მთავარი » საზოგადოება

სახელმწიფო, ეროვნება და სარწმუნოება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.03.2011 8 კომენტარი | 7,793 ნახვა

ქართველმა ერმა ქრისტეს რჯული, მართლმადიდებლობა ისე შეისისხლხორცა, რომ ქართველობა მხოლოდ ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა. ეროვნება და სარწმუნოება თითქოს იდენტური გახდა და გარკვეული ეპოქის შემდეგ სხვა სარწმუნოების ქართველი ქართველად აღარ მოიაზრებოდა. ამ თემაზე “ამბიონს” ესაუბრა მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.

საქართველოში საუკუნეების მანძილზე თუკი ქართველი სარწმუნოებას შეიცვლიდა, მართლმადიდებლობას უარყოფდა და სხვა რჯულს მიიღებდა, ეს ფაქტი ეროვნების, ანუ ქართველობის დაკარგვად აღიქმებოდა? როგორ მოხდა,,გასომხება’’, ,,გათათრება,’’ ,,გაფრანგება’’ და ა.შ.?
რამ გამოიწვია ეს პროცესები საქართველოში და რა შედეგებამდე მიგვიყვანა?

არა, ასე არ ყოფილა. ძველ საქართველოში უძველესი ხანიდან ვიდრე თითქმის XVI-XVII საუკუნეებამდე (საქართველოს დაშლა-დანაწევრებამდე) ყოველი ქართველი, სარწმუნოებრივი აღმსარებლობის მიუხედავად, ქართველად იწოდებოდა. მაგალითად, ჯერ კიდევ გაქრისტიანებამდე საქართველოში მცხოვრები წარმართები ქართველებად იწოდებოდნენ, ცეცხლთაყვანისმცემლობის შემოღების შემდეგაც მათ კვლავინდებურად ქართველები ერქვათ, მეფე მირიანის დროს, IV საუკუნეში წმიდა ნინომ მთელი ქართველი ერი მოაქცია. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში ნათქვამია, რომ წმიდა ნინომ მოაქცია ,,ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა’’, ე.ი. წმიდა ნინომ გააქრიასტიანა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა. ამის შესახებ წერდა V ს-ის ბერძენი ისტორიკოსი გელასი კესარიელიც: წმიდა ნინომ – ,,ტყვე ქალმა მოაქცია იბერები და ლაზები’’, ამის შედეგად საქართველოს მთელი მოსახლეობა იყო ქრისტიანი და მრევლი საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ ვითარება შეიცვალა, როგორც ითქვა, საქართველოს დაშლა-დანაწევრების შემდგომ, განსაკუთრებით XVII-XVIII სს-ში. ამ დროს საქართველო ერთმანეთს შორის გაინაწილეს ოსმალეთმა და სპარსეთმა. დამპყრობელთა ნებით ქართველთა შორის თანდათან ვრცელდებოდა მუსულმანური სარწმუნეობა. მუსულმანი ქართველები მუსულმანურ სარწმუნოებასთან ერთად ითვისებდნენ უცხო ენასა და კულტურას. იმჟამად, XVII-XVIII სს-ში ოსმალეთსა და ირანში ბატონობდნენ თურქმანული ტომები. მათ მეზობელი ხალხები უწოდებდნენ ,,თათრებს”, ამიტომაც მუსულმან ქართველებს ზოგჯერ არასწორად თათრებადაც მოიხსენიებდნენ. აღნიშნულ საუკუნეებში საქართველოს დაშლა-დანაწევრებამ საფუძველი დაუდო ქართველი ხალხის დენაციონალიზაციის პროცესს, მტრის დევიზის – ,,დაყავი და იბატონეს’’ შესაბამისად. საქართველოს ეკლესია ქვეყნის დაშლა-დანაწევრების მიუხედავად, მაინც ქართველი ერის ძირითადი მაკონსოლიდირებელი ძალა იყო, ამიტომაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოები განსაკუთრებით ებრძოდნენ საქართველოს წმიდა ეკლესიას. ისინი ცდილობდნენ საქართველოს წმიდა ეკლესიის დასუსტებას იმითაც, რომ ართმევდნენ მრევლს. მაგალითად, იმ დროს სპარსეთსა და ოსმალეთში სომხური ეკლესია არ იდევნებოდა მისი ნეიტრალური სარწმუნოებრივი მიმართულების გამო. ისინი არ იყვნენ მართლმადიდებლები, ანუ არ ჰქონდათ ,,ბიზანტიური’’ და ,,რუსული’’ სარწმუნოება, როგორც დამპყრობლები უწოდებდნენ მართლმადიდებლებს.

ამიტომაც სომხური ეკლესია მათთვის შედარებით უფრო მისაღები იყო, ამიტომაც ცდილობდნენ სომხური ეკლესიის მრევლად გადაექციათ ის ქართველები, რომლებიც არ იღებდნენ მუსულმანობას. ასე ხდებოდა მხოლოდ დაპყრობილ მხარეებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და ქვემო ქართლში, სადაც ოსმალებსა და სპარსელებს მტკიცედ ჰქონდათ ფეხი მოკიდებული. ისინი ამავე მიზეზით კათოლიკეებსაც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს, ვიდრე მართლმადიდებლებს. ამ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო, ქართველების ერთი ნაწილი თუ გამუსულმანდა, მეორე ნაწილი გადაიქცა სომხური და კათოლიკური ეკლესიის მრევლად. აღნიშნულის გარდა, ამ ეპოქაში საქართველოს ჩრდილო პერიმეტრზე ჩრდილო კავკასიიდან მასიურად ჩამოსახლდნენ სხვადასხვა ტომები – ლეკები (საინგილოში), ოსები (შიდა ქართლში), აფსუა-ჩერქეზები (აფხაზეთში). მათ გარემოცვაში აღმოჩნდა საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ქართული სოფლები, რის შედეგადაც დაიწყო ქართველების მასიური გალეკება, გაოსება და გააფხაზება. ამასობაში, XIX ს-ში რუსეთმა დაიპყრო საქართველო. შეპირების მიუხედავად, რუსებმა არ აღადგინეს საქართველოს მთლიანობა. ქართველები რუსებისაგან, როგორც თანამორწმუნეებისაგან, ელოდნენ საქართველოს ეკლესიის გაძლიერებას, მაგრამ, პირიქით, რუსებმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმეს. ამ პროცესს ისიც დაერთო, რომ რუს ჩინოვნიკ-მოხელეებს დაავალეს ეროვნებით სომხებად ჩაეწერათ ქართველი გრიგორიანელები, ანუ ეჩმიაძინის სამრევლოში შესული ქართველები. მათ არ იცოდნენ სომხური ენა, მათი დედაენა იყო ქართული, მიუხედავად ამისა, რუსი ხელისუფლება მათ სომხურ სკოლებს უხსნიდა. ამით ქართველების გასომხების პროცესს საბოლოო სახე მისცეს, ასევე, რუსი ხელისუფლება თათრებად და თურქებად მოიხსენიებდა ქართველ მუსულმანებს. მათ კარგად იცოდნენ ქართული ენა, მაგრამ მაინც თურქულენოვან სკოლებს უხსნიდნენ. მაგალითად, მოღწეულია ერთი წერილი, რომელიც ახალციხის ერთ-ერთი სოფლის მუსულმანმა ქართველებმა მისწერეს სერგო ორჯონიკიძეს. ეს ქართველი მუსულმანები წერილში თხოვდნენ მთავრობას, რათა მათთვის გაეხსნათ არა თურქულენოვანი სკოლები, არამედ ქართული, რადგანაც, როგორც თვითონ წერდნენ, მათმა ბავშვებმა მხოლოდ ქართული ენა იცოდნენ. ამ წერილს მთავრობის მოხელემ დაადო ასეთი რეზოლუცია: ,,თქვენ თათრები ხართ, თათრულად ისწავლეთ’’. ასეთი ვითარების გამო, ხალხში ჩაინერგა მცდარი თვალსაზრისი ქართველი მუსულმანების მიმართ.

დიდი ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და სხვა ქართველები XIX ს-ის 80-იან წლებში მთავრობას სწერდნენ, რომ სარწმუნოებრივი აღმსარებლობის მიუხედავად, ქართველი მუსულმანები ჩვეულებრივი ძირძველი ქართველები იყვნენ, მაგრამ რუსულ მთავრობას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, რაც განსაკუთრებით გამოჩდა XX ს-ის 40-იან წლებში, როცა მათი დიდი ნაწილი შუა აზიაში გადაასახლეს.

ასეთ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა ქართველთა დენაციონალიზაციის პროცესმა.

1944 წელს სტალინის მიერ მესხეთიდან გადასახლებული მაჰმადიანი ქართველებიდან და მათი შთამომავლებიდან (რომელიც დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ასევე ა.შ.შ.-სა და თურქეთში) ძალიან ბევრს სურს ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნება. მაგრამ მათი ყველაზე დიდი პრობლემაა რელიგიური შიში. ფიქრობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას თუკი დაიბრუნებენ ქართულ გვარს და აღიარებენ, რომ ქართველები არიან, ეს გაიგივდება გაქრისტიანებასთან. მათ ჰგონიათ, რომ ქრისტიანობას იძულებით მიაღებინებენ. რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

მაჰმადიანი ქართველები, ჩემი აზრით, უნდა მოიქცნენ ისევე, როგორც ისინი მოიქცეოდნენ, ვთქვათ, საფრანგეთის მოქალაქეები რომ გამხდარიყვნენ. ამ შემთხვევაში მათ უნდა ესწავლათ ფრანგული ენა, გაეთავისებინათ ფრანგული კულტურა და ისტორია, გადაქცეულიყვნენ საფრანგეთის პატრიოტებად, თუმცა კი საფრანგეთის სახელმწიფო არ დაინტერესდებოდა მათი სარწმუნოებრივი აღმსარებლობით.

ასევე, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივესალმოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ იმ მაჰმადიან ქართველებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესში სწავლობენ ქართულ ენას, იბრუნებენ ქართულ კულტურას და ისტორიული სამშობლოს სიყვარულს. ეს არის მათ მიმართ ჩემი რჩევა.

დღესაც ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ადამიანის ეროვნებას განსაზღვრავს მისი რელიგიური აღმსარებლობით და ზოგადად, თუკი პიროვნება, საქართველოს მოქალაქე არ არის მართლამდიდებელი, ამასთანავე, ეთნიკურადაც არაქართველია, იგი ქართული კულტურისა და ქართული საზოგადოების სრულუფლებიან წარმომადგენლად არ აღიქმება.
ეს ფაქტი როგორ აისახება ერთიანი ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში?
რა გზით უნდა განვითარდეს ქართული საზოგადოება?

(მაგ. თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკა – თურქეთის ყველა მოქალაქე აღიქმებოდა თურქად და ერთიანი თურქული კულტურის წარმომადგენლად, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა).

თქვენ მართალი ბრძანდებით. ქართველი კაცის ეროვნება არ უნდა განისაზღვროს რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი და სხვა მოღვაწეები აქტიურად იღწვოდნენ, რათა მუსულმანი და სხვა აღმსარებლობის ქართველები ქართველი ერის განუყრელ ნაწილად მიეჩნია რუსეთის ხელისუფლებასა და იმჟამინდელ საზოგადოებას. მათ მართლაც მიაღწიეს წარმატებას. თუ გადავშლით ქართულ პრესას 1921 წლამდე, ჩვენ ვნახავთ, რომ გაზეთებში განუწყვეტლივ იბეჭდებოდა სტატიები ამ თემის ირგვლივ. კერძოდ, რომ აღმსარებლობის მიუხედავად, ქართველობა შეადგენს ერთიან ერს, მაგრამ ვითარება შეიცვალა 1921 წლიდან, როდესაც რუსებმა ხელმეორედ დაიპყრეს საქართველო. ამის შემდეგ ქართველ მუსულმანებს ხელისუფლება უნერგავდა თურქულ თვითშემეცნებას, შესაბამისად, მესხეთში თითქმის ყველა სოფელში გახსნეს თურქულენოვანი სკოლები და პედაგოგებს ამ სკოლებისათვის საგანგებოდ იწვევდნენ აზერბაიჯანიდან, რისთვისაც არ ენანებოდათ დიდი თანხების დახარჯვა, რის შედეგადაც აღიზარდა მაჰმადიანი ქართველების ახალი თაობა თურქული თვითშემეცნებით. ასე რომ, რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობდა ქართველი ერის სხვადასხვა ტომებად დაშლასა და ასევე, ქართველი ერის დენაციონალიზაციას.

ამჟამად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების კვალდაკვალ უნდა დაიწყოს მთელი საქართველოს ინტეგრაცია. საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს ერთიანი ქართული კულტურით, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა ისინი უნდა გადაიქცნენ საქართველოს შვილებად. ამ ინტეგრაციის საშუალება არის ქართული ენა და ქართული კულტურა. თუკი საქართველოს მოქალაქეებს, მათი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, არ ექნებათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, ანუ საერთო ენა, მაშინ ისინი ერთმანეთთან გაუცხოვდებიან და ჩაიკეტებიან თავიანთ ვიწრო ეთნიკურ ნაჭუჭში. მათ არ ეცოდინებათ ერთმანეთის ამბები და მათთვის უცხო იქნება ერთმანეთის კულტურა, ამჟამად, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სხვადასხვა წარმოშობის მოქალაქეებს ერთმანეთთან აერთიანებს რუსული ენა და რუსული კულტურა. რუსული ენა ყველამ იცის და საქართველოში ეთნოსთა შორის ურთიერთობის ფაქტიური საშუალებაა. რადგანაც დღეს აღორძინდა საქართველოს სახელმწიფო, ამიტომაც საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა შორის ურთიერთობის საშუალება უნდა იყოს არა უცხო რუსული ენა, არამედ სახელმწიფო ქართული ენა.

თქვენ სწორად აღნიშნავთ, ასეთი რეფორმა თურქეთშიც განახორციელა ათათურქმა და მის შემდეგ თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკა ასეთია.
თურქეთის ყველა მოქალაქე აღიქმება თურქად და ერთიანი თურქი ერის ნაწილად მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ასევე არის უცხოეთის ყველა სხვა თანამედროვე სახელმწიფოში. მაგალითად, არსებული წესის შესაბამისად, საფრანგეთის ყველა მოქალაქემ, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა იცოდეს ფრანგული ენა, გათავისებული უნდა ჰქონდეს ფრანგული კულტურა და უნდა იყოს საფრანგეთის პატრიოტი. ასეთია თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოთა მოწყობის სტანდარტული წესი.

თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების მოწყობის აღნიშნული წესებიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ საქართველოს ვთვლით თანამედროვე სახელმწიფოდ, მაშინ მისი ყველა მოქალაქეც უნდა ფლობდეს სახელმწიფო ქართულ ენას, გათავისებული უნდა ჰქონდეს ქართული კულტურა და იყოს საქართველოს პატრიოტი.

საბედნიეროდ, მართლაც, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი თუ სომეხი ახალგაზრდები და სხვები ინტენსიურად ცდილობენ, ისწავლონ ქართული ენა და დაუახლოვდნენ ქართულ კულტურას, მაგრამ მათ ამ წმიდა საქმეში, სამწუხაროდ, ხელს უშლის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ზოგიერთი მოხელე-ჩინოვნიკი, ასევე, ზოგიერთი ჟურნალისტი და ინტელიგენტი იმით, რომ ისინი არ ცდილობენ ქართული ენის გავრცელებას ინფორმაციის მასიური საშუალებებით – რადიო-ტელევიზიითა და ინტერნეტით. მაგალითად, იმის მაგიერ, რომ ამ საშუალებებით განივრცოს სახელმწიფო (ქართული) ენა, პირიქით, საღამოს საათებში საქართველოს ტელევიზიის ყველა არხი ინგლისურენოვან ფილმებს აჩვენებს. ეს მოვლენა იმდენად მასიურია, რომ არათუ საქართველოს აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრები ქართველი ბავშვებიც ვერ სწავლობენ და ვერ ითვისებენ ტელევიზიით სალიტერატურო ქართულ ენას და სკოლის დამთავრების შემდეგაც ისინი კუთხური დიალექტით საუბრობენ, ტოვებენ საქართველოს და უცხოეთში გადიან სამუშაოს საძებრად, სადაც მათ ქართულის ეს ცოდნაც ავიწყდებათ.

თანამედროვე ქართული კულტურა ამჟამად რომ იყოს სათანადო სიმაღლეზე, შეძლებდა იმგვარივე ეროვნულ-კულტურული რეფორმების გატარებას, რაც თურქეთმა შეძლო ათათურქის, რუსეთმა – პუშკინის, გერმანიამ – ლუთერისა და შემდგომ ბისმარკის, იტალიამ – გარიბალდის დროს. მათ ეპოქაში ყველა ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა და განივრცო სახელმწიფო ენები და მათი ქვეყნები მოიცვა ერთიანმა ეროვნულმა კულტურამ. ასეთი კულტურული რევოლუცია საქართველოში განახორციელა ჯერ კიდევ ფარნავაზ მეფემ. ქართლის ცხოვრების ცნობით, ამ რეფორმის შემდგომ საქართველოში სხვა ენა ,,არა იზრახებოდა თვინიერ ქართულისა და ფარნავაზმა შექმნა მწიგნობრობა ქართული.” მას შემდეგ საქართველოს ყველა კუთხეში მხოლოდდამხოლოდ ქართული ენა წარმოადგენდა ადმინისტრაციის, კულტურული ურთიერთობის საშუალებას და ქართული ენა იცოდა საქართველოს ყველა მოქალაქემ ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად.

მრავალ წყაროში არის დაბეჯითებული ცნობები, რომ ქართული ენა შესანიშნავად იცოდნენ თბილისელმა და სხვა კუთხეთა სომხებმა, საქართველოს აზერბაიჯანელებმა, აფხაზთა თუ ოსთა დიდებულებმა და კულტურულმა ფენებმა. ქართული ენა იყო საქართველოს მოსახლეობის ე.წ ,,ლინგვა ფრანკა’’, ანუ საერთო ენა.

ქართული ენის ასეთი მდგომარეობა შეიცვალა მე-19 საუკუნიდან და როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად, საქართველოში ნამდვილი ,,ლინგვა ფრანკა’’ არის რუსული ენა. ეს არის სამწუხარო მდგომარეობა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფომ და მისი კულტურის მოღვაწეებმა კვლავ უნდა გადააქციონ ქართული ენა საქართველოს საერთო სახალხო ენად. ეს აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაციისთვის. თუ ასე არ მოხდება, საქართველო ეთნიკურ რეგიონებად დაიყოფა.

ამ საფრთხეს გრძნობენ უცხოური გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი. მათ რამდენჯერმე, ამ ბოლო წლების მანძილზე, აცნობეს თავიანთი ეს შეშფოთება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, რომ ქართული ენის გავრცობის გზით ეზრუნათ საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაციაზე. ჩვენმა ორგანოებმა კი ეს მოწოდება, რა თქმა უნდა, ფორმალობად გადააქციეს: ერთი-ორი ქართული ენის მასწავლებელი გაგზავნეს რეგიონებში და მათაც მალე სუბსიდიები შეუწყვიტეს. ამ მოხელეებმა კარგად იციან, რომ ქართული ენის გავრცელების ყველაზე კარგი საშუალება არის თანამედროვე საინფორმაციო ელექტრონული საშუალებები: რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი. ცნობილი უცხოელები თავიანთი მაგალითითაც ცდილობდნენ ქართველი ინტელიგენციის გამოფხიზლებას. მაგალითად, ბრიტანეთის ელჩმა საგანგებოდ შეისწავლა ქართული ენა და ყველას ქართულად ესაუბრებოდა, თუმცა ჩვენი ზოგიერთი ჟურნალისტი, წახალისების ნაცვლად, კითხვებს რუსულ ენაზე უსვამდა.

ქართული ენა შეისწავლეს აგრეთვე უცხოეთის სხვა საელჩოთა და მთავრობათა წარმომადგენლებმა, მაგრამ ისინი მალევე მიხვდნენ, რომ საქართველოში ქართული ენის ,,ლინგვა ფრანკად’’ გადაქცევას ქართველთაგან არავინ ცდილობდა.

ასეთია ამჟამინდელი მდგომარეობა. საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაცია-ინტეგრაციის ეს მძლავრი საშუალება – ქართული ენა და ქართული კულტურა – უყურადღებოდ არის მიტოვებული.

ესაუბრა ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • გვანცა says:

    ძალაინ საიტერესო თემას ეხება მეუფე. სამწუხაროა, რომ ქართული ენას აქვს ოფიციალურიად სახელმწიფო ენის სტატუსი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ყურადგება არ ექცევა. არადა ენა რომ ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელია.
    მე მაქვს შეხება აზერბაიჯანელ და სომეხ ბავშვებთან, რომელთაც ვასცავლი ქართულ ენას. ისინი ძალიან დიდი მონდომებით სწავლობენ ქართულს, თუმცა აოცებთ ბევრი რამ თვით ქართველებისა ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ენის დამოკიდებულების მიმართ.
    სამწუხაროდ, მე ხშირად პასუხი არა მაქვს მათ კითხვებზე. მაგალითად, როდესაც ისინი კინოში წავიყვანე ერთ-ერთი უცხოური ფილმის სანახავად, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ფილმი რუსულ ენაზე დუბლირებული იყო და დარბაზში მყოს არცერთ ქართველს არ აწუხებდა ეს ფაქტი. გაოცებულები მეკითხებოდნენ, რუსეთი ხომ ჩვენი მტერია და რატომ აჩვენებენ ჩვებნს კინო-თეატრებში რუსულად ფილმებს, ქართულად რატომ არ თარგმნიანო. ჩვენ არ გვინდა, რომ ქართველებსა და ჩვენ შორის საკონტაქტო ენა იკოს სხვა, და მით უმეტეს რუსულიო. კარგი იქნება თუ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, ჩვეულებრივი მოსახლეობაც დაფიქრდება იმაზე, რომ ენა სარწმუნეობასთან ერთად არის ერის მყოფადობის აუცილებელი ნაწილი.

  • ნესტანი says:

    სახელწიფომ რა ღონისძიებებიც არ უნდა გაატაროს, მთავარი მაინც საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაა ამ საკითხთან, ყველამ უნდა გავითავისოთ ის რაც მეუფემ ბრძანა:

    “ამჟამად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების კვალდაკვალ უნდა დაიწყოს მთელი საქართველოს ინტეგრაცია. საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს ერთიანი ქართული კულტურით, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა ისინი უნდა გადაიქცნენ საქართველოს შვილებად. ამ ინტეგრაციის საშუალება არის ქართული ენა და ქართული კულტურა.”

  • მუსლიმი აჭარელი says:

    აბა ყველა აიკვიატა დღეს მამული ენა სარწმუნოება, დიახ მამული ენა სარწმუნოება, მეც ეგრე მჯერა მაგრამ მე ჩემი სარწმუნოება მიყვარს და იქ არ წერია მამული ენა მართლმადიდებლობა-ო.
    კაი ეს არაფერია. დღეს ჩვენ დიდი სიყვარული გვჭირდება სამშობლოს სადარაჯოზე, არა ღვარძლიანობა შური და სიძულვილი.
    გონს მოვეგოთ მეგობრებო და მუსლიმი ქართველები ისეთები გვიყვარდეს როგორებიც არიან, ასევე აქვე მინდა დავამატო, მათი შეზღუდვები ნუ კეთდება საქმე უარესდება და ჩვენი მტერი უფრო მეტს აკეთებს იმისათვის საქართველო დაქუცმაცდეს.
    მიყვარხართ ყველა ქართველებო.
    მუსლიმებს თავისუფლება საქართველოში!

  • იოზი says:

    ქრისტიანი და კატოლიკის სიყვარული ანუ ერმანეტ რო შეუყვარდეთ არშეილება ? pasasuxet ra vinmem

  • გოჩა says:

    “ქართველმა ერმა ქრისტეს რჯული, მართლმადიდებლობა ისე შეისისხლხორცა, რომ ქართველობა მხოლოდ ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა.”
    ეგეთი ღლეობა როგორ უნდა თქვას ადამიანმა?
    აბსოლულუტურად კოსმოპოლიტური რელიგია, როგორიც ქრიტიანობაა, როგორ შეიძლება პარალელურად გახდეს რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან იდენტობის ნიშანი?

    • მოძღვარი says:

      შვილო თავი შეიკავე ბილწსიტყვაობისგან!
      ჩემი რჩევაა გოჩა, ჯერ კარგად გაერკვიეთ სტატიის სულისკვეთებაში, ბოლომდე წაიკითხეთ და შემდეგ გამოთქვით თქვენი აზრი.
      ეგ ციტატა რაც თქვენ მოიტანეთ არა დოგმატურია, უბრალოდ იგი ასახავს ქართველი ერის მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულებას და მის ისტორიულ ერთგულებას ამ სარწმუნოებისადმი.

  • აკაკი says:

    აბსოლუტურად მართალს ბრძანებს მეუფე.მართლაც მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობენ, რომ დაღი დაასვან როგორც ქართულ კულტურას ისე მართლმადიდებლობას, ამიტომ ხდება ის რაც ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უყვარს მისი ისტორია და საუბრობს ქართულად ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩამოვართვათ ან შეუზღუდოთ სრულფასოვნება როგორც საქართველოს მოქალაქისა. პირიქით უნდა ვცდილობდეთ რომ შევაყვაროთ და დავაინტერესოთ ჩვენი ისტორიით, კულტურით, სარწმუნოებით და დარწმუნებული ვარ სულ სხვა სურათს მივიღებთ. მხოლოდ ურთიერთ სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს და გაგვაძლიერებს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.