მთავარი » ქრისტიანობა

საუფლო ლოცვა – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2022 | 2,189 ნახვა

ერთ-ერთ ქადაგებაში იესო ქრისტე თავის მოწაფეებსა და მიმდევრებს ასწავლის, თუ როგორ ილოცონ, როცა ამ უკანასკნელთ სთხოვეს უფალს ესწავლებინა მათთვის ლოცვა, რამეთუ არ იცოდნენ როგორ ელოცათ (იხ. ლუკ. 11, 1), და ნიმუშად აძლევს საუფლო ლოცვას – „მამაო ჩვენო“. ეს ლოცვა უმთავრესია სხვა ქრისტიანულ ლოცვებს შორის და საუფლოდ სწორედ იმის გამო იწოდება, რომ თავად უფალმა იესო ქრისტემ მოსცა თავის მოწაფეებს. „ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით:

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევაჲ შენი; იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა; და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ“ (მათ. 6, 9-13).

ტრადიციული განმარტების მიხედვით, ეს ლოცვა შედგება ღმერთისადმი მოწოდებისაგან (მიმართვისაგან), შვიდი თხოვნისაგან და დიდებისმეტყველებისაგან (ასამაღლებელისაგან), ანუ ღმერთის განდიდებისაგან.

ლოცვა იწყება მამა-ღმერთისადმი მოწოდებით – მიმართვით მისადმი, სამების პირველი პირისადმი: „მამაო ჩუენო“. ამ მოწოდებაში მამა-ღმერთი წოდებულია ჩვენს, ადამიანთა მამად. რამდენადაც მამა ღმერთი არის სამყაროსა და ყველა ქმნილების შემოქმედი, შემქმნელი (დამბადებელი), ამიტომ ჩვენ მას ვუწოდებთ მამა-ღმერთს. მაგრამ რელიგიური წარმოდგენების თანახმად, ყველა ადამიანს როდი შეუძლია თავისი მამა უწოდოს უფალ ღმერთს, რადგან მათ არა აქვთ ამის ზნეობრივი უფლება. ღმერთს რომ მამა ვუწოდოთ, აუცილებელია მისი საღვთო რჯულის დაცვა და ქრისტეს მცნებების აღსრულება. მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება ამის შესახებ, მიგვითითებს რა ქრისტიანულად ცხოვრების აუცილებლობაზე: „…გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ, რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა…“ (მათ. 5, 44-45).

ამ სიტყვებიდან გასაგები ხდება, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავი ზეციური მამის ძეებად ჩათვალონ და ღმერთს თავიანთი ზეციური მამა უწოდონ, რომლებიც საღვთო მცნებების მიხედვით ცხოვრობენ. ყველა სხვა ადამიანი კი, რომელიც თავის ცხოვრებაში არ იცავს საღვთო რჯულს, არ ინანიებს ცოდვებს და არ გამოასწორებს თავის შეცდომებს, არ არის ღირსი ზეციური მამის ძედ იწოდებოდეს, თუმცა კი კვლავაც ღმერთის ქმნილებად რჩება, ანუ, თუ ძველი აღთქმის ენას გამოვიყენებთ, ღმერთის მონად რჩება. ეს ცხადად უთხრა ებრაელებს თავად უფალმა იესო ქრისტემ მთაზე წარმოთქმული ქადაგების შემდეგ: „…თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა [ანუ ეშმაკისაო]. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.

ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალგიც სიტყუათა ჩემთა სმენად. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცისმკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა…“ (იოან. 8, 41-44).

დაგვრთო რა ნება ჩვენს ზეციურ მამად ვხმობდეთ ღმერთს, ამით მაცხოვარმა იმაზე მიგვითითა, რომ ღმერთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და არავის შეუძლია თავი გამოირჩიოს წარჩინებული წარმომავლობით, ეროვნებითა თუ სიმდიდრით. მხოლოდ ცხოვრების კეთილმსახური წესი, საღვთო მცნებებისა და რჯულის შესრულება, ღმერთის სასუფეველისა და მისი სიმართლის ძიება შეიძლება იქცეს ქრისტიანი ადამიანის განმასხვავებელ ნიშანთვისებად და უფლება მისცეს მას თავისი ზეციური მამის ძედ მიიჩნევდეს თავს.

„რომელი ხარ ცათა შინა“ – მკაცრი დოგმატური გაგებით, ცად იწოდება ღმერთისა და წმინდა ანგელოზთა სამკვიდრებელი, ხოლო მთელი დანარჩენი ქმნილება – ქვეყანაც და მთელი უკიდეგანო კოსმოსიც არის ცისქვეშეთი. რამდენადაც ღმერთი არის ყველგან მყოფი სული, ამიტომ ლოცვის ეს სიტყვები – „რომელი ხარ ცათა შინა“ – მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი არის ზეციური მამა, მყოფი ცათა შინა და განსხვავებული ქვეყნიური მამისაგან.

ამრიგად, საუფლო ლოცვის მოწოდება შედგება სიტყვებისაგან – „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“. ამ სიტყვებით ჩვენ მივმართავთ მამა-ღმერთს და მოვუწოდებთ მას შეისმინოს ჩვენი ლოცვა-ვედრება. როცა ჩვენ ვამბობთ ღმერთი ცათა შინა მკვიდრობსო, ამით უნდა ვგულისხმობდეთ სულიერ უხილავ ზეცას, და არა იმ ლურჯ ცის კამარას (ჰაეროვან სივრცეს), რომელიც ჩვენს თავს ზემოთაა. ზეციურ მამად ღმერთი იმიტომაც იწოდება ჩვენს მიერ, რომ იგი ყველგან მყოფია, ანუ სუფევს, მკვიდრობს ყველგან, როგორადაც ცა ერტყმის დედამიწას ყოველი მხრიდან; და ასევე იმიტომაც, რომ ღმერთი ყოველივეზე ბატონობს, ამაღლებული და აღმატებული ყოველივეზე (როგორადაც ცაა დედამიწაზე მაღლა), ანუ არის უზენაესი, უმაღლესი; ასევე იმიტომაც, რომ მან თავისი უდიდესი მოწყალებით, ნება დაგვრთო ჩვენ, ქრისტიანებს, მის შვილებად ვიწოდებოდეთ. იგი არის ჩვენი ზეციური მამა, იმიტომ, რომ შეგვქმნა ჩვენ ყველანი, შექმნა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სიცოცხლე და ზრუნავს ჩვენზე, როგორც ყველაზე კეთილი მამა – თავის შვილებზე.
რადგანაც ყველა ქრისტიანს ერთი ზეციური მამა გვყავს, ამიტომ ჩვენ ყველა ერთმანეთის ძმები და დები ვართ ქრისტეს მიერ, და ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ ერთმანეთზე და ვეხმარებოდეთ ერთმანეთს. ამიტომაც, მაშინაც კი, როცა ადამიანი მარტო ლოცულობს, მაინც უნდა ამბობდეს „მამაო ჩვენო“-ო, და არა „მამაო ჩემო“-ო, იმიტომ, რომ თითოეული ქრისტიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ ლოცულობს, არამედ ყველა სხვა ადამიანისთვისაც. როცა ღმერთს ჩვენს ზეციურ მამას ვუწოდებთ, ამით იმ აზრს ვუსვამთ ხაზს, რომ მიუხედავად ღმერთის ყველგანმყოფობისა, იგი ყველაზე მეტად და უპირატესად სწორედ სულიერ ზეცაში იმყოფება, სადაც წმინდა ანგელოზები და ღმერთის სათნომყოფელნი გამუდმებით განადიდებენ მას.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი