მთავარი » საზოგადოება

სათამაშო ბიზნესი საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.12.2012 | 5,419 ნახვა

სათამაშო ბიზნესი ყოველდღიურად უამრავი ადამიანის ფინანსური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური განადგურების მიზეზი ხდება.

კაზინოსაქართველოში სათამაშო ბიზნესი მეტად გავრცელებულია. ბევრი ახალი სამორინე აშენდა, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტიც მოჰყვა… ყველაზე მძაფრი პროტესტი გამოიწვია თბილისის ძველ უბანში, საპატრიარქოს გვერდით მდებარე კაზინო “შანგრელას” გახსნამ, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ასევე გარეგნულად ძალიან გამაღიზიანებელი და მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისა და ეკლესიისთვის.

რეალურად რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის რეგულაციის კუთხით, უცნობია, თუმცა პროგნოზები – დამაიმედებელი.

თურქულ გამოცემა «საბაჰ»-თან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში სათამაშო სახლების გაუქმებას აპირებს. მისი თქმით, ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია და ეს ქვეყნის იმიჯის შელახვად არ ღირს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” კაზინოების დახურვას არ აპირებს, მაგრამ ეს ბიზნესი მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია”.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ხელისუფლება სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში, უცნობია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-რელიგიურმა ინსტიტუტმა ბიძინა ივანიშვილს სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის პეტიციით უკვე მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს, საინფორმაციო საშუალებით სათამაშო ბიზნესის რეკლამირება აიკრძალოს, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მკვეთრად შეიზღუდოს.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავრობამ ამ ბიზნესთან დაკავშირებით, ფაქტი ერთია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სათამაშო ბიზნესისადმი უარყოფითადაა განწყობილი და საზოგადოების ნება აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე მედიცინის წარმომადგენლები და ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ნატა გელაშვილს: “საქართველოში სათამაშო ბიზნესი მრავალი ოჯახის დანგრევის, ფინანსური და პიროვნული უბედურების მიზეზად იქცა. დასავლეთის ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც ქალაქის ცენტრში ამდენი კაზინო და ტოტალიზატორი იყოს! სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი. სხვა შემთხვევაში სურათი კიდევ უფრო დამძიმდება. ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს ასეთი „სახლების“ რაოდენობა და ვფიქრობ, გამოვხატავ მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი!”

ქალბატონო ნატა, რას გვეტყვით აზარტულ თამაშებზე? როგორც დაავადება, რამდენად საშიშია იგი და როგორ ხდება მისგან თავის დაღწევა?

დიახ, აზარტული თამაშები ქრონიკული დაავადებაა!
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია, იგივე გემბლინგი ეწოდება. გემბლინგს ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს, კერძოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს.

ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. იშვიათად მოიძებნება პიროვნება, რომლის გარემოცვაშიც აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას. აზარტული თამაში ხშირია ფაქტები, როდესაც მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით აღებული ფული წაუგია კაზინოში და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.
სიამოვნების მიღება, პრობლემებისაგან გაქცევა და საკუთარი ემოციების მართვა შეიძლება არა მხოლოდ “ქიმიური გზით”, არამედ ბევრი სხვა საშუალებით: კომპიუტერით, ტელევიზორით, ყოველდღიური სენსაციური პრესით, ტკბილეულითა და საკვებით, აზარტული თამაშებით და ა.შ. ნებისმიერმა ამ საშუალებათაგან შეიძლება ნარკოტიკის ფუნქცია შეასრულოს, თუკი მათზე დამოკიდებულნი გავხდებით. ყველაფერ ამას შეიძლება ვუწოდოთ “ნარკოტიკები ფართო გაგებით”. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქცევით დამოკიდებულებასთან, რომელიც დამოკიდებულების არაქიმიური ტიპია.

ქცევითი დამოკიდებულების შემთხვევაში ადამიანი გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე ქცევას (აკვიატებული ქცევა), რადგან უნდა, რომ კვლავ განიცადოს ადრე მიღებული კმაყოფილება. წამალდამოკიდებულებისაგან ქცევითი დამოკიდებულება განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ პირველ შემთხვევაში დამოკიდებულების ობიექტი არის ქიმიური ნივთიერება (ნარკოტიკი), ხოლო ქცევითი დამოკიდებულების შემთხვევაში – აკვიატებული ქცევა.

აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის ახლავს თან დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი – ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და ადვილად ანგრევენ ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად იცვლიან.

შეიძლება ვთქვათ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება. აზარტული თამაშების დროს ადგილი აქვს არაქიმიური დამოკიდებულების ფორმას, ანუ დესტრუქციულ ფსიქიკურ მიჯაჭვულობას, როცა ადამიანის უკონტროლო ქცევას ეწირება მისი ცხოვრების სხვა ღირებულებები. აზარტული თამაშები დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან და ამის შედეგად ადამიანი მიდის ფიზიკურ ბანკროტამდე.

თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება:
1. მოგებათა სტადია;
2. წაგებათა სტადია;
3. განხიბვლის სტადია.

მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია. ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი. წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა, თავის მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება ემოციური აშლილობა.

რაც შეეხება აზარტისაგან თავის დაღწევას, ეს მეტად რთული საკითხია და ერთმნიშვნევლოვნად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია! უპირველესად ადამიანმა უნდა შეძლოს გამოფხიზლება, პრობლემის გააზრება, ფსიქოლოგთან კონსულტაციები და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, უფლისადმი მიმართვა შეწევნისათვის, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრება!

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი