მთავარი » ქრისტიანობა

სახლებისა და ტრანსპორტის კურთხევა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2019 | 1,071 ნახვა

ადამიანები დღეს ხშირად მიმართავენ მღვდელმსახურებს სახლისა და ავტომანქანების კურთხევისათვის (ეს უკანასკნელი სულაც არ არის ახალშემონაღები, რადგანაც ძველ დროშიც იყო დამკვიდრებული იმჟამინდელი „ტრანსპორტის“ – ეტლების, ურმის, ცხენის, ხარების, ხომალდისა და სხვათა კურთხევა). ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საეკლესიო სიტყვას „კურთხევა“ მოცემულ შემთხვევაში სხვა აზრი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წყლისა თუ ხატების კურთხევისას. სახლისა თუ ავტომანქანის კურთხევისას, ჩვენ ლოცვით გარდამოვიწვევთ საღვთო კურთხევას თვით მათზე და მათ პატრონებზე, სახლში მცხოვრებლებზე, რათა ისინი ქრისტიანულად ცხოვრობდნენ და კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ, რათა სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის მშვიდობიანი და უხიფათო იყოს მისით მავალთათვის და გზაზე ფეხით მოსიარულეთათვის.

ამიტომ ამგვარი კურთხევა უბრალოდ ავტომატური მოქმედება როდია: ძალმოსილება და ქმედითობა კურთხევისა უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, თუ საეკლესიო კურთხევის მაძიებელი ადამიანები რამდენად შეესატყვისებიან თავიანთი ცხოვრებითა და საქმეებით, თავიანთი რწმენითა და ეკლესიურობით იმ უდიდეს სიწმინდეს, რომელსაც მათ მართლმადიდებელი ეკლესია ანიჭებს საღვთო მადლით.

ჩვეულებრივ, ეს წესები – სახლებისა და ავტომანქანების კურთხევისა აღესრულება მღვდელმსახურთან თქვენი პირადი შეთანხმებით, როცა მღვდელი აგიხსნით კიდეც, თუ რისი მომზადებაა წინდაწინ საჭირო და როგორ.
ოჯახში საღვთო მადლის დავანებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახლის კურთხევა.59 „…დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის…“ (ლუკ. 19, 9), გვასწავლის სახარება ამბავში მეზვერე (მებაჟე) ზაქეს შესახებ.
ქრისტიანის სახლი იცნობა კარზე გამოსახული ჯვრით, რომელსაც სახლის (ანუ ოჯახის) კურთხევის შემდეგ აკრავენ. სახლის კურთხევის მღვდელმოქმედებისას, მღვდელი თითოეულ ოთახში, ოთხივე კედელზე გამოსახავს ჯვარს ნაკურთხი ზეთით, აპკურებს ნაკურთხ წყალს ოჯახის წევრებს და მთელ სახლს. ამგვარად, სახლის კურთხევისას, მღვდლის ლოცვით, ოჯახზე საღვთო მადლი გადმოდის, განიდევნება ბოროტი ძალები და სახლს, ოჯახს ეძლევა მფარველი ანგელოზი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოიწევა, რომლებიც ქრისტეს წმინდა მცნებების მიხედვით ცხოვრობენ. ეს ნათლად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებიდანაც. ამიტომაც ძალზე კარგია და აუცილებელიც სახლის, ოჯახის კურთხევა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება ქრისტეს მცნებების აღსრულებით.

ეკლესია თავისი წესებითა და მღვდელმოქმედებებით ადამიანის ცხოვრების ყველა მხარეს აკურთხევს და მოიცავს, მათ შორის იმ საგნებსაც, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ, და იმ საზრდოსაც, რომელსაც მივიღებთ. საზრდოს სახეობათა კურთხევა ხდება განსაზღვრულ დღეებში, მაგალითად აღდგომისას პური და კვერცხი, რძის ნაწარმი, ხორცი იკურთხება, ხოლო უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე – სხვადასხვა ხილი (ისე კი საკვების კურთხევას ყოველი ჭამის წინ შევთხოვთ უფალს).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი