მთავარი » საზოგადოება

სახელმწიფო ენის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ცხოვრებაში

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 16.01.20122 კომენტარი | 2,269 ნახვა

სახელმწიფო ენა – საქართველოში მოსახლეობის ინტეგრაციის, სამოქალაქო-საზოგადოებრივი ერთიანობის მიღწევისა და კონფლიქტების დარეგულირების საშუალება

“ამბიონს” მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ესაუბრა:

მეუფე ანანია “საქართველოს წმიდა ეკლესია ათასწლეულთა მანძილზე იყო და არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებელი მნიშვნელოვანი ძალა. ყოველი დამპყრობელი იმპერია ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ქართულ საეკლესიო სისტემას ანადგურებდა. ასე მოიქცა რუსეთის იმპერია XIX ს-ში, როცა ავტოკეფალიაც გააუქმა.

ფენა – ინტელიგენცია სრულიად დაიმორჩილა საბჭოთა სისტემამ. ერთადერთი საქართველოს ეკლესია ემიჯნებოდა “ბოროტების იმპერიას”. ამის დავიწყება არ შეიძლება!

ევროპული ღირებულებები ეფუძნება ქრისტეს წმიდა მცნებებს, ქრისტიანობას, მასზეა აგებული ევროპული ცივილიზაცია. წმიდა ნინოსა და მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა, ამით საქართველო გადაიქცა ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად, აღმოსავლეთში მის ფორპოსტად, რადგანაც კავკასიაში მხოლოდ საქართველო იყო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო ბოლო ათასწლეულში.

ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს ევროპის ისტორიული გამოცდილებიდან. ეს ითქმის იმ დამოკიდებულების შესახებაც, რომელიც არსებობს ევროპაში სახელმწიფო ენების მიმართ.

ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო ენა გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციისათვის, სახელმწიფო ენის გათავისებით ისინი გადაიქცევიან ერთიანი, მთელი ქვეყნის მომცველი კულტურის თანამონაწილეებად.

მთელი ქვეყნის მომცველი ერთიანი კულტურის ჩამოყალიბებას ევროპულ ქვეყნებში თავისი ისტორია გააჩნდა.
შუა საუკუნეთა ასწლოვანმა და სხვა მრავალმა ომმა ევროპა დათრგუნა. განათლებულ XIX საუკუნეში პოლიტიკოსები ეძებდნენ გზებს, რათა შეწყვეტილიყო ომები და მშვიდობას დაესადგურებინა. ამ მიზნით XX ს-ში შეიქმნა “ერთა ლიგა” და “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია”, რომელთა მთავარი დანიშნულება იყო ერთაშორისი მშვიდობა.

მშვიდობის მისაღწევი საშუალებების ძიებისას მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ომების ძირითადი მიზეზი იყო თვითგამორკვეულ ერთა მისწრაფება საკუთარი სახელმწიფოს დასაფუძნებლად. საერთაშორისო საზოგადოება თანდათან დარწმუნდა, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭირო იყო, ყოველ ერს ჰქონოდა საკუთარი სახელმწიფო.

“ყოველ ერს – საკუთარი სახელმწიფო”, – ეს დევიზი თანდათან იქცა რეალობად. დიდმა იმპერიებმა გაათავისუფლეს ყოფილი კოლონიები და იქ მცხოვრებ ერებს საკუთარი სახელმწიფოები ჩამოუყალიბეს. ევროპაშიც მრავალი ახალი სახელმწიფო შეიქმნა იქ მცხოვრები ყოველი ერისათვის. ეს პროცესი მსოფლიო მშვიდობის კარგი საშუალება აღმოჩნდა.

მაშასადამე, ერთა მიმართ თანამედროვე ევროპული დევიზი ასეთია: „თითოეულ ერს – საკუთარი სახელმწიფო“ საყოველთაო სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. მართლაც, თვითგამორკვეულ ერებს მიეცათ კიდეც საკუთარი სახელმწიფოები, რომელთა საზღვრები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ.

ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: თუკი ყოველ ერს მიეცემა საკუთარი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს შიგნით მცხოვრებ ეთნოსებს ხომ არ მიენიჭებათ იგივე უფლება საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა? ხომ არ წარმოშობს ასეთი წესი დესტაბილიზაციის ახალ კერებს?

ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია ჩამოყალიბდა ასეთი წესი: როცა რომელიმე ერს მიეცემა საკუთარი სახელმწიფო აღიარებული საზღვრებით, ამ დომინანტმა ერმა უნდა შეძლოს თავისი სახელმწიფოს შიგნით მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაცია, მათი კულტურული გაერთიანება და სახელმწიფოს ერთგულ მოქალაქეებად გარდაქმნა საკუთარი ენისა და კულტურის განვრცობით. მაგალითად, ვთქვათ, საფრანგეთში ფრანგმა დომინანტმა კულტურულმა ძალამ უნდა შეძლოს იქ მცხოვრები, თუნდაც, არაბების ან სხვა ეთნოსების შეყვანა ფრანგული კულტურის წიაღში ფრანგული ენის შეთვისებით, მისი გათავისებით. ამიტომაცაა, რომ საბერძნეთში ბერძნული ენა მისი ყოველი მოქალაქის ინტეგრაციისა და კონსოლიდაციის, ეთნიკური კონფლიქტებისაგან გათავისუფლებისა და სამოქალაქო ერთიანობის მიღწევის საშუალება და საბერძნეთის ყოველი მოქალაქის ენაა. ასეა ყველა ქვეყანაში. სამოქალაქო ერთიანობა მხოლოდ სახელმწიფო ენის გავრცელების შედეგად მიიღწევა.

მაგალითად, ამჟამინდელ საქართველოში, როგორც ცნობილია, მთელი რეგიონები არსებობს, სადაც სახელმწიფო ენა არ არის ამ რეგიონების მოსახლეობის ენა. ქართული ენა ამ რეგიონებში არც იციან. ევროპული ტიპის ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა მიუღებელია. ევროპულ ქვეყნებში ქვეყნის დომინანტ ერებს ავალდებულებენ, თავიანთი ენითა და კულტურით გაამთლიანონ ქვეყნის მოსახლეობა, აქციონ ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებად.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნემდე, რუსების შემოსვლამდე ქართული ენა იცოდა საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა, თბილისელი სომხები და საერთოდ საქართველოში მცხოვრები სომხები შესანიშნავად ფლობდნენ ქართულს. ასევე, ოსების, მუსულმანებისა და აფხაზების განათლებული ფენებიცა და საზოგადოდ, ხალხიც. უფრო მეტიც, რუსების შემოსვლამდე ქართული ენა მთელი კავკასიისათვის ერთაშორისი ურთიერთობის ენა იყო. მაგრამ საქართველოში ორსაუკუნოვანი ბატონობის შემდეგ, XXI საუკუნეში, როგორც ითქვა, ქართული ენა არ იციან, ანდა ძალზე ცუდად იციან საქართველოში მცხოვრებმა ეთნოსებმა. ევროპული მიდგომა ამ საკითხისადმი გვავალდებულებს, სახელმწიფო ქართული ენის საშუალებით ქვეყნის ერთგულ და შემოქმედ მოქალაქეებად გავაერთიანოთ ყველა ეთნოსი, სახელმწიფო ქართული ენის საშუალებით უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღწევა, მოსახლეობის ინტეგრაცია, ეთნოგაუცხოების დაძლევა. კონფლიქტების ერთ-ერთი წყარო გაუცხოებაა, როცა ეთნიკურმა ჯგუფმა, იმის გამო, რომ არ ფლობს სახელმწიფო ენას, არ იცის დომინანტი ერის მიზნები, მისწრაფებები, ის გაუცხოებულია და უცოდინარობის გამო უნდობლობითაა განმსჭვალული, ამ დროს შეუძლებელია სამოქალაქო მთლიანობის მიღწევა. ამასთან დაკავშირებით, მისასალმებელია ჩვენი სახელმწიფოს მეცადინეობა, რათა სახელმწიფო ენა გავრცელდეს რეგიონებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა მეტი მუშაობა.

როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, ვიცნობ ამ რეგიონს. წალკის რაიონში ცხოვრობდა 80 000-მდე ბერძენი, ქართული ენის უცოდინარობის გამო 90-იან წლებში ისინი უნდობლობით განეწყვნენ საქართველოს მიმართ, საბოლოოდ კი დაუბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოს. ერთი წალკელი ბერძენი ქალბატონი ამბობდა, რომ ამ გაუცხოებისა და ხალხის ტრაგედიის მიზეზი იყო სახელმწიფო, რომელმაც მათ სკოლებში არ ასწავლა ქართული ენა, არ გააცნო ქართული კულტურა. ამჟამადაც, რეგიონები ითხოვენ და სურთ, შეისწავლონ ქართული ენა. რუსეთის იმპერია ჩვენს ეთნოსებს მიზანმიმართულად არ ასწავლიდა ქართულ ენას, რასაც მოჰყვა გაუცხოება და კონფლიქტები. ამის თავიდან აცილება შეიძლება ქართული სახელმწიფო ენის განვრცობით.

საჭიროა გამოიყენონ მასმედიის საშუალებები. კომუნისტების მმართველობის დროს რადიო და ტელესივრცის ძირითადი ნაწილი ეჭირა რუსულენოვან გადაცემებს. ახლა საჭიროა ეს სივრცე შეივსოს არა ინგლისური ენით, არამედ ქართული ენით, ქართულენოვანი გადაცემებით, ქართულენოვანი ფილმებით, ქართული სიმღერებით, მუსიკით. ყოველ დომინანტ ერს, როგორც ითქვა, ევალება საკუთარი ენის განვრცობა საკუთარ სახელმწიფოში – ეს მოვალეობა ჩვენც უნდა შევასრულოთ. ამას გვავალებს ევროპის სახელმწიფოებრივი გამოცდილება. ეს ჩვენი ვალდებულებაა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ევროპა არ ითხოვს ჩვენს ბილინგვიზმს, ევროპა ითხოვს საქართველოში მშვიდობას, მის სტაბილურობას, აქ კი ასპარეზი ეხსნება ქართულ ენასა და კულტურას. საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაცია ერთიანი კულტურით – ეს ჩვენი ვალია. ეს ჩვენ უნდა შევძლოთ!

ამჟამად, ქვემო ქართლსა თუ ჯავახეთში ქართული კულტურით კი არ მთლიანდება საზოგადოება, არამედ რეალურად ერთაშორისი ურთიერთობის ენა რუსულია. აი, აქ არის საჭირო ქართული კულტურის გაძლიერება. მუშაობა, რათა ქართული ენა კვლავაც გადაიქცეს საქართველოში ყველა კუთხის მოსახლეობის ენად და ქართულმა კულტურამ კვლავაც გააერთიანოს საქართველო, ამინ!”

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

2 კომენტარი »

  • მარიამი says:

    სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს მეუფე ანანია ჯაფარიძე, ქართული ენა კვლავაც უნდა გადაიქცეს საქართველოში მცხოვრები ყველა კუთხის მოსახლეობის სახელმწიფო და სავალდებულო ენად.

  • meme says:

    ეს წაიკითხოს განათლების ახალმა მინისტრამ, აზრზე რომ არაა, რა როლი აქვს სახელმწიფო ენას ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და საერთოდ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში!! ეგ უვიცი… პ.ს. არც მანამდე გვყავდა ვარსკვლავთ ბიჭუნა მინისტრები, მაგრამ ეს უკვე მარაზმიაა, როცა განათლების მინისტრი აცხადებს რომ, “საქართველოში საუკუნეების მანძილზე 2 ენოვანი კულტურა არსებობდა”.. იდიოოოტ!!

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.