მთავარი » ქრისტიანობა

სახარების ხელახალმა აღწერამ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოავლინა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2017 | 3,111 ნახვა

სახარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი სახარების (ფონდი 1446, ხელნაწერი 26) ახალ აღწერილობაზე მუშაობისას დადგინდა, რომ ხელნაწერი, ძირითადად, შედგება პალიმფსესტური ფურცლებისაგან, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.

სახარება სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს გამხდარა. ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან არის შემოტანილი, შესრულებულია ეტრატზე და საუცხოო მინიატურებით გამოირჩევა. არსებულ აღწერილობებში ის მე-14 საუკუნის სახარებად არის მოხსენიებული.

ხელნაწერის პალიმფსესტური ფურცლები არის როგორც ორფენიანი, ისე სამფენიანი: ზედა ორი ფენა ნაწერია ნუსხურით, ხოლო ქვედა, მესამე ფენა – ასომთავრულით. ზედა ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელის სახარებაა, ხოლო ქვედა – მესამე – ფენის იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ხელნაწერი მრავლად შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერებს, რომელთა ნაწილი ნაწერია ნუსხურით, ხოლო ნაწილი – მხედრულით.

ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ხელნაწერის ერთი ფენის გადამწერი ვინმე გიორგია, მომგებელი – ბერი ესტატე. სახარების ერთ-ერთი გვერდის არშიაზე დაახლოებით XVI-XVII საუკუნეების ხელით მითითებულია, რომ ხელნაწერი მფლობელს თორმეტ მარჩილად შეუძენია.

ამგვარად, სახარება შეიცავს IX-X, XII-XIII, XIV, XVI-XVII საუკუნეებში ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით გადაწერილ ფურცლებს, ასევე დაახლოებით XIV საუკუნეში მოხატულ მინიატურებსა და თავსამკაულებს.

ხელნაწერი ამჟამად ნომინირებულია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შესატანად.

ხელნაწერთა ახალი აღწერილობების პროექტი ეროვნულ არქივში 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია განაახლოს ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ 1000-მდე ხელნაწერს ეხება. პროექტის ფარგლებში 2016 წელს 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოიცა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღწერილობების მეორე ტომზე.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).