მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2011 2 კომენტარი | 4,616 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი, წმიდა გიორგის მართლმადიდებლური ეკლესია კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ამ ტაძრის შესახებ ოფიციალური ცნობები ნაკლებად მოიპოვება. თუმცა “ამბიონი” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის თანამშრომელს, ქალბატონ მარიამ გულიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ამ ეკლესიაზე შეგროვებული ინფორმაცია გაგვაცნო.
სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესია
XVIII საუკუნეში სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით წმიდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ერეკლე II-მ აქ სომხები ჩამოასახლა, სხვადასხვა პრივილეგიებთან ერთად სალოცავად ეს ტაძარიც გადასცა, რის შემდეგაც მას სუფ გეურქის (ანუ წმიდა გიორგის) ეკლესია ეწოდა. მღვდელმსახურება სომხურ ენაზე წარმოებდა. სიღნაღელი სუმბათა ეფრემოვის გადმოცემით, რომელმაც ეს ამბავი პაპისაგან იცოდა, ტაძარი 1782 წელს გადაუკეთებიათ, მშენებლობის ხელმძღვანელი ვინმე სერიოჟა აკოფკოვი ყოფილა. ის თურმე ამ ადგილთან ახლოს ცდილობდა სომხური სკოლის აშენებას, რომლის კედელიც გვიანობამდე იყო შემორჩენილი, თუმცა ვერ დაუსრულებია ( შემდგომში სოხური სკოლა გაიხსნა ახლანდელი რუსთაველის ქუჩაზე. სკოლა 1912წ. დაუმთავრებია მდიდარ ვაჭარს აფაროვს, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და სიკვდილის შემდეგ საკუთარი სახლიც სკოლას დაუტოვა).

სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესიასურბ გეურქის ეკლესიაში მღვდელმსახურებას ეწეოდნენ სომეხი მღვდლები: ტერ გეურქა, ტერ ნურინძა. ისინი ეკლესიის მახლობლად, ახლანდელ ევდოშვილის ქუჩაზე არსებულ პატარა ბინებში ცხოვრობდნენ და აქვე, ეკლესიის ეზოში იმარხებოდნენ. სიღნაღელთა გადმოცემით, ბოლო სომეხი მღვდელი ტერ ეღიშა (არაქელოვი) გახლდათ. ეკლესიაში 2-3 მღვდელი მსახურობდა. სიკვდილიანობის დროს მიცვალებულს მოასვენებდნენ, წესს აუგებდნენ და მერე დაკრძალავდნენ. დასაფლავებისას წინ მღვდელი მიდიოდა, გალობდა, მერე მიცვალებულს მიაბრძანებდნენ, შემდეგ კაცები მჰყვებოდნენ, ბოლოს – ჭირისუფალი ქალები და სხვა მანდილოსნები.

სიღნაღელი ალექსანდრე სისოევი იგონებს, რომ ამ ტაძართან მტრედები ბუდობდნენ. მათ ბავშვები დასდევდნენ და იჭერდნენ ხოლმე. აღდგომის დროს ფერად ფანრებს ანთებდნენ და ზარებს რეკდნენ.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. სიღნაღელი კარლო სულხანოვის გადმოცემით, 1958 წლის თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად ჯვარი ჩამოვარდა, ეზოში გადახრილი დაეცა. კარლომ იგი თავისთან შეინახა, შემდეგ, მეზობელი კაცების თანდასწრებით, მუზეუმის დირექტორმა გოგია ყაჯრიშვილმა და კულტურის განყოფილების გამგემ ი.სიმონიშვილმა ჯვარი მუზეუმში წაიღეს. კარლომ დაზიანებული ჯვრის ნაწილები აღადგინა , ახალი ბურთები გაუკეთა. ჯვარს ზედ 1712წ. ეწერა. მან გარემონტებულ ჯვარზე ამოტვიფრა: “ოქრომჭედელი კარლო სულხანოვი” .

1980 -იან წლებში ეკლესიის სამრეკლოზე დააყენეს პროჟექტორი, რომელიც თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ მოიტანა, ჯვრის აღმართვა მაშინდელი რაიკომის მდივნის ნოდარ ბუჩუკურის უარის გამო ვერ მოხერხდა. ამ პერიოდში აქ ახალგაზრდული კლუბის გახსნას გეგმავდნენ.
სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესია
კომკავშირის რაიკომის მდივნის გულიკო ნადაშვილის ინიციატივით, ეკლესია გასუფთავდა , შერემონტდა, თუმცა იქ არსებული საფლავები განადგურდა.

1983 წელს რაიკომის მდივნის თამაზ ქევხიშვილის თაოსნობით ციხე – გალავნის რესტავრაცია დაიწყო. მაშინ გადაწყდა ჯვრის დადგმაც. სიღნაღელების – ბახვა ლობჟანიძის, გურამ კასარელის , ვანიკო ქევხიევის – დახმარებით, მშენებელი ინჯინრის ოთარ ვანიძისა და არქიტექტორ ნოდარ ბაკაშვილის უშუალო მონაწილეობით 1984 წლის ივნისში ჯვარი სამრეკლოზე დამონტაჟდა, ხოლო მღვდელმსახურება ამ ტაძარში 1994 წლიდან განახლდა. წმიდა გიორგის ტაძარი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. იატაკზე თავიდან დაიგო ფილები, აშენდა ტრაპეზი და კანკელი, ასევე მეუფე თეოდორესა (ჭუაძე) და მამა დიმიტრის (კაპანაძე) ხელშეწყობით გაკეთდა აღსავლის კარი.

წლების განმავლობაში ამ ტაძარში მღვდელმსახურებას ეწეოდნენ მამა ნიკოლოზი და მამა ანტონი. დღეს ეკლესიაში წირვა -ლოცვას მამა ექვთიმე აღავლენს. ეკლესიას მგალობელთა გუნდი, მედავითნე და მესანთლეები ემსახურებიან.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.