მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

სახელმწიფო თუ კერძო ბაღი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.10.2011 ერთი კომენტარი | 11,179 ნახვა

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას ცნობით, საბავშვო ბაღებში გადასახადის სისტემა ერთი წლის განმავლობაში ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად დარეგულირდება. “მშობელს ზუსტად ექნება განსაზღვრული, მისი შვილი რა სახის აღმზრდელობით განათლებას მიიღებს და ეს გადასახადთან ერთად ხელშეკრულებით განესაზღვრება. იმისთვის, რომ საბავშვო ბაღების რეფორმა მაქსიმალურად სწრაფად, სწორად და გამჭვირვალედ განხორციელეს, შესაბამისი ორგანოები ყოველდღიურად მუშაობენ”,- აღნიშნა ქაცარავამ.

საბავშვო ბაღი2 წელი – ეს ის ასაკია, როდესაც მშობელს შვილი საბავშვო ბაღში მიჰყავს. ის დგება არჩევანის წინაშე: სახელწიფო თუ კერძო ბაღი? “ამბიონი” დაინტერესდა, სად რა პირობებია და საბავშვო ბაღებს ესტუმრა.

მაყვალა ჩუბინიძე (41-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მდებარეობს თოფურიას ქ.N10-ში.) : “ბაგა-ბაღში იდეალური პირობებია. გვაქვს ცენტრალური გათბობა, სამჯერადი კვება. მენიუს ყოველდღიურად ვცვლით, მშობლები კმაყოფილები არიან და მხოლოდ 55 ლარს იხდიან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი. განუვითარდეთ უნარ-ჩვევები, აზროვნება, რომ მომზადებული მივიდნენ სკოლაში.

დღევანდელმა რეფორმამ ძირეულად შეცვალა ბაღებში მეთოდოლოგიური მუშაობა, იგრძნობა აღმზრდელების გამოცოცხლება. ისინი მეტს მუშაობენ საკუთარ თავზე, რითაც დიდ შედეგს ვაღწევთ. შეიცვალა წიგნთან დამოკიდებულება, გაძლიერდა მასზე მუშაობა. სააგენტოს დირექტორი ბატონი ილია ათანასოვი დიდ დახმარებასა და სწორ მიმართულებებს გვაძლევს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

ბაგა-ბაღი გაძლიერებულ მუშაობას ატარებს მეტყველების და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რითაც კარგ შედეგს ვაღწევთ.”

როგორი უნდა იყოს აღმზრდელი და თქვენ რა მოთხოვნა გაქვთ ბავშვის მიმართ?

აღმზრდელი უნდა იყოს განათლებული, კარგად ფლობდეს სკოლამდელ პედაგოგიკას, იყოს წიგნიერი, ღირსეული მოქალაქე. უყვარდეს ბავშვი და მის მიმართ დედობრივი სიყვარულით იყოს გამსჭვალული.

ბავშვმა რეჟიმი უნდა დაიცვან, არ დააგვიანონ. იყონ ყურადღებით თამაშისა და მეცადინეობისას. ვისურვებდი, ბავშვებმა არ იავადმყოფონ. ბაგა-ბაღი მუშაობას იწყებს 9 საათზე და ამთავრებს 18:00 საათზე.

რომელი წლიდან იღებთ ბავშვებს?

ბაღში ბავშვებს 2 დან 6 წლამდე ვიღებთ. ვაკომპლექტებთ ასე: 2-3 წლიანთა ჯგუფი; 3-4 წლიანთა ჯგუფი; 4-5 წლიანთა ჯგუფი; 5-6 წლიანთა ჯგუფი და შემდეგ მიდიან სკოლაში.

თქვენი აზრით, რა განსხვავებაა, სახელმწიფო და კერძო ბაღსს შორის?

სახელმწიფო ბაღის აღზრდისა და სწავლების მეთოდიკა განსხვავდება კერძო ბაღის სწავლების მეთოდიკისაგან. კერძო ბაღებში ჯგუფები მცირერიცხოვანია, რაც უფრო აადვილებს აღმზრდელის მუშაობას. ბევრ მშობელს ბავშვი კერძო ბაღიდან სახელმწიფო ბაღში გადმოუყვანია, ვინაიდან სკოლისათვის მომზადება სახელმწიფო ბაღებში მაღალ დონეზე დგას.

არდადეგები როგორ გაქვთ?

ბავშვები ისვენებენ, ივლის-აგვისტოში და ვიწყებთ 15 სექტემბერს.
ჩემი მუშაობის პერიოდში, რომელიც რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის, ასეთი პირობები ჩვენს პატარებს არ ჰქონიათ. ეს ჩვენი ხელმძღვანელების დამსახურებაა. ქალაქის მერი გიგი უგულავა, ბატონი მამუკა ქაცარავა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა ქალაქის ყველა სახელმწიფო ბაგა-ბაღში ნორმალური პირობები იყოს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

თამარ აზარიაშვილი, კერძო საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი: “ეს ბაღი შეიქმნა და ფუნქციონირებს 2004 წლის თებერვლის დასაწყისიდან. თავიდან პატარა ბაღი იყო, მერე ცოტა გავფართოვდით. ჯერ-ჯერობით 20 ბავშვი გვყავს. ჯგუფები ასაკობრივად არის განაწილებული.

მუშაობაში, ჩვეულებრივად, სახელმწიფო პროგრამას ვიყენებთ, რაც დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ. ასევე ვითვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.

ბავშვებს ბაღში 3-დან 6- წლამდე ვიღებთ. სასკოლო პროგრამაზე ხუთი წლის ასაკიდან გადავდივართ. წელს უფრო მცირეწლოვანთა მიღება დავიწყეთ. ახალ მშობელს ვურჩევთ: თუ პატარა 2 კვირაში მასწავლებელს და თანატოლებს ვერ შეეგუება, ბავშვი წაიყვანოს. თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია.

თუ არიან პრობლემური ბავშვები?

ბავშვს თუ დასაწყისში რამე სტრესი აქვს, არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ მშობელი აქ იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვი მოგვეჩვიოს და ჩვენთან ყოფნა მოეწონოს. პატარა მცირეწლოვან ასაკშივე უნდა მიეჩვიოს საზოგადოებრივ გარემოს: აღმზრდელებს, თანატოლებს, ისწავლოს მათთან ურთიერთობა, შეიძინოს მეგობრები.

მათ ვასწავლით ლექსებს, არითმეტიკის ელემენტებს, ფერების გარჩევას, მუსიკას, ხატვას, ანბანს, დამარცვლით კითხვას. ჩვენს ბაღში წელიწადში ორჯერ მშობლებისთვის ღია გაკვეთილი ტარდება. აღსაზრდელს, რომელსაც ჩვენი ბაღის პროგრამა აქვს გავლილი, სკოლაში პრობლემა არ ექნება.

რომელი საათიდან იწყებთ?

ბავშვები ჩვენთან 9-დან 6 სთ-მდე არიან. სამჯერადი კვება გვაქვს. ფასი 250 ლარია. ბაღი ისვენებს შაბათ-კვირას, მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეში. იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებსაც პატარები ქალაქიდან ივლისის თვეში ვერ გაჰყავთ, ბაღის კოლექტივი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

მშობლები უპირატესობას კერძო ბაღს ანიჭებენ თუ სახელმწიფოს?

ეს ოჯახის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ოჯახს თუ აქვს საშუალება, ცდილობს, მისი შვილი კერძო ბაღში მიიყვანოს.

თამარ ბაქრაძე (მშობელი): “2 წელია, 41-ე ბაგა-ბაღში დამყავს შვილები. პატარა სამის, უფროსი კი 4 წლის იყო, როცა ორივემ ერთად აქ დაიწყო სიარული. ერთი სკოლაში მივიდა და მეორე აგრძელებს. ძალიან კარგი პირობებია, რასაც არ ველოდი. აქ კომფორტია, რაც სხვა ბაღებში არ იყო. ყველაფერი კეთილმოწყობილია. პირველი, რაც შევამოწმე, სამზარეულო გახლდათ. იდეალური სისუფთავეა, კვება და მენიუ ძალიან კარგი. შესანიშნავი პედაგოგები ჰყავთ. დირექტორი კი საუკეთესოა. ბაღში ოჯახური გარემოა.”

ფასი რამდენად მისაღებია თქვენთვის?

საერთოდ, ფასიანი რომ არის, ეს მიუღებელია, რადგან მეორე ბავშვიც რომ მყავდეს, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა. სხვა ბაღებთან შედარებით, 55 ლარი მისაღები თანხაა.

ჰყავთ ფსიქოლოგი. ჩემს პატარას პრობლემები ჰქონდა, ბავშვებთან ურთიერთობა უჭირდა, ფსიქოლოგი ძალიან დამეხმარა.
ბავშვი კერძო ბაღშიც დამყავდა, სხვათაშორის, ძალიან კარგ კერძო ბაღში. თუმცა სკოლის წინ მაინც სახელმწიფო ბაღში ჯობს. აქ უფრო სხვა მიდგომაა. კერძო ბაღში წრეებიც იყო და ასწავლიდნენ. მაგრამ თვითონ დაწესებულების ამ სტრუქტურას სხვანაირად ეგუებიან ბავშვები სკოლის წინა პერიოდში. აქ ზუსტად ის გარემოა, რაც მერე სკოლაში დახვდებათ.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნელი says:

    თოჯინების თეატრი ,,ჩიორა” გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!
    გიწვევთ ყოველ შაბათ კვირას 4 სთ–ზე დიდ დიღომში, ი. პეტრიწის 7–ში საბავშვო თოჯინურ სპექტაკლებზე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი