მთავარი » ქრისტიანობა

“სისასტიკის მიზეზი არასაკმარისი სარწმუნოებაა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2012 | 1,404 ნახვა

“ციხე გამოსასწორებელი ადგილი უნდა იყოს და არა – საწამებელი…”

საქართველოს საპატიმროებში პატიმართა წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტები სრულიად საქართველომ დაგმო. პროტესტი ძალადობისა და სისასტიკის წინააღმდეგ უამრავმა ადამიანმა გამოხატა. ციხე რატომ ხდება ადამიანი სისასტიკის თანამონაწილე? “ამბიონს” მანგლისის სიონის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი ესაუბრა: “ქრისტიანები წმიდა წერილით უნდა ვსაზრდოობდეთ. თუ სულის ცხონება გვსურს, ჩვენი თვალთახედვა, ყოველივე მოქმედება, ქცევა უფლისათვის სათნოდ უნდა წარვმართოთ. მორწმუნეობა ნიშნავს, რომ ღმერთი გწამს. თუ უფალი გწამს, მის ნებას უნდა აღვასრულებდეთ და სიტყვას ვეძიებდეთ.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფალთან გამოსაცდელად სჯულის მცოდნენი მიდიან და ეკითხებიან: “მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?” უფალი პასუხობს: “შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოველითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოველითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. უფროის ამათსა სხუაი მცნებაი არა არს…” სწორედ ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული სასუფევლის მოპოვება.

დღევანდელ ყოფიერებას, მიმდინარე მოვლენებს თუ დავუკვირდებით, ის, რაც ხდება, უფლის მცნების საწინააღმდეგო მოქმედებებია. თუ ქრისტიანები ვართ, მხოლოდ სიტყვით თქმა საკმარისი არაა. საქციელიც სათანადო უნდა იყოს. თუ ადამიანს მოყვასი ისე უყვარს, როგორც საკუთარი თავი, მის წამებას როგორ გაბედავს?!

“მამაო ჩვენოს” ლოცვაში ჩვენ ვკითხულობთ: “და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა…” უფალი ისე შეგვიწყალებს, როგორც სხვას შევიწყალებთ. ამ დროს კი საწინააღმდეგოდ ვიქცევით…”

რატომ ხდება ასე?

ამის მიზეზი არასაკმარისი სარწმუნოებაა, რასაც ადამიანის სისასტიკე მოჰყვება. ის არაფრად აგდებს მოყვასის ღირსებას, ისიც ხომ ღვთის ქმნილებაა?! უფალს ყველა უყვარს, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს.

გავიხსენოთ უფლის ჯვარცმის ეპიზოდი. ჯვარცმა დამნაშავის დასჯის ყველაზე სასტიკი საშუალება გახლდათ. უფალმა აირჩია ასეთი აღსასრული, თავდადება ადამიანებისათვის. მაცხოვარი ჯვარს აცვეს ორი ავაზაკის, სასტიკი დამნაშავეების გვერდით. მაგრამ უფალმა ისინი შეიწყალა, მისცა ცხონების საშუალება. პირველი სწორედ ის ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში, რომელმაც იესო ქრისტე აღიარა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, არა გასასტიკებულნი ვებრძოდეთ მოყვასს, არამედ პირიქით, მასში სიკეთის მარცვალს ვეძიებდეთ. არა ჩავქოლოთ, ბოლომდე არ ჩავკლათ წაქცეული მოყვასი, თუკი რაიმე დააშავა, პირიქით, ხელი მოვკიდოთ და წამოვაყენოთ.

რა სასჯელი ელით ადამიანებს მოყვასის არაადამიანურად მოპყრობის შემთხვევაში?

მოყვასის წამებაში მონაწილე ადამიანებს საშინელი სამსჯავრო ელით. სასუფეველი სიყვარულით მოიპოვება, რასაც ვერ ვხედავთ. ადამიანებს უფლის შიში არ აქვთ და ისინი სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, უფრო მეტად სასტიკები გახდებიან.

ჩადენილი დანაშაული თითოეულმა ადამიანმა უნდა მოინანიოს. მას შეიძლება მღვდელმსახურმა საეკლესიო სასჯელი დაადოს, მაგრამ უფალი ყველაფრის მონანიების საშუალებას გვაძლევს. სინანული კი აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლის წინაშე მაინც დაისჯებიან.

პატიმარი დამნაშავეა, რომელიც თავისი საქციელის გამო ამქვეყნიურ სასჯელს იღებს. ეს, ალბათ, საკმარისი უნდა იყოს. ციხე წამების ადგილი კი არ უნდა იყოს, არამედ – გამოსასწორებელი. პატიმრებმა უნდა იგრძნონ საკუთარი დანაშაული და დაეუფლოთ სინანული. თუ არაადამიანურად მოვეპყრობით, მათში მეტ სისასტიკეს ჩამოვაყალიბებთ.

რა როლი აკისრია საზოგადოებას პატიმრების პრობლემის მოგვარებაში?

თითოეული ადამიანის დანაშაულია, რომ პატიმრებს ყურადღებას სათანადოდ არ ვაქცევთ. შეიძლება ვემიჯნებით კიდეც. მათ მიმართ ნდობა არ გვაქვს. საზოგადოება უნდა გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს და ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანის სულის გადასარჩენად.

სწორედ სახალხო დამცველის აპარატის მოვალეობაა, რომ გააკონტროლოს, რა ხდება საპატიმროებში. მოძღვარმა კი საპყრობილეში მყოფ ადამიანებს სულიერი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. თუ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებიც მორწმუნენი, აღმსარებლები იქნებიან, ასეთი სისასტიკე აღარ მოხდება. ეს ქრისტიანული ცხოვრების საუკეთესო წყობაა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი