მთავარი » ეკლესია-მონასტრები

საზღვრებს მიღმა დარჩენილი საქართველო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2014 | 3,734 ნახვა

რეპორტაჟი ისტორიული ლორე-ტაშირიდან

რამდენიმე ნაბიჯი და უკვე დღევანდელი სომხეთისა და ჩვენთვის ისტორიული ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე ვართ…

ქართველმა ტურისტებმა გაფაციცებული თვალებით დავიწყეთ ჩვენი ძირძველი მიწა-წყლის დათვალიერება. ბუნების სილამაზე ჩვენთვის უცხო არ იყო. ამ მხარეში შემოდგომა კი ისევ უჩვენოდ მოსილიყო…

აი, ახტალის მონასტერიც გამოჩნდა. მე-13 საუკუნით დათარიღებული ტაძარი, რომელიც თბილისიდან სამხრეთით, დაახლოებით 90 კმ.-ში მდებარეობს, კლდოვანი მთის ზეგანზე დგას და მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. ახტალის ტაძრის შესასვლელთან რამდენიმე ენაზე შესრულებული საინფორმაციო დაფა შეგვხვდა. თუმცა, ქართულ ენაზე არაფერი ეწერა… ტაძართან მისასვლელად თაღიან კარიბჭეში შევაბიჯეთ.

ახტალა

ჩვენ თვალწინ მწვანე მინდორზე ამოსული დიდებული ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი გადაიშალა. ახტალის სამონასტო კომპლექსში ახლა სამი ეკლესია ჩანს: ორი მცირე, დარბაზული ტიპისაა – წმ. გიორგისა და წმ. სამების სახელობისა, მესამე კი ჯვარგუმბათოვანი დიდი ტაძარია ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული (ადრე ყოფილა კიდევ ეკვდერები წშ. დიმიტრის, წმ. ბასილისა და ივანესი).

ახტალა ეკლესიის ეზოს სომხური ისტორიულ-მისტიური სიმბოლო, ბროწეულის მცირე ქანდაკება ამშვენებს. ტაძრის კარი დაკეტილი დაგვხდა… ადგილობრივების დახმარებით მალე ტაძარში შესვლაც შევძელით, რომელიც სომხური სტილითაა მოწყობილი და შიდა ინტერიერში სკამებია დადგმული. მრავლისმთქმელია ახტალის ტაძრის მხატვრობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე მოღწეული ფრესკები ჯერ კიდევ კარგადაა შემონახული. აქ არსებული ქართული საფლავები, კედლებზე ამოკითხული მრავალი ქართული წარწერა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა მის ქართულ წარმომავლობაზე.

ახტალის ტაძრიდან ახპატის X-XIII საუკუნეების სომხური სამონასტრო კომპელქსისკენ გავემართეთ, რომელიც ლორეს პროვინციაში მდებარეობს. შესასვლელთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე მრავალენოვანი წარწერებია, რომელიც ტაძრის ისტორიას გვამცნობს. ახპატში ნაწვიმარი დღე გათენებულიყო.

ახპატი

სამონასტრო კომპლექსი გალავნითაა შემოზღუდული. იგი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება და იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი. ახპატში განსაკუთრებულად ბევრი უცხოელი ტურისტი დაგვხდა. ადგილობრივი გიდი მათ ტაძრის შესახებ უამბობდა. საფლავის ქვებზე მრავლადაა ქართული წარწერები.

გზას სანაჰინის ტაძრისკენ გავუყევით, იგი ახპატთან ახლოს მდებარეობს და მე-10 საუკუნით დათარიღებული სომხური არქიტექტურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც, ასევე, ლორეს პროვინციაშია. ტაძარი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული და ახპატის მსგავსად, ბევრი ტურისტი შეგვხვდა.

სანაჰინი

სანაჰინში მრავლადაა ქართული საფლავები… სახელი სანაჰინი ხალხური ეტიმოლოგიით ნიშნავს „ეს უფრო ძველია, ვიდრე ის”, და თითქოსდა მიუთითებს იმაზე, რომ ის მეზობლად მდებარე ახპატის მონასტერზე უფრო ძველია. ეს ორი სოფელი და მათი მონასტრები ერთმანეთის მსგავსია და განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ მდ. დებედას ხეობის კალთების სხვადასხვა მხარეს.

ქალაქ ალავერდში ხიდისკენ გავემართეთ. ეს თაღოვანი რუსულ-სომხური არქიტექტურისაა. თამარის ხიდი იგი ოფიციალურად სანაჰინის ხიდის სახელს ატარებს. ქართველმა ტურისტებმა ხიდზე დიდხანს ჩამოვისვენეთ, ჩვენს საუბარს კი ფონად მდინარე დებედას ხმაური გასდევა.

გეზი კვლავ უძველესი ქართული მონასტრის, ამჯერად კი ქობაირისკენ ავიღეთ. მონასტერი სხვა ეკლესიებისგან განსხვავებით, შედარებით ძნელად მისავალია. დიდ სიმაღლეზე მდებარე ტაძრისკენ მიმავალ საფეხმავლო გზას გავუყევით… სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა ქართული ტაძარი. გაკვირვებულები, გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდით დიდებულ ძეგლს, რომელიც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ჩამოქცეულია გუმბათი, საკურთხევლის კედელზე კი იკითხება უნიკალური ხატწერა, რომელიც ჯერ კიდევ კარგადაა შემორჩენილი. საკურთხევლის მხარე მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული.

ქობაირი

ქობაირში მრავალდაა ვრცელი საქტიტორო წარწერები, ასევე ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს და აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნით. ეკლესიის შესასვლელში თამარ მეფის ამირსპასალარი, ზაქარია მხარგრძელია დასაფლავებული. კომპლექსის შემადგენლობაში რამდენიმე ნაგებობა შედის. საოცარია ხედი ქობაირის ტაძრიდან, აქ ულამაზესი ბუნებაა, რომლის შემხედვარენიც, ერთხმად ვამბობდით, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ იმ დროს ამჟამად უკვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით.

იხილეთ ვიდეო

ქობაირის ტაძარიც დავტოვეთ… „ქობაირი იმით ჰგავს საქართველოში არსებულ ტაძრებს, რომ ისიც განსაკუთრებულ ადგილზე მდებარეობს, გზა ფეხით მისასვლელია და სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, შედარებით რთულად მისავალია“, – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ქართველმა მომლოცველმა.

მართლაც, ჩვენ ვნახეთ ადგილები, სადაც საქართველოს ისტორია იკითხება, ისტორია კი თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის…

ჩვენ კი ჩვენი უნდა ვიცოდეთ…

თეონა ნოზაძე

19.10.2014
“ამბიონი” უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ვრცელ ფოტორეპორტაჟებს ლორე-ტაშირიდან


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი