზეზით, რომ კაცობრიობა სულიერ კრიზისს განიცდის, რაც ძირს უთხრის ოჯახს და მის სულიერ ერთიანობას. ისტორიამ საკმარისი თვალსაჩინოებით გვიჩვენა და დაგვიდასტურა ეს: ერების დიდი რღვევები და გადაშენებები აღმოცენდებოდა სულიერ-რელიგიური კრიზისებიდან, რაც, პირველყოვლისა, ოჯახების ნგრევით გამოიხატებოდა.

ოჯახი მოწოდებულია, ყველაზე მთავარი და არსებითი მისცეს შვილს ცხოვრებაში.
ნეტარმა ავგუსტინემ ერთხელ თქვა, რომ “ადამიანის სული ბუნებითვე ქრისტიანია”. ეს სიტყვა განსაკუთრებით სარწმუნოა ოჯახთან მიმართებაში, რამეთუ ის მოწოდებულია, აღიქვას, გაითავისოს, დაიმკვიდროს და თაობიდან თაობას გადასცეს გარკვეული სულიერ-სარწმუნოებრივი, ეროვნული და ძირძველი ტრადიციები…

სახარებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ცოლ-ქმარი “ღმერთმა შეაუღლა” (მთ. 19,6). ცოლს “მეგობარი” და “აღთქმის ცოლი” ეწოდება მალაქია წინასწარმეტყველთან (2,14), ხოლო ანგელოზის პირით ღმერთი ტობიას უმხელს, რომ მისთვის არის საცოლედ “ეს ქალი განკუთვნილი”(6,18).

“ქორწინების საიდუმლო – სიყვარულის საიდუმლოა!” – ბრძანებს იოანე ოქროპირი. – “იგი ჩვენი აზროვნების საზღვრებს აღემატება, რამეთუ მასში ორნი – ერთსულად გარდაისახებიან.…ეს არავითარ ძალას არ ძალუძს, გარდა სიყვარულისა”. ქორწინების საიდუმლოს ძალით, ცოლქმრულ ერთობას პავლე მოციქული ყოვლადწმიდა სამების ერთარსებას პირთა ერთობას ადარებს და ბრძანებს, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა და ქმარიც თავია ცოლისა, ასევე ქმრის დიდებაა თავისი ცოლიც.

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: “ოდეს ჯვრისწერით არის ცოლ-ქმარი შეუღლებული,” “თვით ღმერთის ხატებას” წარმოადგენენ ისინი. მხოლოდ თვითმყოფადი სული არ არის კაცი. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ წმიდა სამების ლოცვა-კურთხევით სუნთქავს და სულდგმულებს ადამიანი.

კლიმენტი ალექსანდრიელი ოჯახს ისევე, როგორც ეკლესიას “ღმერთის სახლს” უწოდებს, იოანე ოქროპირი კი – “მცირე ეკლესიის” სახელით მოიხსენიებს. იგი აგრეთვე აცხადებს, რომ “თავშეკავებისგან იბადება სიყვარული”, რომ “სიყვარული – თავშეკავებულს ხდის ადამიანებს” და პირიქით, “აღვირახსნილობას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი – ოდეს არ სჭარბობს სიყვარული”.

“ოდეს კრძალულებაში ვიტიებთ სიწმინდეს, სუფევს სიმშვიდე და ურთიერთმიმზიდველობა, ხოლო ოდეს არასჯულიერი და ვნებით აღსავსეა სული – ქარწყლდება სჯულიერი და ნამდვილი სიყვარული”.

“სრულყოფილი” ცოლქმრული სიყვარული, რომელსაც ნიშნობის ლოცვაში შესთხოვენ ღმერთს, გახლავთ მოწამეობრივი სიყვარული. სწორედ ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით იგალობება მართლმადიდებლურ ტაძრებში ჯვრისწერის საიდუმლოს ჟამს “წმიდა მოწამეთას” საეკლესიო საგალობელი.

ქრისტიანული სიყვარული არა მარტო თავდადებისათვის მზადყოფნასა და ექსტრემალურ ვითარებაში თავგანწირვას გულისხმობს, არამედ მოსიყვარულე მხარის სულიერი თუ ფიზიკური სახის ნაკლულოვანებათა ტვირთვასაც.

სიყვარული სულით აერთიანებს მათაც, ვინც დროსა და სივრცეში დაშორდნენ.

“ქებათა-ქებაში” ნათქვამია, რომ “ძლიერ არს ვითარცა სიკვდილი – სიყვარული”. ბიბლიის განმარტებანი ამ ადგილის შესახებ გვამცნობს, რომ აქ ლაპარაკია “შეუდარებლად მაღალი ღირსებისა და ჭეშმარიტი სიყვარულის უძლეველობის” შესახებ, რომელიც “თავისი არსით ღმრთაებრიობისგან იღებს სათავეს” და რომლის “ღვთაებრივი ცეცხლიც ჩაუქრობელია”.

სიყვარულის საიდუმლო გარდაცვალების საიდუმლოზე უფრო დიდია, რამეთუ ადამიანის სულს სურს არა მარტო იცოცხლოს, არამედ მოკვდეს კიდეც სიყვარულისთვის, მაგრამ არ სურს სიცოცხლე სიყვარულის გარეშე. სული ქვეცნობიერად გრძნობს, რომ სიკვდილი უძლურია სიყვარულის წინაშე და რომ სიყვარული ადამიანის უკვდავი სულივით წარუვალი და მარადიულია.…ღმრთისადმი სიყვარულს არაფერი უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ადამიანებთან მიმართებაში წმ. იოანე ოქროპირი წერს: “ცოლქმრული სიყვარული – სიყვარულის უძლიერესი სახეობაა. ამ მისწრაფებას ისეთი ძალა გააჩნია, რომელიც არასდროს შესუსტდება: ერთგული მეუღლენი ურცხვენელად შეხვდებიან ერთურთს საუკუნო ცხოვრებაში და ქრისტესთან ერთად დამკვიდრდებიან უდიდეს სიხარულში”.

ხშირია თანამედროვე ოჯახთა დაშლის შემთხვევები და ამის მიზეზი ქორწინების მიმართ არასულიერი დამოკიდებულებაა.

ნამდვილი სიყვარულის ბედნიერება უცნობია უპასუხისმგებლო, ცინიკოსი ადამიანებისათვის, ოდეს ისინი ქალს ბინძურად უცქერენ. ამ კადნიერ მზერაში ყოველგვარი სიწმინდის მკრეხელური გმობა იკითხება ამავდროულად, რადგან ქალთან ფიზიკურ კავშირზე ბინძური შეხედულება დიდი მკრეხელობაა. სიყვარულის მიმართ არასერიოზულ, ამჩატებულ დამოკიდებულებას კი ადამიანს ძალიან ხშირად ბავშვობიდანვე უნერგავენ. ის, ვისგანაც ეს საცდური მოდის, ისეთ ცოდვას სჩადის, რომ სახელსაც კი ვერ ვარქმევთ მას. როგორ საიდუმლოს ხელყოფენ უხამსად?! როგორ მნიშვნელოვან მომენტს აუფასურებენ?! წყვილთა კავშირი ხომ ადამიანთა ურიცხვ თაობებს აძლევს სიცოცხლეს. ამიტომ ამ დიდ საიდუმლოს შიშითა და კრძალვით უნდა შედგომა, რათა არაფერმა აამღვრიოს ცხოვრების წყარო.

თუკი ადამიანები ერთმანეთში მეგობრობას კი არა, ვნებებს ეძებენ, მაშინ ეს ნებაყოფლობითი არჩევანი ერთმანეთისთვის სრულიად შეუფერებელ ადამიანებს შეჰყრის ხოლმე.
ვნება ადამიანს უკარგავს საშუალებას, გააკეთოს სწორი არჩევანი. ფიზიკური ლტოლვა დასაშვებია მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც არის საჭირო სიცოცხლის შესანარჩუნებლად, გამრავლებისათვის.

თავშეუკავებელ ადამიანებში ფიზიკური ლტოლვა შესაძლოა ისეთ შემზარავ ვნებებში გადაიზარდოს, რომ დაჩრდილოს ღმრთის რწმენა და გადაიქცეს კერპთაყვანისმცემლობად. მაგრამ ეს “თაყვანისცემაც” თავის მოტყუებაა, რადგან ეთაყვანებიან არა ადამიანს, არამედ იმ გრძნობას, რომელსაც ის აღანთებს. ყოველგვარი ვნება არის უარყოფა ღმრთისა და მცდელობა რაიმე კერპით მისი შეცვლისა, ამიტომ ნებისმიერი სიყვარული, – იქნება ეს სიყვარული საკუთარი თავისადმი თუ მოყვასისადმი, – ღმერთის მიმართ სიყვარულით უნდა მოწმდებოდეს.

სიყვარული მარადიული ფასეულობაა! სიყვარულისთვის საჭიროა სული სულს შეერთოს და მასში შევიდეს. სიყვარულისას ადამიანს ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, უყვარს უკვდავი სული ამ ქმნილებისა. “სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება” ერთმანეთისგან განუყრელი ცნებებია და რომ სიყვარული “თავისას არ ეძიებს,…ყოველივეს იტანს,…ყოველივეს ითმენს”.

“თუკი სახლში რაიმე ძალზე სამწუხარო მოხდება ცოლის მიზეზით, ანუგეშე იგი, დაამშვიდე, და ნუკი განუმრავლებ მწუხარებას. თუნდაც რომ მთელი ქონება დაკარგო, ეს არ იქნება იმაზე უფრო სამწუხარო, რასაც თანამეცხედრისადმი მტრობა, სიძულვილი წარმოადგენს; რა დანაშაულიც არ უნდა წარმოიდგინო, არაფერი არ იქნება ცოლთან განხეთქილებაზე უფრო აუტანელი. ამიტომ, დაე, მისდამი შენი სიყვარული იყოს ყველაზე ძვირფასი რამ შენთვის. თუკი ჯერ-არს, ერთურთის სიმძიმილნი ვიტვირთოთ, ცოლისა ხომ – მეტადრე!.. ის ხომ შენი არსების ნაწილია, თქვენ ხომ ერთ-ხორც ხართ!..” (წმ.იოანე ოქროპირი).

ჩვენი სიყვარული შესაძლოა ღრმა და გულწრფელი იყოს კეთილდღეობისას, მაგრამ არასდროსაა იგი ისეთი ძლიერი, როგორც შეჭირვებისა და მწუხარების ჟამს, რამეთუ მაშინ იწრთობა სიყვარული ისევე, როგორც ფოლადი იწრთობა და ოქრო იწმინდება ცეცხლში და იხსნება ყველა დაფარული საუნჯე ადამიანის გულში.

ხოლო იმისათვის, რათა მეუღლეობრივმა თავდადებამ და წმიდა გრძნობამ არ დაჩრდილოს იმ უზენაესი არსისადმი ჩვენი სიყვარული, ვინც აგრეთვე შეჰქმნა და მოგვგვარა ცხოვრებისეული შემწე მსგავსისაებრი, – ქმრებს მუდამ უნდა ახსოვდეთ ეკლესიის მეორე მნათობის სიტყვა, – ვისაც ვალდებულება აკისრია, იზრუნოს საყვარელ მეუღლეზე, ქონება-მამულსა და შვილებზე, ვინც ცხოვრების უვრცეს ზღვას მიაპობს, იმას ღმერთის უფრო მეტი შეწევნა ესაჭიროება და ამის საპასუხოდ, – თავადაც უფრო მეტად უყვარს ღმერთი (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

დაქორწინდებოდეთ და იქმნებით რა “ერთხორც”, “ვითარცა ლოდნი ცხოველნი – აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღვდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხვერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ.” ამინ!

მოამზადა ქეთი ჭელიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • გვანცა says:

    ყველას,ყველას,ყველააას გისურვებთ ასეთ სიყვარულს და ოჯახებს,უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!ღვთის სადიდებელი ოჯახებით გამრავლდეს და გამთლიანდეს საქართველო.
    მიყვარხართ ქართველებო!მიყვარხართ ადამიანებო! და ძააალიან მჭირდებით.

  • nana says:

    uflis wyalobit……..
    visurvebdi viyot morchilebi chveni ojaxis tavisa da morchili ;dedakacebi;
    visac aaqvs sashualeba yavdes mravali shvili…..
    es chemi sanukvari oc
    nebaa……………..
    da gulit vevedrebi ufals,rom momces……
    tvisive nebit da wyalobit……..

  • მაკუნები says:

    gmertma yvelas gangvacdevinos cheshmariti siyvaruli

  • ანა says:

    “ცოლქმრული სიყვარული – სიყვარულის უძლიერესი სახეობაა”!.. ვფიქრობ ,რომ ამაზე უკეთესად და ამაზე ზუსტად ვეღარაფერს ვიტყვი,ამ უზენაესი გრძნობის შესახებ.ყველა ქართველს ვუსურვებ ასეთ სიყვარულს…

  • ლალი says:

    უფალმა დალოცოს ყველა ქართული ოჯახი, ოჯახი სიყვარულია, ცოლ-ქმრის სიყვარული,მათი შვილებისადმი სიყვარული, შვილების დედმამის მიმართ სიყვარული, დედმამისშვილების ურთიერთ სიყვარული და აი აშენდა კიდეც სოფელი….!!!! უფალმა გვიკურთხოს ქართული ოჯახები და გვამრავლოს უკუნითი უკუნისამდე..ამინ.!

  • მაია says:

    “მტკიცე ოჯახი – მტკიცე სახელმწიფოა!”

  • რომა says:

    დიდი მადლობა ქეთის ასეთი კარგი და ყველასათვის საჭირო სტატიისათვის. ღმერთმა მოგცეთ ძალა რომ კიდევ მრავალი ასეთი სტატიებით გაგვანათლოთ ქართველი ერი.

  • ალექსანდრა says:

    იდეალური ქორწინებაა,როდესაც ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეხმარებიან, ქრისტესაკენ ისცრაფონ და შეიყვარონ, ქრისტეში ერთად იყვნენ. თუ ადამიანს ასეთი პიროვნება არ შეხვდა, შეუძლია მაინც იაროს უფლისაკენ მიმავალ გზაზე.

  • გიორგი says:

    ორი ადამიანის ურთიერთ თანა ცხოვრება აგებული უანგარობაზე და ღვთისკენ ნებით სწრაფვაზე,ერთ ხორცად და ერთ არსად განსახიერებული, ძლიერი ცოლ-ქრული სიყვარულის ნიშანია და ამავე დროს ღვთიური განგების წარმომსახველი.

    მადლობა ქეთის საინტერესოდ მომზადებული სტატიისათვის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, შეგეწიოთ წმიდა ანდრიას მადლი და ძალა.

  • ჟანა says:

    gmerto mieci dzala da shedzleba yvela wyvils iyos bednieri da gaxarebuli

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი