მთავარი » ქრისტიანობა

“საქმეთა საზღაური როდია ცათა სასუფეველი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.04.2018 | 1,349 ნახვა

გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი):

“მართალია ღმერთმა ადამისეული ცოდვის შედეგები გამოისყიდა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამოთხისეული ადამის მსგავსნი გავხდით. მამა დიონისე გვიმრაძე ჩვენში, ისევე, როგორც ყველა თაობის ადამიანში, ცოდვისაკენ მიდრეკილებაა, ვინაიდან ღვთის ხატება დაკნინებულია. ჩვენი მიზანია ქრისტეს მსგავსად თითოეულმა ინდივიდუალურად და ამავე დროს ერთობაში ნათლობისას მოცემული ძალით გავიმარჯვოთ ამ დაკნინებულ ბუნებაზე და სამოთხისეული ადამისადმი მოწოდებას შევუერთდეთ _ განვიღმრთოთ მადლით. განმღრთობა კი ღვთის მცნებათა აღსრულების შედეგად მიიღწევა: “ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს (მცნებები), ამას დიდი ერქუას სასუფეველსა ცათასა. ხოლო გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა” (მათ.5:19-20).

ამიტომ, ქრისტეს მოძღვრებისადმი, მისი მცნებებისადმი გაუაზრებელი მიდგომა ვერ მოგვიტანს სახარბიელო შედეგს. თუკი ადამიანი ეკლესიაში მისვლამდე ვერ აცნობიერებს თავისი ბუნების ცოდვისკენ მიდრეკილებას და არც შემდეგში ფიქრობს ამ მიმართულებით, მაშინ გარეგნულად მცნებების შესრულება და სიკეთის აღსრულება მას კიდევ უფრო მეტად დააშორებს უფალს, რადგანაც გარეგნულ კეთილშობილებას კიდევ მეტად შესძენს, როგორც ფარისეველთა შემთხვევაში. ასევეა ადამიანი, რომელიც რაიმე მძიმე ცოდვისგან განსაკურნებლად უკავშირდება ეკლესიას, ამ ვნებისგან განთავისუფლების შედეგად შეიძლება კვლავაც დაშორდეს უფალს, ვინაიდან მან განკურნება იქ მიიღო, სადაც ხედავდა სნეულებას და სადაც არ დაუნახავს, იქ, თავისთავად, ვეღარ ხედავს ღვთის შეწევნის საჭიროებას.

ამიტომ, მცნებების შესრულებით კი არ უნდა მოვიწონოთ თავი, არამედ, მცნებების შინაგანი შესრულების მცდელობით, ცოდვების დანახვის უნარი უნდა შევიძინოთ და მათ გამო შევიმუსროთ გული, რათა ნებაყოფლობით სიცრუის ტყვეობაში არ დავრჩეთ, რითაც შემოქმედსაც ასე შევურაცხვყოფთ. რადგანაც ,,და სისხლი იგი იესუ ქრისტესი, ძისა მისისაი, განმწმედს ჩუენ ყოვლისა ცოდვისა” (1იოან.1,7).

თუკი თავადაც შეგვეძლო მცნებების აღსრულება, მაშინ ამაო ყოფილა ქრისტეს მოვლინება, მისი ჯვარცმა, აღდგომა და სულთმოფენობა. ქრისტეს მცნებები, პირველ რიგში, ჩვენში არსებულ ცოდვას ამხელს და თუკი ამ მხილებას მუდმივი სახე ექნება, მაშინ მცნებების აღსრულების მცდელობით მის სიყვარულში განვტკიცდებით: ,,უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა” (იოან.15,10).

მცნებების დაცვას ღმერთის სიყვარულამდე მივყავართ, მაგრამ თუ არ ვიცი ჩემი ცოდვილი ბუნება და მგონია, რომ მცნებებს ვიცავ, მაშინ ჩემი თავისადმი ავადმყოფური სიყვარული ანუ თავმოყვარეობა იზრდება, ყოველგვარი ცოდვისა და ბოროტების მიზეზი. როგორც ანგელოზთა კრებულმა, ასევე პირველმა ადამიანებმა ვერ დაიმდაბლეს რა თავი მათში არ არსებული ცოდვის გამო და დაეცნენ, ასევე, მიუხედავად, ჩვენში არსებული უამრავი ბოროტებისა, თუ ვერ დავინახავთ ჩვენს ცოდვილ ბუნებას, დაცემისათვის განწირულნი ვიქნებით. ახალი აღთქმის ადამიანი ბედნიერია. მასში უზენაესისაკენ ლტოლვას არამარტო ღმერთის სიყვარული და მზრუნველობა აღძრავს, არამედ საკუთარი დაცემული ბუნების დანახვა და აღიარება. იგი დაცემული ანგელოზის, ადამისა და მთელი ძველი აღთქმისეული შთამომავლების მსგავსად მთელი სიცოცხლე აღარ ატარებს თავისი ცოდვებს, ვინაიდან: ,,უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწნუნო არს და მართალ, რაითა მოგვიტევნეს ჩვენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა” (1იოან.1,9).

ადამიანური უძლურების, სნეულობის, ვნებებისაკენ მიდრეკილებისა და დაცემულობის გაცნობიერების შემდეგ განკურნებისათვის ღვთაებრივი ძალა და ენერგიაა საჭირო, რადგან სულიერი ცხოვრების წარმართვა მხოლოდ ღვთაებრივი სულით არის შესაძლებელი, სულიერება კი ღვთის მადლთან თანაცხოვრებას ნიშნავს.

ღვთის მადლის მოპოვების გზები და შესაძლებლობები ცალკე განხილვას მოითხოვს. უნდა შევისწავლოთ და დაკვირვებით გამოვიძიოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა შემოქმედება, ვნახოთ, რას გვმოძღვრავენ ისინი, რა თანმიმდევრობას გვთავაზობენ სათნოებათა აღსრულების კუთხით და რომელია ის ძირითადი სათნოებები, რომლებზეც მეტად გვმართებს ყურადღების გამახვილება. როგორც მრავალ მომაკვდინებელ ვნებათაგან და ცოდვათაგან რამდენიმე ძირითადი და საწყისი ვნებებია გამოკვეთილი, ანალოგიურად მრავალ სათნოებათა და სიკეთეთაგან რამდენიმე საწყის სათნოებაზე გავამახვილოთ ყურადღებას.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ გამაფრთხილებელ თავისებურებებზე ყურადღების გამახვილება, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც უნაყოფო იქნება ჩვენი მონდომება. ჩვენც, სწორედ ამ უკანასკნელი საკითხით დავიწყოთ მადლისმიერი ცხოვრების მოპოვების თავისებურებებზე საუბარი, რათა მეტი ნათელი მოეფინოს უფლისაკენ სავალ გზას.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი