მთავარი » ქრისტიანობა

სასუფეველი ღმრთისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.06.2018 | 438 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: მამა დიონისე გვიმრაძე ტერმინი “ახალი იერუსალიმი” წმინდა წერილში წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა შემოიტანა. იგი გამოთქვამს: ,,და ქალაქი იგი წმიდაი, იერუსალიმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თვისისა” (გამ.21:2). ამ ადგილის წმინდა მამებისეული განმარტებების მიხედვით, ახალი იერუსალიმის მიღმა მარადიული სამყოფელი ანუ ცათა სასუფეველი იგულისხმება. ვნახოთ, რას გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხის შესახებ.

სანამ უშუალოდ ცათა სასუფევლის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას გავეცნობოდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება. კერძოდ, ეს სწავლება ადამიანთა მომავალ საუკუნო და განსხვავებულ მდგომარეობას შეეხება, ამიტომ მისი ბოლომდე აღქმა ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. აღნიშნული მდგომარეობის მიუწვდომლობაზე წმინდა პავლე მოციქული მიგვითითებს: ,,რომელი თუალმა არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა” (1კორ.2:9). შესაბამისად, ღვთაებრივ საიდუმლოთა ჭვრეტა და ამოხსნა მხოლოდ ღვთის სულით არის შესაძლებელი. ,,ეგრეცა ღვთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღვთისამან“ (1კორ.2:11). აღნიშნული საიდუმლოს სწავლება ღვთის მადლით შეიცნობა. აქედან გამომდინარე, ამ სწავლების ამოხსნასაც მოციქულთა და წმინდა მამათა ის მადლმოსილება ესაჭიროება, რაზეც საუბრობს წმინდა პავლე მოციქული ,,ხოლო ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს” (1კორ.2:16).

ცათა სასუფევლის უკეთ წარმოსახვის მიზნით უნდა მოვიშველიოთ ისლამისტური სამოთხის გაგება. იქ ყოველივე მიწიერ სახეს ატარებს: ლამაზი ბაღები, ხეხილი, ქალწულები, ოქროსა და ბრილიანტის ჭურჭელი, ღვინის და რძის აუზები და სხვა. როგორც ვხედავთ, სამოთხის ამგვარი გაგება სრულებით ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,რომელი თუალმა არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა” (1კორ.2:9); ,,და ვიცი ესევითარი კაცი-გინა თუ ხორცითა, გინა თუ გარეშე ხორცთაისა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქმელნი სიტყვანი, რომელ არა ჯერ_არიან კაცთა სიტყვად” (2კორ.12:3-4). ამგვარი შედარება ერთი მხრივ სამოთხის შესახებ არაჯანსაღი შეხედულებისგან განგვაშორებს და მეორე მხრივ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ორიენტირია.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: ,,და ვიხილე ცაი ახალი და ქვეყანაი ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაი და პირველი ქვეყანაი წარხდეს, ზღვაი არღარა არს” (გამ.21:1). მოციქულის ეს სიტყვები კარგად მიანიშნებს სამყაროს ცვალებადობას, ამიტომ სამოთხის ისლამისტური აღქმაც შეუსაბამოა ამ სწავლებასთან. რადგან სამოთხის მიღმა გარდაქმნილი ცა და ქვეყანაა, ამიტომ იქაური ყოფიერებაც განსხვავებული იქნება.
გარდაცვალებისას მიწისგან შექმნილი სხეული მიწად მიიქცევა, – ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, – უკვდავი სული კი ღმერთთან მიემართება. ვინაიდან სამყარო უნდა გარდაიქმნას და ხრწნადი სხეული მიწად გადაიქცევა. მიწისგან იგივე ხრწნადობის დაბრუნება მარადიულობიდან დროში დაგვაბრუნებდა და ეს ციკლი თავიდან გვექნებოდა გასავლელი. ამიტომ სამოთხე ვერ იქნება მარადიული ხრწნადი სხეულით შემოსვის პირობებში. ასევე სამოთხე ვერც ლამაზი ბაღი იქნება, თუკი ხრწნადი სხეული არ გვექნება. ამგვარი სამოთხე ერთხელ უკვე იყო ადამის დროს, უხრწნადი სხეულით და ლამაზი ბაღით. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენი ცხონება ადამისეულ სამოთხეში დაბრუნებას ნიშნავს. ღმერთს ჯერ კიდევ ადამისთვის უნდოდა ზეციური სამოთხე და მისი ეს სურვილი არასოდეს იცვლება. ამიტომ შემოქმედი უფრო მეტს გვაძლევს, ვიდრე ადამს ჰქონდა სამოთხეში.

ამ ყოველივეს შემდგომ უკვე ადვილად გასაგები ხდება, თუ რატომ შორდება ხრწნადი სხეული უკვდავ სულს. ამით ღმერთს სურს, დაგვანახოს სხეულის არამარადიულობა, სამოთხის არამიწიერება და სულის უკვდავება. თუკი სიკვდილის შემთხვევაში სხეული არ განიხრწნებოდა, მაშინ ვიფიქრებდით, რომ იგივე სხეულით აღვდგებოდით, რადგან ამით მიწიერი სხეულის მარადიულობას და სამოთხეში სხეულის ზეიმს გაესმეოდა ხაზი. სხეულის ზეიმი კი ვერ სცილდება მუსულმანურ სამოთხისეულ წარმოდგენებს.

ამგვარი ლოგიკით ბუნებრივ შეკითხვამდე მივდივართ: გვექნება კი სამოთხეში სხეული? ამაზე წმინდა წერილი ცალსახად დადებითად პასუხობს: ,,ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი. და გამოვიდოდიან კეთილის მიქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა”(იოა.5:28-29), ხოლო “და მკვდარნი იგი აღდგნენ უხრწნელნი, და ჩვენ განვახლდეთ” (1კორ.15:52). როგორც ქვეყანა უნდა განახლდეს, ასევე – ჩვენი სხეულიც.

როგორც ვხედავთ, ხრწნადი სხეულის ხრწნადობის შეჩერებისა და უკვდავების მინიჭების ნაცვლად ღმერთმა უხრწნელი და განახლებული უკვდავი სხეული აღგვითქვა. მას ჩვენთვის იმაზე მეტის მოცემა უნდა, ვიდრე ამის ნატვრასა და წარმოდგენას შევძლებდით.

ჩვენთვის, მიწიერი ადამიანებისთვის, მუსულმანური სამოთხე უფრო მისაღები ჩანს და ჩვენი წარმოსახვაც მეტს ვერ იმეცნებს. ხოლო ქრისტიანული სამოთხე წარმოსახვაშიც კი შორს დგას ჩვენგან. თუკი ახლავე არ დავიწყეთ მისი განცდა, ყოველთვის უცხო დარჩება ჩვენთვის.

ხოლო თუ როგორი უხრწნელი სხეული გვექნება საუკუნო ცხოვრებისას, ამის ზუსტი აღქმაც გვიჭირს მიუხედავად აღდგომილი ქრისტეს მაგალითისა. მისთვის ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა და მიწიერი სამყოფელი საჭიროებას არ წარმოადგენდა; არც რაიმე მატერიალური წინაღობის გავლა იყო პრობლემა. ამიტომ სამოთხეში არც საჭმელ-სასმელი, არც ტანსაცმელი, არც შენობა ნაგებობები და არც გადაადგილების საშუალებები არც დაგვჭირდება და არც იქნება. იქ მხოლოდ ის იქნება, რაც უკვდავ სულსა და უხრწნელ სხეულს გამოადგება.

რა უნდა იყოს ეს? მიწიერი და წარმოსახვითი არაფერი დავტოვეთ, თითქოს ყველაფერი უარვყავით. მაგრამ არც ასეა მართებული. მაშინ სხეულის აღდგინებასა და მის სულთან ერთობას აზრი დაეკარგებოდა. განახლებული და უხრწნელი სხეული ადამიანის მთლიანობის აღდგენასთან ერთად ჩვენი განსხვავებულობისა და პიროვნულობის დამატებითი ნიშანიც იქნება.

სამოთხისეული მდგომარეობის წარმოსახვისას მხოლოდ სულისთვის დამახასიათებელი სიკეთეები დაგვრჩა. რამ შეიძლება მოანიჭოს სულს სიკეთე და მშვენიერება, თუ არა ისევ სულიერმა გარემომ? და რამ უნდა შექმნას კეთილსურნელოვანი სულიერი გარემო, თუ არა ისევ ყოველი სიკეთის მომნიჭებელმა ღმერთმა?!

სასუფეველი ღმერთის სამეუფოა. იქ არ ვრცელდება ადამიანთა გავლენა, არც რაიმე მიწიერი ცდუნება. იქ ყოველივე უფლის სიდიადითაა განმსჭვალული. როგორც მიწაზე სამეფო სასახლეში განსაკუთრებით თვალშისაცემია მეფის სიდიადე, ასევე სასუფეველი ღვთის სასახლეა და მასში მყოფნი უფლის სიდიადისა და მეუფების ჭვრეტაში არიან. ადამიანი განსულიერებულია, რათა მიწიერებამ ღმერთთან ურთიერთობაში არ შეუშალოს ხელი: “რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე” (1კორ.13:12).

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცათა სასუფეველს შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: ,,მართლები გამოუთქმელ სინათლეს, წმინდა სამების ჭვრეტას მიიღებენ, რომელიც მათ მკაფიოდ და ნათლად განანათლებს და მთელი არსებით შეურთდება. აი, ამაში ვხედავ მე ცათა სასუფეველს”. შემდეგ სხვაგან ამბობს: ,,ვფიქრობ, რომ ის სხვა არაფერია, გარდა სიწმინდესთან და სრულყოფილებასთან მიახლება”, ხოლო წმინდა ბასილი დიდის მიხედვით: ,,ცათა სასუფეველი ჭვრეტაა. ახლა, როგორც სარკეში ისე ვხედავთ საგანთა აჩრდილს. ხოლო საბოლოოდ, ყოველგვარი მიწიერი სხეულისაგან განთავისუფლებულები და უნივთო და უკვდავი სხეულით შემოსილები მათ თავდაპირველ სახეს დავინახავთ”.

როგორი სახე ექნება ღმერთთან ურთიერთობას? ამ ურთიერთობას მთლიანად ჩვენი მდგომარეობა განაპირობებს, რადგან ღმერთი უცვალებელია, ჩვენ კი უნდა განვახლდეთ. უნდა ჩამოვიშოროთ საბურველი და ასე განშიშვლებული წარვდგეთ ღვთის წინაშე. ამიტომ ღვთაებრივი სიყვარულის, სიწმინდის, სახიერების წინაშე წარსადგომად მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ჩვენი რეაქცია და სულიერი მდგომარეობა იქნება ჩვენი მარადიული ყოფიერების განმსაზღვრელი.

რადგან ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენივე საბოლოო მდგომარეობა, იგი აუცილებლად განსხვავებული იქნება სულიერი მდგომარეობის შესაბამისად. ერთი და იგივე ღმერთი ყველას თანაბრად მიჰფენს თავის მადლს, მაგრამ ადამიანები მას თავისი “დამტევნელობის” შესაბამისად მიიღებენ. ამაზე პირდაპირ მიგვანიშნებს წმინდა წერილი: ,,მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ” (მათ.16:27). იმავეს ამოწმებს წმინდა პავლე მოციქული: ,,სხვაი დიდებაი არს მზისაი, და სხვაი დიდებაი არს მთოვარისაი, და სხვაი დიდებაი არს ვარსკვლავთაი, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა” (1კორ.15:41-42).

სხვაგვარად ღმერთი უსამართლო და ცვალებადი გამოვიდოდა. უსამართლო – იმიტომ, რომ მისი მცნებისამებრ ისეთივე სრული უნდა ვიყოთ, როგორც თავად არის და ამ დაუსრულებელ სრულყოფილების გზაზე თითოეული ადამიანი რაღაც განსაზღვრულ მდგომარეობაშია. თუკი ის ყველას თანაბრად მიაგებს, მაშინ ადამიანთა მხრიდან სულიერი სრულყოფილებისკენ სწრაფვას აზრი ეკარგება და იგი უსამართლო გამოდის. ამგვარ შემთხვევაში ღმერთი ცვალებადიც აღმოჩნდება, რადგან ადამიანი არა თავისი ,,დამტევნელობის” მიხედვით შეიმეცნებდა საღვთო მადლს, არამედ უზანაესის განსაკუთრებული ჩარევის შედეგად. ზოგს დააკნინებდა და ზოგს აღამაღლებდა მადლის თანაბრად მიღების მიზნით. ყველაფერი კი პირიქით არის – ღმერთი სამართლიანი და უცვალებელია, ხოლო ადამიანები თავიანთი განსხვავებული ზნეობრიობით აღიქვამენ ზეციურ სამყოფელს.

ღირსი ეფრემ ასური ბრძანებს: ,,როგორც გრძნობადი მზის სხივებით ტკბება ყოველი თავისი მხედველობის ძალისა და განცდის სიწმინდის შესაბამისად და, როგორც სახლის გასანათებლად ანთებული ერთი ლამპრის შუქი სხივებად იშლება და თითოეულ მათგანს თავისი ადგილი აქვს, თავად სინათლე კი არ იყოფა ლამპრებად, ასევე, მერმის საუკუნეში მართალნი განუყოფლად დამკვიდრდებიან ერთიან სიხარულში, თუმცა თითოეული თავისი საზომით გაბრწყინდება”.

ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმერთთან მარადიულ თანამყოფობას. ღმერთი, როგორც აღინიშნა, უცვალებელია და შესაბამისად მისგან სიყვარული, სიკეთე და სხვა საღვთო თვისებები უცვალებლად გამოსჭვივის. მისგან წამოსული ეს ენერგიები, როგორც ნათელი, სამსჯავროზე მთელ კაცობრიობას მოეფინება. მართალთათვის საღვთო ნათელი სულის საზრდელი და აღტაცებაა, ხოლო ცოდვილთათვის – სულის ტკივილი და ვაება. ერთი და იგივე გარემო განსხვავებულად აღიქმება ადამიანთაგან. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აღნიშნავს: “როგორც მზე ცვილს არბილებს, ხოლო თიხას ამაგრებს არა თავისთავად, არამედ ცვილისა და თიხის ნივთიერებათა განსხვავების ძალით, ასევე ღმერთიც, ფარაონის თიხისებურ გულს – როგორც ამბობენ – ასასტიკებს”. მაშასადამე, ღვთის მადლი ანუ მისი სიყვარული, გაანათებს რა ყველას, – ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებს.

ამიტომ “ცათა სასუფეველი მუდმივი ღვთისმსახურება, მუდმივი ზეციური ლიტურგია და იესო ქრისტესთან მუდმივი ზიარებაა. მისი წმინდა მცნების მიხედვით: “რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო … და რომელი ჭამდეს ხორცსაჩემსა და სუნიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა” (იოან.6:54,56) – გვმოძღვრავს ღირსი იუსტინე პოპოვიჩი.

აქედან გამომდინარე, უკვე ნათლად სჩანს, რომ ცათა სასუფეველი მიწიერ ცხოვრებაში იწყება. მაცხოვარიც ხომ ამას გვმოძღვრავს: “აჰა, ეგერა, სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსაი არს” (ლუკ.17:21). შესაბამისად, საღვთო საიდუმლოებებში მუდმივი მონაწილეობით, ლოცვითი განწყობილების შენარჩუნებითა და ქრისტეს მცნებათა გულდასმითი შესრულების შედეგად ადამიანში ღვთის მადლი ანუ ცათა სასუფევლის წინასწარი განცდა მკვიდრდება.

რაც შეეხება ცოდვილთა საუკუნო მდგომარეობას, უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მათზეც ანალოგიურად ვრცელდება. განსხვავება ის არის, რომ ისინი ღვთის მადლის, სინათლისა და სიყვარულის მისაღებად მზად არ აღმოჩნდებიან. რის გამოც “გეჰენიის ცეცხლი უსინათლო, განათების თვისებას მოკლებული, მართალთა ნათელი კი არდამწველი, აალების თვისებას მოკლებული იქნება. ეს ღმრთის ქმედების განსხვავებული აღქმის შედეგია. ყოველ შემთხვევაში, ეს გულისხმობს იმას, რომ ღმრთის შეუქმნელ ენერგიას (მადლს) ადამიანი თავისი მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს”, – ასკვნის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) წმინდა მამებზე დაყრდნობით. შემდეგ აგრძელებს: “ეს განსხვავება ჩვენ შეიძლება გრძნობადი საგნების მაგალითზეც გავიგოთ. ერთი და იგივე მზე ჯანმთელ გონებას ანათებს, ავადმყოფურს კი აბნელებს, ცხადია, რომ დამნაშავე მზე კი არა, თვალის მდგომარეობაა”. და ბოლოს ასკვნის: “მაშასადამე, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც – ეს ერთი და იგივე ღმერთია, რადგან თითოეული თავისი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად იგემებს მის ენერგიას”.

“მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაი, და ზიარებაი სულისა წმიდისაი თქუენ ყოველთა თანა, ამინ” (2კორ.13:13).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.