მთავარი » ქრისტიანობა

საუკუნოვანი გამომხსნელობითი ეპოქა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2013 | 1,509 ნახვა

“უფალმა ცხონების კარიბჭე გაგვიხსნა… შევალთ თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული…”

უფლის განკაცებამდე ყველა ადამიანი წარწყმედაში მიდიოდა. მეორე ჰიპოსტასის განკაცების შემდეგ ყველას მიეცა შესაძლებლობა ცხონებისა. უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლა მანამდე ამის შესაძლებლობა არავის არ ჰქონდა. მაცხოვრის გამომხსნელობითი მოღვაწეობის აღსრულებამდე, ყველა ადამიანის სულისთვის ჯოჯოხეთში ჩასვლა იყო განწესებული.

მაცხოვრის განკაცების შედეგის შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე ესაუბრა:

“მაცხოვარი კაცთა გამოსახსნელად შესაბამის დროს და შესაბამისი ფორმით განკაცდა, რომ მიზანი მიღწეული ყოფილიყო.

შედეგი გახლდათ ის, რომ ჯოჯოხეთი შეიმუსრა. მაცხოვარის კაცობრივი სული ჩადის ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს ისინი, რომლებიც მის განკაცებამდე ჯოჯოხეთის ტყვეებად იყვნენ დამკვიდრებულნი, ე. ი. მართალთა თაობები მის განკაცებამდე ანუ კრებული საუკუნითგან დაძინებული წმიდანებისა.

ქრისტეს განკაცებას ვაღიარებთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, რეალობად და არა ქიმერად და ზმანებად. მაცხოვარი ჭეშმარიტად ჩაისახა კაცობრივად და ჭეშმარიტად იშვა კაცობრივად, ვინაიდან სწორედ ჭეშმარიტად ხორცშესხმულ ღმერთს ეწოდება იესო ქრისტე. იესო ქრისტე არ ერქვა ძე ღმერთს განკაცებამდე. კაცობრივი ბუნება მან ჭეშმარიტად მიიღო, კაცობრივად ჭეშმარიტად ჩაისახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წიაღში, ჭეშმარიტად იშვა მისგან, იყო ბავშვი და როგორც წმ. ანასტასი სინელი გვეუბნება, ბავშვობის ჟამს ჭეშმარიტად არაერთგზის იტირა ბავშვური გულუბრყვილო ტირილით (რა თქმა უნდა, ინება და იტირა), ჭეშმარიტად აღიზარდა, მოინათლა, ჯვარს ეცვა, ჭეშმარიტად მოკვდა ჯვარზე (ანუ მისი კაცობრივი სული ჭეშმარიტად განშორდა მის კაცობრივ სხეულს), ჭერშმარიტად დაიდო სხეულით სამარედ როგორც კაცი.

ადამიანის სულისა და ხორცის გაყრა – ესაა სიკვდილი. მაცხოვარი ჯვარზე, კვლავ აღვნიშნავთ, ადამიანური ბუნებით მოკვდა. მისი კაცობრივი სული გაეყარა კაცობრივ სხეულს. კაცობრივი სხეულით მაცხოვარი სამარედ დაიდო, ხოლო კაცობრივი სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა. როდესაც მისი სხეული სამარედ დაიდო, წესით უნდა გახრწნილიყო და დაშლილიყო სტიქიონებად, რადგან ჩვენი სხეული ჰქონდა. მაგრამ არ გახრწნილა იმ მიზეზით, რომ, ჩვენგან განსხვავებით, მისი კაცობრივი სხეული ღმერთ-ჰიპოსტასთან იყო განუყრელად შეერთებული, ღმერთ-ჰიპოსტასის ანუ განკაცებული ღმერთის სხეული იყო (და არის მარადიულად). მისი კაცობრივი სხეული ღვთის სხეულია და ასეც ეწოდება მას: ღვთისსხეული – თეოსომა. სწორედ ეს განასხვავებს მის სხეულს მდგომარეობითად ჩვენგან, რადგან მართალია, მისი სხეული ჩვენი სხეულის მსგავსად ექვემდებარებოდა სტიქიონებად დაშლას და მით უმეტეს, გაეყარა რა კაცობრივ სულს და მოკვდა, უნდა გახრწნილიყო, მაგრამ გაეყარა რა კაცობრივ სულს, არ გაჰყრია ღმერთ-ჰიპოსტასს.

ამრიგად, ღმერთ-ჰიპოსტასმა მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ მიიღო კაცობრივი სხეული და სული. ესენი, ჯვარზე სიკვდილისას, ერთმანეთს კი გაეყარნენ, მაგრამ ღმერთ-ჰიპოსტასთან კვლავ განუწყვეტელი კავშირი შეინარჩუნეს და ამ ჰიპოსტასთან უცვლელი შეერთებულობის ძალით, ერთი მხრივ, სხეული, თუმც სამარედ დადებული, არ გახრწნილა, მეორე მხრივ კი, კაცობრივი სული ვერ შთანთქა ჯოჯოხეთმა; პირიქით, თავად ჯოჯოხეთი დაირღვა და შეიმუსრა.

ჯოჯოხეთში ჩასვლა, მაცხოვრის გამომხსნელობითი მოღვაწეობის აღსრულებამდე, ყველა ადამიანის სულისთვის იყო განწესებული. ყველა კაცობრივი სული ჯოჯოხეთმა გადაყლაპა, შთანთქა და დაიმონა. ეგონა, რომ ამასაც ასე დაიმონებდა, ჩათვალა რა მაცხოვრის კაცობრივი სული ჩვეულებრივი ადამიანის სულად. რა თქმა უნდა, ქრისტეს კაცობრივი სული ყოვლითურთ ადამიანური სულია, მაგრამ განსხვავება ისაა, რაც უკეთურებამ ვერ განჭვრიტა – ეს ადამიანური სული შეერთებული იყო (და მარადიულად არის) ღმერთ-ჰიპოსტასთან, ბუნებით ღმერთთთან. ღმერთჰიპოსტასის ანუ ბუნებითი ღმერთის ჩაყლაპვა ჯოჯოხეთისგან წარმოუდგენელია და შეუძლებელს ეცადა რა იგი, თვითონ დაირღვა და საუკუნითგან შთანთქმულნი მართალნი ‘წარმოსთხინა” ანუ ჯოჯოხეთში კაცობრივი სულით ჩასულმა მაცხოვარმა ამოიყვანა, გაათავისუფლა ცხონებადნი ჯოჯოხეთის საუკუნოვანი პყრობილობისგან და გახსნა გზა ცხონებისა მთელი კაცობრიობისთვის.

უფლის განკაცებამდე იყო საყოველთაოობა წარწყმედისა, უკლებლივ ყველა ადამიანი წარწყმედაში მიდიოდა. მეორე ჰიპოსტასის განკაცება-ჯვაცმა-აღდგომა-ამაღლების შემდეგ ანუ ღვთისგან კაცობრიობის ბუნებითი გამოხსნის შემდეგ კაცობრივი ბუნების მქონე ყველა ჰიპოსტასს მისცა შესაძლებლობა ცხონებისა. მანამდე ამის შესაძლებლობა არავის არ ჰქონდა. სურვილისა და დიდი სათნოებითი მოღვაწეობის მიუხედავად, აუცილებლად ჯოჯოხეთში მიდიოდა ყველა მათგანი, ვერანაირი სახის მოღვაწეობა მათ ვერ გამოიხსნიდა. ახლა კი, თუ ადამიანი ინებებს და იმოღვაწევებს, მას ძალუძს დამკვიდრდეს ცათა სასუფეველში და განრიდებული იყოს ჯოჯოხეთისეული პყრობილებისგან.

პიროვნული არჩევანის უფლებამოსილება შესაქმითვე მოგვცა თავად, აწ კი გზა გაგვიხსნა და გახსნილ კარიბჭეში შევალთ თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. მან გაგვიხსნა ცხონების კარიბჭე. ყველას მოგვცა შესაძლებლობა იქ შესასვლელად. ამისთვის გვმოძღვრავს, გვასწავლის, გვიზიდავს იქითკენ, მაგრამ არანაირად – ძალადობრივად. ყველა ადამიანის პიროვნულ არჩევანზეა, გაჰყვება თუ არა მის კვალს, ინებებს და იღვაწებს ცხონებისთვის, თუ წარწყმედისკენ მიიდრიკება.

ამრიგად, მაცხოვრის განკაცებიდან იწყება საუკუნოვანი გამომხსნელობითი და სასუფეველში დამკვიდრებითი ეპოქა. ეს მოღვაწეობითი ეპოქა მეორედ მოსვლამდე ნარჩუნდება. როდესაც საბოლოო განკითხვა იქნება და ყველას ხვედრი საბოლოოდ განისაზღვრება, აქ დამთავრდება ქმნილების ისტორია. ამის შემდეგ ქმნილებით ისტორიაში ცვალებადობა არ ხდება. ვინც ჯოჯოხეთისთვის განეწესება, იქნება ჯოჯოხეთში და იქნება მარადიული მყოფობით, ვინც სასუფევლისთვის განეწესება, მარადიული სუფევის მეტრაპეზედ შეირაცხება, თანამეუფების პატივით შეიმკობა. ესაა საბოლოო ხვედრი, განჩინება მეორედ მოსვლის ჟამს, რომლის საფუძველი დაიდო მაშინ, როდესაც ღმერთი განკაცდა”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი