მთავარი » ქრისტიანობა

სასულიერო პირის შემოსავლის პრობლემატიკა

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 05.12.201115 კომენტარი | 4,762 ნახვა

ეკლესიაში მოძღვარი სულიწმიდამ ქრისტეს სამწყსოს დასამწყემსად დაადგინა. სულიერი მოძღვრის სწავლების, რჩევა-დარიგებების გარეშე შეუძლებელია ცხოვრებაში გზააუბნევლად იარო და ცათა სასუფეველს მიაღწიო. მოძღვარი ცხადია, მოძღვრის მითითებებს უნდა ასრულებდე კიდეც, რათა უნაყოფოდ არ დარჩე. უნდა მიენდო მას, რადგან ვინც მოძღვარს ემორჩილება, ის ღვთის ნებას ასრულებს. ჩვენ კი უფალსა და სულიერ მოძღვარს ხშირად ჩვენივე დაუფიქრებლობით, უცოდინრობით ვშორდებით. ადამიანების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ მოძღვარს მრავალ საცდურთან უწევს ბრძოლა, მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოქმედებს ეშმაკი. ჩვენ კი მათ განვიკითხავთ, გამოვხატავთ უკმაყოფილებას, რისხვას, რაც თითოეულ განმკითხველზე დამღუპველად მოქმედებს. ხშირია განსჯა მოძღვრის მიერ გასამრჯელოს, ანუ შესაწირის მიღებაზე, ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილებაზე. შესაწირის ტრადიციისა და სასულიერო პირის შემოსავლის პრობლემატიკის შესახებ “ამბიონს” თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი ესაუბრა:

“თანამედროვე რელიგიური ცხოვრების ერთ-ერთ დელიკატურ პრობლემას სასულიერო პირების შემოსავალი წარმოადგენს. ბევრი ადამიანი (ძირითადად, ნაკლებად ეკლესიური) განიკითხავს მოძღვრებს იმის გამო, რომ ისინი ღებულობენ ფულს შესრულებულ საიდუმლოებებსა და წესებში და ბევრი მათგანი ძვირადღირებული მანქანებით დადის.

საინტერესოა, რას გვეუბნება ამ თემასთან დაკავშირებით წმიდა წერილი და საეკლესიო ტრადიცია, მაგრამ, სანამ თემის განხილვას დავიწყებდეთ, აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანი ყოველთვის მოძებნის განკითხვის საბაბს. ის შეგნებულად არ ხედავს მოძღვრების იმ მრავალრიცხოვან კატეგორიასაც, რომლებსაც ჯიპის ყიდვისა და შენახვის საშუალება კი არა, შემოსავლების სიმწირის გამო ხშირად სამარშრუტო ტაქსის ბილეთისა და ოჯახში პურის ფულის სერიოზული პრობლემა უდგათ.

ძველ აღთქმაში მღვდლების შემოსავლის საკითხი შედარებით მარტივად იყო მოგვარებული. უშუალოდ მოსეს სჯულში დაწვრილებით გახლდათ აღწერილი, რა რაოდენობისა და რა სახის შესაწირი უნდა მოეტანა თითოეულ იუდეველს ტაძარში და რა წილი ეკუთვნოდა იქიდან მღვდლებს საკუთარი თავისა და ოჯახების შესანახად (მეორე სჯულთა 18: 1-8 / 26: 12).

ახალ აღთქმაში სასულიერო პირების შენახვის საკითხი დაფუძნებულია მაცხოვარი იესო ქრისტეს სიტყვებზე: ერთი მხრივ, ნათქვამია: “უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით” და მეორე მხრივ – “ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა” (მათე 10: 8, 10). ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმსახურებს ეკრძალებათ, სულიწმიდის მადლი, რომელიც მათ ეძლევათ ხელდასხმის დროს, გახადონ ვაჭრობის საგნად, მაგრამ, ამავდროულად, მაცხოვარი ითვალისწინებს იმ ბუნებრივ გარემოებას, რომ სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები ხორციელ სხეულში მყოფი ადამიანები არიან და მათ, ელემენტარულად, თავის შენახვა სჭირდებათ. მაშასადამე, “სასყიდელი” აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მღვდელმა იარსებოს და შეძლოს ჩვეულებრივი მსახურება.

კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამახვილებს ყურადღებას იმის თაობაზე, რომ სასულიერო პირს აქვს უფლება, ისარგებლოს შემოწირულობებით, ხოლო მრევლი ვალდებულიცაა, იზრუნოს მოძღვრის შენახვაზე: “ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? იქნებ მხოლოდ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს სჯულიც? ვინაიდან მოსეს სჯულში სწერია: ნუ აუკრავ პირს ხარსა მლეწველსა. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? არამედ, ცხადია, ჩვენთვის ამბობს, ვინაიდან მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვის დროს მლეწველსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მოიწევს იმას, რაც ეიმედება. ხოლო თუ ჩვენ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი რამე იქნება, თუ მოვიმკით თქვენგან ხორციელს? (…) ნუთუ არ იცით, რომ ტაძრის მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ” (I კორ. 9: 7-14).

დიდი სჯულისკანონი, ასევე, ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის შემოსავლის წყაროს ტაძარი წარმოადგენს: “საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხევლის მსახურმა საკურთხევლიდან იკვებოს,” – ნათქვამია მოციქულთა 41-ე კანონში.

დღესდღეობით მართლმადიდებელი მღვდელმსახურების შემოსავლის საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადსხვანაირადაა გადაწყვეტილი. მაგალითად, საბერძნეთში ყველა სასულიერო პირი, როგორც ჩვეულებრივი საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსგან საკმაოდ მნიშვნელოვან ხელფასს იღებს თავისი ხარისხისა და განათლების დონის მიხედვით. იქაურ ეკლესიაში შემოწირულობების სისტემაც შენარჩუნებულია. ადგილობრივი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ტაძრებში დადგენილია ყველა წესისთვის შესაბამისი ფასი. რადგან სახელმწიფოს მიერ გადახდილი ხელფასი არის საკმაოდ დიდი, შესაბამისად, წესებისთვის დადგენილი ფასებიც მინიმალურია.

რუმინეთში აბსოლუტურად მსგავსი სისტემაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასები არ ფარავს საშუალო ოჯახის ყველა აუცილებელ ხარჯს, მღვდლების შემოსავლების წყაროს, ძირითადად, ისევ შემოწირულობები წარმოადგენს, ამიტომ წესებისთვის დადგენილი ფასები შედარებით მეტია.

რუსეთში სასულიერო პირებ სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, როგორც წესი, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, ყველა ტაძარში ყველა წესისთვის ჩამოწერილია ფასების სია. თვის ბოლოს დაგროვებული თანხებიდან მღვდლები და დიაკვნები დადგენილ მოჭრილ ხელფასს იღებენ.

დიასპორაში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მრევლისა და შესაბამისად, შემოწირულობების სიმცირის გამო, ხშირ შემთხვევაში იძულებულები არიან, აითვისონ კიდევ ერთი, ამჯერად, საერო პროფესია და იმით ირჩინონ თავი.

საქართველოში ეკონომიურად და სოციალურად ყველაზე დაუცველი სასულიერო პირები არიან. დავიწყოთ იმით, რომ არც ერთ მღვდელმსახურს არ გააჩნია არც ჯანმრთელობისა და არც საპენსიო დაცვა. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში და ღრმა მოხუცებულობის დროს, როდესაც ადამიანს ფიზიკურად მსახურება აღარ შეუძლია, მღვდელი და დიაკონი, პრაქტიკულად, მათხოვრის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამავდროულად, პირადად ვიცნობ საქართველოს მაღალმთიან ღარიბ რეგიონებში მოღვაწე რამდენიმე ახალგაზრდა და სამაგალითო სასულიერო პირს, რომლებიც ცოლსა და შვილებს მოხუცი მშობლების პენსიით არჩენენ.

დასკვნის ადგილას ვიტყოდით, რომ არ შეიძლება ყველა სასულიერო პირზე მსჯელობა რამდენიმე ცენტრალური (ანუ პოპულარული და შესაბამისად, შემოსავლიანი) ტაძრის მოძღვრების პრიზმით. ან თუნდაც ზოგიერთი ნამდვილად არაპატიოსანი მღვდლით, რომლებიც კანონების დარღვევითა და თვითნებურად ადგენენ უზომოდ არარეალურ დიდ “სტავკებს”.

ზოგადად, როგორც მღვდელია ვალდებული იყოს პატიოსანი და არა ვერცხლისმოყვარე, ასევე მრევლსაც ევალება ასეთივე პატიოსნება, ანუ უნდა აცნობიერებდეს, რომ მოძღვარი მისი შესანახია და არ უნდა აყენებდეს მას უხერხულ მათხოვრულ მდგომარეობაში.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

15 კომენტარი »

  • თამარი says:

    რაც ზემოთ ითქვა სრულიად შეესაბამება სიმართლეს და მეც მაგის მომხრე ვარ.ადამიანი რომელიც პირველად მიდის ეკლეისაში,ადამიანი რომელსაც სჯერა სულიერი მოძღვრის რჩევა-დარიგებების, არ უნდა განიკითხავდეს ამა თუ იმ მოძღვარს,თუ რატომ ჰყავს ჯიპი ან სხვა რამე მსგავსი.

  • ინა says:

    ძალიან კარგი სტატიაა, თანაც ძალიან აქტუაულრი. ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს ვინც მოზღვრებს განიკითხავს, მათ განსაკუთრებით.

  • მალხაზი says:

    რთულია მრევლს ან ნეიტრალურ ადამიანებს მოსხთხოვო არ განიკითხონ ის მღვდელი რომელიც თუნდაც ძვირადღირებულ ჯიპზე ზის (ყბადაღებული თემაა ეს ჯიპი, მაგრამ უბრალოდ ერთ-ერთი გამოხატულებაა ფუფუნების, თორემ ალბათ ეგ მღვდლები სხვა მიმართულებითაც არ “იკლებენ” არაფერს). იმიტომ რომ ადამიანს რომ ეუბნები გამომყევი და ქრისტემდე მიგიყვანო, ის შენგან მაგალითს ითხოვს. ძალიან კარგადაც იცის რომ მღვდელიც ადამიანია და ეშმაკი მასაც ებრძვის, მაგრამ თუ მე, როგორც მრევლი ეშმაკთან (ვერცხლისმოყვარეობასთან) დამარცხებულ მღვდელს დავინახავ როგორ უნდა გავყვე მას ქრისტესკენ სავალ გზაზე? აი ესაა პრობლემა :)

  • ია says:

    ღმერთს დიდება და მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიისა და კეთილმსახური მღვდლებისათვის. ჩვენც შეგვეწიოს უფალი ამ მადლიერების კეთილად აღსრულებაში.

  • მინდია says:

    მალხაზი მოძღვრები არ განიკოთხოო, ამ სტატიაში ეგაა სწორედ მითითებული. შენ ძმაო კი, აქვე მათ ,,ხორცსაკეპში” ატარებ. არაა ძმობილო ეგ კარგი, რადგან სახარებაში უფალი გვეუბნევა ,,არ განიკითხო და არ განიკითხებიო”. თუ ეგ მღვდელი რაიმეს სცოდავს, თვითონვე აგებს პასუხს ღვთის წინაშე. ხოლო ჩემთვის, მისი მაგალითებით ცხოვრება კი არა, არამედ მის მიერ მოტევებული ცოდვებით უფალთან წარდგომაა მთავარი.
    ჩვენ ხშირად ვუყურებთ იმას, თუ როგორი სიმპატიურია, ან როგორი თბილია, ან როგორ კარგად ქადაგებს, ან როგორ არ იღებს გასამრჯელოს (შესაწირს), ან როგორი კომუნიკაბელურია და ა.შ. და ამის მიხედვით ვწყვეტთ ამა თუ იმ მოძღვრის ავ-კარგიანობას. მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს მოუვა აზრი, რომ მთავარი მოძღვარში, მისი უფლებაა შეგვინდოს და მოგვიტევოს ჩვენს მიერ ჩადენილი უამრავი ბინძური, ავი და ბოროტი ცოდვა.
    ამიტომ ჩემთვის, ჩემი მოძღვარი იმით კი არ ფასდება ფეხით დადის, ჯიპით თუ თვითმფრინავით, არამედ იმით, რომ ყოველთვის მაქვს იმედი, რომ ჩემი ცოდვებით დამძიმებულს მიმიღებს, მომისმენს და მერე ახალშობილი ბავშვივით გამწმენდს, გამრეცხავს და ჩიტივით მსუბუქს გამომიშვებს.
    მალხაზ ნურც შენ მიწყენ ნურც სხვები, ვინც მოძღვრებს განიკითხავთ, ერთს გეტყვით და გამხილებთ და არ განგიკითხავთ! თქვენ არ გჯერათ სულის უკვდავების, სასუფევლის და უფლის აღდგომის!!!
    იცით რატომ? ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობთ სინანულის გარეშე, თორემ თავის ცოდვებზე მონანულ ადამიანს თავში არ მოუვა ფიქრად სხვისი დაკნინებით, დამცირებით იცხოვროს. ( მოუმზადეთ უფალს გზა, სინანულით).
    სამწუხაროდ, თქვენ ცოდვებს ჭეშმარიტად ვერ ინანიებთ ამპარტავნების ცოდვის გამო და სხვის თვალში, რომ უკეთესად გამოჩნდეთ, მოძღვრებს განიკითხავთ. ძალიან მარტივი გათვლაა: მოძღვარი თუ ცოდვილია, მეც მაქვს უფლება ცოდვილი ვიყო!
    კიდევ ერთხელ ვითხოვ შენდობას, რადგან მკაცრი იყო ჩემი სიტყვა.

  • ნონა says:

    ,,ნუთუ არ იცით, რომ ტაძრის მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? ”

  • Andis Kaposts says:

    მინდია მომიტევე წინასწარ თუ რამე შემეშალოს მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველასა აქვს და უფალი ჩვენი იმიტომაცაა სათაყვანებელი და საყვარელი რომ მოგვცა ჩვენ თავისუფალი არჩევანის საშუალება, რასა და რას შორისაა ეს არჩევანი? ნათელია, რომ ბოროტსა და კეთილს, კარგსა და ცუდს შორის და თუ ვერ გავარჩიეთ ისინი ერთმანეთისგან რაღა რჩება მაშინ რწმენისგან, ეს ხომ ნათელია ყველასათვის? და კიდევ თუ ცუდსა ცუდი არ ვუწოდე მაშინ კარგსა რა დავარქვა, ჩემი აზრით არასწორადაა სიტყვა განკითხვა გაგებული ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც,განკითხვა სასჯელის დადებას ითვალისწინებს ნამდვილად და ამიტომაცაა ნათქვამი ნუ დასჯი და არ დაისჯებიო თორემ მხილება აუცილებელიცაა, პრობლემა დელიკატურია და მსჯელობას და სწორი გამოსავლის პოვნას მოითხოვს და ის მეტ ნაკლებად ნაპოვნია მორწმუნე დიდი სიამოვნებით გაიღებს და იღებს კიდეც შესაწირს იმდენს ვისაც რამდენი შეუძლია თუ სურს, ბევრგან ტაძრებში დადგმულია ყუთები რომლებშიც მრევლი ყრის შესაწირს და ესაა ჩემი აზრით ყველაზე მისაღები და თუ იქ არ გროვდება საკმარისი თანხა ამაზე თვითონ მოძღვარმა უნდა იღონოს რამე ქრისტიანული მეთოდებით რა თქმა უნდა და ყველაფერი ღმერთის ნებაა შემდეგ და როდესაც მღვდელი პირდაპირ ითხოვს რომ ეს ამდენი ღირს და ნაკლებად არ იქნებაო ამაზეა სწორედ ლაპარაკი და ასეთი დადის იმ ჯიპით და რა ვქნათ ახლა მივიღოთ ეს როგორც ნორმალური იმის შიშით რომ ვერ გაგვიგია სტყვა? არამც და არამც არასწორს უსამართლოს და ცუდს უნდა ვეწინააღმდეგოთ და თუ საჭიროა ვებრძოლოთ კიდეც და ეს იქნება სწორედ ჭეშმარიტი რწმენა……. შემინდოს ღმერთმა თუ რამე შევცოდე სიტყვით ამ წერილში, ღმერთი იყოს თქვენი და ჩემი შემწე კეთილ საქმეებში……

  • sofia says:

    ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და სამწუხაროდ არაეკლესიური ხალხისთვის მუდამ კამათის მიზეზი ხდება როდესაც ადამიანი მიდის ქორწილში,დაბადების დღეზე ან ვთქვათ ექიმთან ვიზიტზე წინასწარ ზრუნავს ამაზე და საჭირო თანხა მას ყოველთვის აქვს გამონახული ამისთვის,ხოლო როდესაც მღვდელმსახურის მიერ აღსრულებული ჩვენი სულის საცხოვნებელი სამსახურის გასამრჯელოს გადახდაზე იწყება დავა! ეს არ არის სწორი მიდგომა ჩემი აზრით,მამაოს სხვა შემოსავალი არ გააჩნია მას ”ფიქსირებული”ხელფასი არა აქვს და მასაც ყავს ოჯახი და არ შეიძლება განსჯა ”რამდენის საშუალებაც მაქვს იმდენს მივცემო რომ ამბობენ”აბა შევადაროთ ადამიანი როცა მიდის ექომთან კლინიკაში ვიზიტის ღირებულება ე.წ.”კონსულტაცია”ღირს 35 ლარიდან ზემოთ და ექიმი ფურცელზე გვიწერს წამალს დანიშნულებას რომელშიც ვიხდით ამდენ ფულს და პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება: რაც მაქვს იმას გადავიხდიო რატომ არ ვაბობთ?ხომ წინასწარ მომზადებული მივდივართ თანხით? და მღვდლის მიერ ჩვენთვის გაწეული სამსახურისთვის ფულის გადახდა რატომ ხდება პრობლემა?ლოცვა ხომ სულის განსაკურნებლადაა და თუ სხვა დროს არ შედის ადამიანი ტაძარში არ სწირავს ფულს,ერთხელ თუ დასჭირდა ნათლობის ან სხვა რაიმე ქრისტიანული წესის აღსრულება მაშინაც კი ენანება ფული? მაშ რაღად შედის ასეთი ადამიანი ტაძარში?თუ არა აქვს გააზრებული მნიშვნელობა რაც შეეხება მამაოს ”ჯიპებს”მათ ნამდვილად სჭირდებათ ზოგჯერ ისეთ მიუვალ ადგილებში უწევთ წასვლა წესის აგების ან ავადმყოპის მონახულების და ზიარების გამო

  • არჩილი says:

    პატიოსანი და არა პატიოსანი ყველა საქმეშია, შეიძლება ეს სასულიერო პირებსაც ეხებათ მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა.
    მღვდელიც ისეთივე ადამიანია როგორებიც ჩვენ ვართ მაგრამ მას ჩვენგან განსხვავებით აქვს პასუხისმგებლობა აღებული იმისა რო ჩვენი ცოდვებში ჩაფლული სულები ამოიყვანოს და ღმერთამდე მიიყვანოს, მღვდელმა თავისი პასუხის მგებლობაზე იფიქროს თუ იმაზე საზრდო სად იშოვოს და ოჯახი როგორ შეინახოს? მღვდელი სულიერ საზრდოს გვაძლევს ჩვენ კი ის მატერიალურად უნდა ვუზრუნველყოთ მე ასე ვფიქრობ და რამდენად მართალია არ ვიცი :)

  • magda says:

    neta momses gmertma imis sashualeba rom chems mamaos davexmaro da yoveltvis shevdzlo misi ojaxis pinansurad uzrunvlyopa.da ars imaze davixevdi ukan tuki amis sashualeba mekneba kargi manqanas vahuqo.rosa isi mozgvris pasi mistvis araperi dagenaneba .da kidev erti mindias minda gamovexmauro,me sheizleba vsdebi bevri araperi gamegeba magram es hemi xedvaa,me vpikrob rom sodvebis miteveba mxolod upals sheudzlia,mxolod mamaoebi gvexmarebian chveni sodvebis datirebashi da gvastsavlian gzas tu rogor viarot rom mividet gmertamde.mozgvari da sulieri shvili sxvebtan ertad ert navshi zian sxva uamrav xalxtan ertad romelis abobokrebul talgebs miapobs da pikri da mizani mxolod ertia gadarhena da samshvidoboze gasvla uvneblad,da im navshi materialurze aravin pqrobs. es msire shesatsire salaparako ar unda gaxdes,sahmels rom ham ar unda ipikro mzrunvlma shvilma egeb sheni sulieri mama mshieria an samlis puli ar akvs ,an mis shvilebs shiat.mapatiet tu rame shemeshala,me piradad chemidzlia chems sulier mamikos rom gauhirdes shemi ojaxis shemosavali shuaze gavuyo da ertad davpurdet me da chemi daz_mebi,chemtvis imdens aketebs chmi mozgvari ,da darsmunebuli var umravlesoba aseti mzrunvelia tavisi sulieri shvilebis mimart rogors chemi mamao.gmertma gagadzlierot.

  • მარიამი says:

    მეტად დამაფიქრებელი და რთული საკითხია.რასაკვირველია, სასულიერო პირი პირი ხორცში მყოფი ადამიანია და მასაც ისეთივე სასიცოცხლო მოთხოვნები აქვს, როგორც ნებისმიერ ადაამიანს. მოძღვრისა და საერთოდ ეკლესია-მონასტრებისთვის დახმარების გაწევა თითოეული ქრისტიანის მოვალეობად მიმაჩნია. თუმცა, აქ არის მეორე უკიდურესობაც, რაც გაურკვევლობაში აგდებს ადამიანს და ხშირად ნაკლებმორწმუნე სრულ ურწმუნოებამდე მიდის. დღეს საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს მატერიალურად ძალიან უჭირს,ექმთან მისვლის თანხა კი არა, უბრალო წამალსაც ვერ ყიდულობს. წარმოიდგინეთ,ხორციელ გაჭირვებაში მყოფი ადამიანი უქონლობის გამო, რა მზიმე სულიერ მდგომარეობაშიც აღმოჩნდება, თუ მატერიალური ხელმოკლეობის გამო ვერ შეძლებს სულიერი სიმშვიდის მოპოვებას და ამის გამო დაკომპლექსებული განშორდება ეკლესიას. უფალმა მაპატიოს, თუ არასწორად ვმსჯელობ (ნამდვილად არავის განვიკითხავ და ამის სურვილი არც მაქვს, თუმცა მხილებასა და განკითხვას შორის დიდი განსხვავებაა, რადგან მხილება სიყვარულით ხდება, განკითხვა კი სიძულვილით),კარგი იქნებოდა, რომ ყოველ ეკლესიაში განსაზღვრული იყოს შედარებით ხელმისაწვდომი თანხის გადასახადი, ხოლო ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება რამდენიც უნდა იმდენი შესწიროს.ასევე მოძღვრის სურვილზე იყოს დამოკიდებული განსაკუთრებულ შემთხვევებში (მან უკეთ იცის მრევლიდან ვის რა უჭირს) უსასყიდლო მომსახურება. ამას ექიმებიც აკეთებენ ხოლმე.ისევე როგორც ის ექიმი, რომელსაც ფული არ გადაუხადეს და არ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე, იმსახურებს უფლისა და საზოგადოების განრისხებას, ასევე ის სასულიერო პირი, რომელსაც საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და განსაცდელში მყოფს არ დაეხმარება სასყიდელის გარეშე, ბუნებრივია უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც ყველას უნებურად აყენებს ცოდვაში. უფალი ბოროტებასა და უსამართლობასთან შეგუებას და შესისხლხორცებას არ გვასწავლის.მხილება არავისთვის არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ცოდვაში შეიძლება ყველა აღმოვჩნდეთ-ერიც და ბერიც. დროული მხილება კი ხშირად გამოსწორების საფუძველი ხდება. მაპატიეთ თუ ვინმეს უკმაყოფილება გამოვიწვიე.

  • lika says:

    martalia sruliad vetanmebi mamaos da gmertma sheundos im adamianebs vinc mamaos ganikitxavs

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.