მთავარი » ქრისტიანობა

საღმრთო ლიტურღია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2010 | 5,636 ნახვა

მამა დავითისაღმრთო ლიტურღია (ანუ ჟამნის წირვა) ნიშნავს საერთო (საზოგადო) ღვთისმსახურებას, რომლის დროსაც სრულდება წმ.ზიარების საიდუმლო, ანუ ევქარისტია (სამადლობელი) – მსხვერპლშეწირვა მთელი მორწმუნე ერისათვის – როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვლილთა ცოდვებისათვის. ეს უდიდესი საიდუმლო თავად მაცხოვარმა ჩვენმა – იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობაზე. წირვაზე მოიხსენიება იესო ქრისტეს ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე. დღეისათვის ეკლესიებში სრულდება წმ. იაკობის, წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირის და წმ. გრიგოლ დოლოგოსის მიერ ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში შედგენილი წირვები.

ლიტურგია სამ ნაწილად იყოფა: 1) კვეთა, რომლის დროსაც მზადდება მასალა და საკრალური (წმინდა) ნივთები საიდუმლოს აღსრულებისათვის; 2) კათაკმეველთა (მოსანათლად გამზადებულთა) ლიტურგია, როდესაც მორწმუნეები ემზადებიან საზიარებლად; 3) მართალთა ლიტურგია, როდესაც აღესრულება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან.

ზაზა სოსიაშვილი (მღვდელმსახური): ლიტურღიას წინს უსწრებს მწუხრი, ცისკარი, შუაღამიანი და 4 ჟამნი – ეს 7 ყოველდღიური მსახურება. ლოცვები, ფსალმუნები, წმიდა წერილთა კითხვა და ყველა წმიდა საქმიანობა ამზადებს ქრისტიანს მთავარი მსახურებისათვის – საღმრთო ლიტურღიისათვის, რასაც ჩვეულებრივ მეტყველებაში წირვას ეძახიან. ამ მსახურებისას ჩვენ ვმადლობთ ღმერთს კაცობრიობის ცოდვათაგან, წყევლისაგან დახსნისათვის, გამოსასყიდი მსხვერპლისათვის, რომელიც მიიტანა ჯვარზე ძემ მისმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა იწყეს ყოველდღიოურად ზიარების საიდუმლოს ჩატარება. მას უთავსებდნენ წმიდა წერილის კითხვას, ფსალმუნთა გალობასა და ლოცვებს. ლიტურღიის პირველი ხარისხი შეადგინა წმიდა მოციქულმა იაკობმა, იერუსალიმის I პატრიარქმა. ამ სახით იერუსალიმის ტაძარში მოციქულთა ხსენების დღეს ახლაც ტარდება იაკობის ჟამის წირვა.

IV საუკუნეში წმ. ბასილი დიდმა წერილობით ჩამოაყალიბა ლიტურღიის სახე. იგი წარმოადგენს იაკობ მოციქულის შემოკლებულ ვარიანტს. წმინდა იოანე ოქროპირმა იმის გამო, რომ კონსტანტინეპოლის მცხოვრებლები იღლებოდნენ წმიდა ბასილის ლიტურღიის ხანგრძლივი ლოცვებით, შემოიღო უფრო შემოკლებული ხარისხი.

იოანე ოქროპირის ლიტრუღია მართლმადიდებლურ ტაძრებში დიდი მარხვის გარდა მთელი წლის განმავლობაში ტარდება. დიდ მარხვაში იგი მხოლოდ შაბათობით, ხარებასა და ბზობის კვირაში სრულდება. წელიწადში 10-ჯერ ტარდება წმიდა ბასილი დიდის ლიტურღია. დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკეობით ტარდება გრიგორი დიოლოღოსის პირველშეწირულის ლიტურღია, რომელსაც განსაკუთრებული სახე გააჩნია.

წესი ღამისთევის ლოცვისა – ღამისთევის ლოცვა აღესრულება ყოველ შაბათს საღამოს და დღესასწაულის წინა საღამოს. ღოგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ეს არის ლოცვა, რომელიც მთელი ღამე გრძელდება. (ახლა საერო ტაძრებში ღამისთევა მხოლოდ დღესასწაულებში აღესრულება ). ქრისტიანთა ღვთისმსახურება სრულდებოდა ღამით, მტრისათვის შეუმჩნევლად. აღნიშნული მსახურება იწყებოდა გვიან საღამოს და თითქმის გათენებამდე გრძელდებოდა.

ღამისთევის ლოცვა მოიცავს დიდ მწუხრს, დიდ ცისკარსა და I ჟამნს.

წესი მათი ღამით შესრულებისა დღეს ნაწილობრივ შეუცვლელია: ისინი სრულდება საღამო ხანს, თუმცა ათონის მთაზე და ზოგიერთ სხვა მონასტერში იგი უცვლელი დარჩა და ღამისთევით სრულდება.

დიდი მწუხრი – დიდი მწუხრი იწყება შემდეგნაირად: იღება აღსავლის კარი; მღვდელი საცეცხლურითა და დიაკონი სანთელით შემოუკმევენ ტრაპეზსა და საკურთხეველს.

საცეცხლურით კმევა სიმბოლურად ნიშნავს სულიწმიდის მოქმედებას სამყაროს შექმნისას, ანთებული სანთელი დიაკონის ხელში კი – ნათელს საღმრთო სიბრძნისას.

კმევის დროს მღვდელი და დიაკონი არაფერს ამბობენ, რაც ნიშნავს შემდეგს: როცა ღმერთი ქმნიდა სამყაროს, ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობდა; იგი თავის ქმნილებათა შორის ყველაზე ბოლოს შექმნა ღმერთმა.

გუნდი გალობს 103-ე ფსალმუნს, რომელიც მედავითნის მიერ მხოლოდ სადაგ დღეებში (კვირის დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) იკითხება. ფსალმუნში უდიდესი სილამაზითაა აღწერილი სამყარაოსა და ადამიანის შექმნა და სამოთხეში ადამიანის უცოდველი მდგომარეობა.

დიდი ცისკარი – თუკი მწუხრის ლოცვებს გადავყავართ ძველი აღთქმის, მაცხოვრის მოლოდინის ხანაში, ცისკრის მსახურება, განსაკუთრებით კი კვირისა, მიანიშნებს ახალი აღთქმის პერიოდს, კერძოდ მაცხოვრის შობას და მის მკვდრეთით აღდგომას.

იგი ექვსი ფსალმუნის კითხვით იწყება:
მედავითნე – “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (3-გზის). ეს ის სიტყვებია, რომლითაც ბეთლემში ანგელოზნი ადიდებდნენ ქრსიტესშობას. ე. ი. ცისკრის ეს ნაწილი მორწმუნეებს ამცნობს მესიის განხორციელებას.

მცირე გამოსვლა – ნიშნავს იესო ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და ნათლისღების შემდეგ ხალხისადმი მიქცევას – სახარების ქადაგებას.

დიაკონი და მღვდელი ასრულებენ მცირე მეტანიას, ემთხვევიან წმინდა ტრაპეზს, მღვდელი – წმ. სახარებას, და გადასცემს მას დიაკონს. დიაკონი ემთხვევა სახარებას და მღვდლის მარჯვენას. ორივენი გამოდიან მაღალდასაჯდომელის (ტრაპეზის წინ არსებული ეკლესიის უმაღლესი იერარქიის დასაჯდომელი ადგილი. განასახიერებს ელეონის მთას და “მეუფე დიდებისას” უზენაეს ადგილს) მხრიდან ჩრდილოეთის კარით.

საიდუმლო ლოცვა აღსავლის კარის წინ: მღვდელი ევედრება უფალს აკურთხოს და წმიდა ჰყოს მათი შესვლა და წარმოუგზავნოს ანგელოზნი, ღირსეული მსახურებისათვის.

შესვლა სახარებით – მღვდლის გამოსვლა ჩრდილოეთის კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესო ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას – ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. აღსავლის კარებში წმ. სახარებით ჯვრის გამოსახვა მოასწავებს მის ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის შემდეგ წმ. სახარება დასვენდება ტრაპეზზე, რაც ნიშნავს მაცხოვრის შუამდგომლობას ზეციური მამის წინაშე მორწმუნეთათვის. მღვდელი ემთხვევა მაცხოვრის ხატს, გადასახავს ჯვარს მრევლს, შემდეგ ღვთისმშობლის ხატს, შედის საკურთხეველში და ემთხვევა სახარებას.

დიდი გამოსვლა – ეწოდება იმ ნაწილს სადაც მღვდელი მოიხსენიებს პატრიარქს, მრევლს და მიცვალებულთა სულებს.

დიაკონი – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მღვდელი – თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი შესვლის დროს ქერუბინთას მეორე ნაწილს გალობს:
“და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოსთაებრუხილავად, ძღვნის შემწირველთა წესთა, ალილუია, ალილუია, ალილუია” – იგალობება “შესვლის შემდეგ”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი