მთავარი » ქრისტიანობა

სასურველი არაა სასულიერო პირი ამბიონიდან კონკრეტულ პიროვნებებს განიხილავდეს – მეუფე გრიგოლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2018 | 970 ნახვა

“საერთოდ არანაირად არ არის სასურველი, რომ სასულიერო პირი, ამბიონიდან თუ სხვა ტრიბუნიდან, კონკრეტულ პიროვნებებს განიხილავდეს: განსაკუთრებულ ქება-დიდებას ასხამდეს, ან მიწასთან ასწორებდეს, რადგან კონკრეტულ პიროვნებაზე რომ ფოკუსირდები, საერთო პრობლემას ვერ ხედავ”, – მეუფე გრიგოლი ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ფოთის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა და პატრიარქის ბოლო დროინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მარიხუნას კულტივაციის საკითხს ეხებოდა.

“ჩვენი დღევანდელი ქადაგების მეორე ნაწილს დავუთმობთ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი საზოგადოების ვნებათა ღელვას, რასაც შემდგომ მოჰყვა კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გავრცელებული განცხადება.

ამ დღეებში არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, მოვიდა ჩვენთან, მათ შორის, არაერთი მედია საშუალების წარმომადგენელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გასაშუქებლად მოწვეული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან გაცხოველებული ინტერესი იყო იმის შესახებ, თუ რას ვფიქრობთ კანაფისა და პრეზიდენტობის კონკრეტული კანდიდატის შესახებ. ეს ძალიან უცნაურია, ერთი შეხედვით, მაგრამ, მეორე მხრივ, არ გავწყრებით მათ მიმართ, რადგან მათი ინტერესიც ხომ იქიდან მოდის, რომ ისინიც (ჟურნალისტები) ჩვენი საზოგადოების ნაწილია და სხარტად რეაგირებენ იმაზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ხალხს; ზოგადად უნდა ითქვას, რომ საინფორმაციო ბაზარი განაპირობებს მოთხოვნად (თუ კარგად გაყიდვად) ინფორმაციაზე ნადირობას; ამ საკითხზე არ შევჩერდები;

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის შვილისთვის, სულერთი არ არის, რა ცხოვრება იქნება ჩვენს ქვეყანაში, ან რა მოვლენები და როგორ განვითარდება, ან რა დამოკიდებულება იქნება ნარკოტიკის მიმართ; ამასთან დაკავშირებით მოვლენები წარმოუდგენლად სწრაფად განვითარდა: გაჩნდა ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ, მას მოჰყვა უარყოფითად კრიტიკული რეაქცია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან, შემდეგ იყო პატრიარქის ქადაგება, ვნახეთ სამღვდელოების საპროტესტო აქცია-მსვლელობა, მღვდელმთავართა კომენტარები და ბოლოს საქართველოს საპატრიარქოს ინტერნეტ გვერდზე დაიდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მოძღვართა და მღვდელმთავართა მიმართ, სადაც იყო მოწოდება თავშეკავების, კორექტულობისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობის შესახებ.

ჩვენ კომენტარისგან თავი შევიკავეთ, რადგან ბევრი რამ ითქვა მანამდე და ამაზე აღარ გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა აქვე გეტყვით იმას, რაც ყოველთვის გვითქვამს არჩევნების მოახლოებისას, რომ ყოველი არჩევნები დაკავშირებულია იმედებთან, მომავალთან და ადამიანი, რამდენადაც იგი მოაზროვნე არსებაა, უნდა ფიქრობდეს, რომ მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოეთხოვება; არჩევანის გაკეთების მომენტში კი, როდესაც ამომრჩევლის სტატუსით მოქმედებს, პირდაპირ და უშუალოდ არის ჩართული პოლიტიკაში (ვინც არ უნდა იყოს ის).

ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად სასულიერო პირის ვალდებულებაში ვართ, და შესაბამისად, ვერ ვიქნებით ვინმეს მომხრე ან მოწინააღმდეგე; შეიძლება რაღაცას ვეთანხმებოდეთ შინაგანად ან არ ვეთანხმებოდეთ (როგორც ერთ-ერთი თქვენთაგანი), მაგრამ საკმაოდ დიდია პასუხისმგებლობების ტვირთი საიმისოდ, რომ არ ავყვეთ ცდუნებას; აქედან გამომდინარე, ძალიან ხშირად თავს ვიკავებთ, გააზრებულად, საკუთარი პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმისგან, როგორც საჯაროდ, ასევე ვიწრო წრეშიც კი. უკიდურესად ვერიდები კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარს; საერთოდ არანაირად არ არის სასურველი, რომ სასულიერო პირი, ამბიონიდან თუ სხვა ტრიბუნიდან, კონკრეტულ პიროვნებებს განიხილავდეს: განსაკუთრებულ ქება-დიდებას ასხამდეს, ან მიწასთან ასწორებდეს, რადგან კონკრეტულ პიროვნებაზე რომ ფოკუსირდები, საერთო პრობლემას ვერ ხედავ, სულ სხვა ჭრილში გადაგაქვს საუბარი, ხოლო ამა თუ იმ პრობლემის მასშტაბები და მნიშვნელობა კი ბევრად უფრო მცირდება და კნინდება;

ორი დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ მისი უწმიდესობის მიმართვის ტექსტი. პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ მიმართვა გავრცელდა პატრიარქის სახელით (და არა საპატრიარქოს სახელით, რადგან ჩემთვის, წმიდა სინოდის წევრისთვის, დღემდე ბუნდოვანი რჩება, თუ ვინ იღებს ხოლმე პასუხისმგებლობას იმ განცხადებებზე, რომლებიც ვრცელდება საპატრიარქოს სახელით).

დღეს ჩვენ იმ ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნულია და სახელმწიფო და ეკლესია არ ერევიან ერთმანეთის საქმეში, არამედ თანამშრომლობენ ერთობლივი ინტერესების სფეროში კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე”, – ბრძანა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი