მთავარი » სხვადასხვა

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.03.2011 ერთი კომენტარი | 2,214 ნახვა

grantგანათლების სისტემაში ცვლილებები გრძელდება. 2011 წლიდან სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტით დააფინანსებს.

ახალი სასწავლო წლიდან პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო
დისციპლინების განვითარებაა. სწორედ ამიტომ შეიცვალა გრანტის გაცემის წესი.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ფიზიკოს იური ბაღათურიას:

თქვენი აზრით, ეს ცვლილება გაზრდის თუ არა ინტერესს ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ?

„გარკვეულწილად გაზრდის, მაგრამ ტენდენცია არა მგონია შეცვალოს. თუ ეს წესი იმოქმედებს 3-5 წლის განმავლობაში, მაშინ კიდევ არის რაღაცის იმედი. პრობლემა კომპლექსურია და ერთჯერადი ზემოქმედებით ვეღარ გამოსწორდება; ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის (მეცნიერება, ინფრასტრუქტურა, უმაღლესი სასწავლებლები) შექმნას თაობები და მუდმივი ხელშეწყობა სჭირდება; დანგრევა კი ერთი თაობის განმავლობაში შეიძლება. საქართველოში მეცნიერების დეგრადაცია მინიმუმ 20 წელი გრძელდებოდა და შედეგიც სახეზეა.“

თქვენი აზრით, რატომ გაქრა ინტერესი ამ საგნების მიმართ?
grant
„მე ფიზიკასთან დაკავშირებით უფრო შემიძლია დასაბუთებული პასუხის გაცემა. ინტერესის გაქრობას რამდენიმე ობიექტური მიზეზი განაპირობებს:
პირველი და უმთავრესი – ახალგაზრდას არ უღირს ფიზიკის სწავლა; საკმაოდ რთული დარგია, ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობის “გადახარშვას” მოითხოვს (XX საუკუნეს ფიზიკის საუკუნესაც უწოდებენ); ფიზიკის გარდა კარგად უნდა იცოდეს მათემატიკაც, პროგრამირებაც და რიგი საინჟინრო დარგები (ექსპერიმენტატორმა). 4-5 წელი ყველაფერი ამის ათვისების შემდეგ კი სპეციალობით მუშაობის შანსი ნულის ტოლია! უკეთეს შემთხვევაში – 150-200 ლარი ხელფასი და 50 წლის წინანდელ აპარატურაზე ასეთივე აქტუალობის სამეცნიერო “კვლევა”! იმავე დროში 2-3-ჯერ ნაკლები მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისებით შესაძლებელია ეკონომიკის, ან Iთ სპეციალისტი გახდე და 2-3-ჯერ მეტი ხელფასი მიიღო! მხოლოდ ერთეულები ახერხებენ საზღვარგარეთ წასვლას, როგორც წესი – საუკეთესოები და სამუდამოდ; ეს კი დიდი არაფერი შეღავათია ჩვენთვის.

მეორე მიზეზია ძალზე სუსტი კავშირი ქვეყნის ეკონომიკასა და მეცნიერებას შორის. ეს საბჭოთა იმპერიის დანატოვარია. Qქვეყნის ეკონომიკა სუსტია, მაგრამ ამ დონეზეც კი არაა სამეცნიერო “პროდუქციაზე” მოთხოვნა. სამწუხაროდ არც მეცნიერების მხრიდანაა დიდი მცდელობა ეკონომიკასთან კონტაქტზე გასვლის. მეცნიერება ვერ იქნება მარტო სახელმწიფო დაფინანსების იმედად. მისი მდგრადი განვითარებისთვის ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირი აუცილებელია. საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტების ძირითადი დამსაქმებელი ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს.

მესამე მიზეზია ქვეყანაში თანამედროვე დონის ექსპერიმენტალური კვლევითი ცენტრის არარსებობა. რაც იყო საბჭოთა დროის, განადგურდა, ან დაიკარგა. ახლის შექმნა უზარმაზარ ფინანსებს მოითხოვს. შეიძლებოდა ნაკლები დანახარჯებით თავის დროზე ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე ამის გაკეთება, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ათიოდე წლით დავიგვიანეთ. ცენტრში ასეთი რესურსების მობილიზაცია და სერიოზული სამეცნიერო კვლევის ჩატარება უფრო ადვილი იქნებოდა. ახალგაზრდასაც მეტი სურვილი გაუჩნდებოდა, მეცნიერებისკენ “გაეხედა”, ან საზღვარგარეთ წასული უკან მობრუნებულიყო და აქ კვლევა გაეგრძელებინა.

მეცნიერების დღევანდელი სავალალო სიტუაცია ჩვენი, მეცნიერების, “ბრალიცაა”. საქართველო იმპერიის ნაწილი იყო, მეცნიერებაც შესაბამისი დიდი სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენდა და იმპერიის საჭიროებებზე გახლდათ ორიენტირებული. არ იყო ძნელი მისახვედრი, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მეცნიერებას რეორგანიზაცია და სხვა ორიენტირები დასჭირდებოდა. ეს საქმე თვითონ მეცნიერებს უნდა დაეწყოთ თავის დროზე და შეიძლება დღეს ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვქონოდა.“

იმედია, ეს ცვლილება გაზრდის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესს, გადააწყვეტინებს აბიტურიენტებს ამ მიმართულების სპეციალობებზე ჩაბარებას და სახელმწიფოც დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარების მხრივ შეუწყობს ხელს.

მაგრამ ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელი პროფესია უნდა, ეს ცვლილება აზრს ვერ შეაცვლევინებს, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ:

ხატია ქირია, აბიტურიენტი: „ჩემი აზრით, გრანტების შეზღუდვა არ არის სწორი გადაწყვეტილება. ეს ცვლილება მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობას დაემჩნევა. მე მსურს ჟურნალისტიკაზე ჩავაბარო ამ ცვლილების მიუხედავად. სამწუხაროდ, 100%-იანი გრანტის ვერ მოპოვების შემთხვევაში მომიწევს უფრო ძვირის გადახდა.“

მოწინააღმდეგე მხარე არსებობს, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ზუსტსა და საბუნებისმეტყველო საგნებს „გადარჩენა“ სჭირდებათ.
სახელმწიფო გრანტის გაცემის ახალი პრინციპი 2011-2015 წლების სამოქმედო გეგმაა.

სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. სახელმწიფო მათ უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადი თანხის ნახევარს უფინანსებს.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მაია says:

    ძალიან კარგი, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს,მაგრამ რა ქნას იმ ბავშვმა ,რომელიც არც სოციალურად დაუცველია და არც იმის საშვალება არ აქვს რომ ასეთი დიდი გადასახადები გადაიხადოს,არადა ნამდვილად სწავლა უნდა და შეუძლია,ოღონდ არა საბუნებისმეტყველო საგნები.წინა წლებში ასეთ ბავშვებს ნახევარი დაფინანსების მიღების საშუალება მაინც ჰქონდათ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი