მთავარი » ქრისტიანობა

საღმრთო ლიტურგიის აღსრულების აუცილებელი კანონიკური წინაპირობები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2018 | 2,897 ნახვა

მამა საბა ნატროშვილი წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

“20 საუკუნის წინ, სიონის მთაზე, მოციქულებთან ერთად პასექის ტრაპეზთან ინახით მჯდომარე მაცხოვარმა აკურთხა რა პური და ღვინო, მისცა იგი თავის მოწაფეებს, როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი. “და აღიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და უთხრა მათ: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა, და მოიღო სასმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქვა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (ლუკა 22,17-20; მათე 26,26-29)… როგორც სახარება გვეუბნება, ქრისტემ ამ ფორმით მისი მოხსენება (გახსენება) დაუბარა მოწაფეებს.

სწორედ საიდუმლო სერობიდან ხდება დაწესება საღმრთო ევქარისტიისა ეკლესიაში. გადის დრო,წყდება ქრისტიანობის დევნა წარმართი მმართველებისა თუ იმპერატორების მხრიდან და თავს იჩენენ ახალ-ახალი მწვალებლობები, განხეთქილებები და სქიზმები. ეკლესია დგება დიდი გამოწვევის წინაშე,უცვლელად უნდა დაიცვას მოციქულების მიერ დატოვებული სწავლება-გარდამოცემა… აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ისტორიულად ყოველთვის ცენტრალური ადგილი ეკავა ევქარისტიის საიდუმლოს. ლიტურგიაში განცხადებულია საღმრთო დოგმატები. როგორც ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი ამბობს, ყველა დოგმატური შინაარსის წიგნი რომ დაიკარგოს,მხოლოდ ლიტურგიიდანაა შესაძლებელი მთელი მართლმადიდებლური დოგმატური სწავლების აღდგენა… შესაბამისად, დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ აღმოსავლეთში ლიტურგიას. სწორედ ამიტომაა, რომ აქ ძნელად იკიდებს ფეხს ნებისმიერი ლიტურგიკული სიახლე. უფრო მეტსაც ვიტყვით, თითქმის უცვლელადაა დაცული პირვანდელი წირვის წესი… ამ ფაქტს თვით კათოლიკებიც აღიარებენ. აი რა არის ნათქვამი ვატიკანის მე-2 კრების დეკრეტში “… კათოლიკე ეკლესია დიდად აფასებს აღმოსავლეთის ეკლესიათა დაწესებულებებს, ლიტურგიულ წესებს, საეკლესიო ტრადიციებსა და ქრისტიანული ცხოვრების წყობას (disciplinam) პატივსადები სიძველის გამო. მათში ის ტრადიცია ბრწყინავს,რომელიც მოციქულებისგან მამებს გადაეცა.”

იმისათვის,რომ ევქარისტია ჩაითვალოს კანონიკურად აღსრულებულად, სახეზე უნდა იყოს, შემდეგი წინაპირობები:

1) საიდუმლოს ასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსი, ან მღვდელი. ამ წინაპირობის არსი მდგომარეობს შემდეგში: საიდუმლოს შესრულება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვისზეც ხელდასხმის შედეგად დამკვიდრებულია განსაკუთრებული მადლი სულიწმინდისა. მღვდელმთავრის მიერ ხდება მოწოდება ამ მადლისა კონკრეტულ პიროვნებაზე და ასევე თუ ეპისკოპოსი გარკვეული ცოდვისთვის დაადებს ეპიტიმიას სასულიერო პირს (იგულისხმება განკვეთა ან დროებითი დაყენება), მადლი წყვეტს მოქმედებას. შესაბამისად, სქიზმით განდგომილის ან მწვალებლის მსახურება არ შეიწირება ღვთის წინაშე და იგი არაკანონიკურია.

2) ღვთისმსახურს არ უნდა ჰქონდეს აღსრულებული ლიტურგია იმავე დღეს.

3) მღვდელი უნდა იყოს უზმო (ტრულის კრების 29-ე კანონი).

4) ლიტურგიას უნდა ესწრებოდეს ეკლესიის წევრი ერთი პირი მაინც. სიტყვა ლიტურგია საერთო საქმეს, საერთო მსახურებას ნიშნავს. მაცხოვარი ბრძანებს, რომ სადაც ორი ან სამი ადამიანია შეკრებილი მისი სახელით, თვითონაც მათ შორისაა. შესაბამისად, მღვდელს არ შეუძლია აღასრულოს წირვა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, განმხოლოებით… არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს განდეგილ ბერებს ჰქონდათ ნებართვა მარტოებს ჩაეტარებინათ ლიტურგია. ეს დიდი შეცდომაა, უამრავ წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განდეგილები დროის გარკვეულ პერიოდს დაჰყოფდნენ რა უდაბნოში, ლოცვასა და მარხვაში, შემდეგ ზიარებისთვის აუცილებლად მოდიოდნენ მონასტრის მთავარ ტაძარში-კათოლიკონში.

5) უნდა იყოს ევქარისტიისათვის განკუთვნილი, ნაკურთხი სალოცავი ადგილი: ეკლესია, ნაკურთხი ტრაპეზით და ოდიკით. – უკიდურეს შემთხვევაში წირვა შეიძლება მცირე ტაბლაზე, რომელზეც ლიტურგიის აღსრულებისას აუცილებლად იქნება დასვენებული ოდიკი, იგივე ანტიმინსი. მას გააჩნია ღრმა სულიერი დატვირთვა. კერძოდ, ნაკურთხია ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ და წირვისას როდესაც იშლება ოდიკი, კვერექსში იხსენიება პატრიარქი და ეპისკოპოსი. ამ დროს მღვდელი ემთხვევა მას, რაც მწირველის სასულიერო იერარქიასთან თანაზიარებასა და მორჩილებას გამოხატავს.

6) ევქარისტიის აღსასრულებელ მასალად იხმარება ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი გაფუებული სეფისკვერი და სუფთა წითელი ღვინო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუცილებელია მღვდელმა წირვაზე გამოიყენოს მდუღარება ბარძიმის აღსავსებად ძღვენის კურთხევის შემდეგ. რაც სიმბოლოა, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ცოცხალი და ცხოველმყოფელი სისხლისა და ხორცისა (ტრულის კრების 32-ე კანონი).

7) ევქარისტიის თანაზიარი უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. დაუშვებელია მწვალებლის ან სქიზმით განდგომილის თანამონაწილეობა.

8) ასევე არ შეიძლება წირვას ესწრებოდეს ანათემით დასჯილი პირი.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი