მთავარი » საზოგადოება

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.02.2013 9 კომენტარი | 11,835 ნახვა

მსოფლიოში უამრავი ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოშიც მეტად მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით ეროვნული კუთხით.

ჩვილიეს პრობლემა წლების მანძილზე ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩებოდა და მის გამოსასწორებლად არაფერი კეთდებოდა.

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა. დღეისთვის უწმიდესს უკვე 13 000 – ზე მეტი ნათლული ჰყავს, რაც, გარკვეულწილად, დადებითად აისახება საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახების ზრდაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია იმ პრობლემასთან საბრძოლველად, რის წინაშეც რეალურად დღეს ქართველი ერი დგას.

ახალი ხელისუფლების ინიციატივით, პირველი ივლისიდან ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლისთვის მშობიარობა უფასო გახდება, რაც თავისთავად დადებითად აისახება შემდგომ წლებში საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მაგრამ ეს რომ საკმარისი არ იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს.

რა მდგომარეობაა საქართველოში დემოგრაფიული კუთხით? ვრცლად ამ თემაზე “ამბიონს” დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე ესაუბრა:

“არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა – 104 ათასი.
1960-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, ხოლო 1991 -2010 წლებში კი – 55 ათასი.
შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო და 2005 წელს საქართველოში უკვე 46 ათასი ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა.

შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა. შეფარდებითი მონაცემებიც ნათლად გვიჩვენებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს. მაგალითად, 1960-1969 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება ყოველ ათას კაცზე 14,8 კაცს უდრიდა, ხოლო 2000-2009 წლებში – 1,2 კაცს.

მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ სამხრეთ კავკასიაში ქართველთა დემოგრაფიული განვითარება არსებითად ჩამორჩება სომხებისა და აზერბაიჯანელების დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლებს. საქართველოშიც კი ქართველების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქვეყანაში ქართველების შემდეგ სხვა, მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნების წარმომადგენელთა – აზერბაიჯანელთა ბუნებრივ მატებას. მართალია, ამჟამად მიმდინარე სტატისტიკა აღარ ამუშავებს დემოგრაფიულ მონაცემებს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის მიხედვით, აღნიშნულ საკითხს მაინც თვალსაჩინოდ ასახავს 2003 წელს ქართველ დემოგრაფთა მიერ გაანგარიშებული მონაცემები ეროვნული ნიშნის მიხედვით ბუნებრივი მატების შესახებ. კერძოდ, 2003 წელს საქართველოში აზერბაიჯანელების ბუნებრივი მატების დონე 109-ჯერ აღემატებოდა ქართველების ბუნებრივი მატების ანალოგიურ მაჩვენებელს.

ისტორიულად, ქართველები რაოდენობრივად ყოველთვის ჭარბობდნენ სომხებსა და აზერბაიჯანელებს. მაგრამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, აზერბაიჯანში შობადობის უაღრესად მაღალი დონის გამო, 1965 წელს სამხრეთ კავკასიაში ქართველებისა და აზერბაიჯანელების რაოდენობა გათანაბრდა, ხოლო ამჟამად აზერბაიჯანელები ქართველებს უკვე 5 მილიონით აღემატებიან.

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება მნიშვნელოვნად განსხვავებულია რეგიონების მიხედვითაც. უკანასკნელ წლებში, ძირითადად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში, შეინიშნება მოსახლეობის ბუნებრივი კლება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ძირითადად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ამ სააგენტომ ვიზა მისცა მეტად არასწორი დემოგრაფიული მონაცემების გამოქვეყნებას. კერძოდ, ამ მონაცემების მიხედვით, 2008 წელს შობადობა ერთბაშად 7000 ბავშვით გაიზარდა წინა წლებთან შედარებით და 56 565 ბავშვი შეადგინა. მომდევნო 2009 წელს შობადობა თითქმის ისევ 7000 ბავშვით გაიზარდა და შობადობის მაჩვენებელი 63 377 ბავშვს უდრიდა, რაც მშვენიერი მაჩვენებელია.

მაგრამ, რეალურად, საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციაა და მისი მონაცემების შელამაზება დიდი ეროვნული სატკივარის მიჩქმალვის მცდელობაა, რასაც შეიძლება დამღუპველი შედეგი მოჰყვეს.

ამ შელამაზებულმა მონაცემებმა, რომელიც პრეზიდენტის სურვილით იყო წახალისებული, ათქმევინა მას რამდენჯერმე, რომ საქართველოში შობადობის ბუმიაო და ეს მოვლენა ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას დაუკავშირა.

რეალურად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მონაცემების შელამაზების შედეგია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ეს დიდ ამერიკელ მწერალს მარკ ტვენს აქვს აღნიშნული: “არსებობს სამი სახის სიცრუე: სიცრუე, საძაგელი სიცრუე და სტატისტიკა”. მართლაც, პრეზიდენტი გვიყიჟინებდა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდებოდა, მაგრამ ჩვენი ყოფა ყოველგვარ ყიჟინსა და სტატისტიკაზე უტყუარი მაჩვენებელია. თანაც გაეროს ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში საშინელი სიღატაკეა.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და რადიკალური ზომები არ მივიღეთ, დაახლოებით 10 წელიწადში 2020-იანი წლების შუა ხანებში ეს პრობლემა მკვეთრად იჩენს თავს.

აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რაც ხანგრძლივ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი შევანელოთ და სასურველ შედეგს მხოლოდ საკმაო დროის გავლის შემდეგ მივაღწიოთ.

ამრიგად, ძირითადად ეკონომიკური პირობების საგრძნობლად გაუარესების შედეგად, განვლილ პერიოდში შობადობის საერთო კვლევის კვალობაზე, მკვეთრად შემცირდა დაბადებული გოგონების რაოდენობა და ამის გამო შობადობის შემდგომ შემცირებას, თუნდაც ეკონომიკური პირობების არსებითი გაუმჯობესების შემთხვევაში, ქვეყანა უკვე ვეღარ აცდება. მართალია, ცხოვრების დონე თუ ამაღლდა, საშუალოდ ერთი ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მეტ ბავშვს გააჩენს, მაგრამ, გარემიგრაციული პროცესების მიუხედავად, იგი მაინც ვერ მოახდენს წინა პერიოდში დაბადებული ქალების რაოდენობის კლების შედეგად გამოწვეული შობადობის შემცირების საგრძნობ კომპენსაციას.

მომავალში ეკონომიკური ზრდის პარალელურად თავს იჩენს შრომითი რესურსების ნაკლებობის პრობლემა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეტად საშიში, არასასურველი იმიგრაციული პროცესი და ქვეყანა მოკლე ხანში დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკვე არ ვდგავართ ამ კატასტროფის პირას.

ქართველ მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება მცირეშვილიანობა. სულ უფრო მცირდება იმ დედების რიცხვი, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ. კერძოდ, თუ საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი ბავშვის დაბადების წილი მთელ დაბადებულთა 36,5 პროცენს შეადგენდა, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 15,0 პროცენტს უდრიდა. დაბადებულთა საერთო რაოდენობაში განსაკუთრებით მაღალია პირმშოთა დაბადების წილი. მაგალითად, 2011 წელს 27 668 ბავშვი დედებისთვის პირველი შვილი იყო (47,6 პროცენტი). ანალოგიური მაჩვენებელი 1960 წელს მხოლოდ 34,7 პროცენტს შეადგენდა. უკანასკნელ წლებში მესამე და მეტი ბავშვის წილი მთელ დაბადებულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა 2008 წლიდან 2011 წლამდე 12,5 პროცენტიდან 15,0 პროცენტამდე, რაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ll -ის დამსახურებაა.”

დღეს მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მცირე ერებს, ეროვნული ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება, რაც ჩვენნაირი პატარა ერების ეროვნულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც მწვავედ აისახება. რას გვეტყვით ამის შესახებ?

დღეს უკვე არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იცხოვროს ერთიანი მსოფლიო პროცესებიდან იზოლირებულად, მაგრამ ამავე დროს, თითოეული მათგანი ისწრაფვის, შეინარჩუნოს სპეციფიკური თვისებები, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ფასეულობების სახით. გლობალიზაციის პროცესში მეტად მწვავედ დგება დემოგრაფიული პრობლემები, მით უმეტეს, მცირერიცხოვანი ერისთვის.

თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეიმუშავოს თავისი დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, უზრუნველყოს გლობალიზაციისა და ეროვნული ინტერესების შეხამება. ეს თანამედროვე მსოფლიოში ურთულესი პრობლემაა. ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება უაღრესად არათანაბარზომიერად მიმდინარეობს და ცალკეული სახელმწიფოები საკმაოდ შეშფოთბულნიც არიან თავიანთი დემოგრაფიული მომავლით. უკვე ცალკეული ერების გულისტკივილი გაისმის იმაზეც, რომ რეალური საფრთხის წინაშე დგას მათი გადაგვარება და ფიზიკური უწყვეტობა. გლობალიზაციის პირობებში, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარების მოსაგვარებლად კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს. ერთშვილიანი ოჯახების ზრდის კვალობაზე არა მარტო შობადობა შემცირდება, არამედ საკმაოდ მყარი ნიადაგი შეექმნება ჩვენი ეროვნული სულიერების მსხვრევას, ქართული სულიერი სამყაროს გადაგვარებას.

ცხოვრება ლხინისა და ჭირის მონაცვლეობაა და ოჯახში ერთი შვილის ყოლის პირობებში ჩვენ მარტოსულს ვზრდით. მას არავინ ჰყავს ლხინისა და ჭირის გამზიარებელი ახლო ნათესავი, უჭირს ცხოვრების ტვირთის ზიდვა, პირადი ოჯახური პრობლემების გადაწყვეტასთნ ერთად მოხუცი მშობლების მოვლა-პატრონობა. ქართული ტრადიციული ოჯახი, რომელიც არა მარტო რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებას გულისხმობს, არამედ იმ ურთიერთობებსაც, რომელმაც ქართველი ხალხის სულიერი სამყარო გაამდიდრა და ეროვნული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და ნიშან-თვისებები შემოგვინახა, სულ უფრო კრიზის განიცდის. შობადობის შემცირების პირობებში იზრდება დედისერთათა რიცხვი და მაშასადამე, იმ ადამიანების რაოდენობაც, რომელთაც არ ჰყავთ დედმამიშვილები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ზედმეტად ნათქვამი არ იქნება, რომ ამის შედეგად ისპობა ქართული სულიერი სამყარო, ჩვენი თვითმყოფადობა.

ამრიგად, ქვეყანაში თანამედროვე დემოგრაფიულ სიტუაციას აქვს სისტემური კრიზისის ხასიათი. ამ სისტემის შემადგენელი ნაწილებია: შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება, სიკვდილიანობის ზრდა, ზოგიერთ რეგიონში – მოსახლეობის შემცირებული გამრავლება, ანუ როდესაც მომდევნო თაობა წინა თაობაზე ნაკლებია, დეფორმირებული სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები, “ტვინების გადინება”, დიდი რაოდენობით განდევნილი მოსახლეობა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დაბალია დემოგრაფიული პროცესების მართვა. უაღრესად შეზღუდულია სახელმწიფო რესურსები სისტემური ეკონომიკური კრიზისის შედეგადაც.

ბატონო ანზორ, ამ ეტაპზე კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად?

დღეს საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა. საფრთხე ემუქრება ქვეყნის ფიზიკურ არსებობას. და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.

დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების ღონისძიებათა სისტემაში უპირველეს საჭიროებად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩარევა დემოგრაფიული პროცესების მსვლელობაში. პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა გამოცხადდეს საგანგებო კრიზისული დემოგრაფიული ვითარება და შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დემოგრაფიული პროგრამები, სადაც მთავარი აქცენტი მიმართული იქნება შობადობის გაზრდაზე და ორიენტირი იქნება, პირველ რიგში, სამბავშვიანი ოჯახი. ამისთვის აუცილებელია, რომ შეიქმნას საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი და სხვა მრავალი სისტემა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა და ქართულმა ოცნებამ გამართა კონფერენცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” თემაზე “საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე”. ამ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა პროფესორი დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლების მხრიდან, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, კიდევ უფრო მკაფიო და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგმება.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ნესტანი says:

    აუ, რას ტეხავს, არადა არ ვაპირებ ქართველს გავყვე ცოლად :))

    • გიორგი(გრატო) says:

      რატომ ნესტან, ალბათ ფიქრობ რომ უცხოელი უკეთესად გაცხოვრებს? თუ უფრო უკეთ ეყვარები? ქართველ კაცებს პოსტ საბჭოთა კავშირში ბადალი არ ჰყავდათ და უცხო გვარ-ტომის ქალები შეჰნატრიდნენ.
      ვენს ქალებს კი ძველ დროში თუ გაიხსენებ სპეციალურად იტაცებდნენ და უცხო-გვარტომის კაცებზე ათხოვებდნენ გენური ფონდის გასაუმჯობესებლად, ახლა კი მოტაცება სულ არაა საჭირო, ნებითაც სიხარულით მიჰყვებიან და ვერც კი ათვიცნობიერებენ რამხელა მადლს კარგავენ.
      ერთი კაი გამოთქმაა:

      “სადაც ჩვენ არავართ, ყველგან კარგი გვგონიაო”.
      და საერთოდ
      “შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველსო”.

      სანამ გადაწყვეტდე “შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”

      ბედნიერება სგისურვებ.

  • თიკო says:

    რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა-2010-ის შედეგებით თუ ვისმჯელებთ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი გაიზარდა და 2007-2010 წლებში დაფიქსირდა 2 ბავშვი ერთ ქალზე.(ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება ჩანაცვლების მაჩვენებელს -2.2) ეს კვლევაზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რაც კი საქართველოში დაფიქსირებულა. ასევე აღსანიშნავია რომ ხელოვნური აბორტების რიცხვის შემცირებულია,თუმცა სოფლად მცხოვრებ და ნაკლებად განათლებულ ქალებს შორის კვლავ მაღალი რჩება. ასე რომ , მთლად ესე საგანგაშოდაც არ გვაქვს საქმე.

    • ნენე says:

      თავს ტყუილად ვიმშვიდებთ, ასეთი დაბერებული მოსახლეობა, როგორც საქართველოშია, არსადაა.. უკრაინაში ყოფნისას გამაკვირვა მასაში ახალგაზრდობის სიჭარბემ… სულ მალე, დაახლოებით 20 წელიწადში, როცა ეს არა ფერტილური ასაკის ხალხი გავა ამ ქვეყნიდან, ყველა მძაფრად იგრძნობს ქართველების სიმცირეს…
      ძალიან დიდი ტრაგედია მგონია, ასევე ქართველი, ულამაზესი და უნიჭიერესი გოგონების საზღვარგარეთ გამრავლება.. ყველას პირად ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ იფიქრეთ თქვენს ქვეყანაზეც, რომლის მომავალს სერიოზული საფრთხე ემუქრება! ოთასრ ჭილაძე გულისტკივილით წერდა- ქართველებს თავისუფლება, თურმე აქედან თავისუფლად გასაქცევად ჭირდებოდათო…

  • nino says:

    ერთჯერდი დახმარება მაინც რომიყოს ბავშვის დაბადებაზე მაგალითად 2000 ლარი საგრძნობლად გამოსწორდებოდა სიტუაცია, პლიუს ამას უფასო მშობიარობა და გახანგრძლივებული დეკრეტული.
    სხვათა შორის ივანიშვილი არიგებდა საჩხერეში ყოველ ახალშობილზე თუ არ ვცდები 1000 ლარს, არ აქვთ მონაცემები ამან თუ გააუმჯობესა რამე?

  • ნენე says:

    მე მგონი სახელმწიფომ რადიკალური ზომები უნდა გაატაროს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სოფლად.. თითქმის დაცარიელებულია სოფელი, იქ აღარავინ მრავლდება, ყველა უცხოეთშია გადახვეწილი, ალბათ სამუდამოდ..

  • natali says:

    piradad me, saprangetshi vargatxovili qartvelze da patarasac velodebit. saxelmwipom puladi daxmareba ukve gagviwia 900€ winaswari inventaris sayidlad, 3 wlamde bavshvs yoveltviurad 300€ enishneba, shegavatebi miviget binis qiris gadaxdazec,xolo 3 damet shviliani ojaxebs saxelmwipo iset shegvatebs uketebs, aqet bavshvebi inaxaven ojaxebs. mshobiaroba upasoa, xolo socialurad daucvel ojaxebs, saxelmwipo pampersebsac da sakvebsac upasod adzlevs pataras sachiroebis asakamde,xolo misi mshobeli privilegirebulia dasaqmebis samsaxurshi samushaospovnis miznit.
    saqartveloshiki amisnata gachirvebul qveyanashi katastropulad dzviri jdeba yvelaperi, paqtobrivad shvils yidulob. shvilze didi pupuneba pinansurad saqartveloshi ar arsebobs!

  • მარიამი says:

    სამწუხაროდ საქართველოში მრავალშვილიან ოჯახებს საერთოდ არ აქცევს სახელმწიფო ყურადღებას. მე პირადად მყავს 4 შვილი, არ ვარ სოციალურად დაუცველი!!! ვმუშაობთ და ჩემს შვილებს ვარჩენთ მე და ცემი მეუღლე, მაგრამ სადაც არ დავრეკე, (მერიაში, სოციალური დაცვის სამსახურს…) ყველგან ერთი და იგივე პასუხი მივიღე, უნდა იყოთ სოციალურად დაუცველი რომ რაიმე სახის დახმარებაზე იყოს საუბარიო. მე არ მესმის რა კავშირია “სოციალურად დაუცველს” და “მრავალშვილიანი ოჯახს” შორის.
    ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში ისიც კი მითხრეს 4 შვლი არ ითვლება მრავალშვილიანადო. 7 შვილიდან ითვლება ოჯახი მრავალშვილიანადო.

    მაინტერესებს ითვლება თუ არა ოჯახი მრავალშვილიანად სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვია. ეკუთნის თუ არა სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარება?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი