მთავარი » ქრისტიანობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი დიპტიხში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.03.2014 6 კომენტარი | 9,913 ნახვა

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია.

„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში. მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელი შეხვედრა
თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება,“ – ბრძანა უწმინდესმა.

თუ რას ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება ადგილი ეკლესიას დიპტიხში? გვესაუბრება შუა საუკუნეების კვლევების დოქტორანტი, მღვდელი ილია ჭიღლაძე:

“ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც ”ორად დაკეცილი”, ანუ ”ორკარედი” (”ორფრთიანი”), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები.

ყოველი ადგილობრივი, ანუ ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და არ არსებობს იერარქიული დამოკიდებულება ერთმანეთზე, მაგრამ არსებობს საპატრიარქო კათედრების რანგირება პატივის მიხედვით, როგორც ძმათა შორის უხუცესობა-უმრწემესობისა. ეს საჭიროა პრაქტიკული მოსაზრებითაც, კერძოდ წირვა- ლოცვის დროს, როგორი თანმიმდევრობით დადგნენ და მათი სახელები რა თანმიმდევრობით იქნეს წარმოთქმული კვრექსებსა, თუ მოსახსენებლებში. ანუ ეკლესიის უძვლესი ადათით, მართალია არსებობს პატრიარქთა (და ზოგადად ეპისკოპოსთა) თანასწორობა უფლებრივი და იერატიკული (მღვდელმოქმედებითი) კუთხით, მაგრამ არის ასევე პატივის მიხედვით მათი კათედრების რანგირება.

დიპტიხში საპატრიარქო კათედრებმა რანგირება, ანუ ”უფროს-უმცროსობა” თავიანთი ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობიდან გამომდინარე მოიპოვეს, ანუ ამათუიმ საპატრიარქოს ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე, რა როლი და ფუნქცია ენიჭებოდა მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში“.

ვის აერთიანებს ამჟამად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხი?

ამჟამად მსოფლიოში არსებობს 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, აქედან ცხრა არის საპატრიარქო რანგისა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის), სამი ავტოკეფალური სამთავარეპისკოპოსო [საარქიეპისკოპოსო] ( კვიპროსის, საბერძნეთის, ანუ ელადის და ალბანეთის) და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლიტო (პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის). კონსტანტინოპოლის პატრიარქი ატარებს ტიტულს ”მსოფლიო, ანუ ეკუმენური პატრიარქისას”, მაგრამ ეს წოდება სიმბოლური და საპატიოა და არა რეალური შინაარსისა. იგია ”პირველი თანასწორთა შორის”. არსებობს კიდევ ამერიკის ავტოკეფალური სამიტროპოლიტო, რომლის ავტოკეფალიას, ჯერჯერობით, მხოლოდ ეკლესიათა ნაწილი აღიარებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოც, ხოლო კონსტანტინოპოლი არ ცნობს.

ყველა ეკლესიის მეთაური (მიუხედავად იმისა პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, თუ მიტროპოლიტის წოდებას ატარებს) ერთმანეთთან მიმართებაში თანასწორნი და დამოუკიდებელნი არიან. ყოველი მათგანი თავის რწმუნებულ ეკლესიას მართავს თავისი სინოდის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი, ”ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია” დაყოფილია თვითმმართველ (ავტოკეფალურ) ადგილობრივ ეკლესიებად, რომელნიც ერთმანეთისგან სტრუქტურულ დონეზე დამოუკიდებელნი არიან, მსოფლიო ეკლესია სულიერი, სწავლებითი და მადლისმიერი მხრივ ერთიანია და განუყოფელი.

რა ადგილს იკავებს დღეს საქართველოს ეკლესია დიპტიხში და რატომ არ გვაქვს ოფიციალურად ადგილი მონიჭებული?

საქართველოს ეკლესიამ, როგორც ცნობლია 1811 წელს რუსული ხელისუფლების მიერ გაუქმებული უძველესი ავტოკეფალია აღიდგინა 1917 წელს, მაგრამ ეს აღდგენა იმ ეტაპზე არ ცნო რუსეთის ეკლესიამ და მისი გავლენით არც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ (შესაბამისად, არც სხვა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა), ამის გამო მათ დიპტიხებში არ შესულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი.

1943 წელს მოსკოვის საპატრიაქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო პატრიარქთა დიპტიხში შეიყვანა მეექვსე ადგილზე, შემდგომად კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის საპატრიარქო კათედრებისა. ეს განჩინება იმ ეტაპზე გაიზიარა ალექსანდრიის საპატრიარქომაც. მაგრამ ეს ფაქტი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ არ აღიარა, კონსტანტინოპოლი თვლიდა რომ აღაიარებაც და დიპტიხში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელის შეტანის უფლებამოსილებაც მხოლოდ მას ჰქონდა. იმ პერიოდში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც აფერხებდა კომუნიკაციას კონსტანტინოპოლთან, ეს საკითხი ღიად დარჩა. 1960-იან წლებში, როდესაც გააქტურდა საგარეო კავშირები საბჭოთა კავშირისა საზღვარგარეთთან, დაიწყო მრავალი საერთაშორისო საეკლესიო კონფერენციის მოწყობა, საქართველოს ეკლესიას წარმოადგენდა ხოლმე ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი, ამჟამინდელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), იგი პირადად წააწყდა ამ სირთულეს, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეგიდით მოწყობილ საეკლესიო შეხვედრებზე, საქართველოს ეკლესიის წამომადგენელი არ იკავებდა კუთვნილ მეექვსე ადგილს, და ავტონომიური ეკლესიების წამომადგენელებთან ათანაბრებდნენ მას. ამ პრობლემის გადაჭრა დაისახა უპირველეს ამოცანად მისმა უწმინდესობამ საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებისთანავე, 1978 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ხანგრძლივი ღვწისა და შრომის შედეგად, მხოლოდ 1990 წელს სცნო კონსტანტინოპოლმა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება, თუმცა დიპტიხში ადგილის საკითხი კვლავ ღიად დარჩა.

კონსტანტონოპოლმა არ ინდომა ჩვენი ეკლესიის მეექვსე ადგილზე დაყენება, იმ მიზეზით, რომ მანამდე, მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მან მეექვსე ადგილი მიუჩინა სერბეთის საპატრიარქოს, მეშვიდე-რუმინეთის საპატრიარქოს, ხოლო მერვე ადგილი – ბულგარეთისას. ფანარმა განაცხადა, რომ უკვე მინიჭებულ ადგილებს არ შეუცვლიდა ამ ეკლესიებს, დიდი (მსოფლიო) კრების გარეშე, ამიტომ მან დროებით თავის დიპტიხში განგვიჩინა მეცხრე ადგილი, ანუ საპატრიარქო კათედრათა შორის უკანასკნელი. ამჟამად ყველა მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხის რიგს აღიარებს, გარდა მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის საპატრიარქოებისა, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, ამერიკის ეკლესიებისა.

რა ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიას ისტორიულად დიპტიხში?

საპატრიარქოთა სისტემა სამთავარეპისკოპოსოების ბაზაზე ჩამოყალიბდა რომის იმპერიაში მეხუთე საუკუნეში, ეს პროცესი გაფორმდა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს, იმპერიის ეკლესია განაწილდა 5 დიდ საპატრიარქოს – რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმს შორის (ასევე შენარჩუნდა კვიპროსის პატარა კუნძულის ეკლესიის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო). ამ საეკლესიო მმართველობას ეწოდება პენტარქია, ანუ ხუთთა მმართველობა. შუა საუკუნეების ბიზანტიურ ცნობიერებაში სამყაროში მეტი საპატრიარქოს ადგილი არ შეიძლება ყოფილიყო, გამონაკლისი სახით შეიძლება მხოლოდ ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოების არსებობა. მაგრამ მათთვის საპატრიაქრო რანგის მინიჭება წარმოუდგენლად ითვლებოდა.

საქართველოს ეკლესიის მეთაური მეხუთე საუკუნიდან იწოდებოდა კათოლიკოსად და მთავარეპისკოპოსად. კათოლიკოსის ტიტული სირო-სპარსული ეკლესიის წოდებაა, იგი უცხო იყო და არის ბერძნული საეკლესიო სივრცისათვის (თუმცა თავად სიტყვა ბერძნულია და ნიშნავს ”საყოველთაოს”). კათოლიკოსის წოდება გაჩნდა რომაული იმპერიის გარეთ, სპარსეთის იმპერიაში და ეს წოდება მიენიჭა სპარსეთის სირიული ეკლესიის მეთაურს – დედაქალაქ სელევკიის მთავარეპისკოპოსს მეოთხე საუკუნეში. ეს ტიტული იყო და არის ტოლფარდი რომაულ-ბიზანტიური საეკლესიო ტიტულ ”პატრიარქისა”. მეხუთე საუკუნისათვის ამიერკავკასია (ეგრისის გამოკლებით) ირანის იმპერიის გავლენის სფერო იყო და ბუნებრივია განიცდიდა სირო-სპარსული ეკლესიის გავლენას, სწორედ ამიტომ ამ საუკუნეში კავკასიის ახლად ჩამოყალიბებული სამი ავტოკეფალური ეკლესიის (საქართველოს, ანუ იბერია-ქართლის, სომხეთის და ალბანეთის) მეთაურებმა სწორედ ეს ტიტული მიიღეს და არა – ”პატრიარქის”. უფრო გვიან, XI საუკუნიდან, როდესაც ბიზანტური საეკლესიო გავლენა (ათონური პერიოდიდან მოყოლებული) მკვეთრად იჭრება ჩვენში, პატრიარქის წოდებაც შემოდის ჩვენი კათოლიკოსის ტიტულატურაში, მაგრამ მაინც ნაკლები გამოყენებით, უძირითადესად ქართველები მეტყველებაშიც და წერილობით დოკუმენტებში ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრისათვის ვიყენებდით მხოლოდ ტერმინ ”კათოლიკოსს”, როგორც ჩანს ისევ ბიზანტიური გავლენით, რომლის მიხედვით საპატრიარქო კათედრები იყო მხოლოდ ხუთი: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი. საქართველოს ეკლესიის მეთაურნი თავის ”კათოლიკოსობას”, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევდნენ პატრიარქობაზე ნაკლებ სტატუსად და ეს ასეც იყო. ბერძნები არასოდეს არ აღიარებდნენ საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქის წოდებაში, თუმცა აღიარებდნენ მათ ავტოკეფალურ უფლებას და უწოდებდნენ ავტოკეფალურ არქიეპისკოპოსს (მაგ. ანტიოქიის პატრიარქი და ცნობილი კანონისტი თოდორე ბალსამონი (1193 — 1199წ.წ.), იერუსალიმის პატრიარქები დოსითეოსი (1667 — 1707 წ.წ.) და ქრიზანთე (1707 — 1731წ.წ.), გამონაკლისია XV საუკუნეში კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის ეკლესიარხის სილვესტეროს სიროპულოსის ცნობა, სადაც ის ახსენებს ”იბერიის პატრიარქს”, მაგრამ ეს არის არაოფიციალური წყარო, და ამასთან, არც დიდად გასაკვირი: ზოგადი გაგებით, ყოველი პირველიერარქი ”პატრიარქია” თავის ეკლესიაში, მეხუთე საუკუნემდე კი ”პატრიარქი” (ეს ბერძნული სიტყვა ქართულად ”მამამთავრად” ითარგმნება) ეწოდებოდა ყოველ ეპისკოპოსს.

ვიმეორებთ, ბიზანტიურ დიპტიხში მხოლოდ პატრიარქები შეყავდათ. XI საუკუნეში მომხდარი დიდი სქიზმის გამო მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოვარდა რომის პაპის (ანუ პატრიარქის) ხსენება, ხოლო 1589 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ავტოკეფალურად რუსეთის ეკლესია და ოფიციალურად მიანიჭა საპატრიარქო რანგი და დიპტიხში მეხუთე ადგილი, 1920 წელს კონსტანტინოპოლმა სცნო სერბეთის საპატრიარქოს მეექვსე ადგილი, 1925 წელს რუმინეთის საპატრიარქოს მეშვიდე, ხოლო 1953 წელს ბლგარეთის საპატრიარქოს მერვე ადგილი. ჩვენი 1917 წელს აღდგენილი ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება კი – მხოლოდ 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი ღვაწლის შედეგად. მაგრამ ჩვენ ისტორიის ამ მიმდინარე პროცესში ერთგვარად დავიგვიანეთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ეთმობა მის მიერ უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული დიპტიხის დარღვევა. მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქოთა 1943 წლის შეთანხმებით დადგენილი დიპტიხში ჩვენი მეექვსე ადგილის სასარგებლოდ კი მეტყვლებს ერთი მხრივ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის სიძველე (თუმცა, დიპტიხის იერარქია ამ პრინციპით არაა აგებული), ხოლო მეორე მხრივ, ფერერა-ფლორენციის ”მსოფლიო” საეკლესიო კრებაზე ჩვენი ეკლესიის დელეგაციის მეხუთე ადგილზე (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოთა შემდეგ) დაყენების ისტორიული ფაქტი. სწორედ ამიტომ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის დიდი სურვილი და ენერგია მიმართულია საიმისოდ, რომ 2016 წელს დაგეგმილ დიდ და წმინდა, საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებაზე ეს საკითხი ჩვენი წმინდა, უძველესი ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყდეს და მსოფლიო საპატრიარქომ სცნოს ჩვენი ეკლესიის კუთვნილი მეექვსე ადგილი დიპტიხში.

ესაუბრა თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ილია says:

    ძალიან საინტერესო წერილია. მოკრძალებით შევნიშნავ, რომ კარგი იქნება თუ თავშივე აღნიშნავთ, სათაურს ქვემოთ, სადაც ავტორია მითითებული, რომ ინტერვიუ მამა ილია ჭიღლაძესთანაა ჩაწერილი. თორემ თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ქალბატონ თეონა ნოზაძის წერილს ვკითხულობდი:) გმადლობთ საინტერესო პუბლიკაციებისთვის. ილია

  • admin says:

    ბატონო ილია, როგორც ჩანს, თქვენ კარგად ვერ ერკვევით თანამედროვე ტექნოლოგიებში.
    ამ ტიპის ვებ–საიტებზე, ავტორის გრაფა სადაც არის მითითებული, იგულისხმება ჟურნალისტი, ვინც მოამზადა ეს სტატია.

    რესპონდენტი თვალსაჩინოდაა მითითებული და არანაირ გაურკვევლობას არ იწვევს მკითხველში, ვინ არის რესპონდენტი და ვინ – ჟურნალისტი.

    გმადლობთ, რომ ხართ “ამბიონის” მკითხველი.

    • ლაშა says:

      თანამდეროვე ტექნოლოგიები ეს მაგარი იყო! რა თანამედროვე ტექნოლოგიები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ავტორი სპეციალრი ტექსტის საშუალებით სტატიის გარეთ დაფიქსირდეს თუ ეს თანამდროვე ტექნოლოგიებში არსებული დოგმაა რომ სტატიის შიგნით გაბოლდებული შრიფტით ეწეროს? ესე ისე რიტორიკული კომენტარია

      • ქეთევანი says:

        რაა გაუგებარი?!ავტორი სადაც წერია, იქ იწერება ჟურნალისტის სახელი და გვარი. დეტალურად რომ მივყვეთ, სტატიის შესავალი ტექსტი ხომ ჟურნალისტმა დაწერა?! მერე მოსდევს ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ “გვესაუბრება შუა საუკუნეების კვლევების დოქტორანტი, მღვდელი ილია ჭიღლაძე:” რესპონდენტის სახელი და გვარი მუქად და მკაფიოდ არის გამოკვეთილი და მოსდევს ინტერვიუ.
        თუ ამ ფორმატის ვებ სისტემა არ მოგწონთ, არავინ გაიძულებთ “ამბიონის”წაკითხვას..

  • ketevani says:

    dzalian saintereso werılıa.dıdı madloba. bevr chemtvıs mnıshvnelovan sakıtxshı gaverkvıe. gaıxaret!

  • გიორგი says:

    +++ უფალმა ღმერთმა ქნას ყველაფერი მოგვარდეს, იყოს ისე როგორც უფალს სურს, ამინ!!! ++++

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი