მთავარი » ქრისტიანობა

სამოთხე – ერნესტო კარდენალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.01.2019 | 1,168 ნახვა

ეკლესია ღმერთმა სამოთხის კარებთა ცეცხლოვანი მახვილით აღჭურვილი ანგელოზი დააყენა და იმ დღიდან ყოველი მიწიერი სიხარული დარდით, შიშით და სიმწარით არის გაზავებული. მას შემდეგ, რაც ადამიანი სამოთხიდან გამოაგდეს, ის მასში უკან დაბრუნების იმედით იტანჯება. ბავშვობა, გაზახული, პირველი სიყვარულის ამბორი – ის ნიშნებია, რომლებიც ადამიანს ოდესღაც სამოთხეში ყოფნის სიტკბოს ახსენებენ. და თვით ცხოველებიც, რომლებსაც ადამიანებივით უბუწოება არ დაუკარგავთ, ატარებენ სამოთხის ერთგვარ ნიშანს.

მაგრამ სამოთხე არ მდებარეობს ტროპიკებში, როგორც კოლუმბი ფიქრობდა, და არც „ტროპიკულ სამოთხეებშია“ ის, როგორც გვარწმუნებენ ტურისტული სააგენტოები. სამოთხე არ არის არც ფლორიდაში, და არც მაიამი-ბიჩზე, არამედ გოლგოთაზეა.
„დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში“. იესოსთან ერთად ჯვარცმულმა ყაჩაღმა სთხოვა უფალს მის სამეფოში მოეხსენებინა ის: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ.“ იესომ კი სიტყვა „სამოთხით“ უპასუხა. ამით უფალს იმის თქმა უნდოდა, რომ ის, იმ მომენტში, თავისი სიკდილით, ადამიანებისთვის სამოთხის კარებს ისევ აღებდა. ეს სულაც არ იყო მეტაფორა, რამეთუ მას, ვინც ჯვარზე გაკრული სიკვდილს ელოდება და მეორე ჯვარცმულს ელაპარაკება, მეტაფორისთვის სულაც არ ცხელა. მან ვინც, ქრისტესავით, თავისი ჯვარი გოლგოთაზე აიტანა ზუსტად იცის, რომ ეს სიტყვათა თამაში არ იყო.

იმ წუთიდან სამოთხის კარები ღიაა ადამიანებისთვის, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა არის არა სიამოვნება და კომფორტი, არამე ტანჯვაა. სამოთხე ღმერთში გაერთიანებაა. ეს კი, ქრისტესმიერი სიყვარულით, ეგოიზმის კლანჭებისაგან ჩვენი სულის განთავისუფლების და სიყვარულადქცევის ტანჯვით აღსავსე გზაა. სწორედ ესა გზაა ყოველი ჩვენთაგანის გოლგოთას გზა, რომლის ღირსეულად გავლის შემდეგ ჩვენ გვაქვს უფლება მშვიდად შევიდეთ ქრისტეს მიერ გაღებულ სამოთხის კარებში. დიახ, ეს გზა უსაშველოდ მძიმეა, მაგრამ სამაგიეროდ, ნებისყოფის დაძაბვით, გოლგოთას გზაზე შედგომა და ღმერთთან შერიგების სურვილიც კი დედამიწას ჩვენთვის ისევ ედემის ბაღად გადააქცევს. იქ სადაც ის და ჩვენ ერთად ვართ – სამოთხეა. და ბუნება კი ჩვენი შერიგებისთვის ბრწყინვალე ასპარეზია. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ცისფერი მთები და აყვავებული ვაშლის ხეები მის სიყვარულზე გვეჩურჩულებიან. თუ ჩვენ ღვთის სიყვარულში ვცოცხლობთ, მაშინ ბუნება ჩვენსა და ღმერთს შორის შუამავალი ხდება, და ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ ყოველგვარი ბოროტისაგან, როგორც ადამი სამოთხეში. ღმერთთან თანაარსებობის გარეშე ადამიანი საშიშროებათა ალყაშია მოქცეული და გამუდმებული შეგრძნება აქვს, რომ მას ახრჩობენ, კბენენ, ანაწევრებენ, ჭეჭყავენ, ცემენ. მაგრამ თუ ჩვენ ღვთის სიყვარულში ვცოცხლობთ, ზუსტად ვიცით, რომ მისი ნების გარეშე ხიდან ფოთოლიც კი არ ცვივა, რომ ყოველი ღერი თმა ჩვენს თავზე დათვლილია და რომ ვერც ერთ ქმნილებას, მისი კურთხევის გარეშე, ჩვენთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია.

ღმერთში გაცისკროვნებული ადამიანისთვის ყველაფერი განსაკუთრებული ნათლით არის შემოსილი და ყოველდღიური ცხოვრების ყოველი დეტალიდან სიხარულის წყარო ამოსჩქეფს. მისი ცხოვრების ყოველი წუთი ბედნიერებას ასხივებს, და რასაც არ უნდა მოკიდოს მან ხელი ყველაფერი სიყვარულად გარდაიქმნება. სამოთხე სიყვარულია. ყოველი ოდესმე შეყვარებული ადამიანი მოკლე დროით უკვე ნამყოფია სამოთხეში. ის კი ვინც ღვთის სიყვარულით ცოცხლობს – გამუდმებით სამოთხეშია.
დიახ, ადამიანური სიყვარული მარადისობის სუსტი ანარეკლია. მისი სისუსტე მისი წარმავლობაა. და მაინც მასში ღვთიური სიყვარული აისახება, რომლის სიდიადე მარადიულობაშია. ღვთის სიყვარული მარადიული აწმყოა, რომელიც არასოდეს დასრულდება. ადამიანური სიყვარული წარმავალი მარადისობაა, ღვთიური სიყვარული კი – მარადიული წარმავლობა, რამეთუ ღვთის მარადისობა არ არის რაიმე სტატიკური, არამედ მარადიული სიცოცხლეა. ღმერთი ყველა სიცოცხლის და ყველა მოძრაობის წყაროა.

ადამიანურმა სიყვარულმა თავისი ენა მისტიური სიყვარულისგან აიდგა, როგორც ბერგსონი ამბობს. და არა პირიქით, მისტიურ სიყვარულს არ უსესხებია თავისი ენა ადამიანური სიყვარულისგან.

დღევანდელ დროში ბევრი ოჯახი ინგრევა, რამეთუ ოჯახი მისტიური სიყვარულივით აღიქმება. თანამედროვე ახალგაზრდა გოგონა თითქმის იგივე იმედებით ქორწინდება, როგორი იმედებითაც მონაზონი მიდის მონასტერში. და მედიის საშუალებები ოჯახურ ცხოვრებას სამოთხის ედემის ბაღის დარად ხატავენ. ამიტომ მოველით ჩვენ პარტნიორისგან სასწაულებს, თითქოს პარტნიორი ღმერთი იყოს და ოჯახურ ცხოვრებას სამოთხედ წარმოვიდგენთ, სადაც გვგონია, რომ ყველა ჩვენი ოცნება აღსრულდება. მაგრამ ადამიანში არსებული მარადიული სიყვარულის უსასრულო წყურვილის მოკვლა არც ერთ ადამიანს არ ძალუძს, არამედ მხოლოდ ღმერთს.

ერნესტო კარდენალი. „წიგნი სიყვარულზე“ (ფრაგმენტი). გერმანულიდან თარგმნა ბერმა ერმოლაოსმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი