მთავარი » ქრისტიანობა

“ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2016 | 6,137 ნახვა

“არა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა (ანუ საწყაოს, ჭურჭელსა), არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობს იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. სანთელი ესრეთ ბრწყინევდან ნათელი წინაში კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“ – ბრძანებს სახარება (მათე 5, 15-16).

ლოცვის დროს, სადღესასწაულო სუფრაზე, ან გაჭირვებისას სახლში შეიძლება ავანთოთ სანთელი.

სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშველობა აქვს:

ვიხდით რა მის შესაძენ საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), გამოვხატავთ ნებაყოფლობით მზადყოფნას, შევწიროთ ჩვენი შრომის გარკვეული ნაწილი ღმერთს და მის საყდარს.

ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.

ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღმრთისადმი მორჩილებისათვის მზადყოფნის ფორმაა, ხოლო სანთლის სისუფთავე კი მის შემომწირველის სისუფთავისა და წაუბილწველობის გამომხატველია.

სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღმრთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ ღმრთისადმი მიძღვნილ ძღვენს.

ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ახალ ქმნილებად გარდაქმნის სიმბოლოა ღმრთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით. ადამიანის აქაური სიცოცხლე უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.

სანთელი სიმხურვალის გამო დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრება ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი – ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც ჭეშმარიტი სიმდიდრე ელოდება თავის მფლობელს.

ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს ყველა მორწმუნე. მისი ყველა ფიქრი, სიტყვა და საქმე გამოტანილი უნდა იყოს სააშკარაოდ წინაშე ღმრთისა და უნდა ეძღვნებოდეს მხოლოდ მას.

და ბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებულ ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა აღასრულოს წესი ქრისტიანის ცხოვრებისა, ამინ!” – მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი