მთავარი » სხვადასხვა

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (II)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.01.2011 | 1,787 ნახვა

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (I)

***
ადამიანს ადგილი კი არ აცხოვნებს, არამედ – საქციელი. მოერიდეთ უდანაშაულოთათვის პატივის აყრას, მტერიც რომ იყოს იგი შენი. გეშინოდეთ ამ ზნეობრივი მკვლელობის ჩადენისა, ვინაიდან ამის გამო არანაკლებ დაისჯებით, ვიდრე ხორციელი მკვლელობისას. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა ამოაკლო.

patimariთავს ძალიან ნუ აიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე. თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი. იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძენად, როდესაც უგუნური ხარ. საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა, მეტისმეტად კმაყოფილება კი – სისულელე. დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა – დასცინო. ვიყოთ მიუკერძოებელნი საკუთარი თავის მიმართ, რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს. ნურასოდეს იტყვი ცუდს მასზე, ვინც იმ წუთს იქ არ არის. ნურასოდეს იტყვი სხვაზე იმას, რისი მოსმენაც საკუთარ თავზე არ გსურს. თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ. მიაჩვიე ენამ ის ილაპარაკოს, რაც გულში გაქვს. რაც გინდა, რომ სხვებმა გაგიკეთონ, ის ჯერ თვითონ გაუკეთე სხვას, – ესაა სათნოება, რომ ისინი გიყვარდეს. თავმდაბლობა ერთ-ერთი ნიშანია ჭეშმარიტი გონიერებისა. სრულებით ნუ დაივიწყებ, ვინ იყავი და არც ძალიან იფიქრო იმაზე, ვინ ხარ ახლა.

სიმშვიდე სიფრთხილესთან შერწყმა, ისეთი განწყობილებაა სულისა, როდესაც არ ხდება გაღიზიანება არაფრით და არავისით, როდესაც ადამიანი დამცირებასა და პატივს თანაბარი უშფოთველობით ხვდება და წრფელად ლოცულობს კეთილისმყოფელთა და შეურაცხმყოფელთათვის. მშვიდი ადამიანი არც კამათობს, არც ყვირის, მის ხმას ვერავინ გაიგონებს, მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მდუმარე არ არის მშვიდი. უფრო მძიმეა გულჩათხრობილი, ბოღმიანი კაცის დანაშაული, რომელსაც არა აქვს სულიერი სიმშვიდე. სულის მშვიდი განწყობილების დროს იოლია ყველა საქმის შესრულება, ხოლო წყრომისა და ბოღმის შემთხვევაში – ძნელი. ბოღმიანი გულით ლოცვა ძნელია და ცოდვად ითვლება. ჯერ ჩვენ სხვათა სიბრალული უნდა ვისწავლოთ. მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობის მყოფელნი. სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად სული ვერაფერმა ვერ უნდა შეგვიშფოთოს, უნდა განვდევნოთ დარდი, თავი უნდა ავარიდოთ სხვის განკითხვას. ეს არ არის გულგრილობა, ანუ ეგოიზმი. სულის სიმშვიდე არის შედეგი წმიდა სიყვარულისა და გვირგვინი ყოველგვარი ღვაწლისა და ვნებებთან ბრძოლისა – ვინც ჭეშმარიტ მშვიდობას მოიხვეჭს, გულის ტკივილს აპატიებს და მიუტევებს არა გულგრილობის გამო, არამედ ქრისტეს სახელით. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩააქროს გულში სიძულვილის კოცონი, შეწყვიტოს მტრობა, სამაგიეროს მიგება, განდევნოს პირფერობა და სანაცვლოდ დაიმკვიდროს სიყვარული, მშვიდობა, მადლიერება, დიდსულოვნება.

ჩვენი სიცოცხლე ნისლია, რომელიც გამოჩნდება და გაქრება. მომავალზე მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით. საკმარისია ყოველი დღისათვის თავისი საზრუნავი. გახსოვდეს წარსული; მიენდე უფალს. ცოდოა კაცი მოიმედე კაცისა და არა – ღვთისა. მრავალი ჩვენგანი სცოდავს იმით, რომ რომელიღაც ადამიანი ღმერთზე მეტად უყვარს. ხშირად მოგვისმენია: ის თუ მოკვდება, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებაო. ამას ამბობენ ადამიანზე და არა ღმერთზე, რომელმაც ჩვენთვის დაითმინა ენით უთქმელი ტკივილი და ჯვარცმა. უნდა ვიქონიოთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს. მანამადე, ვიდრე ცოცხლები ვართ, ჩვენი ცხონება ჩვენს ხელთაა.

გახსოვდეთ საშინელი სამსჯავრო, გააღვიძეთ თქვენი სინდისი, რათა მან განკითხვის დღემდე გამხილოთ და მკაცრად დაგსაჯოთ. გახსოვდეთ ღვთის უზენაესი მსაჯულება, რათა უკანასკნელი დღე თქვენთვის საუკუნო ცხოვრების კარიბჭედ იქცეს.

აკეთე სიკეთე, ეძიებდეთ მშვიდობას. ნეტარი ხართ თქვენ, როდესაც სიმართლისათვის იტანჯებით. ჯობს კარგი საქმისთვის იტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო. წმიდაყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდითა და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ. ყოველი ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ სრულყოფილი იყოს, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ღმერთთან. ამისთვის აუცილებელია სულიერი განწმედა, რომელიც მხოლოდ სინანულით მიიღწევა.

გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს. ყველა კეთილი საბოძვარი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისგან. მან თავისი სურვილით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტი სიტყვით, ამიტომ ყოველი ადამიანი სმენაში უნდა იყოს მარდი, სიტყვასა და რისხვაში – ნელი, ვინაიდან ადამიანის რისხვა ქმნის ღვთის სიმართლეს. წყალობა აღემატება სამსჯავროს. თუ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ფეთქდება, თქვენ კი შეგნებულად მოახდინეთ მასზე გავლენა და მისი მრისხანება წარმართეთ ვინმეს წინააღმდეგ, დამნაშავე ხართ. ნუ გგონია, რომ მკვლელი არ ხარ, თუ შენი ახლობელი ცოდვის გზაზე შეაყენე, რამეთუ შენ ხრწნი სულს შენ მიერ ცდუნებული ადამიანისას და ართმევ იმას, რაც მარადისობას ეკუთვნის. ცილისწამება ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფაა მოყვასისა. იგი მკვლელობის ტოლფასია.

თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმავეს სჩადიხარ. ღმერთი ყველას თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს. წმიდა კაცის კანონი მხოლოდ კაცთმოყვარეობა, სამართლიანობა და გულწრფელობაა. ყველაზე ძლიერი შემოქმედება სულიერი სრულყოფაა. საშინელებაა დაჩაგრო სუსტი, ვაი იმას, ვინც ამას ჩადის, ასეთი ადამიანები საუკუნო სატანჯველში წავლენ…

ცერებზე აწეულს არ ძალუძს დიდხანს დგომა, სწრაფად მავალს – დიდხანს სვლა. ვინც ფიქრობს, ყოველივე ვუწყიო, არა იცის რა. არსებობს სამი საგანძური: სიყვარული – ვინც მას ფლობს, ძლიერია; ზომიერება – ვინც მას ფლობს, გულუხვია; მორჩილება – ვინც მას ფლობს, მეუფეა.
არავისი არაფერი დაგედოთ ვალი, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილსა თუ ბოროტს.
***
ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი. თუ ყოველდღე რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობ, ეს უდიდესი ბედნიერებაა – მე ვცდილობ, რომ დავიწყო ასეთი ცხოვრება.
ღვთის ნებითა და წყალობით ჩემს ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ქრისტიანულია. მთავარია შენდობა. გაუცხოებაა ყველაფრის დამღუპველი. უნდა შეინანონ მათ, ვინც გაბედა და დაიფიცა თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შვილები – ეს უდიდესი საჩუქარი უფლისა. ვინც ჩემი ზეციური მამის ნება-სურვილს შეასრუებს, ის არის ჩემი ძმაც, დაცა და დედაც. თუ შენმა ძმამ დღეში შვიდჯერ შეგცოდა და შვიდჯერვე მოიქცა და გითხრა – ვინანიებო, მიუტევე. მე ოჯახის სიწმიდეს ჩემს თავზე მაღლა ვაყენებდი ყოველთვის. ყოველ კაცს ღმერთმა ცოლი მისცა და კანონები დაუდგინა, ამიტომ სხვასთან კავშირი ყოველგვარ ავაზაკობაზე მეტია, რადგან ჩვენ ქონების დაკარგვას ნაკლებად განვიცდით, ვიდრე _ ქორწინების დარღვევას. თავისუფლება, რომელიც აქვს ქალს, მართებულად უნდა იყოს გაგებული. ეს თავისუფლება არ ნიშნავს მაღალზნეობრივი ცხოვრებისაგან თავისუფლებას. პირიქით, არ უნდა იყოს ძალადობა ქალის მიმართ ოჯახში, არც საზოგადოებაში. ქალი ბედნიერი უნდა იყოს. ქმრები გონივრულად უნდა მოეპყრონ ცოლებს, პატივი უნდა მიაგონ, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაუბრკოლდეთ. დედაკაცი ცხონდება შვილების აღზრდით. აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, არც – სიმკაცრე. მხოლოდ გონიერებაა საჭირო. არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. ,,მოგვეცით საუკეთესო დედები და საუკეთესო შვილები გვეყოლება.’’

,,ჩემო შვილნო და შვილთა შვილნო,
მოყვასთა შორის ყველაზე ტკბილნო,
მე ყოველ დილით ლოცვას ვავედრებ
წმიდა ღვთისმშობელს და ქრისტე ღმერთსო,
რათა ცხოვრება, სიცოცხლე თქვენი,
მთის ჩანჩქერივით წმიდა რომ იყოს.’’

ყველაზე დიდი სიმდიდრის მფლობელი სიყვარულით შეკავშირებული ოჯახია. სახლია პირველი სასამართლო, დედაა პირველი მსაჯული, მამაა პირველი მოსამართლე – პირველნი, ვინც რჯულზე გვარჯულებენ.

მოერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ. მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან. ბოროტება ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა. ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ იმსახურებს, არა მარტო წყალობას არ წარმოადგენს მისდამი, არამედ – უსამართლობას სხვათა მიმართ. უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს. სიკეთე უნდა გაკეთდეს ჩუმად. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკრავ შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვის აშკარად ბოროტებად გადაიქცევა. გიჯობს, მადლი ისე აღასრულო, რომ მაშინვე დაივიწყო იმის შესახებ და სხვა კეთილი საქმის აღსრულებას შეუდგეთ. გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი. ცხოვრებაში ბედნიერია ის, ვისაც სხვების გაბედნიერება შეუძლია. სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე – ბევრის გაცემა.

(წერილის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ)

მოამზადა თეონა ნოზაძემ

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (III)

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (IV)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი