მთავარი » ქრისტიანობა

სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების შესახებ

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 09.11.2012კომენტარი არაა | 2,245 ნახვა

უკანასკნელ პერიოდში ჩვენს საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში პოლემიკის საგნად იქცა საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის თემა. აინტერესებთ, თუ კონკრეტულად რას ხმარდება ეს თანხები. მეუფე იოანე გამრეკელიამ კითხვით ჩვენ მივმართეთ საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი).

მეუფე იოანე: “ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არეული წლები იყო; როგორც კი მდგომარეობა ცოტათი დალაგდა, 1996-97 წ.წ., გაიმართა დიალოგი ხელისუფელებასა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის იმის თაობაზე, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ათეული წლების მანძილზე ეკლესიას მიყენებული ჰქონდა ზარალი როგორც მატერიალური, ისე მორალური. ვინაიდან სახელმწიფო წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა და მიზნად აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ვალდებულია, გამოასწოროს დაშვებული უსამართლობა ეკლესიის მიმართ. ამ მოსაზრებით ბიუჯეტიდან მთავრობის კეთილი ნებით ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა, რომელიც გარკვეულ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ბიუჯეტის ოდენობასთან. დღეს ეს თანხა 25 მილიონ ლარს აღწევს. საიდუმლო არ არის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა მოსახლეობის შემოსავლების გადასახადი. მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში მართლმადიდებელია.

რას ხმარდება ეს თანხა? გარდა ტაძრებისა, ეკლესიის წიაღში არსებობს განათლების სისტემა: საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები, სემინარია-აკადემიები, უნივერსიტეტები. არის ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ეხმარება გაჭირვებულებს, ავადმყოფებს, ეს თანხა სწორედ ამას ხმარდება.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ხომ არსებობს საჯარო განათლების სისტემა, არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, სოცუზრუნველყოფის სამინისტრო? რასაკვირველია არსებობს, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ წვდება საზოგადოების ყველა ფენას. არის დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებიც მოღვაწეობენ ეკლესიის წიაღში და მათთვის ბუნებრივია, რომ დახმარებისთვის ეკლესიას მიმართონ. ამიტომ ხელისუფლების მიერ ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის კომპესაციისათვის გამოყოფილი თანხები ხმარდება იმ საზოგადოებას, რომელიც დახმარებისთვის ეკლესიას მიმართავს.

ეს შეთანხმებულია ხელისუფლებასთან. თუ ვინმეს აინტერესებს რაში იხარჯება ხსენებული თანხა, მას შეუძლია მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და ითხოვოს ახსნა-განმარტება. საპატრიარქო თავის საქველმოქმედო საქმიანობას არ ახმაურებს. შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა იციან, რაში იხარჯება ეს თანხა. თუ ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, რომ ეს ინაფორმაცია საჯარო გახდეს, ეს მათი უფლებაა. ჩვენ მათ უფლებაში ვერ ჩავერევით.

ზოგადად გეტყვი, რომ საპატრიარქოს წიაღში არსებობს 40-მდე ზოგად-საგანმანათლებლო სკოლა, 5 სემინარია, 2 აკადემია, 2 უნივერსიტეტი, არსებობს საავადმყოფოები, კლინიკები და კოლეჯები. რომელს რამდენი თანხა გამოეყოფა, ეს ინფორმაცია სრულად არის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის საკითხი. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მიმართოს მათ.

რადგან სახელმწიფო გამოყოფს ამ თანხებს ეკლესიისათვის, მხოლოდ სახელმწიფო არის უფლებამოსილი შეამოწმოს მიზნობრივად იხარჯება თუ არა ეს თანხები; და თუ ვინმეს უჩნდება ეჭვი, შეუძლია მიმართოს სახელმწოფოს და მისგან მიიღოს განმარტება.”

ესაუბრა მარიამ გაგუა


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.