მთავარი » ჯანმრთელობა

სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2010 17 კომენტარი | 25,568 ნახვა

Computer vision syndromeთანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა. ინფორმაციის მოპოვებისა და გართობის გარდა კომპიუტერს უკვე ყოველდღიური ურთიერთობისთვის იყენებენ. ადამიანი კომპიუტერის გარეშე უკვე ერთ წუთსაც კი ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ ისწრაფვის. შედეგად კი უამრავი პრობლემა გაჩნდა, მათ შორის ჯანმრთელობის. ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად გვესმის მხედველობაზე კომპიუტრების მავნე ზემოქმედების შესახებ.

ამ საკითხზე “ამბიონი” ექიმ-ოფთალმოლოგ ვალერიან ხუროძეს ესაუბრა.

ვალერიან ხუროძე (თვალის კლინიკის ხელმძღვანელი): “საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერი მთელს მსოფლიოში ფართო მოხმარების საგანი გახდა. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 30-35% კომპიუტერის სისტემატური მომხმარებელია და დღეისათვის მათ ნახევარზე მეტს ბავშვები და მოზარდები შეადგენენ.

პერსონალური კომპიუტერების არსებობის პირველ ეტაპზე მასობრივად დაიწყო როგორც სხვადასხვა ტიპის სამუშაო პროგრამების (საოფისე, საკომუნიკაციო და ა.შ.), ასევე კომპიუტერული თამაშების გამოშვება. იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ კომპიუტერთან მუშაობა და თამაში ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივი მონაცემების, მხედველობისა და რეაქციის განვითარებას. უფრო მეტიც, ოფთალმოლოგთა ნაწილი ზარმაცი თვალის მქონე ბავშვებს სამკურნალო მიზნითაც კი უნიშნავდა კომპიუტერულ თამაშს.

მაგრამ ამავე პერიოდში ჯერ პროფესიონალი პროგრამისტების დიდ ნაწილს, ხოლო შემდეგ კი კომპიუტერის მომხმარებლებსაც დაეწყოთ ე.წ. “კომპიუტერის დაავადება”. იგი ძირითადად გამოვლინდებოდა მხედველობის დაქვეითებით, თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, ზოგჯერ კი ნერვული აშლილობაც ახასიათებდა.

ეს სიმპტომები თავდაპირველად მონიტორის (ელექტრონულ-სხივური მილაკის) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და გამოსახულების დიდ დისკრეტულობას დაბრალდა (მონიტორზე პიქსელების მაქსიმალური რაოდენობა იმ დროს 640ხ480 არ აღემატებოდა). კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ფირმებმა დაიწყეს მუშაობა დისპლეის ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებისა და გამოსხივების მინიმუმამდე დასაყვანად. ეს ტექნიკური პრობლემა საკმაო წარმატებით გადაწყდა, თუმცა კომპიუტერთან მომუშავეთა დიდი ნაწილი თავის დაზღვევის მიზნით კიდევ კარგა ხანს იყენებდა ე.წ. “დამცავ ეკრანს” და “კომპიუტერის სათვალეებს”.

ამ ღონისძიებათა მიუხედავად, კომპიუტერის მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. პირიქით, 3D გრაფიკისა და DirectX-ის გამოჩენის შემდეგ კომპიუტერის მომხმარებლებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) მნიშვნელოვნად გახშირდა მხედველობის დაქვეითება და მხედველობითი დისკომფორტი.

საბოლოოდ, ეს პრობლემა ოფთალმოლოგებმა შეისწავლეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული საფუძვლიანი კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:

1. კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას, რასაც ძალაუნებურად მოყვება ახლო მანძილზე მხედველობის მექანიზმის ნაწილობრივი გადაწყობა. ეს კი იწვევს როგორც თვალის მამოძრავებელი კუნთების, ასევე თვალის ბროლის (ცილიარული) კუნთის ძლიერ გადაღლას და აქედან გამომდინარე, ვითარდება ე.წ. აკომოდაციის სპაზმი. კომპიუტერთან დღეში საშუალოდ 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია იცვლება უარყოფითისკენ (ანუ, მინუსისკენ) საშუალოდ 0,25 დიოპტრიით, ეს კი ახლომხედველობის (მიოპიის) განვითარების აშკარა წინაპირობაა.

2. ნებისმიერი ტიპის მონიტორი (როგორც ელექტრონულ-სხივური, ასევე პლაზმური და თხევადკრისტალური LCD) თვითმნათი ხელსაწყოა, ე.ი. მონიტორში გამოსახულებისა და ფერწარმოქმნის მექანიზმი მაინც მკვეთრად განსხვავდება ბუნებრივისგან. გამომდინარე აქედან, მონიტორზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე მოქმედებს, პრაქტიკულად, ისევე, როგორც ანთებული ნათურის დიდხანს თვალიერება: იკლებს კონტრასტული მხედველობა და ციმციმის აღქმის ზღვრული სიხშირე.

3. მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) და რქოვანა გარსის წინა ზედაპირის გაშრობას. ყალიბდება ე.წ. “მშრალი” კონიუნქტივიტი. ეს დაავადება კი შემდგომში შეიძლება გართულდეს რქოვანა გარსის სერიოზული დაზიანებით.

ზემოაღნიშნულ პათოლოგიურ მოვლენათა ერთობლიობა დღეისათვის ცნობილია, როგორც კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი (კმს) – Computer Vision Syndrome (CVS).

– რა სიმპტომები ახასიათებს კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომს?

– ამ სინდრომის ძირითადი სიმპტომებია: მხედველობითი დისკომფორტი, მხედველობის სიმახვილის გაუარესება, კითხვის გაძნელება, მხედველობის პერიოდული “დაბინდვა”, თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში, შედარებით იშვიათად – სინათლის შიში, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება.

– როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან, რა პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება შეგვიძლია?

– ზრდასრულ ასაკში პაციენტებში კმს ძირითადად შექცევადი ხასიათისა – შესაბამისი მკურნალობისა და კომპიუტერული ჰიგიენის დაცვის პირობებში 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლებელია განკურნება ან ხანგრძლივი რემისიის მიღება. 20-25 წლამდე ასაკის პაციენტები კი ბროლის (აკომოდაციური) კუნთის შედარებით დიდი რეზერვის გამო უფრო გვიან გრძნობენ მხედველობით დისკომფორტს, ჩივილების გამოვლენის დროისათვის კი მათ უკვე აღენიშნებათ მეტ-ნაკლებად გამოხატული რეფრაქციის მანკი და/ან ასთენოპია. ამიტომ ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა კმს-ის პროფილაქტიკას ენიჭება.

კმ სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:

  1. კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა;
  2. პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;
  3. ადეკვატური ოპტიკური კორექცია;
  4. მედიკამენტოზური მკურნალობა;
  5. კმს პროფილაქტიკა და სპეციალური მკურნალობა.

კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა შემდეგ პირობებს მოიცავს:

Computer vision syndrome1. მონიტორის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნილებებს. კერძოდ, შედარებით “უსაფრთხო” მონიტორის მინიმალური პარამეტრებია: დიაგონალი 17 ინჩი, გარჩევადობა 1280×1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე 100 ჰც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამცავი სათვალე და ეკრანი თანამედროვე მონიტორებთან მუშაობისათვის საჭირო აღარ არის.
2. მონიტორთან მუშაობისას საშუალოდ ყოველ 20-30 წუთში აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მხედველობის მოკლეხნიანი კონცენტრირება შორს მყოფ საგნებზე.
3. 15-დუიმიან მონიტორამდე თვალების დაშორება უნდა იყოს სულ მცირე 35-40 სანტიმეტრი, ხოლო 17 და 19 დუიმიანთან მონიტორთან კი – 50-60 სმ.
4. თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15 გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
5. მონიტორის ირგვლივი ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან ძალზე სუსტი.
ყოვლად დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან მაგიდის ნათურით განათების პირობებში.
6. მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარა, ნათურა და ასე შემდეგ).
7. მონიტორის კონტრასტი და განათებულობა მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ირგვლივი ფონისაგან.
8. ტექსტის გადაწერის დროს დოკუმენტიდან ტექსტურ რედაქტორში აუცილებელია კოპი-ჰოლდერის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მხედველობის ზედმეტად კონცენტრირება.
9. არასასურველია 6-7 წლამდე ბავშვების დაშვება კომპიუტერთან, 7-დან 12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისათვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე მოზარდთათვის კი – დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათისა.

– როგორ უნდა ვუმკურნალოთ კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომს?

– ოპტიკური კორექცია (სათვალე, კონტაქტური ლინზები) საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ. დაუშვებელია სათვალის ან კონტაქტური ლინზების თვითშერჩევა და მათი შეძენა არასპეციალიზებულ დაწესებულებაში.

მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ წარმოებს. ყოვლად დაუშვებელია თვითმკურნალობა თუნდაც ყველაზე “უწყინარი” პრეპარატებით. სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებამ სპეციალისტის სათანადო კონტროლის გარეშე შეიძლება ფრიად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

1. ბუნებრივი ცრემლის პრეპარატები. მათი დანიშნულებაა თვალის ლორწოვანა გარსის გამოშრობის თავიდან აცილება. საქართველოში ძირითადად გამოიყენება: ოფტაგელი, სისტეინი, ნატურალური ცრემლი II, ოქსიალი, დროპსტარი და ა.შ. მათი ჩაწვეთება თვალებში საჭიროა საშუალოდ 3-4 საათში ერთხელ კომპიუტერთან მუშაობის დროს.

2. ბიოაქტიური კვებითი დანამატებიდან აღსანიშნავია შავი მოცვის პრეპარატები, როგორც ტაბლეტირებული ფორმით, ასევე ნაყენის ან სიროფის სახით. ითვლება, რომ შავი მოცვი კარგი საშუალებაა ბადურა გარსის გასააქტიურებლად. თუმცა, პრეპარატის დოზირება მაინც ინდივიდუალურია და მისი დანიშვნა ექიმ-ოფთალმოლოგის კომპეტენციაშია.

3. კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა – დღეისათვის კმ სინდრომის მასობრივი გავრცელების გამო გარკვეული გამოყენება ჰპოვეს “Anti-Strain“-ის ჯგუფის პროგრამებმა, რომელთა ძირითადი მიზანია მხედველობის სიმახვილისა და კონტრასტული მხედველობის გაუმჯობესება და ამის ხარჯზე ბადურა გარსის მაქსიმალური ადაპტირება მონიტორთან. დღეისათვის ცნობილი პროგრამებიდან ყველაზე ეფექტურნი არიან: “RDS”, “FRS”, “Fractal Mac” “Safe eyes”, “T-antistrain”, “Relax”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა ასაკში კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლინებისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ ბავშვი დაიშვება მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებზე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

17 კომენტარი »

  • გიორგი says:

    კარგი და საჭირო სტატიაა! მადლობა!

  • sofia says:

    amomwuravi informaciia da saintereso rekomendaciebi!..

  • ვიოლა მიმინოშვილი says:

    ძალიან დროული და საჭირო სტატია. ბატონი ვ.ხუროძე დიდი ხანია მუშაობს თვალის პრობლემებზე და საკმაოდ წარმატებულად. გამიკვირდა, რომ ასეთ სერიოზულ მიმოხილვაში არ დაეთმო ადგილი მსოფლიოში აპრობირებულ ბეიტცის მეთოდიკას – თვალის ვარჯიშების აუცილებლობას. ეს ეფექტური, მარტივი და მატერიალურადაც ხელმისაწვდომი სისტემა. სხვათაშორის ახლა არასამმთავრობო ორგანიზაციამ ”ფრთილად, ბავშვებია!” გამოსცა დიდი კედლის კალენდარი შესანიშნავი სქემებით. მე და ჩემი ქალიშვილი ბევრ დროს ვატარებთ კომპიუტერთან – ამ სქემების შეძენის შემდეგ.ამოვისუნთქეთ. :) ანუ ვაშა ბეიტც, ბეიტც და კიდევ ბეიტც

    • ქრისტინე says:

      გთხოვთ მითხრათ სად არის შესაძლებელი მსგავსი სქემის შეძენა და ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება??? წინასწარ გმადლობთ!

  • მარიკა ფოჩხუა says:

    დიდი მადლობა, საინტერესო და სასარგებლო სტატიაა .

  • ნიკოლოზი says:

    მადლობა,გავითვალისწინებ რჩევებს

  • ნინო says:

    არაჩვეულებრივი სტატიაა..მე დგემდე ძალიან დიდ დროს ვუთმობდი კომპიუტერს.მივხვდი,რომ ასე გაგრძელება აგარ შეიძლება.ძალიან დიდი მადლობა,აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

  • მარინა კურტანიძე says:

    ძალიან კარგი სტატიაა.მაქვს ძალიან დიდი სტრესი და ამიტომ ხშირად მიწევს კომპიუტერთან ჯდომა.ვეცდები ყველაფერი გავითვალისწინო.დიდი მადლობა

  • მზია says:

    ახლა უკვე ლამის სამი წლიდან იწყებენ ბავშვები კომპიუტერთან მუშაობას. ამიტომ მეტად საჭირო და საკმაოდ პროფესიულად დაწერილი სტატიაა ყველას საყურადღებოდ.

  • marusa says:

    GMADLOBT RCHEVISATVIS DA SAINTERESO STATIISATVIS

  • ლია says:

    dzalian saintereso statiaa.didi madloba informaciistvis.sxvebis ar vici magram,rodesac kompiuteri viyide tvalebze imoqmeda.da aqamdis moqmedebs.tu didxans vuyureb tvalebis tkivili mawuxebs.mitxres,rom sheechveva sheni tvalebi da aghar getkiebao.magram dro gadis da tkivili ar meshveba.vcdilob rac sheidzleba cota dro davutmo kompiuters.

  • სერგი says:

    დიდი მადლობა, ასეთი საინტერესო და რაც მთავარია – პ რ ა ქ ტ ი კ უ ლ ი სტატიისათივს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

  • ზურაბ ვარაზი says:

    ვინაიდან პირველი კლასიდან აქტიურად იტვირთებიან ბავშვები კომპიუტერთან ურთიერთობით ,არ არის გათვალისწინებული ექიმი სპეციალისტების აზრი,მშობლებმა თვითონ უნდა იაქტიურონ, შეუმოწმონ ბავშვს მხედველობა სპეციალისთთან და ჩაუტარონ აქტიური პროფილაქტიკა.საჭიროა თავისუფალ დროს კომპიუტერისგან იზოლირება, ბუნებაში გასეირნება,ფიზიკური აქტივობა,თორემ მივიღებთ კომპიტერის კარგ მცოდნე, მაგრამ მხედველობის პრობლემების მქონე თაობას.ფრთხილად მშობლებო!!!

  • TAMARI says:

    გააგრძელეთ ასეთი საინტერესო სტატიების გამოქვეყნება,დგევანდელ თაობა ნაკლებადაა დგეს მომსადებული და ინფორმირებული;თქვენ უდიდეს საქმეს აკეთებთ ამით სხვისთვის ცოდნის გასიარება დიდი მადლიცაა,ღმერთმა დაგლოცოთ.

  • natia says:

    gamarjobat. mkavs 5clis shvili. bolo dgeebia daecko tvalis xshiri xamxami. ar stkiva ar ecvis arc sicitle aqvs

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი