მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა სინოდის სხდომის განჩინება (09.03.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.03.2017 | 2,454 ნახვა

საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს. განჩინების ტექსტი საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო.

განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„2017 წლის 9 მარტს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ბრძანა, რომ უახლოეს ხანში, ამა წლის 25 მარტს, ჩვენი ერი და ეკლესია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის 100 წლისთავს იზეიმებს. ამ თემასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეკლესიის უახლოესი ისტორია და კათოლკოს-პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა. მოხსენება დანართის სახით ერთვის ოქმს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მერე ასევე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთისმომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის.

საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა: ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.

წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, – ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი