მთავარი » ქრისტიანობა

სინდისი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.07.2012 | 8,161 ნახვა

თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ერთხელ მაინც გაწითლებულხართ თქვენ მიერ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო, ეს ძალიან კარგია. ე.ი. სინდისი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ.

სინდისი მსოფლიოში უამრავ ადამიანს სინდისის მაღალი გრძნობა აქვს, თითქმის ყველა პიროვნებაში სინდისი გარკვეული დონით არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ე.წ. უსინდისო ადამიანებიც.

ადამიანები ხშირად საუბრობენ სინდისიერებასა და უსინდისობაზე, მაგრამ მაინც რა არის სინდისი? სინდისი ზნეობრივი ცხოვრებისაკენ ერთგული მეგზური და მეგობარია, რომელიც გვიბიძგებს სწორი, სამართლიანი არჩევანისკენ. სინდისი მთელი თავისი არსით სულის მუდამ მნათი პატარა წერტილია უსაზღვრო შესაძლებლობებით. ამიტომაც მისი ქონა საჭირო კი არა, აუცილებელია.

“თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი. ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს. ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა. სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია” (ილია II).

“ყურადღებით იყავი სინდისის მიმართ, რომ ის შენი მცველი იყოს და ყოველ ჯერზე გიჩვენებდეს შენს დაცემას. ცოდვა ძირს დასცემს სინდისს, ხოლო სინანული კვერთხია მისთვის” (წმ. ეფრემ ასური).

“ამჟამად ჩვენს ხელშია, ან მივაძინოთ სინდისი, ანდა საშუალება მივცეთ – ანათებდეს და განგვანათლებდეს, თუკი დავემორჩილებით მას. რადგან, როცა ჩვენი სინდისი გვიბრძანებს რაიმეს გაკეთებას, ხოლო ჩვენ უგულებელვყოფთ ამას, მაშინ ჩვენ ვაძინებთ სინდისს და მას აღარ შეუძლია ჩვენთვის ცხადი იყოს მასზე მყოფი სიმძიმის გამო. თუკი სანათი ფარდის უკან ანთია, ყველაფერი ძნელად გასარჩევი ხდება… ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ – ვეღარ ვიგებთ, რას გვეუბნება სინდისი… სინდისი – ღვთაებრივი რამ არის… ის ყოველთვის შეგვახსენებს სასარგებლოს, ჩვენ კი ვერ ვგრძნობთ ამას, თუკი უგულებელვყოფთ და ვთრგუნავთ სინდისს”. (ღირსი აბბა დოროთე)

საჭიროა შეწევნა ითხოვო. ვითხოვე, – ამბობ, – არ მომეცა. მაშ სხვებს როგორ მიეცემა? უფალთან არ არის მიკერძოება, რომ ერთს მისცეს, მეორეს კი – არა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ის მზადაა ყველას მიანიჭოს, რადგან დიდადმოწყალეა. თუკი ვინმეს არ მიანიჭებს, მიზეზი მასში კი არაა, არამედ – მთხოვნელში. ამ მიზეზებს შორის შესაძლოა ისეთებიც იყოს, რომელთა გამოცნობას ჩვენ ვერ შევძლებთ. მაგრამ არის გასაგები მიზეზები, რომლებსაც ყველა თვითონვე ხედავს. ერთ-ერთ მათგანს, შესაძლოა უმთავრესს, წმიდა იოანე უწოდებს განცხადებულების (გაბედულების, კადნიერების) უქონლობას, ხოლო ამის მიზეზად ასახელებს გულის, ანუ სინდისის გმობას (მხილებას, განკითხვას). ის (მოციქული იოანე) გვეუბნება: „საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ. და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ“. (წმ. თეოფანე დაყუდებული) ამ სიტყვებს ვერაფერს მიუმატებ. ყველაფერი თავისთავად ცხადია…

“სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე.
ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას.
სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების.
ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი იბრძვის.
სინდისი ბუნებრივი კანონია (აბა დოროთე, მე-3 სწავლა). დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და ღმრთის სათნო ცხოვრებისათვის.
ქრისტეს სწავლება, წმ. ნათლისღებით დაბეჭდილი, კურნავს სინდისს მზაკვრობისაგან, რომელიც მას ცოდვამ გადასდო; ხოლო განკურნებული სინდისი ქრისტეს მოძღვრების ერთგული რჩება. სინდისის სიმრთელისა და მისი სწორი მოქმედების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რამეთუ ყოველი მცდარი აზრი, ადამიანის მიერ მიღებული, გავლენას ახდენს სინდისზე: განდრეკს მას სწორი გზისაგან.
ნებსითი ცოდვები აბნელებენ, აბლაგვებენ, ახშობენ, აძინებენ სინდისს.
ყოველი ცოდვა, აღსარებით აღუხოცელი, მძიმედ აისახება სინდისზე.
მუდმივი და ნებსითი ცოდვილი ცხოვრება თითქოს კლავს სინდისს.
თუმცა სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და იქ ამხილებს ურჩობის მსხვერპლს. ხოლო დაუდუმებელი, მიუკერძოებელი მეთვალყურე და მოკარნახე ცოდვათაგან განშორებისა და საკუთარი სულის დაცვისა არის სინდისი. ამინ.” (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი