მთავარი » ქრისტიანობა

ახდენს თუ არა გავლენას საზოგადოება ადამიანის პირად ცხოვრებაზე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.10.2021 ერთი კომენტარი | 734 ნახვა

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: “ახდენს თუ არა გავლენას საზოგადოება ადამიანის პირად ცხოვრებაზე? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ადამიანური ტრაგიზმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შემთხვევა უნდა გავიხსენოთ.

წმინდა ლოტის ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს მრავალმხრივი მსჯელობის საშუალებას გვაძლევს… ცხოვრობდე სოდომელებთან და არ იყო სოდომელი, როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს: ,,ყველაფერი დასაშვები იყოს შენთვის”, მაგრამ აცნობიერებდე, რომ ,,ყველაფერი სასარგებლო როდია”.
მასზე სოდომელთა ცოდვას გავლენა არ მოუხდენია, თუმცა მოახდინა მისი ოჯახის წევრებზე…

ცუდს რომ არ ჰქვია თავის სახელი, ეს დიდ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე. ის იზრდება გარემოში, სადაც ,,ცუდი” ჩვეულებრივი, მოსაწონი და მისაღებია, ამაზე კი პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოებას ეკისრება.

ლოტს ღვთისაგან ეუწყება, რომ მას სოდომი უნდა დაეტოვებინა. ისიც, თავის ოჯახთან ერთად, გამოდის სოდომიდან და აი, სწორედ აქ იწყება მისი ადამიანური ტრაგედია.

მან შეეძლო სოდომში ცოდვისაგან დაეცვა ოჯახი, მან შეძლო ტალახში ყოფილიყო ბრილიანტი, მაგრამ… არსებობს ერთი ,,მაგრამ”, რაც მისი სოდომიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა. ეს იყო მისი ცოლის სურვილი კვლავ უკან დაბრუნებისა, რაც გამოჩნდა კიდეც მის და მათი შვილების გამოხედვაში.

აი, მივადექით ყველაზე ტრაგიკულ მომენტს, როდესაც შვილებთან ერთად სოდომიდან წამოსული ლოტი ერთ-ერთ გამოქვაბულში დაბინავდება, ჩაძინებულ მამასთან კი შვილები ცოდვით დაეცემიან.

რა უნდა იყოს ადამიანისათვის იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე ეს ამბავი?! და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი? რამ აცდუნა მისი შვილები?

ალბათ, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმან, რომ ისინი გაიზარდნენ საზოგადოებაში, სადაც ცუდს არ ერქვა ცუდი, მათი წარმოდგენით კი, ცოდვა აღიქმებოდა ჩვეულებრივ, მისაღებ მდგომარეობად.

კვლავ დავსვათ კითხვა, – ახდენს კი საზოგადოება გავლენას პიროვნებაზე?

თუ ლოტის შემთხვევაში ,,სოდომური ცხოვრების წესს” გავლენა არ მოუხდენია, მისი შვილების შემთხვევაში ეს სახეზეა.

და მაინც რატომ?

ალბათ უფრო იმიტომ, რომ ლოტი იზრდებოდა გარემოში, წმინდა აბრაამ მამამთავართან, სადაც სიკეთესა და ბოროტებას თავის სახელი ერქვა. მისი შვილები კი გაიზარდნენ საზოგადოებაში, სადაც ცუდს ერქვა კარგი და მოსაწონი.

მართალია, არჩევანს ყოველთვის ადამიანი აკეთებს, მაგრამ ყველა მყარი როდია თავის თავისუფალ არჩევანში?!
ამიტომ საზოგადოებაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არასდროს უნდა შევაფასოთ ,,ლოტის პიროვნებით” სოდომი და იუდას მოციქულობით – ქრისტეს მოწაფეები. შეიძლება სოდომში არ იყო სოდომელი და შეიძლება მოციქულთა შორის იყო იუდა, მაგრამ არჩევანის პასუხისმგებლობა ადამიანს ეკისრება.

როგორი თანაფარდობაც არის სოდომში ლოტის უცოდველობასა და თორმეტ მოციქულში იუდას ღალატს შორის,
სწორედ ასეთ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზროვნება ადამიანზე.

მაგრამ ყოველთვის შეიძლება ყველაფრის გამოსწორება, თუ ადამიანი გულწრფელად შეინანებს. გვახსოვდეს, სინანულმა ავაზაკი პირველი შეიყვანა სასუფეველში, ამპარტავნებამ კი ანგელოზი ეშმაკად აქცია.

წმინდა მამამთავარი აბრაამი და ლოტი გეწეოდეთ!”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი