მთავარი » ქრისტიანობა

“დღე, როდესაც სიკეთეს არ გავაკეთებთ… ის დღე ჩვენთვის დაკარგულია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2023 | 443 ნახვა

“უნდა გვახსოვდეს, რომ დღე, როდესაც სიკეთეს არ გავაკეთებთ, როდესაც უძლურს, გაჭირვებულს არ დავეხმარებით, როდესაც დავხუჭავთ თვალს ადამიანის გასაჭირზე, – ის დღე ჩვენთვის დაკარგულია.

ხშირად ამბობენ, ახლა თითქმის ყველა გაჭირვებულია, სხვებს როგორ დავეხმაროთო. მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ ამის გამო ჩვენში სიყვარული არ უნდა დაიშრიტოს! ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სიყვარული უნდა იყოს ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. წმიდა იაკობ მოციქული ამბობს: „სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია.“ ამიტომ ყოველდღე, ყოველ წამს, სიკეთე უნდა ვაკეთოთ. და თუ არ გვაქვს საშუალება, მატერიალური დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულ ადამიანს, – შეგვიძლია, თბილი სიტყვა ვუთხრათ, იმედი მივცეთ, ვანუგეშოთ.
საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ადამიანის ცხოვრებაში ჩიხი და კედელი არ არსებობს! კედლის მიღმა ადამიანმა მაინც სიცოცხლე უნდა დაინახოს და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნოს. ამისთვის საჭიროა შრომა და ფიქრი. ჩვენ უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე ვფიქრობთ. უნდა შეგვეძლოს ჩვენი ფიქრით, ჩვენი გულით ზეცად აღსვლა. იმ გადასახედიდან პრობლემები ძალიან უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება და სიმძიმეც გაქრება.

მინდა გითხრათ, რომ ამ უმძიმეს წლებში, რაც მე საპატრიარქო ტახტზე ვიმყოფები, ნუგეშს ამით ვპოულობ; როცა რაიმე განსაცდელი მოდის, – გონებით ზეცაში ავმაღლდები. იმ გადასახედიდან კი ყველა ეს პრობლემა საგრძნობლად მცირდება. ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენთანაა! და იგი, რომელიც გვაძლევს ჯვარს, გვეხმარება კიდეც მის ტვირთვაში.

ამ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს რადიოში მოვისმინე ერთი გადაცემა წმიდანთა ცხოვრებიდან. ორი ადამიანის ცხოვრება მძიმე იყო. ერთი მათგანი კმაყოფილი იყო თავისი ხვედრით და სიყვარულითა და სასოებით ტვირთულობდა თავის ჯვარს. მეორე კი მუდამ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ევედრებოდა უფალს, ჯვარი შემიმსუბუქეო. უფალმა შეუსრულა თხოვნა, მაგრამ იგი მაინც წუწუნებდა და კვლავ ითხოვდა დახმარებას, ჯვრის შემსუბუქებას. უფალმა კვლავ შეიწყნარა მისი ვედრება და მას სულ პატარა ჯვარი მისცა. ასე მიდიოდნენ ცხოვრების გზაზე ეს ორნი და მივიდნენ ერთ ადგილზე, სადაც დიდი უფსკრული უნდა გადაელახათ. ვისაც დიდი ჯვარი ჰქონდა, მან ამ უფსკრულზე ჯვარი ხიდად გადო და მეორე მხარეს გადავიდა. ხოლო ის, ვისაც პატარა ჯვარი ჰქონდა, უფსკრულზე ვერ გადავიდა იმავე, მხარეს დარჩა. ეს რა თქმა უნდა, სულიერ პლანშია გასააზრებელი. აქედან ჩანს, რომ როცა უფალი ჩვენ დიდ ჯვარს გვაძლევს, ნიშნავს, რომ ეს საჭიროა, ეს აუცილებელია. უფალი ჯვართან ერთად გვანიჭებს მადლს და ძალას, რომ ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ინებოს და ბოლომდე მიგვატანინოს ჩვენი ჯვარი, რომელიც ჩვენ სასუფეველში უნდა მივიტანოთ! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!”

სრულიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი