მთავარი » საზოგადოება

“სამშობლოსთვის მეომარი ვაჟკაცები მეტ დაფასებას იმსახურებენ…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.04.2014 ერთი კომენტარი | 1,548 ნახვა

აფხაზეთიდან დევნილი მარჩენალდაკარგული და მეომარი შვილის დედა მთავრობას დახმარებას სთხოვს…

აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი ნაირა კორსანტია პენსიითა და სახელმწიფოსგან დანიშნული მარჩენალდაკარგული დედის 22 ლარიანი დახმარებით ირჩენს თავს… ნათელა კორსანტია აფხაზეთის დატოვების შემდეგ საკუთარი სახლი არასდროს ღირსებია… დღეს დის ნაქირავებ ბინასაა შეკედლებული… ქალბატონი ნაირა „ამბიონის“ რედაქციას ესტუმრა, რათა საკუთარი გულისტკივილი მოეყოლა.

ნაირა კორსანტია:„ახალგაზრდობის წლებიდან დაწყებული ჩემი ცხოვრების გზა ცრემლიანი და დარდიანია… 39 წლის ასაკში ცოლ–შვილის მოყვარული და მოამაგე მეუღლე დავკარგე. იგი გემის კაპიტნად მუშაობდა… 3 მცირეწლოვანი შვილი – 2 გოგონა და 1 ვაჟი გაჭირვებით გავზარდე. მეგონა ამოვისუნთქე და აფხაზეთის ომიც დაიწყო, რამაც უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა… ჩემი შვილი – მამუკა ხარჩილავა 17 წლის გახლდათ, ამ ომში რომ ჩაება. დედა–შვილს ბოლო დღემდე არ დაგვიტოვებია ჩვენი სოხუმი. თუმცა ბოლოს წამოსვლა მაინც მოგვიწია. სოხუმში სამოთახიანი ჩეხური ბინა დავტოვეთ. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ეს ბინა აფხაზებს უკრაინელი რუსებისთვის მიუყიდიათ. გაუსაძლისი იყო ჩვენთვის ამ მიწა–წყლის დაკარგვა და მეუღლის საფლავის აფხაზეთში დატოვება…

20 წლის განმავლობაში უბინაობის გამო თავს სხვადასხვა ნათესავის სახლს ვაფარებდით. ჩემს ვაჟს სამსახურიც არ ჰქონდა, რომ ბინის ქირის ფული გადაგვეხადა. მამუკა ხარჩილავა ომის ვეტერანი იყო, მაგრამ მეომარი ადამიანის დაბინავება არ მოხდა. დედა–შვილი ქუჩა–ქუჩა დავდიოდით და მთავრობას, დევნილთა სამინისტროს ვთხოვდით დახმარებას. 39 წლის ადამიანს ახლადშექმნილი ოჯახი ჰქონდა და მათთვის ერთი ოთახის მიცემას ვითხოვდით. სამინისტრომ თქვენნაირი მეომარი უამრავი გვყავსო და ბრაზმორეულებმა დავტოვეთ საქართველო, რუსეთში წავედით…

სამწუხაროდ, ჩემს შვილს, 39 წლის ახალგაზრდას, დარდისა და ჯავრისაგან მოულოდნელად გულმა უმტყუნა სხვის ქვეყანაში და მეგობრების დახმარებით ჩამოვასვენეთ საქართველოში. მოსკოვში 3 თვის წასულები ვიყავით. საშინელებაა, რომ უსახლკაროდ დარჩენილი მეომრისთვის დასასვენებელი ბინაც არ გვქონდა. შვილის გასვენება ნათესავის სახლიდან მომიხდა, რადგან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან ჩემი შვილი ერთ პატარა გადახურულ საკუთარ ჭერსაც ვერ ეღირსა სიცოცხლეში…
ვდარდობ, რომ არც შვილი დარჩა.. სამშობლოსთვის მეომარი ვაჟკაცები მეტ დაფასებას იმსახურებენ…

ნათესავების დახმარებით შვილის 40–ზე ჩემი მეუღლეც გადმოვასვენე. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის სოხუმში შესვლა… თვალწინ ისევ ის საშინელი დღეები დამიდგა…

გოგოებიც დაოჯახებული მყავს, ისინიც გაჭირვებითა და წვალებით ცხოვრობენ… უსახლკაროდ დარჩენილმა და მარჩენალდაკარგულმა დედამ

ახლახან მივმართე დევნილთა სამინისტროს, მინისტრ დავით დარახველიძეს. ვთხოვე, რომ ერთი ოთახი მოეცათ ჩემთვის, გლდანში, ყოფილი მილიციის შენობაში, რომელიც ახლაც არ არის განაწილებული. მინდოდა გამეკეთებინა ერთი კუთხე და დამედო შვილის სურათი, მელოცა მისთვის. მითხრეს, თუ ქულა გეყოფა, მიიღებ დახმარებასო და რის ქულას მთხოვენ მარჩენალდაკარგულ და მეომარი შვილის დედას?! ეს ჩემთვის გაუგებარია…“

ქალბატონი ნაირა დღეს თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლია. ის ტაძარში სიარულითა და შვილის სულისთვის ლოცვით ინუგეშებს თავს. უმორჩილესად თხოვს ყველას, შესაბამისმა ორგანოებმა დახმარება აღმოუჩინონ.

სამწუხაროდ, ამ ქალბატონის ისტორია ბევრისთვის ახლოა და ნაცნობი. შევეცადეთ, მისი ნაამბობი მკითხველისთვის ნაკლებად ემოციურად შეგვეთავაზებინა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი