მთავარი » საზოგადოება

საქართველოს “ცოცხალი ისტორიები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2013 | 3,119 ნახვა

ჩვენ, ადამიანები ვიბადებით, ვიზრდებით, ცხოვრების მანძილზე მრავალ სიხარულს განვიცდით და მრავალ განსაცდელს ვუძლებთ, ვითმენთ. ბაბო ალუდაური ასაკის მატებასთან ერთად ვუფიქრდებით ჩვენს საქციელს და ვააანალიზებთ ჩვენს შეცდომებს. საბოლოოდ ვაღწევთ ასაკს, როცა ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს…

ჩვენი მოხუცები, გარდა ცხოვრებისეული გამოცდილებისა, ფლობენ ცოდნას, რაც ჩვენთვის, მომავალი თაობისთვის უცნობია და საზოგადოებისთვის საინტერესო. ისინი არიან მომსწრენი და მონაწილენი ისტორიული ფაქტებისა, მცოდნენი მივიწყებული ტრადიციებისა… სამწუხაროდ, ეს ინფორმაციები ჩვენთვის უცნობი რჩება და „გახმაურების“ გარეშე იკარგება. ამიტომ გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი მოხუცებს, რათა ჩამეწერა ისტორიები, ტრადიციები თუ თავგადასავლები.

რესპოდენტებს ძალიან გაუხარდათ, როცა ჩემი მისვლის მიზეზი გაიგეს. ბევრ ისტორიას მომიყვნენ, მაცინეს, მატირეს კიდეც…

ბაბო ალუდაური, რომელიც 87 წლისაა, ხევსურეთის სოფელ ხახმატში დაიბადა და გაიზარდა. მის ბავშვობაში თავის შესაქცევი უფროსების მიერ გარდასულ ამბავთა და ლეგენდათა მოთხრობილის მოსმენა იყო. მიუხედავად ასაკისა, მას კარგად ახსოვს ეს ისტორიები და სიამოვნებით იხენებს მათ.

ერთ-ერთი ამბავი თამარ მეფს უკავშირდება. მას, თურმე, ხახმატში პატარა ციხე აუგია, სადაც ზაფხულობით ადიოდა დასასვენებლად. ბაბო პაპას თქმით, ასეთი ლეგენდა არსებობს: ერთხელ მეფე თამარს შვილი, ლაშა-გიორგი დაუკარგავს. ბევრი უძებნია, მაგრამ ვერსად უნახავს. შემდეგ მიმხვდარა, რომ ის აუცილებლად ხახმატში იქნებოდა გაპარული, რადგან ლაშა-გიორგის ძალიან ჰყვარებია ხევსურეთი. წასულა თამარი შვილის სანახავად. ხახმატში ასულს ხალხი შეუკრებია და ლაშას მოძებნა უბრძანებია. მათ მართლაც ხევსურეთში იპოვეს ლაშა, მაგრამ მეფის შვილის დავალებით თამარისთვის უთქვამთ, რომ ლაშა-გიორგი არ იყო ხევსურეთში. მეფე გაბრაზებულა და მკაცრად მოუთხოვია მცხოვრებთათვის, სასწრაფოდ ეპოვათ მისი შვილი და მასთან მიეყვანათ, ხევსურებს კი მეფე ციხეში ჩაუკეტავთ და ასე უთქვამთ: „ლეკების და ქისტების ჯარი აშლილია, მთებს ვყარაულობთ, არ გვცალია თქვენს საძებნად, სამშობლო გვაქვს დასაცავიო.“ თამარ მეფეს კი მიუგია: „გამიღეთ კარი, წავალ. უპოვიხართ თავის ჭკვისები და იმიტომ წამოსულა აქ. ვიცი, რომ მან დაგარიგათო“. ბოლოს დაუყოლებია: „ეს მინდა ფრახს (მოჩხუბარ დიაცს ფრახს ვეძახდით, – ბაბო ალუდაური), დედას შვილის მაძევარსო ( მძებნელსო)“.

წინაპრებს ისიც უთქვამთ, რომ თამარს ხახმატელთა სალოცავისთვის ვერცხლის მონეტებით სავსე ქვაბები შეუწირავს, რაც შემდგომ კომუნისტებს მოუპარავთ… ასევე, კომუნისტებს დაუნგრევიათ ზემოთ ხსენებული თამარის მიერ აგებული ციხე. მასალა გზის გაყვანისას გამოუყენებიათ.

ბაბო პაპამ გაიხსენა: „უფროსები ერეკლე მეფის ნათქვამს ყვებოდნენ: ერთ-ერთი ბრძოლისას ერეკლე მეფისთვის იარაღი დაუმიზნებია ლეკს. ერთ მოხერხებულ ბლოელ ( სოფელ ბლოში მცხოვრებს) კაცს თოფი ყელის ძირში უსვრია და მეფის სიცოცხლე გადაურჩენია.

საუბრისას ჩვენმა მოხუცმა აღნიშნა, რომ ფილმში „ეხვედრა მთაში“ იღებდა მონაწილეობას მსახიობ ლეილა აბაშიძესთან ერთად (დოღის სცენაში). „საოცარი მხედარი იყო,“ – აღნიშნა მან. ბაბო პაპა ღიმილით იხსენებს, რომ დოღის გადაღებისას ქალბატონი ლეილა ცხენიდან გადმოვარდნილა. დასახმარებლად გაქცეული მხოლოდ გვიანღა მიმხვდარა, რომ ეს სცენარით იყო გათვალისწინებული.

დავინტერესდი ხევსურული ტრადიციებით და 79 წლის ნათელა არაბულს ვთხოვე, მოეყოლა მათი დღეობის, ათენგენობის შესახებ. დღეობის სახელის ისტორია ასეთია: როდესაც საქართველოში ეკლესიებისა და საყდრების აგება დაუწყიათ და მოსახლეობა გაქრისტიანებულა, თურმე, მათ წინამძღოლობდა ვინმე ათენგი. სწორედ მის პატივსაცემად ჰქვია დღეობას ათენგენობა.

მას ხევსურები დღესაც აღნიშნავენ, თუმცა წლების წინ ის განსხვავებულად, გარკვეული წესებით სრულდებოდა: ათენგენობისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყებოდა. დასტური (ვინც ორგანიზებას უკეთებს დღეობას) მიდიოდა ჯვარში, ლუდს ადუღებდა და ემზადებოდა მეზღვნეების (მომლოცველების) მისაღებად.
პარასკევ დღეს იწყებოდა დღეობა. მეზღვნეები საკლავებით მიდიოდნენ. ჯვარში შედიოდნენ და აღასრულებდნენ წირვას. ათენგენობის დღეებში წირვა ყოველ დილა-საღამოს სრულდებოდა. ხახმატში შაბათ დილას გამოაბრძანებდნენ დროშებს და წირვის შემდეგ ხუცესები მომლოცველთა მიერ მიყვანილ კურეტებს შეუსახელებდნენ (მეზღვნეებს უფალს ავედრებდნენ) და კლავდნენ. კვირაობით თორმეტ საათამდე იყვნენ სალოცავში. ამ დრომდე შეიძლებოდა საკლავის დაკვლა. შემდეგ უკვე დროშებით საფლავებზე გადიოდნენ, თან მიჰქონდათ ხატში ნადუღები ლუდი. ხუცესები მიცვალებულთა სულებს შენდობას ეუბნებოდნენ. ორშაბათობით ხდებოდა გამოლოცვა. მეზღვნენი სახლში ბრუნდებოდნენ. სალოცავის კუთვნილ განძს ახალ მეგანძურს (განძის დამცავს) აბარებდნენ.

ნათელა ბებომ გვითხრა ასევე, რომ გუდანისა და ხახმატის ჯვრებიდან ორი კვირით ადრე ხევსურები თუშეთში მიდიოდნენ, დროშებს მიაბრძანებდნენ, მოივლიდნენ სოფლებს და უკან ბრუნდებოდნენ. შემდეგ თუშები სტუმრობდნენ და თან სხვადასხვა რაოდენობისა და სახის ძღვენს სწირავდნენ ხატებს.

ამ და კიდევ მრავალ ისტორიას მომიყვნენ ჩვენი „ცოცხალი ისტორიები“. მათ თვალებში სიხარულსა და ამასთან სევდას ვხედავდი. აღტაცებით იხსენებდნენ და სიამაყით ყვებოდნენ მათი გმირებისა და ვაჟკაცების საოცარ თავგადასავლებს. თუმცა ნოსტალგიამ ბერჯერ გული აუჩუყა მათ. გულწრფელმა გრძნობებმა და ემოციებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზეც… ბევრი რამ მასწავლეს ამ ადამიანებმა.

ჩვენს მოხუცებს, ჩვენს „ცოცხალ ისტორიებს“ ყოველთვის ახარებს მომავალი თაობისგან გამოხატული ყურადღება, რჩევა – დარიგების თხოვნა, მათი თავგადასავლების მოყოლა… შესაძლოა, ბევრ ახალგაზრდას ამაზე გაეღიმოს და ირონიულად შეხედოს ჩემს ნათქვამს (გამომდინარე დღევანდელობის სურათიდან), მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, პატივი სცენ მოხუცებს, ზრდილობიანად მოეპყრან, ყურადღება გამოიჩინონ მათ მიმართ, ელაპარაკონ, მოაყოლონ ისტორიები და თავგადასავლები და მე მათ პირობას ვაძლევ, რომ მიხვდებიან, ამაში სათაკილო არაფერია, პირიქით, ორმხრივ სასიამოვნო იქნება ეს დიალოგი და ამასთან, ბევრ რამეს ისწავლიან და გაიგებენ, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ. მათ ჩვენი გაფრთხილება და მოფერება სჭირდებათ. სანამ გვიანი არ არის, მოვეგოთ გონს და დავაფასოთ ჩვენი „ცოცხალი ისტორიები“…

მაია ბურდული


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი