მთავარი » საზოგადოება

შერყეული ტრადიციები და გაუფერულებული ღირებულებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2009 7 კომენტარი | 9,113 ნახვა

რითი იწონებს თანამედროვე საზოგადოება თავს?

სუფრა“გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდერნიზება ყველა ტრადიციას სჭირდება. XXI საუკუნეა, შესაბამისად სიახლეების დროა. რაც შეეხება სტუმართმასპინძლობის ტრადიციას, ჩემს ოჯახში უფროსები მისი მიმდევრები არიან, მაგრამ არ მესმის რა საჭიროა სახლში სტუმრების მიღება, როცა არსებობს რესტორანი, სადაც ყველა პირობა შექმნილია იმისათვის რათა გაერთო და სასიამოვნო დრო გაატარო” – ეს სიტყვები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს ეკა ქვათაძეს ეკუთვნის. ტრადიციებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დღეს უცხო აღარ არის. როგორც ჩანს, ის რითაც ქართველები თავს ვიწონებდით მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქართველთა უმთავრესი ღირებულებები დროდადრო უფერულდება.

არავინ უარყოფს იმას, რომ სიახლეებს ფეხი არ უნდა ავუწყოთ და ერთ დონეზე დავრჩეთ, თუმცა, ევროპული სტანდარტების გათვალისწინება ისე უნდა შევძლოთ რომ ჩვენი “საკუთარი” არ დავკარგოთ, რადგან ხშირად უცხო ქვეყნიდან გადმოტანილ ტრადიციას სჯობს ისევ პირვანდელი სახე შევინარჩუნოთ და მის განმტკიცებას შევუწყოთ ხელი. მის შენარჩუნებაში კი უმთავრესი წვლილი ჯერ კიდევ ძველ თაობას შეაქვს, რომელსაც ტრადიციების და მათ შორის სტუმართმასპინძლობის არსი კარგად აქვს გაცნობიერებული.

ციური ჭანკვეტაძე: “ორი წელია რაც წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიაში ტრაპეზს ვამზადებ. ეკლესიაში მსახურ ადამიანებსაც შეძლებისგადვარად ვუმასპინძლდებით. საკვებს მარხვის დღეების შესაბამისად ვამზადებ. ძველი ხალხი დღემდე მივდევთ სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ჩემთვის დიდი პატივისცემაა, რომ სტუმრების მიღება ეკლესიაშიც მიწევს. ახლანდელი ახალგაზრდობა ვხედავ, დაბადების დღესაც რესტორანში იხდის, მაგრამ სანამ ჩვენი თაობაა ამ ტრადიციის განადგურებას საფრთხე არ ემუქრება”.

როგორი იყო სტუმართმასპინძლობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ უნდა შევძლოთ მისი შენარჩუნება, “ამბიონი” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვრის, მამა მალხაზ ყიფიანის მოსაზრებებს გთავაზობთ.

მამა მალხაზი ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია): ქართველი ერი სტუმართმოყვარეობის დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. ძირძველ ერში სტუმართმასპინძლობის ტრადიციას დიდი ისტორია გააჩნია. მთის ხალხს, სტუმრად მოსისხლე მტერიც რომ შეეფარებინა, სანამ ის სტუმრად იწოდებოდა, მასზე ხელის აღება არავის შეეძლო. ძირძველი ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის წესი ქართველ ადამიანში დღემდე შენარჩუნებულია. თუმცა, სამწუხაროდ, კარგავს იმ ელფერს, სიღრმეს, სარწმუნოებისა თუ სიყვარულისა, რომელიც ოდითგანვე არსებობდა ქართველ ადამიანში. დღეს მიღებულია, თითქოს ყველაფერი სახლიდან და ოჯახური იდილიიდან გამოძევებული და გამოტანილი იყოს. თითქოს ყველაფერი გარეგნული სილამაზისთვის ხდება. თუ უწინ ადამიანები ქრისტეს შობის დღესასწაულის შემდეგ, ახალ წელს ოჯახურ გარემოში ხვდებოდნენ, ტაბლასთან ჭიქა-ღვინით დაილოცებოდნენ, დღევანდელ სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობა ახალი წლის ღამის გატარებას “თავის წრეში”, სხვადასხვა რიტუალური სანახაობის ყურებას ამჯობინებს. ეს უსიყვარულობის მიზეზითაც ხდება.

თუმცა, ეკონომიური მდგომარეობა ადამიანს ხელს უშლის ღირსეულად დახვდეს სტუმარს…

ვერ დავეთანხმები, რომ სტუმართმასპინძლობის ტრადიციის მორყევა ეკონომიკური სიდუხჭირის და მატერიალური ხელმოკლეობის მიზეზიდან მომდინარეობს. ჩვენი მამა-პაპის ცხოვრებიდან წაგვიკითხავს და მომსწრენიც ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ბევრი დედ-მამიშვილი იყვნენ, არ ჰქონდათ პრობლემა სტურამს ღირსეულად გამასპინძლებოდნენ. იმ დროს გაუჩინარი ჩნდებოდა და ყოველთის დიდი სითბო, სიხარული და ზეიმი იყო.

სტუმრის მიღებაში მარტო მატერიალური დოვლათი არ იგულისხმება, რადგან სტუმრის მიღება ადამიანის სიყვარულს გულისხმობს. დღეს კი არა მარტო სტუმრისადმი, ოჯახის წევრებს შორისაც კი ნაკლები სარწმუნოება და სიყვარული იგრძნობა.

ადამიანები იმდენად ჩაიკეტნენ საკუთარ პრობლემებში და იმდენად მოექცნენ საკუთარ ნაჭუჭში, რომ საკუთარ გულში სხვა ადამიანებისთვის ადგილი აღარ აქვთ.

რამდენად მნიშვნელოვანია და რატომ უნდა გვიხაროდეს ოჯახში სტუმრის მიღება?

საერთოდ სტუმარი იმ ოჯახში მიდის, ვისაც ადამიანების სიყვარული და პატივისცემა გააჩნია, რადგან გულდახურულ და ნაჭუჭში გამოკეტილ ადამიანთან მისვლას ყველა ერიდება.

რესტორნებსა და სხვადასხვა გასართობ ცენტრებში ოჯახის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა თანამედროვე ეპოქის სულმა მოიტანა. ოჯახში დიასახლისის დანიშნულებაა ადამიანებს სიყვარულით გაუმასპინძლდეს, სამზადისის პროცესში ის თავის სულსა და გულს დებს, რესტორანში კი თითქოს ამის მადლიც იკარგება, რადგან სუფრას სხვა განგიმზადებს და რესტორანში მისული მასპინძელიც სტუმრად ითვლება.

როგორ შევძლოთ, გლობალიზაციისა და მსოფლიო გაერთიანების დროს, შევინარჩუნოთ ტრადიცია, რომლითაც ქართველები ხშირად თავს ვიწონებთ?

პირველ რიგში ჩვენ ქართველები ვართ. გლობალიზაციის პროცესში ქართველმა ერმა თავისი ინდივიდუალურობა, რაც ღვთისგან ბოძებულია, არ უნდა დაკარგოს. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ სხვადასხვა ქვეყნების ცხოვრების წესში არსებობს ისეთი წესები რაც ჩვენთვის შესაძლებელია ადვილად გასათვალისწინებელი, მისაბაძი და მისაღები იყოს. მაგრამ სიკეთის გამორჩევა უნდა ვისწავლოთ. ფუტკარი ბევრ ყვავილს ყნოსავს და ამ ყვავილებიდან რომელიც საუკეთესოა, იმას იღებს და ამზადებს თაფლის სახით. ქართველი ადამიანიც ასეთ ფუტკარს უნდა ემსგავსოს, რაც სხვა ერში საუკეთესოა ის გაითვალისწინოს ცხოვრებაში.

თბილისში, კომპაქტურად ჩასახლებულ უბნებში, არის რამდენიმე ოჯახი, რომელთაც სტუმართმასპინძლობის და სუფრის ადათ-წესი არ აქვთ დაკარგული. თუ ასეთ მაგალითებს გავითვალისწინებთ და ჩვენს ცხოვრებას მათი მიბაძვით წარვმართავთ, ეს ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებას. ამასთან, თუ ყოველი ქრისტიანი, მართლმადიდებელი დედაეკლესიის წიაღს ვიქნებით დამოწაფებულნი, ტრადიციის გადაგვარების საფრთხე ერს არ დაემუქრება და ადამიანის მიერ სტუმრისთვის ნათქვამი სიტყვები: კეთილი იყოს შენი მობრძანება – გულით ნათქვამი სიტყვები იქნება. რადგან, ღვთისმოსავ და ღვთისმორწმუნე ადამიანს, არ შეიძლება სტუმრის მიღება ეწყინოს და არ გაუმასპინძლდეს იმ დიდი სიყვარულით და სარწმუნოებით, რაც მას უფლისაგან აქვს ნაბოძები.

ოჯახში სადაც სტუმრის მიღების ტრადიცია დაკარგული არ არის, ბავშვიც ამ ოჯახის გავლენით იზრდება და მას სტუმრისადმი პატივისცემა, დაფასება და სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი.

ქართველები ჩვენი ტრადიციებით, მათ შორის სტუმართმასინძლობის ტრადიციით ვიწონებთ თავს და მის შენარჩუნებას ხელი უნდა შევუწყოთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • გურანდა says:

    მოდით ვისაუბროთ ქართულ ტრადიციებზე,მის პლიუსებზე და მინუსებზე.მოგეხსენებათ ჩვენ, ქართველები დიდად სტუმართმოყვარენი ვართ.მაქსიმალურად ვცდილობთ სტუმარს ვასიამოვნოთ.ზოგჯერ ეს ზედმეტობაშიც კი გადაგვდის.ეს ზედმეტობა ბევრჯერ მასპინძლის გულისტკენის მიზეზიც ყოფილა.

  • ქეთევანი says:

    სტუმრის მიღების ქართული ტრადიცია,რა თქმა უნდა ოჯახში ხდება,რაც უნდა მცირე ან დიდი იყოს ოჯახი.როცა სტუმარს ოჯახში ვიღებთ,ვახვედრებთ მას ოჯახურ სიტუაციას,ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის,რომ ისე იგრძნოს თავი,როგორც საკუთარ სახლში-ვზრუნავთ მისთვის,ვანებივრებთ მას…ე.ი.ჩვენ გვიყვარს ის და გვსურს, მასაც ვუყვარდეთ.რესტორანში სტუმრის წაყვანა და იქ მისი პატივისცემა ნამდვილად მისაღებია,მაგრამ ეს უკვე ის ატმოსფერო და ის ინტიმი არ არის,როგორსაც ჩვენ სტუმარს სახლში შევთავაზებდით.რესტორნები,სხვადასხვა დონის და ბრწყინვალების მსოფლიოში მრავლადაა,მაგრამ ეს არ არის საკუთარი კერა,საკუთარი მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დამახასიათებელი სითბო და სილამაზე.რაც შეეხება ზედმეტობას მასპინძლის მხრიდან და თუ ეს შემაწუხებელი უფროა,ვიდრე სასიამოვნო,ამას არაფერი საერთო არა აქვს ქართულ ტრადიციასთან.ყველაფერი წრესგადასული ამაზრზენია და დანაშაულებრივი.

  • ქეთევანი says:

    ქართული სუფრა,მისი ეშხი და ლაზათი ბატონ ან ქალბატონ თამადაზეა დამოკიდებული.თამადა ისეთი სასიამოვნო მოსაუბრე,ისეთი იუმორით სავსე და საყვარელი უნდა იყოს,რომ ყველას ხიბლავდეს და იმორჩილებდეს.ქართული სუფრის თამადობა მართლაც დიდი პატივია!

  • ნანა გოგინავა says:

    რამდენიც გინდა ტრადიციული ოჯახი გქონდეს,დგევანდელობამ ჩვენ შვილებს ეს ვერ შეუნარჩუნა,დზაანაც ბევრს ვეჩიჩინები,მარა იმათ მოსწონთ ის რაც მათ მოსწონთ ……სამწუხაროდ:(

  • ანტონი says:

    არავითარი მინუსი! ათიათასობით უცხოელია მოხიბლული ჩვენი სტუმარ-მასპინძლობით ქართული ტრადიციული სუფრითა და თამადის ინსტიტუტით,ჩვენ გვბაძავენ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ინტელიგენტი ოჯახისშვილები და აქ ნასწავლი სადღეგრძელოებითა და მანერებით იქ იწონებენ თავს!პირადად ვიცნობ ასეთებს და ბრიყვები უნდა ვიყოთ,რომ ჩვენ უარვყოთ უხსოვარი დროიდან წამოსული ჩვენი საამაყო ტრადიცია და საქილიკოდ გავიხადოთ ის,რაც ჩვენი სახელოვანი წინაპრების დანატოვარია,ჩვენ ვარსებობდით ქრისტემდე მეორმოცე საუკუნეში და ამას სამეცნიერო კვლევები და არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ.
    უგუნურია ის ვინც ამას უარყოფს,ის ვინც შვილს ვერ გაზრდის ქართულად და სუფრის აკადემიას არ აზიარებს,თვითონაა აღსაზრდელი თავიდან!

  • ანი says:

    თუ სახლში სხვა გამიმზადებს, კი ბატონო… არანაირად არ მსიამოვნებს, როცა სტუმრები სხედან და მე დავრბივარ წინ და უკან, რომ ცხელი კერძები მივაწოდო… არც სტუმრებისთვისაა სასიამოვნო, იუბილარს სუფრასთან რომ ვერ იჭერ და მაინც გამოდის, რომ ხეირიან მასპინძლობას ვერ უწევ. ამიტომ ან ვინმე უნდა გეხმარებოდს, ან რესტორანში აღნიშნო. ეს არაფრის დაკარგვა და დარღვევა არაა – მე ასე მიმაჩნია :) უფრო მნიშვნელოვანი ტრადიციებიც გვაქვს, რისი შენარჩუნებაც აუცილებელია. პ.ს. აღარც ისე ახალგაზრდა ვარ – 40 წლის გახლავართ :)

    • ედიშერ says:

      ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით და შვილიც მცირეწლოვანი გეყოლებათ, გაიზრდება, დაოჯახდება და ცალკე მოინდომებს ცხოვრებას და შესაძლებელია მისი დაბადების დღის აღნიშვნის (რომელიც რესტორანში იქნება)მონაწილეც ვერ გახდეთ. ასე, რომ ჯობია “გავიჭირვოთ”და ჩვენი ზემები ოჯახში ავღნიშნოთ. კეთილი სურვილებით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი